x
image
ლანა92
ჩიჩილაკი, როგორც სიცოცხლის ხე, მზის ასტრალური კულტის, სხივოსნობის სიმბოლო დასავლეთ საქართველოში

image

ასტრალური კულტები (ბერძ. aster -"ვარსკვლავი"), ციურ მნათობთა თაყვანისცემა ოდითგანვე აქტუალური იყო ძველი აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის. მიწათმოქმედების განვითარების ფონზე, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა ციურ, კოსმიურ მოვლენებზე დაკვირვება.ადამიანებმა მალევე ირწმუნეს მნათობთა ძალა და გავლენა თავიანთ სამეურნეო საქმიანობაზე; მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და უხვმოსავლიანობისათვის მადლიერების გამოსახატად დაიწყეს ვარსკვლავთა, ასტრალურ კულტთა თაყვანისცემა.

image

ასტრალურ კულტთა თაყვანისცემა უძველესი დროიდანვე მაღალ დონეზე იდგა საქართველოშიც. ქართულ ასტრალურ კულტთა პანთეონში მთავარი ღვთაებები მზე და მთვარე იყვნენ, მზე ანუ მზექალი, ბარბალე, ქალღვთაება, მდედრი და მთვარე - მამრი, მამაკაცის სახით. საქართველოში, ასევე თაყვანს სცემდნენ ცისკრის ვარსკვლავს, როგორც მზის ამოსვლის წინამორბედს, ვარსკვლავებს შორის მზესთან ყველაზე მეტად მიმსგავსებულს.

ქართველთა ასტრალურ რელიგიაში აირეკლა ქართველი ხალხის, ერის ისტორიული წარსული, ყოფა-ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, მიწათმოქმედებისა და ბუნებრივი გარემოს სპეციფიკური მახასიათებლები.

image

ჩიჩილაკი, როგორც ასტრალური კულტის ემბლემა საქართველოში

ქართულ ასტრალურ კულტთა ერთ-ერთი თავისებური ელემენტია ჩ ი ჩ ი ლ ა კ ი, მასთან დაკავშირებული წარმოდგენებით.

რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებულ ჩიჩილაკის სახეობას "გვერგვის" ჯვრის სახით შიგნით ჩატანებული ჰქონდა ე.წ. "პაპაჯვარი", თხილის 2 კანჩათლილი ჯოხი.

image

ჩიჩილაკი, გვერგვი მზის ღვთაების ემბლემად, მზის, სხივოსნობის სიმბოლოდ მოიაზრებოდა ოდითგანვე ქართველი კაცის ყოფაში.

ქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველო) 3 წამყვან ღვთაებათა შორის მზეს, მზის ქალღვთაებას, მზექალს მეორე ადგილი ეკავა (მთვარის ღვთაების, მორიგეს შემდგომ, მამაკაცის სახით), ხოლო მეგრულ მითოლოგიაში ღვთაებათა პანთეონში, შვიდეულში ("შქვითულში") მზეს პირველი, წამყვანი ადგილი ეკავა, რაზეც კვირის დღეების დასახელებებიც მეტყველებს (ბშაშდღა, ჟაშხა - კვირა, მზის დღე; თუთაშდღა, თუთაშხა - ორშაბათი, მთვარის დღე).

image

ჩიჩილაკი - ხის კულტი, სიცოცხლის ხე, მზის სიმბოლო

დასავლეთ საქართველოში

ქართულ მითებში ღვთაება ხშირად გვხვდება ხის სახით, რომელიც ქედუხრელთა კერებში ჩნდება ხოლმე. ხის კულტი ასოცირდება სიცოცხლის ხესთან, რომლის სიმბოლოცაა ქართული დარბაზის დედაბოძი.

სიცოცხლის ხის განსახიერებაა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი წლის დღესასწაულის აუცილებელი საგანი-სიმბოლო ჩიჩილაკი (ჩიჩილაგი). იგი ხის ფორმის რიტუალური საგანია და საგანგებოდ მზადდება ახალი წლის მილოცვისათვის.

image

ჩიჩილაკი მზადდებოდა თხილის ხისგან, კერძოდ, მისი გათლილი, სწორი ჯოხისაგან, რომელსაც მეტი დრეკადობისათვის ცეცხლზე აშრობდნენ და მსხვილი დანით ჯოხს ბოლოდან წვერისაკენ აათლიდნენ კანს თხელ ბურბუშელებად, ლამაზ ხვეულებად. თხილის ჯოხის წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე ათლილ ბურბუშელებს აკეცავდნენ და დახვეწილ, მოწესრიგებულ ფორმას აძლევდნენ.ხელოსანი, ოსტატი რამდენიმე ასეულ აკეცილ ბურბუშელას ისევ თხილის ჯოხის ღერძზე გადმოფენდა, ჩამოთლილი ბურბუშელების მხარეს ჯოხს გადაჭრიდა და ჩიჩილაკიც მზად იყო.

