თეატრი პაატა ბურჭულაძემ რუსეთში პუტინს „ღვინოვ კახურო“ უმღერა (ვიდეო) 2018, 18 დეკემბერი, 12:37 პაატა ბურჭულაძემ, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე და მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერია, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. კონცერტი იუბილარის და რუსეთის პრეზიდენტის ლოჟაში გამოჩენისთანავე მაყურებლის ტაშით შეხვედრის და პუტინის მისალმებისთანავე განახლდა და 10 წუთის შემდეგ პუტინი იუბილართან და მაყურებელთან ერთად მეფისტოფელის კუპლეტებს უსმენდა შარლ გუნის ოპერა “ფაუსტი”- დან. მეფისტოფელის კუპლეტები საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” და პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. კონცერტის დასრულების შემდეგ სცენაზე ასულმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა დირიჟორს იუბილე და მას “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” ორდენი გადასცა. იური ტემირკანოვი 2013 წელს იყო ჩამოსული თბილისში პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილეზე. პაატა ბურჭულაძე ჯერ კიდევ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, როცა მეფისტოფელის კუპლეტების შესრულებისთვის აპლოდისმენტები დაიმსახურა. წელს იური ტემირკანოვის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე კვლავ იუბილართან ერთად იყო ლოჟაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კვლავ იმღერა კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ. მისი გამოსვლის წინ და კონცერტის მიწურულს წამყვანმა ლენინგრადელი მუშის მიერ 1938 წლის საბჭოთა ხელოვნების დეკადის ის შეფასება გაიხსენა, სადაც მუშა აღნიშნავს, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ფალიაშვილის ოპერა “დაისი”-დან ღვინოზე სიმღერა აკლდაო. მან მაყურებელს აუწყა, რომ იგივე ნაკლით კონცერტი არ დასრულდებოდა და სცენაზე პაატა ბურჭულაძეს უხმო, რომელმაც იუბილარს, პუტინს და დამსწრე საზოგადოებას “ღვინოვ, კახურო” უმღერა. 182 შეფასება არ არის
|