x
image
ზოგადი განათლება
მიხეილ ბატიაშვილი: "ჩვენ არ ვებრძვით რეპეტიტორებს...პედაგოგებმა დრო მოსწავლეების განვითარებას უნდა მოახმარონ...''
მიხეილ ბატიაშვილი: "ჩვენ არ ვებრძვით რეპეტიტორებს, მაგრამ არ შეიძლება განათლების მიმწოდებელი იყოს მხოლოდ რეპეტიტორი. ნებისმიერ ადამიანს - მშობელს, მოსწავლეს და თავად რეპეტიტორს აქვს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. თუმცა, სისტემა არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ამ სფეროს. მე-11, მე-12 კლასში განათლების ძირითადი მიმწოდებელი რეპეტიტორის ინსტიტუტი არ უნდა იყოს.“


image


მიხეილ ბატიაშვილი: "პედაგოგებმა დრო და მოტივაცია არა ბიუროკრატიულ წინაღობებს, არამედ მოსწავლეების განვითარებას და მათთან შემოქმედებით მუშაობას უნდა მოახმარონ. სამინისტრო კი თავის მხრივ გაზრდილი ბიუჯეტით უზრუნველყოფს პედაგოგების ხელფასების ზრდას და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას."



განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წელს:



➡️ სამინისტრო მაისში წარმოადგენს პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმას, სექტემბრიდან კი ანაზღაურება გაიზრდება.

➡️ დაიწყება 149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

➡️ ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 31 საჯარო სკოლას;

➡️ დაიწყება 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;

➡️ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით რეგიონებში 27 ახალი საჯარო სკოლა აშენდება.



მიხეილ ბატიაშვილი: "ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების შედეგად, აბიტურიენტები კონცენტრირებულები იქნებიან სწორედ იმ პროფილური საგნების შესწავლასა და ჩაბარებაზე, რომლებიც მათ მომავალი პროფესიის დასაუფლებლად და განათლების მისაღებად სჭირდებათ. რეფორმის განხორციელების შედეგად კი უმაღლეს სასწავლებლებში დახვდებათ ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებული საგანმანათლებლო პროგრამები."



image


განათლების რეფორმის ფარგლებში:



➡️ 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში.



➡️ 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.



➡️ სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების” დანერგვის ხელშეწყობას და „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელში“ (ENQA) გაწევრიანებას.



➡️​ ENQA-ში შესაბამისი განაცხადი უკვე გაკეთებულია და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერსიტეტების ჩართულობას წაახალისებს.



0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0