x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს და პოეტ მარინე ცხვედიაშვილს დედოფლისწყარომ უმასპინძლა
image


8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი გადაჭედილი იყო ადამიანებით, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ძვირფას სტუმრებს. და აი, ისინიც:


imageსახელმწიფო პრემიის და გალაქტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, „ქართული კულტურის რაინდის“ წოდების მფლობელი, თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯემალ კუხალაშვილი, მისი მეუღლე, ჩვენი თანამემამულე, არბოშიკის მიწაზე გაზრდილი, არაერთი ლიტერატურული პრემიის და ჯილდოს მფლობელი, პოეტი მარინე ცხვედიაშვილი და მათი ვაჟები _ პერსპექტიული ახალგაზრდა მხატვრები ლაშა და გიორგი, მოქანდაკე კახაბერი, დიზაინერი ბექა კუხალაშვილები და ოთარ კუხალაშვილი, რომელიც ოკეანის გადაღმა, ამერიკაში ცხოვრობს და დღევანდელ თავყრილობას ვერ ესწრება. გეგულებათ კიდევ მეორე ასეთი ოჯახი, რომელმაც ერს ხუთი საუკეთესო ვაჟი აჩუქა, რომელთა შთამომავლებიც, მომავალში, ეჭვგარეშეა, ქვეყნის ღირსეული შვილები იქნებიან პატარა ლუკა კუხალაშვილის თამადობით. გეგულებათ კიდევ ოჯახი, სადაც გენმა არ დაისვენა და თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე არსებულ ჯემალ კუხალაშვილის სამხატვრო სახელოსნოში თავმოყრილია ხელოვანი მამის და მისი შვილების, პოეტი მეუღლის ჯადოსნური სულიერი სამყარო, რომლის „სულის სარკმლიდან“ გადამხტარა თითოეული მათგანი. აი, ეს დიდებული ოჯახი მოიწვია სტუმრად დედოფლისწყაროს მწიგნობართა ასოციაციამ მისი თანათავმჯდომარის ნანა ჭიჭინაძის ინიციატივით.


image
ჯემალ კუხალაშვილი: 1979 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში.
მოწყობილი აქვს 15 პერსონალური გამოფენა თბილისში, 3 მოსკოვში, აშშ,
გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. მხატვარია ფილმებისა: “გამინაწილე
სითბო”(1975), “სამანიშვილის დედინაცვალი” (1977); მისი ნამუშევრები
დაცულია ტრეტიაკოვის სახელობის გალერეაში, მსოფლიოს სხვადასხვა
მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.



„თურმე, „კუხალი“ ჩვენს წელთაღრიცხვამდე „მუხას“ ერქვა საქართველოში და დღეს მეც ჩემს გაშლილ ხელებს მუხას ვამსგავსებ“. --- ჯემალ კუხალაშვილი



ტაშის გრიალით შეეგება სტუმრებს დარბაზი. _ ამ კედლებს უამრავი ლამაზი, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღე, უამრავი შესანიშნავი გამოფენა, ძალიან ბევრი შეხვედრა და საღამო ახსოვს, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც გამორჩეულად განსაკუთრებულია _ დღეს ჩვენი სტუმრები არიან შესანიშნავი ფერმწერი ჯემალ კუხალაშვილი და მისი მეუღლე, ჩვენი თანამემამულე და ძალიან საყვარელი პოეტი მარინე ცხვედიაშვილი. მათ შემოქმედებით წარმატებებზე, რეგალიებზე, ჯილდოებსა და ადამიანურ ღირსებებზე, შეხვედრის განმავლობაში ბევრს ვისაუბრებთ. დარწმინებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ლექსის, სიტყვის, სიმღერის, მხატვრობის დღესასწაულად იქცევა და მუზათა ტაძარში მუზები იბატონებენ, - ჩვეული ორატორული პათოსით თქვა ღონისძიების წამყვანმა, დედოფლისწყაროს კულტურის სახლის დირექტორმა ცარო მარტიაშვილმა და, მართლაც, ეს იყო მშვენიერი, დაუვიწყარი საღამო.


ჯემალ კუხალაშვილი ხონში დაიბადა. ძმასთან ერთად დედის ჟუჟუნა იობიძის თავდაუზოგავი შრომის და მზრუნველობის გარემოცვაში იზრდებოდა.


