x
image
ლანა92
მეგრული მითოლოგია - ქიაჩი და ქეჯვარობა

image

მეგრულ მითოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქიაჩის კერპს, ხატს, რომელიც არა მხოლოდ მზის თაყვანისცემის ტრადიციას ასახავს, არამედ იმასაც, რომ უძველეს, წარმართულ ეპოქაშიც, როდესაც ქრისტიანობისაგან ჯერ კიდევ საუკუნეები აშორებდათ, კოლხთათვის ჯვარი იყო ხატი და სალოცავი.

ქიაჩი (ქაჩი) არის ჯვარი, ბორჯღალი, ქიაჩის ხატი (ალიო ქობალიას მეგრული ლექსიკონი, ისტორიკოსი გივი ელიავა), ხოლო ნაქიაჩი - ნაჯვარალი, ნახატარი. მისი თავდაპირველი სწორი ფორმა უნდა იყოს ქიაჩი, ხოლო რაც შეეხება "ქაჩი"-ს, სავარაუდოდ, მოგვიანებით ია-სგან წარმოთქმისას მხოლოდ ა შემორჩა - ქ(ი)აჩი. ისტორიკოს გივი ელიავას წიგნში "სამეგრელო ჩემს თვალსაწიერში" ჯვარი იხსენიება ქიაჩად, ხოლო მისი პარალელური ფორმა "ქაჩი" საერთოდ არ გვხვდება.

ქიაჩის ჯვარი იყო ორი სახის: 1.ორი სწორი, თანაბარი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზისაგან, პერპენდიკულარისაგან შემდგარი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც "ბერძნულ ქიაჩად" იწოდება (სურათი 1) და 2.დახრილი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებისაგან შემდგარი "წმინდა ანდრიას ქიაჩი" (სურათი 2).

ჯვარი, როგორც მზის თაყვანისცემის ემბლემური ნიშანი, ხატი, ქიაჩის სახით, გავრცელებული იყო მთელ სამეგრელოში (ჯვარი, ჯვარკიდე, ჯვარფერდი, ჯვარხინტკირი, ქვაჯვარი). ჯვარფერდისა და ქვაჯვარის შუა და გვიანი ბრინჯაოს სამარხებში თავის დროზე აღმოჩენილია ასობით ბრინჯაოს ჯვარფიბულა.

აბაშის რაიონში (ფოფონა) აღმოჩენილი ჯვარფიბულები (თარიღდება მე-6 საუკუნით) წარმოდგენილია მზის სახით ან მზის მცირე გამოსახულებაა მასზე მთლიანად აღბეჭდილი, რადგან მზე და ჯვარი, "ჯვარ ხვამილი" (ჯვარი დალოცვილი) და "ბჟა ხვამილი" (მზე დალოცვილი) მეგრელი კაცის აზროვნებაში აღიქმებოდა ერთიან სიმბოლოდ. აქვე ნაპოვნია ბრინჯაოს ბეჭდის ფილა, რომელზეც გამოსახულია კაცი მშვილდ-ისრით, მის ზემოთ კი - მზე. მზის ასეთი გამოსახულებები, ასევე, აღმოჩენილია ხობში, მარტვილში (სოფლებში ბჟეთი, კიწია), ჩხოროწყუში (სოფლებში თაია, კირცხი) და მზის თაყვანისცემის უძველეს წარმართულ ტრადიციას ასახავს.

წარმართობიდან ქრისტიანობაში

ქიაჩის, ჯვრის კერპი სამეგრელოში ქრისტიანობის მიღების შემდგომ არათუ მივიწყებას მიეცა, არამედ რწმენის მთავარ სიმბოლოდ შემორჩა და უფრო ღრმა დატვირთვაც კი შეიძინა.

ქიაჩის ეკლესია (აფხაზეთი, სოფელი კვიტოული)

image

აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგერდეს ჩრდილოეთით, სოფელ კვიტოულში დაცულია ქიაჩის ეკლესია, კირქვის ტუფით მოპირკეთებული. ქიაჩის ეკლესიის ხატზე შემორჩენილია სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის (1640) წარწერა: "მოვაჭედვინეთ და შევამკეთ თუალითა და მარგალიტითა ხატი ესე მთავარანგელოზისა და დავაბრუნეთ ქიაჩს". ქიაჩის ხატი მეტი უსაფრთხოებისათვის გადატანილ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში. ეკლესიამ მიიღო ხატის სახელი "ქიაჩი" (ლეო შენგელაიას ფსევდონიმიც "ქიაჩელი" სწორედ ამ ხატსა და ეკლესიას უკავშირდება).

