სხვა ნიჟარებიდან კრიპტოვალუტამდე - როგორი იყო პირველი ფული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2018, 30 ნოემბერი, 9:23 აბა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ფულის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად "ხელის ჭუჭყს'' უწოდებენ, დღეს ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამთ მის გარეშე და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, საბანკო ბარათებით იქნება ის წარმოდგენილი, ნაღდი ფულით თუ კრიპტოვალუტით - ფული ყველგან ფულია.
უკვე 4500 წელზე მეტია, რაც კაცობრობა ფულს იყენებს. ძნელი მისახვედრი როდია, რომ ფული თავდაპირველად ისე არ გამოიყურებოდა, როგორიც დღეს გვაქვს. საბაზრო ეკონომიკის ჩანასახში მის მაგივრობას ხშირად ისეთი საგნები ასრულებდა, რომელთა ფულის ერთეულად წარმოდგენა ყველაზე ფართო ფანტაზიის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა. იფიქრებდით, რომ ოდესღაც ფულის მაგივრობას ნიჟარები, ლითონის რგოლები, ფრინველის ფრთები და ხორბალიც კი ასრულებდა? მაშინ მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ, თუ როგორი იყო პირველი ფული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
პირველი ფული მსოფლიოში მეცნიერები თვლიან, რომ პირველი ფული დაიბადა მესოპოტამიაში და ის წარმოადგენდა ვერცხლის წვრილ წნელებს, რომელთაც ზუსტად ერთნაირი წონა და ზომა ჰქონდათ. ფულის ამ სახეობას შუმერები იყნებენდნენ ვაჭრობის დროს. ბუღალტრულ აღრიცხვას შუმერები თიხის ფირფიტებზე ლურსმული დამწერლობით აწარმოებდნენ, ხოლო პირველი მონეტა მოჭრეს ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში კუნძულ ეგინაზე (ეგეოსის ზღვა). მეორე ვერსიით, პირველი მონეტა მოიჭრა მცირეაზიურ სახელმწიფო ლიდიაში, რომელიც, უხეშად რომ წარმოვიდგინოთ, მდებარეობდა დღევანდელი ანკარის დასავლეთით. ლიდიურ მონეტებზე გამოსახული იყო ლომები და ხარები. ეგინას მონეტებზე კი გამოსახული იყო კუ იმიტომ, რომ ტოპონიმი ეგინა ''კუს'' ნიშნავს. ნიჟარები ზღვის მოლუსკ კაურის ნიჟარები ანგარიშსწორების ძალიან პოპულარული საშუალება იყო ჩინეთში, სადაც ფულის მაგივრობას უამრავი რამ ასრულებდა: ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მრგვალი და ოვალური, ზარის, დანის და სხვა უცნაური ფორმის მონეტები, თუმცა ქვეყნის ისტორიის დასაწყისში (დაახლოებით 3500 წლის წინ) ვალუტის ერთადერთ ერთეულს სწორედ ნიჟარები წარმოადგენდა - მსუბუქი, მტკიცე, პატარა ზომის ნიჟარა იოლად სატარებელი გახლდათ და კიდევ - მათი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ნიჟარებს ფულის ერთეულად ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე მცხოვრები ხალხებიც იყენებდნენ. პროდუქტების ყიდვა-გაყიდვისას ნიჟარებით ისინი 1900 წლამდე სარგებლობდნენ. ზოგადად, სწორედ ჩინეთიდან მოხვდა ფულის ეს უცნაური ერთეული კორეაში, ინდოეთში, მონღოლეთში და რუსეთშიც კი, ხოლო თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კაურები აქტიურად გამოიყენებოდა 400-500 წლის წინ. დროთა განმავლობაში კაურები გაუფასურდა. ამის ნათელი მაგალითია უგანდის ეკონომიკა. 