სხვა რა უნდა ვიცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ 2019, 4 იანვარი, 23:51 ფილტვის კიბო არის სიხშირით მესამე ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება საქართველოში, მკერდის კიბოსა და პროსტატის კიბოს შემდეგ და თამბაქოს მოწევა მისი გამომწვევი ყველაზე სერიოზული რისკ-ფაქტორია.
ფილტვის კიბოს სიმპტომები ძირითადად ჩნდება გვიანეულ სტადიებზე და ეს სიმპტომები ხშირად მხოლოდ ამ უმძიმეს დაავადებას არ ახასიათებს. ამიტომ მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან გართულებულია. განასხვავებენ ფილტვის კიბოს 2 ფორმას: წვრილუჯრედოვანს და მსხვილუჯრედოვანს. ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნე მსხვილუჯრედოვანზე ბევრად უფრო აგრესიულია, იზრდება ძალიან სწრაფად და მეტასტაზებსაც ბევრად უფრო ინტენსიურად იკეთებს (ძირითადად თავის ტვინში, ღვიძლსა და ძვლოვან ქსოვილებში), თუმცა შეადგენს ფილტვის ავთვისებიან ახალწარმონაქმნთა მხოლოდ 20 %-ს. ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეებით ყოველწლიურად ავადდება 2500-დან 3000-მდე ქართველი. მას ძირითადად თამბაქოს მოწევა იწვევს. თამბაქოს კვამლი 4800-ზე მეტ ნივთიერებას შეიცავს, საიდანაც 90-მდე კიბოს გამომწვევი (კანცეროგენული) ნივთიერებაა. ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90 %-ზე მეტს მწეველები შეადგენენ. რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი სიგარეტს, მით უფრო მაღალია ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი. ძალიან საშიშია ასევე პასიური მოწევა. პასიური მწეველები (ანუ ისინი, ვინც თამბაქოს მწეველებთან ერთად დახურულ სივრცეებში იმყოფებიან) მართალია, ნაკლებ ნიკოტინს და კუპრს შეისუნთქავენ, მაგრამ სამაგიეროდ შეისუნთქავენ ბენზოლს და სხვა კანცეროგენულ ნივთიერებებს იმავე ოდენობით, რამდენსაც აქტიური მწეველები. გარდა თამბაქოს წევისა, რადონიც იწვევს ფილტვის კიბოს. ეს რადიოაქტიური გაზი ჭარბად გვხვდება ძველი შენობების სარდაფებსა და ნესტიან, მიწურ და დახურულ სივრცეებში. ის მიწიდან ამოდის და მისი ინტენსივობა რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარია. ამიტომ კარგი იქნება, მიწური იატაკის მქონე ნაგებობებში ძილს თუ მოვერიდებით და ასეთ ადგილებს რაც შეიძლება ხშირად თუ გავანიავებთ. ფილტვის კიბოს იწვევს დიზელის და ბენზინის გამონაბოლქვიც, განსაკუთრებით ისეთი უხარისხო საწვავის გამონაბოლქვი, როგორიც საქართველოშია. აზბესტიც შეადგენს ფილტვის კიბოს ერთ-ერთ მთავარ გამომწვევს. ეს მომაკვდინებელი და უაღრესად სახიფათო მასალა უხვად არის გამოყენებული ქართულ შენობა-ნაგებობებში. აზბესტის ბოჭკოები ფილტვებში მოხვედრის შემდეგ ნემსიკავების მსგავსად მჭიდროდ ეკვრიან ქსოვილების კედლებს და იწვევენ მცირე მოულობის მქონე ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რის შედეგადაც საბოლოოდ კიბო ყალიბდება. საუბედუროდ, აზბესტს გაუნათლებელი და დაბალი კულტურის მქონე ადამიანები საქართველოში ჯერ კიდევ უხვად იყენებენ სახლების სახურავებად (შიფერი) და ღობეების თუ სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად. დარიშხანი, კვარცის მტვერი, ქრომი და ნიკელის შენაერთები ასევე ფილტვის კიბოს გამომწვევი ნივთიერებებია. გენეტიკური ფაქტორებიც ახალისებენ ფილტვის კიბოს წარმოქმნას. დადგენილია, რომ ფილტვის კიბო უფრო ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომელთა დედები, მამები, ბებიები და ბაბუები დაავადდნენ ავთვისებიანი სიმსივნეებით. სიმპტომები, რომლებიც ფილტვის კიბოს ახასიათებს, სხვა დაავადებებსაც გააჩნია. ამიტომ ძალიან რთულია ადრეულ სტადიებზე ზემოაღნიშნული ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენა. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ადამიანი ნეკნს გაიტეხს ან რაიმე სხვა მიზეზით მიდის რენტგენის გადასაღებად. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ხველას, რომელიც 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება. საგანგაშოა ასევე ხანგრძლივი ნახველი. განსაკუთრებით დამაფიქრებელია სისხლიანი ხველა და სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მატება. მკერდის ტკივილი, დიეტის და კვების ჩვეულების მკვეთრი ცვლილების გარეშე სხეულის წონის 10 %-ის დაკლება უკანასკნელი 3 თვის მანძილზე, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობის შეგრძნება, ხმის ჩახრინწვა, ყლაპვის გართულება, ძვლების ტკივილი და ლიმფური კვანძების ზრდაც ფილტვის კიბოს სავარაუდო სიმპტომებია. მსგავსი სიმპტომები განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის (ძველი მწეველები, აზბესტთან მომუშავეები, ქრონიკული ბრონქიტის მქონეები და ა. შ.) არის საშიში. ასეთი ადამიანები აღნიშნული სიმპტომების ქონის შემთხვევაში აუცილებლად ფილტვის კიბოზე უნდა შემოწმდნენ. საუბედუროდ, მსოფლიოში ამჟამად ჯერ კიდევ არ არსებობს ფილტვის კიბოს სკრინინგის მეტნაკლებად ეფექტური მეთოდი. ექიმი გამოკითხავს პაციენტს სიმპტომების შესახებ და ეჭვის წარმოშობის შემდეგ ნიშნავს რენტგენულ კვლევას (თუმცა 2 სანტიმეტრამდე სიდიდის კარცონომები რენტგენის სურათზეც არ ჩანს). შემდეგ ამოწმებს, ფილტვების სიახლოვეს ლიმფური კვანძები ხომ არ არის გადიდებული, რადგან კიბოს უჯრედები უკვე ლიმფურ კვანძებში შეიძლება გადავიდნენ და აქედან მოახდინონ ინფილტრაცია სხეულის სხვა ორგანოებში. შემდეგ ექიმი ნიშნავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება განისაზღვროს ასევე მეტასტაზები თავის ტვინში და სხვა ორგანოებში. ამას შემდეგ მოსდევს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კვლევის ეს მეთოდი ყველაზე უკეთ პოულობს თავის ტვინში ფილტვიდან გადასროლილ მეტასტაზებს. ბრონქოსკოპიის და ჩხვლეტის მეშვეობით ხდება ქსოვილის სინჯების აღება და შემდეგ უჯრედულ დონეზე ამ ქსოვილების კვლევა (ბიოპსია), რათა საბოლოოდ დადგინდეს ან უარყოფილ იქნას ფილტვის კიბოს დიაგნოზი. ჩონჩხის და ძვლების სცინტიგრაფიით ხდება მეტასტაზების დადგენა ძვლოვან ქსოვილებში. ინიშნება კვლევის ისეთი დამატებითი მეთოდებიც, როგორებიცაა ულტრასონოგრაფია და პოზიტრონების ემისიური ტომოგრაფია. მკურნალობისთვის გამოიყენება სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული ჩარევა. თუმცა ფილტვის კიბოს ძალიან მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს: ამ დაავადების მქონე 100-დან მხოლოდ 16 კაცი და 21 ქალი ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს და მხოლოდ 1-ელ და მე-2 სტადიებზეა გადარჩენის 50 და 40 %-იანი შანსები. ეს რაც შეეხება მსხვილუჯრედოვან კიბოს, ხოლო წვრილუჯრედოვანი კიბოსგან თავის დაღწევის შანსები კიდევ უფრო დაბალია: ამ დაავადების შემთხვევაში გადარჩენის შანსი მე-2 სტადიაზე 19 %-ს, მე-3 ბე სტადიაზე 5 %-ს, ხოლო მე-4 სტადიაზე პაციენტთა მხოლოდ 1 %-ს აქვს. ამრიგად, თუ არ გსურთ, ფილტვის კიბომ გიმსხვერპლოთ, თამბაქოს მოწევას დაუყოვნებლივ უნდა დაანებოთ თავი და შეძლებისდაგვარად ასევე მაქსიმალურად მოერიდოთ მიწური იატაკის მქონე და დახუთულ შენობებში დიდხანს ყოფნას, აზბესტს და სხვა მავნე ნივთიერებებს. 2830 5-ს მოსწონს
|