ქიაჩის სალოცავები

მზის გამოსახულებების გარდა, ძველ სამეგრელოში მზის კულტის თაყვანისცემის ტრადიციაზე მიუთითებს ქიაჩის სალოცავები. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიაში შემორჩენილია კიდეც ქვის სვეტი, რომელზეც მდგარა მზის დისკო და ჯვრის ქანდაკება და მიიჩნეოდა უდიდეს სალოცავად. "ქიაჩი გორჭყორუუდას" (ქიაჩი გაგწყრომოდეს//გაგიწყრეს) ყველაზე მძიმე წყევლაა დღემდე.

ქიაჩისა და ჯვარის ჯვარსალოცავები ნაჭყეპიების (იგივე ნაჭყებიების) ჯინჯის, თურის (ძირის, გვარის) სალოცავია, იგი უფრო ჯვარს ეძღვნება და მზის დღეს, "ბჟაშ დღა"-ს ანუ კვირას იმართებოდა. "ქეჯვარობა" მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში ელიობას, ილიაობას (მეგრელიობას) ძველი სტილით 20 ივლისს, ხოლო ახალი სტილით 2 აგვისტოს ტარდებოდა, ხოლო თუ ეს რიცხვი კვირა დღეს არ დაემთხვეოდა, მაშინ აუცილებლად კვირისთვის გადადებდნენ, რადგან აღნიშნული დღესასწაული კვირა დღის, "ბჟაშ დღას", მზის დღის ოხვამური (სალოცავი) იყო. დიდი ცაცხვის ხის ძირას იდგა "ოხვამური ბარჯგი" (სალოცავი სვეტი), რომლის გარშემოც თავს იყრიდა ნაჭყეპიების ყველა ოჯახი (თუ სრული შემადგენლობა არა, თითო წარმომადგენელი მაინც).ყველას მოჰქონდა შესაწირად ღვინო, ვერცხლის ფული, პროდუქტები, ასევე, თაფლის სანთელი, რომლით ხელშიც სალოცავი ძელის წინ უნდა დაეჩოქათ; შეგროვებული, საერთო თანხით შეძენილი ხარის თბილი სისხლი ეპკურებოდა ცაცხვის ძირსა და ფესვებს.მახვამური (გამომლოცველი, ყველაზე ხნიერი ბრძენკაცი, ხევისბერის დარი) აცლის ტყავს ხარს, თან ლოცულობს, წმინდა სანთელს შემოატარებს ირგვლივ; მერე ხარს აქნის იმდენ ნაწილად, რამდენი მლოცველი ოჯახიცაა და "ღორონთ მარდიანისა" (მადლიანი ღმერთის) და ოხვამურის (სალოცავის) სახელით, სახლში წასაღებად თითო ნაჭერს ჩამოურიგებს გვარის ყველა ოჯახს.ძველად ამ ცაცხვის ძირას ქეჯვარობაზე რიტუალის მერე ნაჭყეპიების გვარის მამაკაცები ლხინსაც მართავდნენ თურმე, თუმცა შემდგომ ადგილზე აღარ ქეიფობდნენ. ქეჯვარობის რიტუალში ქალები არ მონაწილეობდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ უფრო დაიწყეს აქტიურობა, ვიდრე მამაკაცებმა.

ნაჭყეპიების ოხვამური კურზუში (ქეჯვარში) და ქეჯვარობის დღესასწაული გამორჩეული იყო იმითაც, რომ გვარს ქიაჩისა და ჯვარის ამ სალოცავზე წყევლა თავიდანვე არ დაუკანონებია, ქეჯვარი მხოლოდ სიკეთის და ლოცვის ადგილი იყო თავიდანვე.

ქეჯვარობის დღესასწაულს, მის რიტუალს, ლოცვას უძღვებოდა მახვამური, გვარში ყველაზე უხუცესი, მხცოვანი, სახელოვანი ბრძენკაცი, რომელსაც ნაჭყეპიების კათუაზე (შეკრებაზე) ირჩევდნენ. მახვამურის უფლებები გადადიოდა მემკვიდრეობით მამიდან შვილზე, თუ შვილი გვარისა და მამის ღირსების შესაფერი აღმოჩნდებოდა.

მახვამურის ინსტიტუტი თავისი უფლებებით, მოვალეობებითა და ფუნქციებით ემსგავსება ხევისბერის როლსა და ადგილს თემის წინაშე.

დღეს ქეჯვარობა უფრო ცნობილია, როგორც "ნაჭყებიეფიში ხვამა" (ნაჭყებიების ლოცვა), გვარის სალოცავის დღესასწაული და იმართება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში (ქეჯვარში) 2 აგვისტოს.

ქიაჩი, როგორც ყოვლისმომცველი ხატი

ქიაჩის ხატი, ჯვარი გამოხატავდა მეგრელი კაცის რწმენას ღმერთისადმი, მზისადმი ყველგან და ყოველთვის.

