საზოგადოებრივი ოსების ეთნოგენეზი და განსახლების ისტორიული არეალები 2019, 5 იანვარი, 4:18 ვინ ამახინჯებს ისტორიას?საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართველებსა და ოსებს შორის ეგრეთ წოდებულმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ეთნიკურ ერთეულებთან შედარებით, ოსები ყველაზე მეტად იყვნენ ქართველებთან ინტეგრირებულნი (ქართული ენის ცოდნა, საქორწინო ურთიერთობები, ნათელმირონობა...) როდის დასახლდნენ ოსები საქართველოში? ინტერესი საქართველოში ოსთა მიგრაციის შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოსებმა რუსეთის ძალით ქართველთა ძირძველი მიწა-წყალი მიიტაცეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა საქართველოში ოსთა გადმოსახლების ისტორიის დამახინჯება. ოსებს ბავშვობიდან აგონებდნენ, რომ "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორია მათი განსახლების უძველესი არეალია და რომ თურმე ქართველი ფეოდალები ოსებს ბატონებად მოევლინენ. ქართველ თავად-აზნაურთა შემდეგ ოს მეცნიერთა სალანძღავ ობიექტებად ქართველი სოციალ-დემოკრატები იქცნენ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ბოლშევიკთა მიერ წაქეზებული აჯანყებული ოსებისგან იცავდნენ. ბოლო წლებში ოსმა ისტორიკოსებმა დაასახელეს საქართველოში მათი გადმოსახლების სხვადასხვა თარიღი. ერთნი "ამტკიცებენ", რომ ეს მოხდა 5 ათასი წლის წინ (ნაფი ჯუსოითი), ხოლო უფრო ზომიერნი მიგრაციის პერიოდად XIII-XIV საუკუნეებს ასახელებდნენ, მესამენი კი ამ ორ ძალიან დაშორებულ პერიოდს შორის სხვადასხვა ქრონოლოგიურ თარიღს გვთავაზობდნენ. ბოლო წლებში მითოლოგემების შექმნით განსაკუთრებით გამოიჩინა თავი საბჭოთა ისტორიკოსმა მარკ ბლიევმა, რომლისთვისაც შეიძლება ითქვას, საისტორიო წყარო არც არსებობს ან თუ არსებობს, იმ ნტერპრეტაციით, როგორც თავად წარმოუდგენია. მარკ ბლიევის მიხედვით, თურმე ადრე შუა საუკუნეების ქართლის (იბერიის) სამეფო სხვა არაფერი იყო, თუ არა ქართულ-ოსური კონფედერაცია. ბუნებრივია, ეთნიკური კონფლიკტების მოსაგვარებლად ისტორიას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს: ხალხი, რომელიც ცხოვრობს განსაზღვრული ეთნოსის ტერიტორიაზე, ქვეყნის სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს (ასეც იყვნენ ოსები საქართველოში ცხოვრების პერიოდში). პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი ქართულ-ოსური დაპირისპირება რომ სინამდვილეში კლასიკური ეთნიკური კონფლიკტი არ ყოფილა და რომ ის პროვოცირებული და მართული იყო იმპერიულ ძალთა მიერ, ეს კარგად წარმოაჩინა სწორედ ისტორიული თემატიკის ზედმეტმა შემოტანამ, რისი დამაგვირგვინებელიც გახლდათ ჯერ 2004 წელს რუსეთის დუმის განცხადება და ბოლოს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები, რომელთა შინაარსიც ასეთია: რუსეთმა ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი ერთად შეიერთა 1774 წელს. ე.ი. თურმე "სამხრეთ ოსეთი" ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა და თან საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა. მიზანი ცხადია: იმპერიულ ძალებს სურთ, "საფუძვლიანი" გახადონ საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. ამ შემთხვევაში ოსები მხოლოდ იარაღად არიან გამოყენებული, არც ეთნიკური ოსისა და არც ეთნიკური ქართველის ბედი მათ ნამდვილად არ აღელვებთ. ვინ არიან ოსები?ოსები ირანულენოვანი ალანების უშუალო შთამომავლები არიან. ალან-ოსთა ეთნოგენეზი, როგორც საბჭოთა მეცნიერები აღნიშნავდნენ მოხდა არა კავკასიაში, ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის შედეგად, არამედ შუა აზიაში - არალისპირეთში. პირველად ისინი ძვ.წ. II საუკუნის ჩინურ წყაროებში არიან მოხსენიებულნი. ამ წყაროთა თვალსაწიერი კი კასპიის ზღვის აღმოსავლეთ მონაკვეთს არ სცილდებოდა. კლასიკურ ავტორთა თვალსაწიერში ალანები ახ.