1700-იან წლებში ამ ქვეყანაში ცოლის ყიდვა მხოლოდ ორ ნიჟარად შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი გზა გაუჩნდა, კაური გაუფასურდა და ცოლის საყიდლად უკვე 1000 ნიჟარა გახდა საჭირო. გარდა ნიჟარებისა, არსებობდა სხვა, არანაკლებ უცნაური ფულის ერთეულები. მაგალითად, ინდიელები ევროპელებთან ვაჭრობის დროს ფულის ერთეულად იყენებდნენ ქამრებს, რომელთა ფასს მათზე დატანილი ნახატის სირთულე განსაზღვრავდა. გარდა ამისა, ეს ხალხები ფულის მაგივრად ნიჟარებისაგან ასხმულ კრიალოსნებს და მძივებსაც იყენებდნენ. ხორბალი ძველ ეგვიპტეში ხორბალი ფულის ყველაზე გავრცელებულ ერთეულს წარმოადგენდა. ხორბლით უხდიდნენ ხელფასს დაქირავებულ მუშებს და შემდეგ მისი საშუალებით ყიდულობდბენ ისინი პროდუქტებს თუ საყოფაცხოვრებო საგნებს. ქვეყანაში სახელმწიფო მარცვლეულის ბანკიც კი შეიქმნა, სადაც მოქალაქეები დანაზოგ ''ვალუტას''- ხორბალს ინახავდნენ ან საჭიროების შემთხვევაში სესხად იღებდნენ მას. მარილი ყველა დროის ყველა ხალხებში ის ძვირფას და შეუცვლელ, სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტად ითვლებოდა. არსებობდა ქვეყნები, სადაც მარილი ოქროზე ძვირი ღირდა. მაგალითად, ეთიოპიაში მარილის ნატეხი ათჯერ ძვირი იყო, ვიდრე იმავე წონის ოქროს ზოდი. მარილით ანგარიშსწორება ხდებოდა შუა საუკუნეების ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ლითონის რგოლები 1948 წლამდე დასავლეთ აფრიკაში ფულის ერთეულად გამოიყენებოდა ლითონის რგოლები. შედარებით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული რგოლები მონების ყიდვა-გაყიდვისას ანგარიშსწორების ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. ფრთები სოლომონის კუნძულებზე ფულის მაგივრობას ასრულებდა პატარა ფრთებისაგან დაწნული რგოლები, რომლითაც შესაძლებელი იყო კანოეს ან სულაც ახალი ცოლის ყიდვა. ჩაის აგურები ფულის ეს უცნაური ერთეული ფართოდ გამოიყენებოდა ჩინეთში, მონღოლეთში, ტიბეტში. აღმოსავლეთის ქვეყნებში დაპრესილი ჩაი ფულის ერთეულს გასული საუკუნის შუახანებამდე წარმოადგენდა. გიგანტი მონეტები ყველაზე დიდი ზომის უძველესი ფულის ერთეული გამოიყენებოდა ოკეანეთში მდებარე მიკრონეზიის სახელმწიფოში, რომელიც ვულკანური წარმოშობის რამდენიმე ათასი კუნძულისაგან შედგება. სწორედ ერთ-ერთ კუძულზე - იაპზე გაჩნდა ეს უცნაური გიგანტური მონეტები. დღესაც შეგიძლიათ კუნძულზე ნახოთ მიწიდან ამოჩრილი ქვის უზარმაზარი რგოლები შუაში ნახვრეტით. მათ სხვადასხვა წონა და ზომა ჰქონდათ. ასეთი "მონეტის'' წონა ხანდახან 5 ტონასაც კი აღწევდა. თუმცა იყო პატარა მონეტებიც, რომელთა დიამეტრი სულ რაღაც 10 სანტიმეტრი იყო. რაღა თქმა უნდა, რაც მეტი იყო რგოლის დიამეტრი, მით მეტი იყო მონეტის ნომინალი. ასეთ მონეტებს სახელად ''რაის'' უწოდებდნენ. მათ დამზადებას რამდენიმე თვე სჭირდებოდა. ნახვრეტს სპეციალურად ტოვებდნენ, რომ მონეტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა უფრო იოლი ყოფილიყო. იშვიათად, მაგრამ მაინც, "რაი" დღემდე გამოიყენება ფულის ერთეულად მიკრონეზიის ამ კუნძულზე. როგორც წესი, მონეტა დევს მისი მეპატრონის სახლთან ახლოს და მისი მფლობელის ვინაობა მონეტის ზემო ნაწილზეა ამოტვიფრული (ისე, კი ჩაიჩხრიალებდა კაცი ჯიბეში ხუთიოდე ასეთ მონეტას.. მე შენ გეტყვი და მოგპარავდა ვინმე). გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ უამრავი სხვა საგანი გამოიყენებოდა ფულის ერთეულად მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში. ასე, მაგალითად, მექსიკაში ფულის ერთეულს კაკაოს მარცვლები წარმოადგენდა, კანადაში, ალიასკასა და ციმბირში - ძვირფასი ბეწვი, ხოლო აფრიკის ბევრ ქვეყანაში კი ცოცხალი ფული - მონები იყო "მიმოქცევაში'. რაც შეეხება ქაღალდის ფულს, პირველი