x
image
ლანა92
რუსტამი: როსტომ რაზა თუ როსტომ რაზმაძე - ნაპოლეონის პირადი მცველი, რომელსაც იმპერატორი საფრანგეთის პოლიციის მინისტრად დანიშვნასაც კი უპირებდა

რუსტამი

"ნაპოლეონის მამლუქი", "სახელგანთქმული მამლუქი"

image

"ნაპოლეონის მამლუქად" ცნობილი რუსტამი, რომელსაც უდიდესმა ფრანგმა მწერალმა, ონორე დე ბალზაკიმ "სახელგანთქმული მამლუქი" უწოდა, 1780 წელს თბილისში დაბადებულა. დაახლოებით 11 წლის ასაკში გაუტაცებიათ, ხოლო 1794//1795 წელს იგი შეუძენია ჩრდილოეთ კავკასიელ ვაჭარს.ოდნავ მოგვიანებით კონსტანტინეპოლის მონათა ბაზრიდან რუსტამი აღმოჩენილა ეგვიპტეში, ერთ-ერთი მამლუქთა თავკაცის საკუთრებაში, 1799 წლისათვის კი უკვე შეიხ ელ-ბეკრის გარემოცვის წევრია. ნაპოლეონს რუსტამი პირველად გაუცნია 1799 წლის 14 ივნისს, კაიროში.

როგორც ამბობენ, ელ-ბეკრის რუსტამი, შავ არაბულ ცხენთან ერთად, ფეშქაშად მიურთმევია მომავალი იმპერატორისათვის.ნაპოლეონის სურვილი იყო, მის თანმხლებ პირთა შორის ყოფილიყო მამლუქიც და რუსტამი პირად მცველად დანიშნა.

ეგვიპტეში ლაშქრობის შემდგომ ნაპოლეონს მუდამ თან ახლდა ერთგული მცველი, მამლუქი საქართველოდან - რუსტამი. იგი იმპერატორის პირადი ამალის მუდმივი წევრი იყო და ნაპოლეონის გვერდით იმყოფებოდა ყველა ომსა თუ მოგზაურობაში. იმპერატორი მას გვერდიდან არ იცილებდა არცერთ ბრძოლაში, არცერთ სამხედრო აღლუმში, არცერთ საზეიმო ცერემონიალზე. ლოგიკურია, რომ 1804 წლის 2 დეკემბერს რუსტამი ესწრებოდა ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში.

იმპერატორის ამალაში რუსტამი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა აღმოსავლური მდიდრული მორთულობის ელვარებით, თავისი მტკიცე აღნაგობითა და წარმოსადეგი გარეგნობით. გარშემომყოფები დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსტამი ნაპოლეონთან ძალიან დაახლოებული პირი იყო, იმპერატორის უდიდესი ნდობით აღჭურვილი.ამ ეჭვს განსაკუთრებით უმძაფრებდათ ის, რომ ერთხელ რუსტამი ნაპოლეონსა და იმპერატორის მტრის მიერ მოქნეულ ხმალს შორის უყოყმანოდ ჩადგა და თავისი ბატონი ასეთი უანგარო თავგანწირვით იხსნა სიკვდილისაგან.

ნაპოლეონი რუსტამს თურმე პატივით ეპყრობოდა, უხდიდა მაღალ ანაზღაურებას, აჯილდოვებდა ბრძოლების შემდგომ, 1806 წელს საკუთარი ხარჯებით ქორწილიც კი გადაუხადა. ნაპოლეონის მიერ დაწესებული საპატიო ლეგიონის ორდენი ერთ-ერთმა პირველმა მიიღო სწორედ მამლუქმა საქართველოდან, რუსტამმა.

=გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ნაპოლეონი რუსტამის თავდადებას, უანგარობას, ერთგულების უნარს, მეომრულ სულისკვეთებასა და ურყევ ხასიათს, ზნეობრივ კეთილშობილებას იმდენად აფასებდა, რომ ერთი პერიოდი მის საფრანგეთის პოლიციის მინისტრად დანიშვნასაც კი აპირებდა... მაგრამ 1814 წლისათვის, როცა ნაპოლეონს გადამწყვეტი ჟამი დაუდგა, რუსტამი მოღალატეთა რიგებში მოიაზრება. "ასი დღის" რთულ პერიოდში იგი იმპერატორს სთავაზობს დახმარებას, თუმცა ნაპოლეონი მასში კვლავ მოღალატეს ხედავს და უარს ეუბნება ამ წინადადების მიღებაზე.

= მართალია, იმ ეტაპზე რუსტამი გადაურჩა "თეთრ ტერორს", თუმცა ხელისუფლებაში კვლავ მოსული ბურბონები აღარ ენდობიან და ბურბონთა რესტავრაციის პერიოდში მასზე პოლიციის მეთვალყურეობაა დაწესებული.

=1830 წლის რევოლუციის შემდგომ რუსტამი ქალაქ დურდანში, მეუღლის მამულში გადადის. ათი წლის შემდგომ, 1840 წლის 15 დეკემბერს ნაპოლეონის ნეშტის წმინდა ელენეს კუნძულიდან გადმოსვენების ისტორიულ ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას შორის საერთო ყურადღებას იქცევს აღმოსავლური სამოსით მორთული, საშუალო ასაკს დიდი ხნის გადაცილებული, მაგრამ ჭარმაგი მამაკაცი. ეს იყო რუსტამი, ქართველი მამლუქი, სხვა ვერსიით კი, უბრალოდ მამლუქი საქართველოდან, რომელიც იმპერატორის წინაშე უკანასკნელი ვალის მოსახდელად მოსულიყო.

