x
5 ქალი, რომელმაც სამყაროზე წარმოდგენა შეცვალა და რა გზა გაიარეს მათ
image

მერი ენინგი უაღრესად ღარიბი ოჯახიდან იყო და სკოლაში სიარულსაც ვერ ახერხებდა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი, ფაქტობრივ, საკუთარ თავზე აიღო ოჯახის რჩენა.


ჰენრიეტა ლივიტი კოლეჯში სწავლის ბოლო წლამდე საერთოდ არ იცნობდა ასტრონომიას. სწავლის დასრულებიდან მალევე კი უმძიმესი დაავადება გადაიტანა, რის გამოც, თითქმის მთლიანად დაკარგა სმენა.


ბერტა ფონ ზუტნერი ბავშვობაში დროის უმეტეს ნაწილს სასტუმროს ოთახებში მარტოდმარტო მიტოვებული ატარებდა, ვიდრე დედამისი აზარტული თამაშებით ცდილობდა გამდიდრებას.



ემი ნეთერი ქალთა გიმნაზიაში ნორმალურად სწავლობდა, მაგრამ არა გამორჩეულად. გიმნაზიის დასრულების შემდეგ კი უნივერსიტეტში მოისურვა სწავლის გაგრძელება, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, რადგან სრულუფლებიან სტუდენტებად გოგონებს მაშინ არ იღებდნენ.


მარი სკლოდოვსკა-კიურიმ 15 წლის ასაკში სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა, მაგრამ მამამისს (დედით 10 წლის ასაკში დაობლდა) არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, შვილი უნივერსიტეტში გაეგზავნა, პოლონეთში კი გოგონებისთვის უმაღლესი განათლება არ იყო ხელმისაწვდომი.

მიუხედავად ამისა, მერი, ჰენრიეტა, ბერტა, ემი და მარი არ დანებდნენ, გამუდმებით მუშაობდნენ საკუთარ თავზე.
image

რას მიაღწიეს?

მერი ენინგმა დამოუკიდებლად ისწავლა წერა, კითხვა, ხატვა და ნამარხი ნაშთების რეკონსტრუქცია. მერის შრომებმა და აღმოჩენებმა სათავე დაუდო დედამიწის ისტორიის გადააზრებას. ეს გოგონა დღეისათვის პალეონტოლოგიის დედად მოიხსენიება. უმნიშვნელოვანესი მეცნიერი, რომელმაც თავისი აღმოჩენებით საფუძვლიანი გადატრიალებებები მოახდინა 19-ე საუკუნის სამეცნიერო მონაცემებში.

ჰენრიეტა ლივიტმა დამამთავრებელ კურსზე ასტრონომია გაიარა და იმდენად მოიხიბლა, რომ საბაკალავრო ნაშრომის თემად სწორედ ის აირჩია. ჯანმრთელობის პრობლემებს უფლება არ მისცა, ხელი ვერ შეეშალათ მისთვის და ცოცხალ კომპიუტერად დაიწყო მუშაობა ჰარვარდის ობსერვატორიაში. ჰენრიეტამ აღმოაჩინა კოსმიური მანძილის გამოთვლის ხერხი და რადიკალურად შეცვალა თანამედროვე ასტრონომიის თეორია.

ბერტა ფონ ზუტნერი 8 წლის ასაკიდან კითხულობდა ჰეგელს, კანტს, შექსპირს. როდესაც დედა მარტოს ტოვებდა, გოგონა უმეტეს დროს მეცადინეობაში ატარებდა, დღეში 3-4 საათს წერას უთმობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. ბერტა ფონ ზუტნერი არის ადამიანი, ვისი შთაგონებითაც დააწესა ნობელმა პრემია მშვიდობის დარგში. ბერტა გახდა მწერალი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი, სახელი გაითქვა პაციფისტური რომანით "ძირს იარაღი!". 1905 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.

ემი ნეთერი, რადგან სტუდენტად არ მიიღეს, თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გოგონებს უნივერსიტეტში სწავლის ნება დართეს, ემი ჩაირიცხა უნივერსიტეტში და დისერტაციაც დაიცვა. მან მნიშვნელოვანი შრომები დატოვა აბსტრაქტულ ალგებრასა და თეორიულ ფიზიკაში. ალბერტ აინშტაინი მას "ყველაზე მნიშვნელოვან შემოქმედებით მათემატიკურ გენიოსს" უწოდებდა.

მარი სკლოდოვსკა-კიურიმ პირველმა ჩაატარა კვლევა რადიაციით გამოწვეული სიმსივნეების მკურნალობის შესახებ და დააარსა მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევითი ცენტრები. რადიოაქტიური ნივთიერებების შესწავლის სფეროში იყო არაერთი მიგნების პირველაღმომჩენი. მარი სკლოდოვსკა-კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელი, 1903 წელს ფიზიკაში, 1911 წელს კი - ქიმიაში.

მორალი: თუ მათ შეძლეს, რომ არ დანებებულიყვნენ, არც თქვენ დანებდეთ.
რა იცით, იქნებ ერთ დღეს სამყაროც კი შეცვალოთ.


...
სტატია მომზადებულია პროექტის "გზაზე ერთი ქალი მოდიოდა" ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:სოციალური შუქნიშანი
სოციალური შუქნიშანი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0