საზოგადოება "შენ ღვთის შვილი ხარ"-რას ამბობს ილია II გიორგი სისაურსა და მის შემოქმედებაზე? 2019, 19 იანვარი, 18:42 22 წლის ქართველი პოეტი, რომელმაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღფრთოვანება გამოიწვია - გიორგი სისაურია. საპატრიარქოში ვიზიტისას მან გადასცა თავისი ხელნაწერი „ილია II” - საქართველოს პატრიარქს და თავისი შემოქმედება გააცნო. მან წაიკითხა თავისი ლექსი: „ვინ ვარ?!“ - რის შემდეგაც უწმინდესმა თავისთან მოიხმო პოეტი და უთხრა: „შენ ღვთის შვილი ხარ! ამის თქმა შემიძლია.“ - და მისი კურთხევით კიდევ 2 ნაწარმოები წაიკითა: „ანბანთქება“ და „ღვთაებრივი მისტერია“ რომელსაც მოჰყვა უწმინდესის სიტყვა და შეფასება პოეტის შენაქმარს და დალოცა მისი შემოქმედების გზა. შემდეგ კი დასვა შეკითხვა: „რით აიხსნება, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებულია ეს ქართველი კაცი, პოეზიის ცოდნით და სიყვარულით?“ - და სიტყვა გადასცა თანამედროვეობის უდიდეს მწერალს ბატონ გურამ დოჩანაშვილს, რომელმაც ხაზი გაუსვა მის უდიდეს ხედვასა და ღვაწლს და პატრიარქს დიდხანს სიცოცხლე უსურვა; მოგვიანებით კი აღნიშნა: „მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არსებობს მწერალი - არსებობს გადამწერი. რაც მთავარია უწმინდესს ძალიან მოეწონა და მისი აღქმა და ხედვა განსხვავებულია ყველასგან.“ ამის შემდეგ ილია II კვლავ იმეორებს კითხვას: „რით აიხსნება, რომ ქართველი კაცი დაჯილდოებულია პოეზიის ცოდნით და სიყვარულით? თვითონ პოეზიაა მასში, მის გონებაში. იტყვის ვინმე?“ და ცოტახანში თავადვე გასცა დასმულ შეკითხვას პასუხი: „ეს თითქმის აუხსნელი მოვლენაა, ვერ ახსნის ადამიანი ამას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ღმერთი და მის გარშემო ყველაფერში ჰარმონიაა. წყობა - ჰარმონიული წყობაა და აი ეს ნიჭი მისცა ამ ქართველ ადამიანს. კოსმოსი - მაინც ჰარმონიული წყობაა კოსმოსში. ეს თვისება მისცა ქართველ ადამიანს. იოანე ზოსიმე რომ ამბობს, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთი განიკითხავს ქართულითა ენითა, როგორ ვხსნით ჩვენ?! ნათქვამია, რომ ბოლო დროს შემცირდება სარწმუნოება, დაეცემა ადამიანი და საქართველში პირიქით, გაძლიერდება, გაბრწყინდება საქართველო და როგორც ჯილდო ქართველებისათვის ღმერთი განიკითხავს ქართულითა ენითა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს რაღაც გადამეტებული ფიქრია, ქება ქართული ენის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილია. გისურვებთ ღვთის სიყვარული გფარავდეთ თქვენ. ღვთის სიყვარული სუფევდეს თქვენს სულში, გულში, მთელს სხეულში. სიყვარულის გარეშე არაფერი არ არის. თვითონ ღმერთია სიყვარული. სიყვარული გადაარჩენს ხალხს. ოჯახებში სიყვარული სუფევდეს. საცა სიყვარული არის, სიხარულიც არის. სიხარულის წელი ყოფილიყოს.