x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134612
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
მე ვარ თავისუფალი მოქალაქე
რა არის თავისუფლება? ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკამათო საკითხია და მას უამრავი განმარტება აქვს, დაწყებული თეოლოგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური თუ ნებისმიერი ყოფითი გაგებით დამთავრებული… თუმცა, ამ შემთხვევაში მინდა გამოვყო ამ ცნების ორი ძირითადი მიმართება - ესაა თავისუფლების მორალური და საზოგადოებრივი აღქმა.


რა თქმა უნდა, ნებისმიერ კანონს უდევს საფუძვლად გარკვეული მორალური კრიტერიუმები, გარკვეული შინაგანი რწმენა და ამ რწმენასა და მორალურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება თავისუფლების გარკვეული მოდელი სამართლიანი, ანუ მისაღები. პრობლემა და კრიზისი თავისუფლების შეგრძნებისა ჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს უჩნდება არსებული თავისუფლების ხარისხის შეუსაბომობის შეგრძნება, როდესაც რეალობა არ პასუხობს იმ შინაგან რწმენას, რისი სამართლიანი გამოვლინებაც იქნებოდა თავისუფლების ის ხარისხი თუ მოდელი, რომელიც ადამიანს მისცემს განწყობას, რომ ის თავისუფალია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.


მინდა მოკლედ შევეხო ჩვენს რეალობას მოკლედ იმიტომ, რომ მან ისედაც დიდი დრო წაგვართვა. თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენი თავისუფლება არ შეესაბამება თქვენს შინაგან რწმენას, თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ რაღაც ან მოგწონთ, ან არ მოგწონთ და ეს ვერ გამოგითქვამთ, თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ხდება უსამართლობა და ამას ვერ აღუდექით წინ, თუ ოდესმე გისაუბრიათ ჩურჩულით იმის გამო, რომ ვიღაც სხვამ არ მოისმინოს თქვენი საუბარი, თუ ოდესმე გიგრძვნიათ როგორ გართმევენ არჩევანის უფლებას… მაშინ შეგიძლია გააგრძელო ამის წაკითხვა. და გეტყვით, რომ ჩვენ ორი გზა გვაქვს.


ერთი ეს არის წავიდეთ ამ ქვეყნიდან იქ სადაც იგრძნობ, რომ არავინ გერჩის, არავინ გავიწროვებს შენი აზრისა, თუ შინაგანი რწმენის გამო, იქ სადაც შენი პერსპექტივა შენსავე შესაძლებელობებზეა დამოკიდებული და არა პოლიტიკურ მრწამსზე...



ან შევცვალოთ და ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ისეთი, როგორზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ქვეყანა, სადაც გვინდა, რომ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. ქვეყანა, სადაც ყველას შეგვეძლება ვაკეთოთ ის საქმე, რისი კეთებაც გვიყვარს, ქვეყანა სადაც ნიჭს და შრომას აქვს ფასი, ქვეყანა სადაც არა თავის გადარჩენზე, არამედ განვითარებაზე ვიფიქრებთ, ქვეყანა, სადაც საკუთარ თავსა და პერსპექტივას დაინახავთ, რაც მოგვცემს მოტივაციას მეტი შრომისა, აქტიური ცხოვრებისა, ქვეყანა, სადაც ვერასოდეს გაბედავს ვერც ერთი ხელისუფალი, ვერცერთი ადამიანის ღირსებისა და უფლების შელახვას, რადგან მის წინაშე იქნება საზოგადოება, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს.


ბოლოს და ბოლოს საქართველომ, რომელიც მუდმივ ბრძოლაში იყო, დაიმსახურმა მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა წინ სვლა. ჩვენ გვინდა სახელმწიფო!

მე ვიცი, რომ სკეპტიკოსები იტყვიან, კი მაგრამ ამ ყველაფერს როგორ უნდა მივაღწიოთ? მე გეტყვით მარტივად! მთავარი რაც განაპირობებს ყველაფერს, რასაც პოზიტიური ჰქვია, ეს არის არჩევანის თავისუფლება! სხვა დანარჩენი ტყუილია! ბუნებითად შეუთავსებელია, როდესაც არჩევანის თავისუფლება ილახება და ვინმე საუბრობს, რაიმეგვარ პროგრესზე, გნებავთ სიტვის თავისუფლებისა, თუ სასამართლოს მიმართულებით... ეს არის სიცრუე რადგან მედიასაც, სასამართლოსაც და მთლიანად სახელმწიფოს, სწორედ არჩევანის უფლება შობს. სწორედ არჩევანის თავისუფლება გახლავთ მშობელი ყველა იმ სიკეთისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. არჩევანის თავსიუფლება გახლავთ მთავარი ღერძი თავისუფალი საზოგადოებისა. არჩევანის უფლება ეს არის მთავარი იარაღი, რომლითაც მოქმედებს თავისუფალი საზოგადოება. არჩევანის თავისუფლება ეს გახლავთ გზა, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს. გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს ოცნებამდე!

მე გავაკეთე ჩემი არჩევანი:


მე ვარ თავისუფალი მოქალაქე!

image

0
271
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე სახელაშვილი
ალექსანდრე სახელაშვილი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0