წ. I საუკუნეში ჩნდებიან. მას შემდეგ, რაც ევრაზიის სივრცის ევროპულ მონაკვეთში დაიწყეს მომთაბარეობა და გამოცალკევდნენ აზიელი ალანებისგან. ოსთა წინაპარი ალანების შესახებ მოთხრობილია კატალონიელი მეცნიერის აუგუსტ ალემანის წიგნში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სიახლოვეს მთელი ადრე შუა საუკუნეების განმავლობაში ალანები (ოსები) არ მკვიდრობდნენ. მათი სამომთაბარო არეალი ევრაზიის სივრცე იყო. ვოლგასა და აზოვის ზღვის მონაკვეთში მომთაბარე ალანები IV საუკუნის 70-იან წლებში ჰუნებმა გაანადგურეს, გადარჩენილთა ნაწილი ჰუნებს დასავლეთში გაჰყვა, ხოლო ნაწილმა ჩრდილოეთ კავკასიის ველებში ჩამოინაცვლა, სადაც ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, შექმნეს სახელმწიფო და ამ დროიდან ალანებთან (ოსებთან) ქართულ სახელმწიფოს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. ალან-ოსების ისტორიაში მეორე სამწუხარო ეტაპი იწყება XIII საუკუნიდან. მონღოლთა შემოსევების შემდეგ, ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამარცხებულმა ალან-ოსებმა დაკარგეს არა მარტო სახელმწიფოებრიობა, არამედ განსახლების არეალიც. XIII-XIV საუკუნეებში სტეპებში მცხოვრები ალან-ოსები მთიელებად იქცნენ. უნდა ითქვას, რომ ალანთა ნაწილი არა ასე მასშტაბურად, მაგრამ მთიელებად უფრო ადრეც - ადრე შუა საუკუნეების შემდეგაც იქცა. ჰუნების შემოსევების შემდეგ ისინი არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ბარის მკვიდრნი გახდნენ, არამედ დასახლდნენ კავკასიის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში - თანამედროვე ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზეც. გვიანი შუა საუკუნეების დიგორის ხეობაში მცხოვრები ოსები სწორედ ძველი შემოსახლებული ალანების შთამომავლები არიან. XIII-XIV საუკუნეებიდან ალან-ოსები სწორედ აღნიშნულ სამ ხეობაში (ალაგირში, ქურთაულსა და თაგაურში) სახლდებიან. ოსებს XX საუკუნემდე ერთიანი თვითსახელწოდება (ენდოეთნონიმი) არც ჰქონიათ. აღმოსავლეთ ოსეთის სამ ხეობაში მცხოვრები ოსები თავიანთ თავს "ირონს" უწოდებდნენ, ხოლო დასავლეთით დიგორის ხეობაში მცხოვრები ოსები თავიანთ თავს - "დიგორონს". მონღოლთა შემოსევებამდე ოსები აღმოსავლეთ ოსეთში (ალაგირი, ქურთაული, თაგაურის ხეობები) არ ცხოვრობდნენ. მათ სახელმწიფო ჩრდილოეთ კავკასიის ბარის დასავლეთ ნაწილში ჰქონდათ შექმნილი და არა თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის მთას, ისინი აქ - დიგორიაში და მის დასავლეთით, დღევანდელი ბალყარეთის და ყარაჩაის ტერიტორიაზე ადრე შუა საუკუნეებიდან - VI-VII საუკუნეებიდან მკვიდრობდნენ. ვლადიკავკაზი ინგუშური სოფლის ადგილასXIII-XIV საუკუნეებში, როგორც აღვნიშნეთ, ხდება ალან-ოსების ბინადრობის ადგილის კიდევ ერთხელ შეცვლა. ისინი ჩრდილოეთ კავკასიის მთებში, შემდეგდროინდელ ალაგირის, ქურთაულისა და თაგაურის ხეობებში დასახლდნენ. ოსების ადრინდელი საცხოვრისი ჩრდილოეთ კავკასიის ბარში ყაბარდოელებმა დაიკავეს და მთიდან ბარში გამოსასვლელ ადგილებში შექმნეს მტკიცე სიმგარეები, რათა მთებში გახიზნული ოსები ჩრდილოეთ კავკასიის ბარში საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულიყვნენ. XIII-XIV საუკუნეებიდან მოყოლებული ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ოსებს რაიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ ჰქონიათ. ისინი აქ ხეობებში ერთმანეთისგან განცალკევებით, ტერიტოპრიული თემების სახით ცხოვრობდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს კავკასიაში შემოსულმა რუსებმა ოსებს ჩრდილოეთით, კავკასიის დაბლობში გადასახლების საშუალება მისცეს. უფრო ადრე, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ოსებმა ეთნიკური საზღვარი აღმოსავლეთითაც გაიფართოვეს. აქ, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, XVIII საუკუნის 20-იან წლებში დასახლდნენ დარიალის ხეობის სოფლებში - ლარსში, ჩმისსა და ბალთაში. რუსული წყაროების ცნობებით, XVI-XVII საუკუნეებში ლარსის მიდაოებში, მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე ინგუშური მოსახლეობა მკვიდრობდა, დადგენილია, რომ თანამედროვე ოსეთის დედაქალაქი - ვლადიკავკაზი 1774 წლისთვის, როდესაც აქ რუსებმა ციხესიმაგრე ააგეს, ინგუშურ სოფელს წარმოადგენდა და მას ზაურეგი ერქვა, სადაც ზაუროვების გვარის ინგუშები ცხოვრობდნენ. შიდა ქართლში დამკვიდრებაყოველგვარ არგუმენტებსა და ფაქტებსაა მოკლებული და მხოლოდ ზოგიერთი ავტორის ახირებულობას ემყარება თეზისებიოსების საქართველოში ძველი დროიდანვე მკვიდრობის შესახებ. არც ერთი უცხოური თუ ქართული საისტორიო წყაროთი არ დასტურდება ოსების საქართველოში მიგრაცია და აქ საბინადროდ გადმოსვლა ძველი წელთაღრიცხვის რომელიმე მონაკვეთში. არც ახ.წ. IV საუკუნეში მოჰყოლია ჰუნების შემოსევას ალან-ოსების საქართველოში დასახლკარება. არც VII და არც XIII საუკუნეებში, როგორც ეს ზოგიერთ ავტორს წარმოუდგენია. XIII საუკუნეში ოსებმა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში დაიწყეს შესვლა, რაც კარგა ხანს გაგრძელდა და ეს მიგრაციული პროცესი დასრულდა XV საუკუნის დასაწყისში. XIII საუკუნის მეორე ნახევარში მხოლოდ ოსების ერთმა ჯგუფმა სცადა შიდა ქართლში დასახლება, რომლებიც დარუბანდის გზით იყვნენ შემოსული. მათი სამხედრო რაზმი ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს ბრძანებით მოქმედებდა. 1292 წელს უმიფობის პერიოდში "იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცვად, რბევად და ტყვევნად ქართლისა და ქალაქი გორი წარტყუენეს და თვისად დაიჭირეს ოვსთა." ოსებმა ისარგებლეს საქართველოს დასუსტებით და მონღოლთა მხარდაჭერით. ცდილობდნენ შიდა ქართლში სამოსახლო ადგილების მოპოვებას. ეს ფაქტობრივად "საპოლიციო რაზმები", განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გააძევა საქართველოდან ("განასხნა და აღფხურნა"). ამის შემდგომ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა კარგა ხნით მტკიცედ ჩაკეტეს ოსეთის ხეობებიდან საქართველოში შემოსასვლელი ორივე კარი (დარიალი, კასრის-კარი) და განსაზღვრული დროით შეაჩერეს ისთა საქართველოში მიგრაცია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოსებს უფრო ადრეც ჰქონდათ მცდელობა საქართველოში დამკვიდრებისა. მაშინაც, ისინი უცხო ძალას ეყრდნობოდნენ, მაგალითად IX საუკუნის შუა ხანებში არაბმა მხედართმთავარმა ბუღა თურქმა დარიალის გადმოსასვლელით 100 ოჯახი ოსი შემოიყვანა და ქვემო ქართლში - დმანისში დაასახლა. წყაროებით არ ჩანს შემდგომში რა ბედი ეწია ეთნიკური ოსების ამ 100 ოჯახს. სავარაუდოდ ისინი ან მალევე ასიმილირდნენ ქართველთაგან, ან გავიდნენ საქართველოდან. XIII საუკუნის შუა ხანებში მონღოლთა ხანის ბრძანებით მეფე დავით VII-მ მიიღო მონღოლთა მოკავშირე ოსთა სამხედრო რაზმები და საცხოვრებლად დმანისი და ჟინვანი მისცა. არც ამ სამხედრო რაზმების შემდგომი ბედია ცნობილი. ყოველ შემთხვევაში არავითარი ოსური ეთნიკური ანკლავი, რაიმე ცალკეული ოსური დასახლება ქართული წყაროებით ამ ქალაქებში ან საქართველოს რომელიმე ტერიტორიაზე არ ჩანს. კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული საქართველოს პროვინციაში - დვალეთში ოსების შემოსახლება XV საუკუნის ბოლოდან იწყება. ეს პროცესი აქ ძირითადად მიმდინარეობდა XVI საუკუნეში, XVII საუკუნეში კი დვალეთში დასრულდა ადგილობრივ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის - დვალების ასიმილიაცია ოსების მიერ. ოსების დვალეთში დასახლებამდე, ოსების თარეშისა და ლაშქრობების გამო დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართლში, იმერეთსა და რაჭაში განსახლდა. ადგილზე დარჩენილი დვალები ოსების ეთნიკურ-ენობრივ გარემოში ამ უკანასკნელთა აქ ჯგუფური შემოსახლებისა და გამრავლების შედეგად ასიმილირდნენ. ქართველი მთიელი დვალები იყვნენ წარმოშობით: ხადურები, ჩიფჩიურები, ბიგულები, თვაურები, ჩოჩოურები (იგივე ჩოჩიშვილები), ბეღელურები, გუდიაურები, ბაგაურები, გერგაულები, თაბაურები, ხერხეულიძეები, ქესაურები, ფარუხაულები, ბიგანები (ბიგანიშვილები), ხაბარელები, ხეთერელები, ხაჩიურები... ოსური გადმოცემებიც ადასტურებს, რომ ოსური ეთნოსი