ზუსტად 5 წლის თავზე, 1845 წელს, იტალიური, კერძოდ, ვენეციური ჟურნალი იტყობინებოდა, რომ პარიზთან ახლოს, 65 წლის ასაკში ერთ-ერთ პატარა ქალაქში - დურდანში აღესრულა თავისი დაბადების ადგილს ღრმა ბავშვობიდან მოწყვეტილი რუსტამი, ძე ბედრკული საქართველოსი. დაკრძალულია იქვე, პარიზის მახლობლად, დურდანში.

&. ვინ იყო რუსტამი - როსტომ რაზა თუ როსტომ რაზმაძე,

ქართველი მამლუქი თუ მამლუქი საქართველოდან?

image

რუსტამის სახელი ისტორიიდან ყველასათვის ცნობილია, თუმცა მისი წარმომავლობა დღემდე ეჭვებს იწვევს სამეცნიერო ლიტერატურაში.ყველაზე გავრცელებული ვერსიით, იგი თბილისში დაბადებული ეთნიკურად ქართველი იყო, ხოლო სხვა ვერსიით - თბილისში დაბადებული ეთნიკურად სომეხი.

ნაპოლეონის მსახური - კონსტანი მემუარებში "ნაპოლეონის პირადი ცხოვრების აღწერა", ასევე, რუსტამის ბიოგრაფი, ჰექტორ ფლეიშმანი თავის წიგნში "რუსტამი-ნაპოლეონის მამლუქი" აღნიშნავდნენ, რომ "რუსტამი წარჩინებულ ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა", დაიბადა თბილისში და ქართველი იყო, ხოლო ჟან სავანი (ფრანგი ისტორიკოსი) წიგნში "მამლუქები და ნაპოლეონი" წერდა, რომ რუსტამს მიიჩნევდნენ ქართველად თბილისში დაბადების გამო.უკანასკნელი ამ სიტყვებით მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, რუსტამი დაიბადა თბილისში, მაგრამ ეთნიკურად ქართველი სულაც არ იყოს.

=1.ყველაზე გავრცელებული ვერსია - რუსტამი ტომით და დაბადებით ქართველია.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურასა და მწერლობაშიც რუსტამი აღიარებულია, მოაზრებულია ეთნიკურად ქართველად. ისტორიკოსი გივი ჟორდანია მას ეთნიკურად ქართველად, როსტომ რაზმაძედ ასახელებს; ცნობილი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელში" არსენა რუსტამს, როგორც ტომით ქართველს, უგზავნის წერილს.

image

=2.რუსტამის დაბადების ადგილი ნამდვილად საქართველო, კერძოდ, თბილისია, მაგრამ ეთნიკურად ქართველი ან არის, ან -არა.

ისტორიკოსი ილია ტაბაღუა რუსტამის ეთნიკურად ქართველობის იდეას მაინც უფრო ეჭვის თვალით უყურებს; იგი იხსენიებს რუსტამს თბილისელად, მაგრამ ერიდება დაკონკრეტებას, ტომით ქართველი თბილისელია თუ თბილისელი სომეხი.

=3.რუსტამი თბილისელი სომეხია.

ფრანგ ისტორიკოსთა აზრი რუსტამის წარმომავლობის შესახებ ორად იყოფა: ერთი ნაწილის, კერძოდ, ჰექტორ ფლეიშმანისა და კონსტანის მიხედვით, იგი ეთნიკურად ქართველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, რუსტამი თბილისელი სომეხია.უკანასკნელი ვერსიის მომხრეები ეყრდნობიან რუსტამის მემუარებს, რომელშიც, ისტორიკოსების ამ ნაწილის თქმით, იგი საკუთარ თავს უწოდებს სომეხს, როსტომ რაზას, მშობლებად კი ასახელებს თბილისელ ვაჭრებს, მამას - რაზა უნანის და დედას - ბუდჩი ვარის.

image

რუსტამის სომხური წარმომავლობის მომხრეები მისი ეთნიკურად და დაბადებით ქართველობის შესახებ პირველი, საყოველთაოდ ცნობილი ვერსიის გაბათილებას ცდილობენ იმით, რომ შესაძლოა, რუსტამის ნამდვილმა სომხურმა სახელმა - როსტომ რაზამ შეიყვანა მეცნიერთა ნაწილი შეცდომაში და ამიტომაც მიიჩნიეს იგი როსტომ რაზმაძედ.

დღეისათვის რუსტამს ქართველი მეცნიერებიდან თბილისელ სომეხად მოიაზრებენ ნაპოლეონის საზოგადოების თავმჯდომარე საქართველოში, ალექსანდრე მიქაბერიძე ("ეგვიპტური კამპანია. ნაპოლეონი მამლუქების წინააღმდეგ") და აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯაფარიძე.


1
771
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
771
  
2018, 11 დეკემბერი, 23:49
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1