საზოგადოება მცხეთაში ჯვრის მონასტერი გარემოვაჭრეების გამო დაკეტეს 2019, 14 იანვარი, 17:29 მცხეთის ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ამის მიზეზი მონასტრის სიახლოვეს გარემოვაჭრეების საქმიანობა გახდა. როგორც მცხეთის მერმა, გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, წინამძღვარის მხრიდან იყო გაფრთხილება, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა, მონასტერს დაკეტავდა. „რუსთავი 2“-თან გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მამა კონსტანტინესთან ამ საკითხზე საუბარი სცადეს, თუმცა წინამძღვარმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვა. „წინამძღვარს არ სურს, აქ რომ გარემოვაჭრეები იყვნენ. წერილიც ჰქონდა მერიასთან მიწერილი, რომ უნდოდათ ჩვენი გაყრა და აქაურობის მართვა. იმის მაგივრად, რომ მამაომ დაგვლოცოს და კარგი ურთიერთობა გვქონდეს, აქედან ჩვენი გადევნა უნდა. მამაოსთან ვიყავით მისული და არ შეგვხვდა. იქ მყოფმა მორჩილებმა ასეთი პასუხი გაგვცეს - თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო“, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ჯვრის მონასტერში შესვლა შესაძლებელი. 106 შეფასება არ არის
|