დვალეთში ბრძოლით არის მოსული. დვალეთში ფეხის მოკიდების შემდგომ ოსებმა შიდა ქართლის მთიანეთში გადმოინაცვლეს. ოსების შიდა ქართლში მიგრაცია ძირითადად დვალეთის გზით ხორცილედებოდა. დვალეთსი მოსახლეობის ეთნიკურ ცვლილებას ამ პროვინციის საქართველოდან ჩამოცილება არ მოჰყოლია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელ პერიოდში და რუსეთის კოლონიად გადაქცევის შემდეგაც დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრ ბარიატინსკის 1858 წლის 3 აპრილის ბრძანებით დვალეთი, ანუ როგორც შემდეგ უწოდებდნენ ნარას უბანი (შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში), რომლის ფართობიც 3, 581 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, ჩრდილოეთ კავკასიის თერგის ოლქის "ოსეთის სამხედრო ოლქს" შეუერთდა. ოსთა პირველი დასახლებები საქართველოშისაქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა (მდინარე თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში (მდინარე დიდი ლიახვის ხეობის სათავე). ოსების აქ დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობიდან XVII საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. XVII საუკუნის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთი (დიდი და პატარა ლიახვის ხეობები) ქართველთა ნასოფლარებით იყო მოფენილი. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა აქედან აიყარა და ბარში ჩასახლდა. ვახუშტი ბაგრატიონი ხაზგასმით წერდა, რომ დვალეთსა და შიდა ქართლის მთიანეთში ოსები ქართველთა ნასახლარებზე დაფუძნდნენ: "ხოლო რაოდენნი ოვსნი დავსწერეთ, ამ ადგილთა შინა, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომთა მეპატონეთაგან მათგან გადმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბარსა შინა ჩამოსულან, ვინაითგან მტერთაგან ბარსა შინა კაცნი შემსირებულან." რუსი ელჩის, მიხეილ ტატიჩევის (1604-1615) ჩანაწერით ჩერქეზეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ 200-სულიანი ოსური დასახლება არსებობდა. დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ზემო ჯავაში XVII საუკუნის შუა ხანებში ოსური მოსახლეობა რომ ჯერ კიდევ არ მკვიდრობდაჩანს ერთი დოკუმენტიდან. საბუთში წერია, რომ "ა, ოწყდა ზემო ჯავა და დაუკაცურდა ოსთაგან, ღმერთი იყოს მოწამე, ასრე ამოწყდა, რომ კაცის ნაშენები აღარა იყო რა." საბუთში ლაპარაკია იმაზე, რომ ზემო ჯავაში ადგილობრივი მოსახლეობა ოსთა თავდასხმებისა და მეკობრეობის შედეგად ამოწყდა. 1634-1658 წლების საბუთით მეფე როსტომი თავის მოხელეებს უბრძანებს არაფერი დაუშავოთ ოსეთიდან აყრილ და ჯავის ზემოთ დასახლებულ ოსებს და თუ ვინმე კვლავ ჩამოსახლდება ოსეთიდან, არც მას შეუშალოთ ხელიო. ქართველი მეფეები და თავადები ზოგჯერ თვით იწვევდნენ ოსებს დასასახლებლად ქართველთა ნასოფლარ-ნასახლარებში. ოსები საქართველოში XVII საუკუნის შუა ხანებიდან რომ არიან მიგრირებულნი ამას მათი გადმოცემებიც ადასტურებს - ყველა გვარს აქვს გადმოცემა ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში 10-12 თაობის წინ გადმოსახლების შესახებ. თუმცა ოსმა "მეცნიერებმა" გამოსავალი აქაც მოძებნეს და ეს მიგრანტები ბოლო, მეორე ტალღის მიგრანტებად მონათლეს და შემოიღეს ცნება - "უწინდელი ოსები", რომლებიც თურმე უფრო ადრე იყვნენ საქართველოში გადმოსახლებულნი და ქართველებმა ისინი გააქართველეს. საამისოდ ასამდე ქართული გვარ-სახელის მატარებელი ძირად ოსებად მიიჩნიეს ანუ მათებური ტერმინი რომ ვიხმაროთ - "უწინდელ ოსებად". ოსები თანდათან მოიწევენ სამხრეთისკენ და XVIII საუკუნის 30-იანი წლებისთვის ითვისებენ დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის ხეობათა მთიან ზოლს მთლიანად. აქ, აღნიშნულ პერიოდში, ზოგიერთ მთიან სოფელში ოსები თანაცხოვრობდნენ ადგილზე დარჩენილ ქართულ მოსახლეობასთან. მთელ XVIII საუკუნის განმავლობაში ოსები შიდა ქართლის მთისწინეთში ფაქტობრივად არსად არ იყვნენ განსახლებულნი. ოსთა მიერ შიდა ქართლის მთისწინეთის სოფლებში (უფრო