– „ჩემთვის ხელოვნება ხონიდან დაიწყო. თბილისში მოხდა სრულყოფასთან სიახლოვე. მე ისევ ისე მეოცნებე და გაუბოროტებელ კაცად დავრჩი. ღმერთმა ჯერ მარჯვენა დამილოცა, მერე ხუჭუჭა ანგელოზის თმები მომაოქროვებინა. „ქრისტეს ნაზარეთში შესვლა“, „ბზობის დღესასწაული“ და „გოლგოთა“ დამახატვინა. ერთ-ერთ დაუმთავრებლად მიჩნეულ სურათში, სადაც მაცხოვრის თვალები ბოლომდე დაუხატავი მეგონა, დაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ მოხდა სასწაული და სურათიდან ხმა მომესმა: „შენი თვალები მე ვარო“. ყურთასმენად ვიქეცი, ეს იყო კიდევ ერთი საჩუქარი ღვთისა. იმდენად დიდია სურათიდან გადმოსული უფლის ხმის ძალა, რომ ყველა კრიტიკოსს და ხელოვნებათმცოდნეს აღემატება! - წერს ბატონი ჯემალი თავის წიგნში „ჯემალ კუხალაშვილი“, რომლის გამოცემაც კომპანია „მაგთიმ“ დააფინანსა. წიგნი ძვირადღირებული და უნიკალურია, რადგან მასში შესულია ჯემალ კუხალაშვილის თითქმის მთელი შემოქმედება, რომელიც უმაღლესი ტექნოლოგიური ხარისხით ძვირფას ქაღალდზეა დაბეჭდილი, აქვეა მის მიერ განვლილი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომელიც ნათლად მეტყველებს მის გარემოცვაზე, იმ წრეზე. რომელშიც ბატონი ჯემალი ცხოვრობს, მუშაობს, მეგობრობს. მრავალ ცნობად და წარმატებულ ადამიანს ნახავთ ამ სურათებზე. აკი, თავადაც ამბობს:- „ჩემი პედაგოგები ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ: სერგო ქობულაძე, ოთარ იოსელიანი, დიმიტრი თაყაიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ჯანრი კაშია და სხვები“. სწორედ ამ ვარსკვლავებმა გამოძერწეს მომავალი მხატვარი, რომელმაც 23 წლის ასაკში დასამახსოვრებელი სადიპლომო ნამუშევარი შექმნა:


– „ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ნამდვილი ბედის საჩუქარი იყო. დიდმა ქართველმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ მე და ჩემი თანაკურსელი ნაუმ ფურმანი მიგვიწვია ქართველი კლასიკოსის _ დავით კლდიაშვილის გენიალური მოთხრობის „სამანიშვილის დედინაცვალის“ მიხედვით გადასაღებ ფილმზე, რაც ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ამ ფილმმა ქაიროს საერთაშორისო ფესტივალზე დაიმსახურა პრიზი მხატვრული გადაწყვეტისათვის. ელდარ შენგელაიასთან ურთიერთობა კი მეორე აკადემია იყო ჩემთვის“ - იხსენებს ბატონი ჯემალი.


სტუმრებს, დედოფლისწყაროელთა სახელით, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი მიესალმა: _ მადლობელი ვარ, რომ ჩამობრძანდით და საშუალება მოგვეცა, გაგვეცნო თქვენი შემოქმედება, თქვენი ოჯახი და თქვენი პიროვნება, აღტაცებული ვარ! ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი შემოქმედი, თქვენნაირი მამა და ოჯახის უფროსი. ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ მთელს თქვენს შემოქმედებით ოჯახს.


imageემოცია ვერ დაფარა საგანმანათლებლო ცენტრ „სპექტრის“ დირექტორმა ნუნუ ცაკაშვილმა. მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ქალბატონ მარინე ცხვედიაშვილს თბილისში მისი და მასთან ერთად სხვა ნომინანტების დაჯილდოვების ცერემონიალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. მერე მოეფერა კუხალაშვილების დიდ ოჯახს, რომლის თითოეული წევრი სასწაულად წარმატებული და რეალიზებულია. ეს არის ოჯახი, სადაც მუზა ბატონობს და იქმნება შესანიშნავი ნიმუშები შედევრებისა, ფერწერასა თუ ქანდაკებაში, დიზაინსა თუ პოეზიაში.


- ბევრი წარმატებული ოჯახი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ეს ბედნიერი გამონაკლისია, გაზარდო 5 ვაჟკაცი და ასწავლო, როგორ უნდა იდგეს მყარად მიწაზე და ემსახუროს სამშობლოს სახელს და დიდებას და გაიტანო ის მსოფლიო ასპარეზზე. გმადლობთ, რომ არსებობთ და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ, - თქვა ქალბატონმა ნუნუმ.


