x
ვინ აღმოაჩინა შორეულ ვარსკვლავებამდე მანძილის გაზომვის მეთოდი
Photo credit @https://apod.nasa.gov/Photo credit @https://apod.nasa.gov/


1800-იანი წლების ბოლოსკენ ასტრონომებმა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს და ცის ფოტოების გადაღება დაიწყეს, რისი დანახვის საშუალებასაც მათ მაშინდელი ტელესკოპები აძლევდა. ჰარვარდის ასტრონომები ყოველ ღამე იღებდნენ ვარსკვლავებიანი ცის ფოტოებს. დღეისათვის ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმში გაციფრულებულია ამგვარი ფოტოების სერია, რომელიც უწყვეტად ასახავს ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს 1890-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით.

იმ დროისათვის ჰარვარდის ობსერვატორიაში დაახლოებით 80 ქალი მუშაობდა „ჰარვარდის კომპიუტერების“ ჯგუფში, მათი სამუშაო საკანცელარიო აღრიცხვას გულისხმობდა. ეს ქალები ეხმარებოდნენ ობსერვატორიის დირექტორს, ედუარდ ჩარლზ პიკერინგს ღამის ცის ფოტოების კატალოგიზაციაში. ეს ქალები, რომლებიც „ცოცხალი კომპიუტერების“ სახელით არიან ცნობილი, მონაცემთა უდიდეს რაოდენობას ამუშავებდნენ (დღესდღეობით, ამგვარ სამუშაოს მთლიანად კომპიუტერები ასრულებენ), მუშაობდნენ კვირაში 6 დღე და მათი ანაზღაურება საათში 25-დან 50 ცენტამდე მერყეობდა.

ფოტოზე ჰარვარდის ცოცხალი კომპიუტერები. მათ შორის ჰენრიეტა ლივიტი.


ფოტოზე ჰარვარდის ცოცხალი კომპიუტერები. მათ შორის ჰენრიეტა ლივიტი. Photo credit @American Museum of Natural History

ასეთ რიგით, არაფრით გამორჩეულ, რუტინულ პოზიციაზე მუშაობდა ერთი გოგო, რომელმაც არა მხოლოდ დაახარისხა ფოტოები, არამედ აღმოაჩინა მეთოდი, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა მანძილის გაზომვა როგორც ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ობიექტებამდე, ისე, მის საზღვრებს გარეთ. მისმა კვლევებმა დიდი ნახტომი გააკეთებინა მეცნიერებს სამყაროს შესწავლაში და დედამიწის ადგილმდებარეობის და პოზიციის განსაზღვრაში სხვა ციურ სხეულებთან მიმართებით.

დღეისათვის მისი სახელი დაკავშირებულია შორეულ ვარსკვლავებამდე მანძილის გაზომვასთან. მას ჰენრიეტა სუონ ლივიტი ერქვა.

ჰენრიეტა ლივიტი დაიბადა 1868 წლის 4 ივლისს ამერიკის პატარა ქალაქ ლანკასტერში, მასაჩუსეტსის შტატში. ჰენრიეტას დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში.

ჰენრიეტა სასწავლებლად წავიდა ობერლინის კოლეჯში. ობერლინის კოლეჯი ერთ-ერთი პირველი იყო ამერიკულ სასწავლო დაწესებულებათა შორის, რომელმაც სასწავლებლად ქალებისა და შავკანიანი სტუდენტების მიღება დაიწყო.

1892 წელს ჰენრიეტამ მიიღო ბაკალავრის ხარისხი რედკლიფის კოლეჯში, რომელიც იმ დროს ცნობილი იყო როგორც ქალთა საუნივერსიტეტო განათლების საზოგადოება.

კოლეჯში სწავლის ბოლო წლამდე ჰენრიეტას საერთოდ არ აინტერესებდა ასტრონომია, მაგრამ ყველა საგანს უმაღლეს ქულაზე აბარებდა. დამამთავრებელ კურსზე მან ასტრონომია გაიარა და იმდენად მოიხიბლა, რომ საბაკალავრო ნაშრომის თემად სწორედ ის აირჩია.

imageჰენრიეტა ლივიტი Photo credit © www.cfa.harvard.edu

მალევე ჰენრიეტას დიდი უსიამოვნება შეემთხვა, ამერიკასა და ევროპაში მოგზაურობისას უმძიმესი დაავადება გადაიტანა, რის გამოც, ფაქტობრივ, დაკარგა სმენა. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებმა ხელი ვერ შეუშალა და ასტრონომიით გატაცებულმა ჰენრიეტა ლივიტმა 1895 წელს ცოცხალ კომპიუტერად დაიწყო მუშაობა ჰარვარდის ობსერვატორიაში. ჰენრიეტა დიდხანს მუშაობდა მოხალისედ და არ იღებდა არანაირ ანაზღაურებას. იგი მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გააფორმეს თანამშრომლად და უხდიდნენ 30 ცენტს საათში.

ამ დროს (1902 წ.) იგი ჩაერთო პიკერინგის პროექტში, რომლის ფარგლებშიც ლივიტმა ფოტოფირებზე არსებული ვარსკვლავთა გამოსახულებები მათი სიკაშკაშის, ნათების მიხედვით სისტემურად დაალაგა კატალოგში. ამ სამუშაომ მიიყვანა იგი თეორიამდე, რომლითაც ჰენრიეტამ გზა გაუკვალა 20-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს.