ხშირად ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში. XVIII საუკუნის დასაწყისში ოსები სახლდებიან ჯეჯორის ხეობის სათავეში (კუდარო) და ქსნის ხეობის სათავეში (კუდარო) და ქსნის ხეობის სათავეში (ჟამური). ჟამურში ოსების მიგრაცია ხდება როგორც ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან, ასევე დიდი ლიახვის ხეობის მთიანი ზოლიდან, სხვათა შორის, ცნობილი ოსი მეცნიერი ვასილ აბაევიც აღნიშნავდა, რომ ქსნის ხეობაში ოსები სულ 200 წლის წინ დასახლებული არიანო. კუდაროში ისინი ძირითადად მიგრირებული არიან დვალეთიდან. შიდა ქართლის მთიანეთში ოსები ჯერ ესახლებიან დიდი ლიახვის ხეობაში, შემდეგ პატარა ლიახვის ხეობაში, ქსნის სათავეში (ჟამურში) XVIII საუკუნის დასაწყისში მცირე რაოდენობით ოსური მოსახლეობა ჩნდება მეჯუდას ხეობის სათავესა და ისროლისხევში. მეჯუდას ხეობის სათავეში ისინი პატარა ლიახვის ხეობის სათავიდან გადმოდიან. XVIII საუკუნის შუა ხანებისთვის ოსები რომ მხოლოდ შიდა ქართლის მთიანეთში, უვენახო-უხილო ადგილებში მკვიდრობდნენ, კარგად ჩანს ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ატლასიდან. ოსების დასახლებები მას აღნიშნული აქვს სიმბოლოთი - "8". XVIII საუკუნის ბოლოსთვის, სამხრეთით ოსთა განსახლების უკიდურესი პუნქტები იყო (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით): კუდარო (მდინარე ჯეჯორის სათავე რაჭაში) - გუფთა (მდ. დიდი ლიახვის ხეობა) - აწერისხევის ხეობის ზემოთ (პატარა ლიახვის ხეობაში) - მეჯუდის ხეობის სათავეში ორი სოფელი - ჟამური (ქსნის ხეობის სათავე) - ღუდა (მდ. თეთრი არაგვის ხეობის სათავე მთიულეთში) - თრუსო (მდ. თერგის სათავე). XVIII საუკუნის ბოლოსთვის ოსები საერთოდ არ იყვნენ ლეხურას ხეობაში, მეჯუდას ხეობაში (მისი სათავის გამოკლებით), ქსნის ხეობის მთიანეთის დიდ ნაწილში, ფრონეების ხეობაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორც ვახუშტი ბაგრატიონის დროს, ისე XVIII საუკუნის დასასრულს, ოსები საქართველოს ცალკეული ხეობების მხოლოდ "უვენახო-უხილო" ზონაში, ანუ "მთის ადგილებში" ცხოვრობდნენ. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ოსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობის მთისწინეთის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ამ პერიოდიდან და განსაკუთრებით XIX საუკუნის პირველ ათეულ წელს ხდება ოსთა გაჟონვითი ანუ ინდივიდუალური განთესვა შიდა ქართლის მთიანეთიდან შიდა ქართლის მთისწინეთისა და ბარის სოფლებში. ამ დროისთვის ოსთა ასეთი განსახლება განსაკუთრებით განხორციელდა პატარა ლიახვის ხეობის მთიანი მონაკვეთიდან (XIX საუკუნეში ოსთა მთიდან მთისწინეთსა და ბარში გადანაცვლების ფაქტები აღნუსხულია 1818, 1830, 1840, 1860, 1873, 1886 წლის მოსახლეობის კამერალური აღწერის დავთრებსა და საოჯახო სიებში). XVIII საუკუნის დასასრულიდან ფაქტობრივად შეწყდა ოსთა მიგრაცია ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, რადგან რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მათ დასახლების საშუალება მისცა ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში. განსაკუთრებულ გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ დვალეთის ოსური მოსახლეობა, რომლებსაც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაცია არ შეუწყვეტიათ თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში. საერთოდ, ოსების საქართველოს ტერიტორიაზე განსახლება უმეტესად დვალეთის გზით ხორციელდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან დვალეთში შემოსახლებულები განსაზღვრული ხნით აქ დამკვიდრების შემდეგშიდა ქართლის მთიანეთში გადმოდიოდნენ საცხოვრებლად. თუმცა, არაერთი ფაქტია დადასტურებული ოსთა გადმოსახლებისა უშუალოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან. განსაკუთრებით მიგრაციის ადრეულ, საწყის ეტაპზე. სინამდვილეს არ შეესაბამება ზოგიერთი ავტორის მტკიცება XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში ოსთა განსახლების