სტუმრებს მოეფერა და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისათვის შპს გაზეთ „შირაქის“ დირექტორმა ინგა შიოლაშვილმა: „გინახავს კაცი, გადამხტარი სულის სარკმლიდან, ცოდვილ მოკვდავთა მარწუხებში ვერჩატეული?“- ეს მარინე ცხვედიაშვილის ლექსის სტრიქონებია, რომელიც საუკეთესოდ ხსნის შემოქმედი ადამიანის შინაგან სამყაროს. ისინი ვერ იტანენ ჩარჩოებს, თავისებურად აღიქვამენ სამყაროს, ნებისმიერ მოვლენას და ისე გადმოგვცემენ... ხატოვნად, მაგრამ შეულამაზებლად, ზოგჯერ ქარაგმულად... ჯემალ კუხალაშვილი სწორედ ასეთი ხელოვანია. მისი ტილოების ნახვის შემდეგ ჩნდება უამრავი კითხვის ნიშანი, დიდხანს ხარ შთაბეჭდილების ქვეშ და უამრავ საფიქრალს გიჩენს. დედოფლისწყაროელებისთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, გვეამაყებით და გვინდა, გისურვოთ მუზა და ისეთი თაყვანისმცემლები, რომლებიც თქვენს შემოქმედებას სათანადოდ დააფასებენ, დიდხანს გაჰყვებათ ამაღლებული განწყობა და სულიერ საზრდოს შეუვსებს“.


ეს იშვიათი მოვლენაა, როცა წარმატებული მხატვარი, წარმატებული პოეტიცაა. ჯემალ კუხალაშვილი კი, არც მეტი, არც ნაკლები, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატია. მას ეს პრემია მიენიჭა პოეტური წიგნისთვის „მე არა“.


- თითქმის 30 წლის მანძილზე ვწერდი ლექსებს ჩემთვის და გამოქვეყნებაზე არც მიფიქრია. როდესაც მარინე ჩვენს ოჯახში შემოვიდა, ნახა ეს ლექსები და კატეგორიულად მოითხოვა მისი წიგნად გამოცემა. ამ წიგნის ერთი პირველი ეგზემპლართაგანი მივართვი პროფესორ ნოდარ ტაბიძეს, დიდი გალაკტიონის ძმისშვილსა და მემკვიდრეს, რომელიც, იმხანად, შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში იწვა. წიგნის გაცნობისთანავე, საავადმყოფოდან გამოსულიც არ იყო, როცა დააყენა საკითხი ჩემთვის გალაკტიონ ტაბიძის პრემიის მონიჭების თაობაზე, რაც რეალობად იქცა კიდეც, _ სამართლიანი სიამაყით გაიხსენა ეს ფაქტი ბატონმა ჯემალ კუხალაშვილმა. აქვე გეტყვით, რომ ბატონი ჯემალი ლექსებთან ერთად მშვენიერი მოთხრობებისა და ესეების ავტორიცაა.


მე ვერ გავკადნიერდები და ჩემი დილეტანტური შესაძლებლობის ფარგლებში ვერ გავარჩევ, ვერ შევაფასებ და ვერ დავახასიათებ ბატონი ჯემალის ნახატებს, ხატვის სტილსა თუ კონცეფციებს, სამაგიეროდ გეტყვით, რომ თბილისში 26 სექტემბერს გაიხსნა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომლის საგამოფენო დარბაზის ფართობი 7.000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მუზეუმის დამფუძნებელია გია ჯოხთაბერიძე, რომელიც მეუღლესთან, მანანა შევარდნაძესთან ერთად, ოცი წელი აგროვებდა ქართული თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს. აქ ეტაპობრივად ოთხმოცამდე ავტორის 3.500 ნამუშევარი იქნება გამოფენილი. საგამოფენო დარბაზებში საუკეთესო ნამუშევრებით არიან წარმოდგენილი ქეთევან მაღალაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, მიხეილ ხვიტია, დიმიტრი ერისთავი, თემურ ჯაფარიძე, დუდა გაბაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, სერგო ფარაჯანივი და სხვები. მათ მომდევნო თაობა მოსდევს, გოგი ჩაგელიშვილის, ვლადიმერ კანდელაკის, ოთარ ჩხარტიშვილის, გია გუგუშვილის და სხვათა სახით. მათ შორის გახლავთ სწორედ ჯემალ კუხალაშვილი, რომელსაც სრულად აქვს დათმობილი მესამე სართული. იდგე ასეთი მხატვრების გვერდით და ლიდერობდე მათში, ძალიან ბევრს ნიშნავს. მუზეუმის გახსნით უამრავ დამთვალიერებელს, უცხოელსაც და ქართველსაც, მიეცა საშუალება, ერთ სივრცეში გაეცნოს და მიიღოს დიდი სიამოვნება, მითუმეტეს, რომ მუზეუმის დათვალიერებისთვის ბილეთის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. მისი ღირებულება 15 ლარია, შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, პენსიონრები და მოსწავლეები, რომლებიც 50 % - იანი ფასდაკლებით მხოლოდ 7.50 ლარს იხდიან.