“ გთავაზობთ სამივე ლექსს და შეგახსენებთ, რომ გიორგი სისაურის მეორე წიგნი, სახელწოდებით - „უსათაურო“ სწორედ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფინანსდა სვეტიცხოვლის საძმოს მიერ 2012 წელს, რომლის შექმნაც სვეტიცხოვლის რეზიდენციაში დაასრულა „მომავლის პოეტმა“ - როგორც ჭაბუა ამირეჯიბი (ბერი დავითი) უწოდებდა მას. ვინ ვარ?! “ვინ ხარ?” – ჩამესმის ხმა საუცხოო – “მითხარ – ვინა ხარ ცის თუ მიწისა? ვარ მე რომელი ვიყავნ ყოველთა – ცეცხლი - რომელში სული იწვისა...” ალად ილაგმა სიტყვა მოღვრილი და მოფანტული ღვთის სახებისა... და ბაგეთ ვშობე უცხოდ ნასეტყვი ხმა შესასმენი მოჩვენებისა... ვინ ვარ? – მითხარი ცეცხლო სულისა ან რა აზრი აქვს ვინ ვარ ხმობილი? დედამიწიდან ვარ მოწყვეტილი თუ ფრთიანი ვარ ზეცით შობილი? ან რა აზრი აქვს ვინ საიდან ვართ – გამოსულნი ვართ ყველა ღმერთიდან... სამოთხიდან ვარ გამოდევნილი თუ ამოსული ჯოჯოხეთიდან... იქნებ და მე ვარ ეს ყრუ სიბნელეც – ან კი სინათლე ყოვლისმფენელი... სასუფეველი მაქვს მე სათავედ თუ გიშრისფერი, შავი ქვესკნელი. ან კი ვინ იცის ვიყო დემონი – თუ ფრთაშესხმული ცის ანგელოსი... მზის სინათლე ვარ ცად მოკაშკაშე თუ მდუმარე ვარ - ბნელი კოსმოსი... მზე ვარ ნაგზები ცის კაბადონზე თუ დაისი ვარ ალად მგზნებარე.. ხან სიმშვიდე ვარ ხან კი ქაოსი მას სამუდამოდ რომ მივებარე... იქნებ სივრცე ვარ უკიდეგანო ან ოკეანე ვიყო უძირო... და იქნებ ვიყო სიცარიელე ან კი სიბრძნისა ზღვა უნაპირო... იქნებ სევდა ვარ ცრემლთა ნატიფი, ან გულთ ნაშობი სიხარული ვარ... ზეცად დავჰქრივარ ფრთაშემოსხმული თუ მოკვდავივით მიწად დავდივარ... აღარც კი ვიცი ვინ ვარ აჩრდილო ცისა და მიწის ვარ გარდაკვეთა... გულთჩასახული სასოება ვარ თუ წამლეკავი სასოწარკვეთა... იქნებ ცოდვა ვარ კაცთა შობილი ან კი სიწმიდე დაუშრეტელი... ცეცხლად ვევლინე მე დამდაგველად თუ ზეცისა ვარ ალად მფენელი... ან კი ვინ იცის სიცოცხლეც ვიყო და სიკვდილისა გზებიც უჩინო... ვერ გამიგია სიკვდილი დავცე თუ სიცოცხლისა გმინვას ვუსმინო... ბოროტება ვარ ბრმად განჩენილი თუ ყოველისა მძლე ვარ - სიკეთე... და ამ სამყაროს უმძიმეს ქვაში უფლის ხელებით გამოვიკვეთე... სიყვარული ვარ ღმერთად შობილი ძალი მბრუნავი მზის და მთვარისა ... იქნებ სიტყვა ვარ პირველმოღვრილი სამყაროთ - უფლის შენათხზარისა... აღარც კი ვიცი ვინ ვარ აჩრდილო, ახლა დღე ვარ თუ ღამის წყვდიადი... ღვთის სამყაროსი ვარ მე ნაწილი უმცირესი თუ ყოვლად დიადი... არ ვიცი ვინ ვარ - ვნების ყვავილი თუ სიცოცხლისა ვარდი უეკლო... ზოგჯერ თვალი ვარ ყოვლისმხედველი რომ ზეთ სამყარო ბრმად ავირეკლო... და იქნებ დრო ვარ მე ულმობელი გარსშემოსილი წრფივი წამებით... ან კი ფიქრი ვარ აზრთ შეყინული გულში ჩაღვრილი ნელი წამებით... და იქნებ გზა ვარ მე ბედისწერის განამწირავი, შემწე ყოვლისა... ან ღატაკად ვარ მოვლინებული ან კი მეფე ვარ ამა სოფლისა... იქნებ შენ მითხრა ვინ ვარ აჩრდილო, იქნებ ღმერთი ვარ ან კი სატანა... ან იქნებ ვიყო ადამიანი რომელსა სძალუძს ყოვლის ატანა... იქნებ და მე ვარ ანიც და ჰოეც, იქნებ ალფა ვარ ან კი ომეგა... ან ვინც ოდესღაც შეჰქმნა სამყარო და ვარსკვლავებით ზეცა მოჭედა... ვარ მე რომელი ვიყავნ ყოველთა – ცეცხლო სულისა – შენი სახე ვარ... ხან აჩრდილი ვარ შენში შობილი, ხანაც შენ უკან ჩრდილად დავდივარ... და ასეც ხდება ზოგჯერ აჩრდილო, ხან სისავსე ვარ ვით უმცირესი, ხანაც კი მოვალ სიცარიელედ ვით სამყაროში უდიადესი... ზოგჯერ ყველა ვარ ზოგჯერ არავინ, ხან უფორმო ვარ, ხან უსახელო... ან კი ვყოფილვარ ნეტავ ოდესმე? ვით უმცირესი და უსაშველო... და მაინც, ვინ ვარ? ჩემო აჩრდილო – ხან საწყისი ვარ ხანაც სასრული... აწ განისვენე მარადიულად შენი გზისა ვარ მე დასასრული... ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა ა-ნბანს ვაქებდეთ ქართულსა, შობილსა ღმრთისა ბაგეთა... ბ-რძნულთა ბრძნულითა სიბრძნითა პირველთა ქმნილთა სახეთა... გ-არსთა ზე-ასოთ ხმა ღმრთისა ღვთიურთა არსთა არეთა, დ-ედა სამყაროს გულისა ენა წილ ღვთისა მხარეთა. ე-ნა ქართული, ღვთიური, ღმერთთა ხმა - ღმერთთა ენათა, ვ-წერთ ესე ასო-ბგერათა ღვთაებათ ენათ ფენათა, ზ-ენა ენათა საწყისთა ასო ზენ ზესთა ზენათა, თ-ვით ენა ღმერთთა ფენათა - ენათა აღმაფრენათა. ი-შვა ესე რა ანბანი, უფლისა ხელთა შობილი, კ-ალთა ზე ღმრთისა კვალთა წილ ასო ასოთა ხმობილი... ლ-აზარე ჩვენთა სულისა - აზრი აზრთა ზე ვრცობილი, მ-ოჰხედეთ ესე სიბრძნითა ასოთ უფლისა წყობილი. ნ-ეტარ არიან ყოველნი, ვითარცა ჰპოვენ ზესკნელთა, ო-რთავე შინა სოფელსა - არსთა ყოველთა შემქმნელთა... პ-ირველთა ესე სიტყვათა, სიბრძნითა მთქმელთა ქვესკნელთა... ჟ-ღერენ ასონი უფლისა სამყაროთ ზეთა ზე მქმნელთა. რ-ოდეს ღმერთს ანბანთქებითა ღვთაებათ სცემენ თაყვანსა, ს-იცოცხლეთ საწყისთ საწმყოთა შვა მისსა თვისსა აკვანსა, ტ-ანისა ღმრთისა ღვთაებრივ - ანბანსა ხატსახოვანსა - უ-ფლისა ენას ვაქებდეთ ენასა ღვთისენოვანსა! ფ-იქრთ ესე ენა ქართულსა ჰქმნიდა წამთ მდუმარებითა... ქ-ებათა-ქება ანბანსა უფლისა ანბანთქებითა! ღ-ვთისა ენითა ღმერთისა, უფლისა ხმითა ასხმითა, ყ-ოველთა ქმნილთა შექმნილთა ჰქმნილი მის ხელთა დასხმითა. შ-ვა ესე ასოთ საწყისი მქმნელსა მის ღვთისა სახელთა, ჩ-ვენსა უფლისა შობილსა ქართველთა ენათ მფარველთა, ც-ათა ზე-ცათა ზე-სკნელთა ასოთ-ასოთა მსახველთა ძ-ალთა