ქიაჩი, ჯვარი, ბორჯღალი გამოსახული იყო მეგრული წისქვილის ანუ "ოქუმი"-ს კარზე ან კედელზეც, რადგან სამჭედლოსთან ერთად, წისქვილი მიიჩნეოდა საკრალურ ადგილად. ხატის წისქვილი (ხატიშ წისქვილი) "ოქუმ-ბედინერი" იყო ის დაწესებულება, ადგილი, რომლის დანგრევა, დაკეტვა, გაუქმება ან ცოცხალი პატრონის მიერ დატოვება არ შეიძლებოდა, ტაბუირებული, აკრძალული იყო, საკითხს მეგრული "ვაშინერსი" (ტაბუ, აკრძალვა) ედო.

მბრუნავი ჯვრის სიმბოლო, ჩაუქრობელ კოჭობთან ერთად, განუყოფელი ნაწილი იყო ძველი მეგრული წისქვილისა, ოქუმისა, რათა ამ წმინდა ადგილას მუდამ ღვთის თვალს ეტრიალა და ბოროტი, ეშმაკეული სულები შიშით მას ახლოს ვერ მოკარებოდნენ.

9
316
5-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
316
  
2018, 4 დეკემბერი, 0:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 3 დეკემბერი, 12:45
კი, იქ ნამყოფ ადამიანსაც ვიცნობ ზუგდიდის ერერთი სკოლის დირექტორია
2018, 3 დეკემბერი, 11:03
კატალონიაში არის ასევე სოფელი "მარგალეფ"
2018, 3 დეკემბერი, 11:02
ბორჯღალი-მეგრულად ბორჯ-ჟამი ,ღალ-წაღება-სვლა ანუ მარადიულობის განსახიერებაა,,,ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია…
2018, 2 დეკემბერი, 10:22
აქაც მთელი 100%-ით გეთანხმებით, ბასკებია ამისი მაგალითი, მეგრული გვარები, უამრავი მეგრული სიტყვა სასაუბრო ლექსიკაში.
საფრანგეთში ლუვრის მუზეუმში დაცულია ფრანგი ჟამთააღმწერის საკმაოდ მოცულობითი წიგნი კოლხიდის იმპერიაზე, ეგრისის სამეფოზე და ლაზონაზე, რასაც რატომღაც საქართველოს ისტორიაში ვერ შეხვდებით. ვატიკანშია მეორე ეგზემპლარი და მესამე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სამწუხაროდ გრიფი საიდუმლო ადევს რატომღაც.
2018, 2 დეკემბერი, 0:50
გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ,თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებს ფაქტები ხელისგულზე უდევთ და სულ სხვა, გამოგონილი რეალობიდან გვესაუბრებიან (ალბათ, იმიტომ, რომ ღალატის ეპოქაში ვცხოვრობთ). ყოველივეს ასაბუთებენ იმ მოტივით, რომ კოლხურ კულტურაზე გადაჭარბებული წარმოდგენებია ქართველ საზოგადოებაში და აუცილებელია მეტი "სიცხადის","სიზუსტის" შეტანა ცალკეული, უბრალო ადამიანების "ბნელ" აზროვნებასა და "მალემრწმენ" ხასიათში. არადა კოლხური ცივილიზაცია იმაზე ბევრად ღრმაა, ვიდრე ეს წარმოჩენილია..
2018, 2 დეკემბერი, 0:20
არ დამიმალავს და არც დავმალავ, ეს სტატია ბევრი ცნობილი ქართველი მკვლევარის კვლევებზე მთელი თავით მაღლა დგას, რადგან აქ არაა კოლხური რეალობა დამახინჯებული.
მე ვთვლი, რომ საქართველოს ისტორია ხელახლაა დასაწერი იმდენი ტყუილ-მართალი წერია მანდ, განსაკუთრებით კოლხურ ცივილიზაციასთან, ეგრისის სამეფოსთან და ოდიშის სამთავროსთან დაკავშირებით.
2018, 1 დეკემბერი, 18:44
უღრმესი მადლობა, გაიხარეთ.. თქვენ ძალიან, ძალიან კეთილი ბრძანდებით..:) მაქსიმალურად ვცდილობ, სანდო წყაროები გამოვიყენო. ამ სტატიაში უმეტესწილად გივი ელიავას წიგნით ("სამეგრელო ჩემს თვალსაწიერში", ნაწილი 1) ვისარგებლე და ცოტა ინტერნეტ მასალითაც.. პროფესიით ძირითადად მაინც ჟურნალისტი და ფილოლოგი ვარ..:)
2018, 1 დეკემბერი, 17:59
არ ვიცი ვინ ბრძანდებით პროფესიით, მაგრამ უდაოდ საინტერესო და ისტორიულ რეალობაზე აგებული სტატიაა.
0 1 9