შესახებ. XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება ოსთა მიგრაცია ფრონეების ხეობაში, მეჯუდას ხეობაში, ლეხურას ხეობაში და ქსნის ხეობის მთიანეთის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ფრონეების ხეობაში ოსების მიერ ქართველთა ნასოფლარებში დაფუძნება ხდება ძირითადად დიდი ლიახვის ხეობიდან, თუმცა თვალში საცემია, რომ პირველი ოსი მიგრანტები ფრონეების ხეობის ქართველთა ნასოფლარებში, დვალეთიდან წამოსული ოსები იყვნენ. პატარა და დიდი ლიახვის ხეობებიდან გადმოდის მოსახლეობა მეჯუდის ხეობაში. ლეხურას ხეობაში ოსების მიგრაცია ძირითადად ქსნის ხეობიდან (ჟამური, ჭურთა) ხდებოდა. მიუხედავად ამისა, XIX საუკუნის პირველ სამ ათეულ წელს ლეხურას, მეჯუდასა და ფრონეების ხეობებში ოსთა დასახლკარებას ინტენსიური ხასიათი არ ჰქონია. ინტენსიურად ამ ხეობების მოშენება ძირითადად მოხდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, ვიდრე 1880-იან წლებამდე. XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩნდება თითო-ოროლა ოსური ოჯახი შიდა ქართლის გაღმამხარში, სადაც მათი მიგრაცია ძირითადად XIX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ ოსები დღევანდელი ბორჯომის რაიონში (გუჯარეთის ხეობა). კახეთსა და ქვემო ქართლში ოსები შიდა ქართლის მთიანეთიდან XX საუკუნის დასაწყისში გადასახლდნენ. XX საუკუნის ბოლო საბჭოთა აღწერით ოსების რაოდენობა საქართველოში 164 ათასი ადამიანი იყო. ამ რაოდენობიდან "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ტერიტორიაზე მხოლოდ 65 Aტასი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა. თითქმის 100 ათასი კი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მკვიდრობდა, ზოგან კომპაქტურად, ზოგან ქართულ მოსახლეობაში შერეული. 1886 წელს ეთნიკური ოსები 72, 000-ს ითვლიდნენ საქართველოში. XVIII საუკუნის დასარულს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 2, 130 კომლი (15, 000 სული) ოსი ცხოვრობდა. ზოგიერთი ოსი ავტორი კი XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ოსთა რაოდენობას ხან 6, 000 და ხან 7, 000 კომლით განსაზღვრავს, რაც არარეალურია და წყაროთა მონაცემებს არ ითვალისწინებს. სინამდვილეში, როგორც ზემოთ მივუთითეთ, ამ ეთნოსის რაოდენობა 2, 130 კომლი იყო. საერთოდ, მთელი - საუკუნეების განმავლობაში ოსების პროცენტული რაოდენობა საქართველოში 3-დან 4-მდე მერყეობდა. ოსების საქართველოში შემოსვლა და დასახლება მთლად მშვიდობიანი არ ყოფილა. ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში მომწყვდეულმა ოსებმა ზოგჯერ ძალით გამოიკაფეს გზა. განსაკუთრებით ეს ითქმის მიგრაციის ადრეულ ეტაპზე როგორც დვალეთში, ისე შიდა ქართლის მთიანეთში. საისტორიო საბუთებით, გადმოცემებითა და ფოლკლორული მასალებითაც აშკარაა, რომ ადგილობრივი მთიელი ქართველი გლეხები ოსთა თავდასხმებით შეწუხებული, ტოვებდნენ მამა-პაპათა საცხოვრებელ ადგილებს და ბარში სახლდებოდნენ. ბარში კი მათთვის ამ თვალსაზრისით ხელსაყრელი მდგომარეობა იყო. მტერთა ხშირი თავდასხმებისგან შიდა ქართლის მთისწინა და ბარის რეგიონები დემოგრაფიულად კატასტროფამდე იყო მისული. დვალეთისა და შიდა ქართლის მთიანეთში ოსთა მიგრაციას ერთგვარად ხელი შეუწყო აგრეთვე იმდოიდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ მტერთა ხშირი თავდასმხებისგან დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველო ვეღარ აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსასვლელ ჩამკეტ კარებს - კასრის კარსა და დარიალს. სხვათა შორის კასრის კარი დვალეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა, საიდანაც ოსეთში იყო დასასვლელი. მის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: "და არს კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდკამაროვანი, მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თვინიერ მათსა ოვსნი". მომდევნო პერიოდისთვის (XVIII საუკუნე) იმდენად დაეცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმდენად კატასტროფული შეიქმნა დემოგრაფიული სიტუაცია შიდა ქართლში, რომ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურები (მეფე, თავადები) თავად უწყობდნენ ხელს და ხშირად იწვევდნენ ოსებს საქართველოში დასასახლებლად. მაგალითად, იოანე ბაგრატიონის მიხედვით, სოფელ დიღომში თუ დიღმის სიახლოვეს ოსებს უცხოვრიათ. დიღომთან ოსების დროებით მკვიდრობის დამადასტურებელია XIX საუკუნის დასაწყისის სოფელ დიღმის მოსახლეობის კამერალური აღწერები, რომლებმაც არც ერთი კომლი ოსი და ოსურძირიანი გვარი არ არის მითითებული, აგრეთვე 1799 წლის ერთი საბუთი, რომელიც გაცემულია მეფე გიორგი XII-ის მიერ თაგაურელი ოსებისადმი. საბუთის მიხედვით ირკვევა, რომ თაგაურელ ოსებს გამოუთქვამთ სურვილი საქართველოში გადმოსახლებისა. ამისთვის მეფეს ოსეთში გაიგზავნია აზნაური ნინია გაბაშვილი. გადმოსახლების მსურველ ოსებს მეფე უთვლის, რომ თქვენ იქნებით ჩვენი სახასო გლეხები და სხვას არავის ექნება თქვენთან საქმეო. პირველ ხანებში თქვენ უნდა მოხვიდეთ დიღომში და გაჩერდეთ აქ, შემდეგ კი შეგირჩევთ კარგ ადგილს, რომელიც მოგეწონებათ. სანამ ხვნა-თესვას მოეკიდებით, ჩვენ მოგეხმარებით სურსათ-სანოვაგის მომარაგებაშიო. დიღომთან ოსების დროებითი მკვიდრობა ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აქ 32-33 კომლ ოსს უცხოვრია. იმის გამო, რომ ოსები ქურდობდნენ (დიღმელ გლეხებს ჭაპანი და ღვედიც არ დაუტოვეს), დიღმელ გლეხებს ოსები სახრეებითა და კეტებით გაუყრიათ. მათ ოსები ბებრის ციხემდე მიუცილებიათ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთისა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში მთისწინეთის არაერთ სოფელში ოსთა ერთ თაობაზე მეტს არ მოუწია ცხოვრებამ. მთისა და მთისწინეთის ამა თუ იმ სოფელში მცირე ხნით მკვიდრობის შემდეგ ოსები უფრო სამხრეთით ეშვებოდნენ. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის მასალებზე თვალის გადევნებით. XIX საუკუნის დასაწყისში მთისწინეთის სოფლებში დასახლებულნი, ამავე საუკუნის შუა ხანებიდან ინტენსიურად გადადიან საცხოვრებლად ბარის სოფლებში. ასე რომ XVIII საუკუნის ბოლოდან და მთელი XIX საუკუნის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიანეთის სოფლებიდან დაბლობის მიმართულებით, ოსთა თანდათანობითი, ინტენსიური წინ წამოწევა აშკარაა, რასაც უდავოდ მიესადაგება ქართულ ისტორიოგრაფიაში ხმარებული ტერმინი "ჩამოწოლა", იმდენად დიდი მოძრაობა ახასიათებდათ ოსებს, რომ საუკუნის მეორე ნახევარში ბარის სოფლებში დასახლებული, ბარისავე სხვა სოფლებში გადადიოდნენ საცხოვრებლად. 1886 წლის საოჯახო სიებით, მდინარეების - დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მთის 76-ზე მეტი სოფლიდან საუკუნის 60-70-იან წლებში 1340 კომლზე მეტი ოსი აყრილა და ბარის სხვადასხვა სოფლეში დამკვიდრებულა. ოსები რომ დიდი ხნის ჩამოსახლებული არ იყვნენ შიდა ქართლის მთიანეთში, ამის დამადასტურებელია მათი სოციალური მდგომარეობაც. საუკუნის მოსახლეობის აღწერის დავთრებში დიდი ლიახვის ხეობაში მოსახლე ოსების საკმაოდ დიდი ნაწილი ხიზნებადაა ჩაწერილი. ხიზანი კი, როგორც ქართული აისტორიო წყაროებითა და სათანადო გამოკვლევებით ცნობილია, საკუთარი სამკვიდრებლიდან აყრილი და სხვაგან თავშეფარებული გლეხია. 1922 წელს საქართველოში ბოლშევიკმა ხელისუფლებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბეს და პირველად საქართველოში ოსებს ადმინისტრაციული ერთეული შეუქმნეს. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ყოფილი შიდა ქართლის ფეოდალური ერთეულების ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა ისე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები არავის გაუთვალისიწინებია. ავტონომიური ოლქის ცენტრად კი შიდა ქართლის მთისწინეთის ზოლში მდებარე პატარა ქალაქი ცხინვალი გამოაცხადეს. შემორჩენილია XIX საუკუნის რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის დავთრები. XIX საუკუნის ყველა აღწერით ცხინვალში არც ერთი ეთნიკური ოსი არ ცხოვრობდა. მხოლოდ 1830 წლის ცხინვალის აღწერაშია 1 ოჯახი ეთნიკური ოსი (5 სული) მითითებული, რომლებიც აქ მთიდან 1828 წელს მოსულან და მალევე აქედანაც აყრილან. 