ქაღალდის ფული ჩინეთში ჩვენი წელთაღრიცხვით 806 წელს გაჩნდა (სხვა ვერსიით - 901 წელს). მანამდე ამ ქვეყანაში მიმოქცევაში იყო სპილენძის მონეტა - იუანი, რომელიც 3, 8 გრამს იწონიდა. მსხვილი შენაძენისათვის ასეთი წვრილი ფულის გადახდა საკმაოდ მოუხერხებელი იყო: საჭირო ხდებოდა ათსობით მონეტის დათვლა და შენახვა. ამიტომ იმპერატორმა ბრძანა, დაებეჭდათ ქაღალდის ფული. ვინც ქაღალდის ფულის მიღებაზე უარს იტყოდა, სიკვდილი ემუქრებოდა. XII-XIV საუკუნეებში ქაღალდის ფული ჩინელებისაგან სპარსელებმა გადაიღეს, შემდეგ - იაპონელებმა. პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ქაღალდის ფული გამოუშვა, ინგლისი იყო. 1694 წელს დაარსდა სახელმწიფო ბანკი, რომელიც ოქროსა და ვერცხლის ნაცვლად "ქაღალდს'' გასცემდა. პირველი ქაღალდის ფული ხელით ივსებოდა: ბანკის კლერკი ხელით წერდა, რამდენი მონეტა მიიღო ბანკმა, თავის მხრივ, ბანკი ვალდებული იყო ქაღალდის წარმდგენისთვის დაუყონებლივ გაეცა მინიშნებული თანხა. სტანდარტული ნომინალის ქაღალდის ფული, რომელსაც ხელით შევსება არ სჭირდებოდა, ინგლისელებმა მხოლოდ 1855 წელს გამოუშვეს. ახლა ვნახოთ, როგორი იყო პირველი ქართული ფული და რომელი საუკუნიდან იღებს ნუმიზმატიკა სათავეს საქართველოს ტერიტორიაზე. ისტორიულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში არც ნიჟარებს იყენებდნენ ფულის ერთეულად და არც ფრინველის ფრთებს, თუმცა არსებული ლეგენდა "ოქროს საწმისის" შესახებ დამაფიქრებელია და ბევრის მთქმელი. ქართული ფულის დაბადების ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე, როდესაც კოლხეთის სამეფოში ბრუნვაში შევიდა კოლხური თეთრი. კოლხური თეთრი ძალიან ღირებული დეტალია საქართველოს ისტორიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. კოლხური თეთრის გავრცელების არეალზე მსჯელობა მისი აღმოჩენის ადგილების მიხედვით შეიძლება. სხვადასხვა დროს ის აღმოჩენილია ყირიმში – ნიმფეონის ტაძრის ნანგრევებში, ქერსონესში- სოჭის რაიონში, ტრაპეზუნტის მიდამოებში, ქართლში – არმაზში და სხვა ადგილებში. თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნახევარდრაქმის II ტიპის კოლხური მონეტები ათასობითაა ნაპოვნი. ქართული ნუმიზმატიკის 26-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად. ქართულ მონეტებში ხშირი იყო უცხოური ან ორენოვანი წარწერები (ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული), რაც პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით იყო ნაკარნახევი. საუკუნეების მანძილზე ქართულმა ფულმა უამრავი სახეცვლილება განიცადა. 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნისათვის და უკვე 1919 წლიდან ბრუნვაში შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები. ბონებზე წარწერები ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე იყო დაბეჭდილი. მზადდებოდა ახალი ქართული ვალუტის გამოშვებაც, ცნობილია ამ ფულის რამდენიმე საკონკურსო ესკიზიც. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამ ეს ემისია 74 წლით გადადო. ახალი ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი ბრუნვაში 1995 წელს შევიდა და დღემდე აგრძელებს ქართული ფულის ისტორიას. ლარი მიჩნეულია ყველაზე მყარ ქართულ ფულად, თუმცა მისი კურსის კატასტროფული დაცემა ბოლო პერიოდში ამ აზრს უკვე ეჭვქვეშ აყენებს. გისურვებთ ჯიბეში ბევრ ლარს და ბანკში კიდევ უფრო მეტ დოლარს! 357 11-ს მოსწონს
|