image

image

კალპიანი ჩიჩილაკი -მზის სიმბოლო

დღეისათვის ამზადებენ ძირითადად კალპიან ჩიჩილაკს, რომელიც გაუმჯობესებულ, უფრო სრულყოფილ ვარიანტად მიიჩნევა. ესაა ჩიჩილაკი ლერწმნისაგან მოწნული რგოლით, რომელსაც სუროს ფოთლები ნაყოფიანად, ასევე, თხილის ტოტები და კურკანტელას(კვალა) წითელი მარცვლები ამშვენებს.

image

კალპს ჩიჩილაკს თავზე, ბურბუშელების შეკრების ადგილას, მთავარ ჯოხზე ჰორიზონტალურად ამაგრებენ.ჩიჩილაკის მომრგვალებულ თავზე, რგოლზე ანუ კალპის შიგნით თხილის ჯოხები ჯვრის ფორმას ქმნიან, ჯვრის სახე-სიმბოლოდ არიან დატანებული.

image

კალპთან თხილის პატარა ჯოხი, რომელსაც ჩიჩილაკის "ჯვარს" ეძახიან, რგოლში, მომრგვალებულ თავშია ჩამაგრებული და მასზე წამოცმულია ვაშლები (წითელი), მანდარინი, ბროწეულები, ვაშლის სიდიდის 2 გამომცხვარი ბურთულა - "ყვინჩილა" ან კიდევ კვერცხისა და ყველისაგან დამზადებული კვერი "ბოკელი".ჩიჩილაკის კალპზე, გემოვნების მიხედვით და სიუხვის, ბარაქის ნიშნად, შეიძლება, ასევე, ჩამოკიდონ მძივები, ვერცხლის, ოქროს სამკაულები, ტკბილეული, შოკოლადი, ფოჩებიანი კანფეტები, შემოახვიონ ბაფთები ან აბრეშუმის ძაფი.

image

image

იშვიათად, მაგრამ მაინც ჩიჩილაკის კალპზე ჩამოკიდებდნენ ბუმბულგაცლილ შაშვს.იმერეთში ჩიჩილაკს ღებავდნენ კიდეც წითლად ენდროს საშუალებით.

image

ახალ წელს დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი აუცილებლად ხვდებოდა ჩიჩილაკით.ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი მამაკაცი, ოჯახის წევრ სხვა მამაკაცებთან ერთად, როგორც შინაური მეკვლე ჩიჩილაკს შემოატარებდა ეზოში, სამეურნეო ნაგებობსა და სახლში და ასე ულოცავდა მათ ამ მთავარ დღესასწაულს, ბარაქისა და სიუხვის მომტანს.

image

სახლის კარის ზღურბლთან მისულ შინაურ მეკვლეს, რომელიც კარის გაღებას ითხოვდა, დიასახლისი, ოჯახის დედა ჰკითხავდა, თუ რა მოჰქონდა. მეკვლე მამაკაცებიც ასახელებდნენ ყოველივე საუკეთესოსა და სასურველს ოჯახისთვის: სიუხვეს, ბარაქას, სიკეთეს, გამრავლებას, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, წარმატებას და ა.შ. მხოლოდ ამ რიტუალის შემდგომ უშვებდნენ მეკვლეს შიგნით სახლში, ოჯახში.იგი ჩიჩილაკს 3-ჯერ შემოატარებდა ოთახში მარჯვნიდან მარცხნივ, დალოცავდა ახალ წელს, ერთმანეთს ულოცავდნენ ოჯახის წევრები ამ დიადი დღესასწაულის შემობრძანებას და ბოლოს ჩიჩილაკს, სიცოცხლის ხეს, სიუხვის, ბარაქის სიმბოლოს მიუჩენდნენ საპატიო ადგილს.

image

ჩიჩილაკის ტრადიციის მსგავსად, საქართველოს სხვა კუთხეებში ერთმანეთს ჩუქნიდნენ შემკობილ, გაფორმებულ ხის ტოტებს.