1886 წლის საოჯახო სიებით ცხინვალში არც ერთი ოსი არ მკვიდრობდა. ქალაქი, ისევე როგორც შუა საუკუნეებში კვლავ დასახლებული იყო ქართველებით, ქართულენოვანი სომხებით და ქართველი ებრაელებით. XIX საუკუნის I მესამედის ავტორ, ედუარდ აიხვალდის მიხედვით, "ოსები ცხინვალის იქითა მხარეს, მთებში ცხოვრობდნენ. ადრე ისინი ცხინვალს გაუთავებლად ძარცვავდნენ და ხოცავდნენ. ახლი კი ქართველებს, ცხინვალის მოსახლეობას თავს ანათვლინებენ". პირველად მხოლოდ 1922 წლის მონაცემებითაა ქალაქ ცხინვალში დაფიქსირებული ოსური მოსახლეობა - 613 სული. 1926 წელს აქ უკვე 1152 სული ოსი ცხოვრობდა (ქალაქის მოსახლეობა მთლიანად 1926 წელს 5, 352 სულს შეადგენდა). ეს მატება რა თქმა უნდა მექანიკური მატების ხარჯზე ხდებოდა. ცხინვალში ოსურმა მოსახლეობამ ქართულ მოსახლეობას მხოლოდ მაშინ გადააჭარბა, როდესაც აქაური ქართველი ებრაელები საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში ისრაელში წავიდნენ და მათი სახლებ ჯავის რაიონიდან ჩამოსახლებულმა ოსებმა დაიკავეს. ტექსტის ავტორი: როლანდ თოფჩიშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი) ასევე დაგაინტერესებთ: 1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ) 2) პირველი ევროპელები საქართველოდან 3) საქართველო - თაფლის სამშობლო განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვასტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე 2889 4-ს მოსწონს |
ქართველები არიან ჩამოყალიბებული ორი დიდი მოდგმისგან - კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან (J2a, H, U) და ანატოლიელ-მესოპოტამიელი პირველი ცივილიზაციის შემქმნელებისგან (G2a). მესამე და მეოთხე არის კრო-მანიონები ანუ პირველი ევროპელები და ასევე დასავლეთ სტეპის მესაქონლეები ანუ ინდო-ევროპელები, რომლებიც ნახევრად ისევ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები არიან. ვინ არიან ქართველების ყველაზე ახლო მონათესავე ერები? ოსები, აფსუები, ჩერქეზები და ინგუშები. ოსები და აფსუები ისეა, რომ ვერ გაარჩევ გენეტიკური კუთხით. და სამაჩაბლოს ოსები მეტად შეურეველი არიან ინდო-ევროპელებთან, ვიდრე თვით იმერლები მაგალითად. ენა სხვაა და გენეტიკა სხვა. ეგენი პირველ საუკუნეში მოვიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში შუა აზიიდან, რომელიც მაშინ არიელი ხალხებით იყო დასახლებული და არა ახლანდელი თურქული ხალხებით. დასახლდნენ სტავროპოლის და კრასნოდარის კრაისკენ და შექმნეს ძლიერი ალანური სახელმწიფო, რომელიც განადგურებული იქნა მონღოლების მიერ მე-13 საუკუნეში. მაგ დროს დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთი საქართველოს სამეფოს ნაწილი იყო, კერძოდ ქართლის და ცხოვრობდნენ სვანების და რაჭველების ნათესავი ქართველი ხალხი - დვალები. მონღოლებმა სრულად ამოჟლიტეს მეომარი ნაწილი ალანების. ქვა ქვაზე არ დატოვეს დიდებული სამეფოსგან. გადარჩენილმა ალანმა ქალებმა და ბავშვებმა ძლივს მოაღწიეს დვალების მიწებამდე. ჩერქეზებმა არ მიიღეს და ჩაუკეტეს გზები. დვალებმა მიიღეს და შეირიეს. ასე ჩამოყალიბდა დღევანდელი ოსი ხალხი. ალანებს არაფერი აქვთ საერთო ინგუშებთან. ინგუშების 90%-ზე მეტი გენეტიკურად კავკასიელი მონადირე-შემგროვებელია. ენობრივად კი ურარტუს ხალხს ენათესავებიან. რაც შეეხება ჩერქეზებს, ისინი ქაშქები არიან საერთოდ და ანატოლიიდან მოვიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან. იქამდე თერმოდონტის ნაპირებზე ცხოვრობდნენ თურქეთში. და დომინანტურად ჰქონდათ J2a. რაც კი ჩერქეზებს G2a აქვთ, სულ სვანურია.
როგორც ვიცი ოსები თურქების განშტოებაა,შეიძლება მე მაქვს არასწორი ინფორმაცია,რადგან არ დავინტერესებულვარ ოსებით?
და ასევე აქ წავიკითხე სადღაც,თუ სწორად მახსოვს, რომ მათ დნმ-ში სვანური სისხლი უფრო ჭარბობსო,მართალია?