საზოგადოება პარლამენტარების და მთავრობის წევრების 4.852.698 დანამატებით რა სასარგებლო საქმე შეიძლებოდა გაკეთებულიყო? 2019, 9 იანვარი, 19:24 ![]() "პარლამენტის დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს. კვლავ უნდა დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: რა დამსახურებისთვის იღებენ ეს ადამიანები ასეთ პრემია-დანამატებს? იმ თანხით, რომელიც ოთხ თვეში პარლამენტში პრემია-დანამატებად დარიგდა, შესაძლებელი იყო იძულებით გადაადგილებული, უსახლკარო 220 დევნილი ოჯახისთვის მიეცათ 22.000-ლარიანი კომპენსაცია; ასევე, ამ თანხით შეიძლებოდა, იმ ათიათასობით ადამიანიდან, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და ყოველთვიურ 50-ლარიან შემწეობას ითხოვენ, 8 ათასი ადამიანი ერთი წლის განმავლობაში დაეკმაყოფილებინათ.
მოგეხსენებათ, 39 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, მათგან 9, 8 ათასს - ფინანსური პრობლემების გამო. ამ თანხით შესაძლებელი იყო 4, 9 ათასი სტუდენტისთვის საშუალოდ ათასი ლარის გადახდა, რითაც ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ.
ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით - პენსიონერებს, უჭირთ გაძვირებული მედიკამენტების შეძენა. ოთხ თვეში გაცემული პრემია-დანამატის თანხით შეიძლებოდა 300-ლარიანი მედიკამენტის ვაუჩერის მიცემა 16 175 პენსიონერისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში 6 წლამდე ასაკის 9 774 ბავშვი შიმშილობს. ზემოხსენებული თანხით შესაძლებელი იქნებოდა ამ ბავშვებისთვის თუნდაც ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარების გაცემა... 4, 85 მილიონი ლარით სამ-ოთხ სოფელში მოგვარდებოდა წყლის, გზის, ბუნებრივი აირის ან მინიმალური კომუნიკაციის პრობლემა. ამ თანხით შესაძლებელი იყო 200-მდე ობიექტის ადაპტირება შშმ პირებისთვის..." წერს როლანდ მათიაშილი 36 შეფასება არ არის
|