არსთ ღმრთისა საუნჯე ანბანი - ენა ქართველთა... წ-ილთა-წილ ენა უფლისა ზეგარდმო ღვთისა და-რთული... ჭ-ირისა სიბრძნედ მოქცევა სიბრძნითა ენათ გართული... ხ-მითა მისითა და მითა ღვთაებათ დასთა ართული... ჯ-ვარი ეწეროს ენასა აწთა და მარად დართული! ჰ-ე ” ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ” ანბანი ენა ქართული! ღვთაებრივი მისტერია ჩამოსახლდა ჩემსა სულსა შეღამების ჩუმი ლანდი, და სიჩუმის ენით ისევ საღმრთო სიტყვით შევხმიანდი. იწყო სიტყვამ, იყო ღმრთისა, იყო ასო, იყო ლურჯი, იყო ენა, იყო ლურჯი, ავხმიანდი, როგორც მუნჯი... იყო სიტყვა ღვთაებრივი, იყო სევდა ღრმა, სათუთი... და გაჰკვეთა გრძნობამ გრძნობა, და გაჩერდა წამში წუთი. ჩემს დაფარულ ფიქრს შეფარვით ბრმად, ფარულად ეფარება, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ, მაგრამ ეჭვი მეპარება! ვის უნახავს იდუმალი, გრძნეულ ფიქრთა დაშორებით, და ის წამი, როცა ღმერთი გაგვეშორა განშორებით! ვის უნახავს როგორ ქმნიდა ის სიცოცხლის საღმრთო აკვანს, და სამყაროს არსთა ძალი როგორ სცემდა ღვთიურ თაყვანს! ვის მფარველობს ბრმა სიცოცხლე, ან სასოთა უკვდავება, ვინ სიცოცხლეს წამს შენატრის, კვდომა სიკვდილს ედავება... ვინ გაარღვევს გულის ფეთქვას?! ფეთქავს, მაგრამ არვინ იცის, რომ ამ გულის ზღვართა მიღმა ის სიცოცხლის კართან გვიცდის. ვინ გაარღვევს ცათა სივრცეს, ვინ გაარღვევს სასუფეველს, და გადაჰკვეთს ზღვართა საზღვარს და იმ მწვერვალს მიუღწეველს! ცის ვარსკვლავთა კიცეტუსი კვლავ ველურად იღიმება, ასე ჩუმად... და შეფარვით წამში ძრწოლვით იძირება! სასუფევლის საღმრთო სივრცეს - ცას სვენებით ესვენება, უხსენებელთ სახსენებელს ხსოვნათ-ხსოვნა და ხსენება! გაიფანტა ფიქრი ჩემი, გაიფანტა მწუხარება, და მოისმის ხმა სიჩუმის და ჩამოწვა მდუმარება. პირველქმნილი იყო სიტყვა, რომ შეისხა ღვთის მანტია, ეს სამყარო და ეს სიტყვა უკვდავების ბრმა ხატია! სიტყვათ-სიტყვა, სიბრძნეთ-სიბრძნე, ასოთ-ასო დაქარგული, ზღვარში ზღვარი, წამში წამი უგზოუკვლოდ დაკარგული. დაილია სიტყვათ-სიტყვა, დაილია ასოთ-ასო, გარდიშალა ზეცათ-ზეცა, დამანათლა სასოთ-სასო, წყდება წამი, წყდება სიტყვა, მწყდება ცრემლი, მწყდება გული, წვდება წვდომა, წყდება წყდომა და სიტყვათა დასასრული. ვიძირები სევდათ სიტყვად ნელ ფიქრებში გახვეული, რომ უფალმა კვლავ დამბადოს ამ სამყაროს ხატად - სული! უკვდავია ეს ფიქრები, უკვდავია სიბრძნის ენა! და, უფალო, ამ სიტყვებმა მოკვდავთ სული გამახსენა... დამანათლეს ღვთაებრივი სიტყვა ღმრთისა და მშვენება, და სიცოცხლე ჩემი, ღმერთო, წამთა-წამად მეჩვენება! ღმერთის სიტყვა ცად ჩამესმის, დამანათლა შეგონება, და მიბოძა უკვდამყოფი ღვთის სიტყვათა შეკონება! 903 4-ს მოსწონს
|