ჰენრიეტას ფაქტობრივ არ ჰქონდა შესაძლებლობა მეცნიერებით დაკავებულიყო, რადგან პიკერინგი არ აძლევდა საშუალებას ქალებს, აერჩიათ თემები დამოუკიდებელი კვლევებისთვის. მეცნიერული კვლევების ნაცვლად, ჰენრიეტა გახდა ფოტოგრაფიული ფოტომეტრიის განყოფილების უფროსი და ობსერვატორიაში არსებული ტელესკოპების მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი.

ამავე პერიოდში პიკერინგმა ჰენრიეტა ლივიტს ცვლადი ვარსკვლავების ფოტოსურათების კატალოგიზება დაავალა. კატალოგის შექმნისას, 1908 წელს, ჰენრიეტა ლივიტმა გააკეთა უმთავრესი სამეცნიერო აღმოჩენა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა თანამედროვე ასტრონომიის თეორია.

ჰენრიეტას იდეა იმდენად ახლებური იყო, რომ თითქმის დაუჯერებელ და მისტიურ ჰიპოთეზად აღიქმებოდა. ლივიტის თეორია ეყრდნობოდა უკვე აღიარებულ ფაქტებს, როგორიცაა სინათლის მოძრაობის მუდმივი სიჩქარე და ვარსვლავების სიკაშკაშის რეალური მნიშვნელობა. მას მიაჩნდა, რომ ეს ინფორმაცია საკმარისი იყო დედამიწიდან ამა თუ იმ ვარსკვლავამდე მანძილის გამოსათვლელად. ჰენრიეტა ლივიტმა პირველმა შენიშნა კავშირი ვარსკვლავების სიკაშკაშესა და მათ პულსაციას შორის და ამგვარად აღმოაჩინა კოსმიური მანძილის გამოთვლის ხერხი.

1912 წლისთვის ლივიტმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა ვარსკვლავების სიდიდის განმსაზღვრელი კონკრეტული სტანდარტი. ობსერვატორიაში არსებული ფოტოფირების კვლევის შედეგად, ჰენრიეტა ლივიტმა შეიმუშავა ცეფეიდების (ცვალებადი ვარსკვლავების) სიდიდის განსაზღვრის სისტემა. 1912 წელს გამოქვეყნებული ეს სისტემა ძალიან მალე აღიარა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ. 1913 წელს ფოტოგრაფიული სიდიდეების საერთაშორისო კომისიამ აღნიშნული სისტემა ოფიციალურად დაამტკიცა და მიანიჭა ჰარვარდის სახელი.

ლივიტმა შეისწავლა ვარსკვლავები ზეცის 108 რეგიონში, აღმოაჩინა ორი ათასზე მეტი ცვლადი ვარსკვლავი მაგელანის ღრუბლებში და 4 ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი (ნოვა). 1908 წელს გამოქვეყნებულ მის პირველ კატალოგში 1770 ვარსკვლავი შედიოდა. რაც იმ დროისათვის ძალიან დიდ რიცხვს შეადგენდა.

ჰენრიეტა ლივიტის მეთოდით ცეფეიდები მანძილის მარკერებად გამოიყენებოდა. სწორედ ამ აღმოჩენებზე დაყრდნობით, მისი ცვლადი ვარსკვლავების ნათების პერიოდის მეთოდის გამოყენებით, ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა ირმის ნახტომის გარეთ სხვა გალაქტიკები აღმოაჩინა.

ედვინ ჰაბლი აღიარებდა და დიდად აფასებდა ლივიტის წვლილს მეცნიერებაში. იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ ჰენრიეტა იმსახურებდა ნობელის პრემიას ამ აღმოჩენის გამო. შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, მათემატიკოსმა მაგნუს მითთაგ-ლეფლერმა დაიწყო კიდეც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება იმისთვის, რომ ჰენრიეტა ლივიტი ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე წარედგინათ 1924 წელს. მაგრამ როდესაც ლივიტს ამის შესახებ წერილი მისწერა, აღმოაჩინა, რომ ჰენრიეტა უკვე სამი წლის გარდაცვლილი იყო. ნობელის პრემიას კი მხოლოდ სიცოცხლეში იღებენ.

ლივიტი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჰარვარდის ობსერვატორიაში და გარდაიცვალა 1921 წლის 21 დეკემბერს, სიმსივნით. დაკრძალულია საოჯახო სასაფლაოზე, მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ კემბრიჯში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენრიეტა ლივიტი იყო ბევრი ორგანიზაციის წევრი, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქალ ასტრონომებს, მას თავისი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების გამო აღიარება სიცოცხლეში არ მიუღია.

საყოველთაო აღიარება მან მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. ჰენრიეტას სახელი ჰქვია ერთ-ერთ კრატერს მთვარის ხილულ მხარეზე, აგრეთვე ასტეროიდს N: 5383.

ჰენრიეტა ლივიტის შრომებმა უდიდესი წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებასა და სამყაროში ჩვენი პლანეტის ადგილმდებარეობის თანამედროვე გაგებაში.


. . .

სტატია მომზადებულია პროექტის "გზაზე ერთი ქალი მოდიოდა" ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:სოციალური შუქნიშანი
სოციალური შუქნიშანი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0