ჩიჩილაკის ტრადიცია, სხვა რიტუალური ხეების რწმენასთან ერთად, უკავშირდება სიცოცხლის ხეს, ნაყოფიერების იდეას.

image

მსოფლიო ანუ მთელი სამყაროს, სიცოცხლის ხე ასოცირდება უპირველესად მზესთან.კალპიანი ჩიჩილაკიც, კალპიც, რომელიც ქმნის ჯვარს, მოიაზრება მზის სიმბოლოდ.კალპი, როგორც მზის სიმბოლო, გაერთიანებულია, შერწყმულია ჩიჩილაკთან, მსოფლიო, სიცოცხლის ხის სიმბოლოსთან, ორივე ერთად განასახიერებენ ზამთრის მზის მობრუნების დღეობას.

image

კალპი ქმნის ჯვარს, წვეროებზე ბურთებით, ასტრალური სიმბოლოებით და მიგვანიშნებს ცაზე მზის 4 მდგომარეობაზე, ხოლო ჯვარზე ჩამოცმული წრიული, სფეროსებრი, მრგვალი კვერები, ბროწეული და ვაშლი სიმბოლურად განასახიერებენ ასტრალურ ღვთაებებს.

image

image

მზის სიმბოლოებია თვით ვაზისაგან დამზადებული რგოლი -კალპი, წკირებისაგან შედგენილი და სხივებად დაფენილი ჯვარი და მრგვალი პური "ბოკელი", თვითონ ჩიჩილაკი, "გვერგვი", "გირგედი"(სვანეთსა და ლეჩხუმში).ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკეც არის მზის ღვთაების, ქალ-ბაბარის, ასევე, ნაყოფიერების, მცენარეული საფარის მფარველი დიდი დედა ნანას, მზის ღვთაების მთავარი იპოსტასის განსახიერება, სიმბოლური გამოხატულება.

image

მზის სიმბოლოდაა მოაზრებული ჩიჩილაკის წვერებიც, გრძელი ბურბუშელები, რომელსაც "ბასილას წვერებსაც" კი ეძახდნენ. ბასილა, როგორც სახელი, ერთდროულად აერთიანებდა ქრისტიანული ეკლესიის წმინდანის ბასილი დიდისა და წარმართული ქართული ღვთაების, საქონლის მფარველი, ნაყოფიერების, გამრავლების ღვთაების, "ბოსელის" კულტებს.ასტრალური კულტებისა და მიწათმოქმედების განვითარების კვალდაკვალ იგი ასტრალურ ღვთაებათა შორის მოხვდა და ახალი წლის პერიოდის დღეობებში გამოვლინდა.

image

ღვთაება "ბოსელსა" და "ჩიჩილაკს" სვანეთში აღნიშნავს საერთო სახელი "ბომბღა, რომელიც "ხელის გახსნის" რიტუალს უკავშირდებოდა - ფქვილით სავსე ჯამში მუხის ან თხილის ტოტი, შალისა და კანაფის ძაფებით მორთული.

image

ჩიჩილაკი ერთდროულად ასახავს უძველესი დროიდან არსებულ ხის კულტის ტრადიციასა და სიცოცხლის, ნაყოფიერების ღვთაებებთან, მზის კულტთან უშუალო კავშირს.

გასული საუკუნისათვის ძირითადად მხოლოდ გურიასა და სამეგრელოში იცავდნენ ჩიჩილაკის ტრადიციას და ახალ წელს მის გარეშე არ ხვდებოდნენ, ჩიჩილაკი მოიაზრებოდა მთავარ საახალწლო სიმბოლოდ.

image

ჩიჩილაკი დღემდე მიიჩნევა ახალი წლის აუცილებელ, განუყრელ ატრიბუტად და მას უკვე იძენენ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ხვდებიან ჩიჩილაკით, ნაძვის ხესთან ერთად.მას ამზადებენ დასავლეთ საქართველოში, გასაყიდად დიდი ოდენობით კი ძირითადად, სამეგრელოში (მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში).

image

2018 წლის იანვარში "ბიბისის" რუსულმა რედაქციამ ჩიჩილაკს ვიდეო მიუძღვნა "ჩიჩილაკი - სადღესასწაულო ნაძვის ხე, ტყისთვის ზიანის გარეშე". "ბიბისი" წერდა, რომ საქართველოში საახალწლოდ ჩიჩილაკის დამზადება უძველესი ათასეული წლებიდან იღებს სათავეს და ადგილობრივთათვის იგი ოჯახის წარმატების, სიმდიდრის რწმენას უკავშირდება.

image

image

ჩიჩილაკის უპირატესობად გამოცემა ასახელებდა იმასაც, რომ მის დასამზადებლად, ნაძვის ხისგან განსხვავებით, არაა საჭირო ხის მოჭრა, თხილის უბრალო ჯოხიც კი საკმარისია.ვიდეოდან ვიგებთ, რომ გურიაში ხვავისა და ბარაქის ღმერთად მოიაზრებოდა აგუნა, ხოლო ჩიჩილაკის ოჯახში მიტანა ნიშნავდა ხვავს, ბარაქას, სიმდიდრეს, სიუხვეს ოდითგანვე.

2
836
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
836
  
2018, 26 დეკემბერი, 11:19
გმადლობთ.:)
2018, 25 დეკემბერი, 18:50
საინტერესოა
0 1 2