შეხვედრას ფონად გასდევდა მარინე ცხვედიაშვილის ლექსები, რომელსაც ჩვეული ოსტატობით კითხულობდა წამყვანი ცარო მარტიაშვილი. დარბაზის თხოვნით კი რამდენიმე საყვარელი ლექსი თავად ქალბატონმა მარინემაც წაიკითხა როგორც თავისი, ისე მეუღლის შემოქმედებიდან.


- „ამბობენ, სამშობლოს კვამლიც კი სასიამოვნოაო და მეც დიდ სიხარულს მანიჭებს დედოფლისწყაროში ჩამოსვლა. დიდი მადლობა, ჩვენი მოწვევისათვის, მოფერებისათვის, ეს დიდი სტიმულია. იოლი არ არის ასეთ ხალხთან, კადნიერებად ნუ ჩამითვლით და გენიოსებთან თანაცხოვრება, მაგრამ ხელოვნება გვაერთიანებს და გვაძლიერებს, “ - თქვა ქალბატონმა მარინემ და ბევრი საინტერსო და სახალისო ამბავი მოუყვა მსმენელს ოჯახის წევრების „უცნაურობების“, მათი გატაცებებისა და წარმატებების შესახებ.


image

დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის დირექტორმა ნონა ჯიბღაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მან ამ სამსახურში მოსვლისთანავე მიზნად დაისახა, წარჩინებული და წარმატებული ადამიანები სიცოცხლეშივე დაეფასებინათ და ეს ტრადიციად დანერგა. – „ამის მაგალითი კი დღევანდელი დღეა, როდესაც ვეფერებით ისეთ დიდ მხატვარს, როგორიც ჯემალ კუხალაშვილია და საყვარელ პოეტს, როგორიც ჩვენი მარინე ცხვედიაშვილია, ისეთ წარმატებულ ოჯახს, როგორიც ეს ოჯახია. 5 ვაჟკაცი მისცე ქვეყანას, 5 საიმედო ვაჟკაცი, ეს იშვიათობაა ჩვენს დროში, იბედნიერეთ და გაიხარეთ, უფალი იყოს თქვენთან, “ - თქვა ქალბატონმა ნონამ.


შეხვედრა გაალამაზეს სოფელ ჯაფარიძის კულტურის სახლთან არსებულმა ტრიომ ნატო ხუციშვილის, ნანა უძილაურის და გაიოზ ხუციშვილის შემადგენლობით, ასევე დედოფლისწყაროს კულტურის სახლთან არსებულმა გოგონების ტრიომ ნინო ნიკვაშვილის, ეკა ტალახაძის და მზია წყარუაშვილის მონაწილეობით. მსმენელის დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა სტუდია „ბასტი-ბუბუს“ აღსაზრდელის მარიამ ალუღიშვილის მიერ ჯემალ კუხალაშვილის ლექსის „ხორნაბუჯის“ მხატვრულად წაკითხვამ.


ღონისძიების დასასრულს ბატონმა ჯემალმა მადლობა გადაიხადა მოწვევისა და თბილი დახვედრისათვის და კულტურის ცენტრს და მუზეუმს საჩუქრად ის უნიკალური წიგნი აჩუქა, რომელიც მისი შემოქმედების მატიანეა. დამსწრე საზოგადოებამ მადლობა უთხრა კულტურის ცენტრის დირექტორს ნონა ჯიბღაშვილს, მუზეუმის დირექტორს ლალი გურასპაულს და მწიგნობართა ასოციაციის თანათავმჯდომარეს ნანა ჭიჭინაძეს ასეთი მშვენიერი ღონისძიების მოწყობისათვის.

image

ამ ღონისძიებაზე დასასწრებად „სპეციალურად მოწვეული სტუმრის“ სტატუსით ჩამობრძანდა ლეგენდარული არსენ კობაიძის შვილიშვილი, ბებიის მოსახელე ნინო კობაიძე, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობს და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის კადრების დეპარტამენტის უფროსი გახლავთ. _ უზომოდ კმაყოფილი მივდივარ, მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიყავ, _ თქვა ნინომ.


სტუმრებს ღირსეულად უმასპინძლა თენგიზ გონაშვილის და ლია ვაიტაძის ოჯახმა. ისინი ხომ ერთი ოჯახი არიან _ მათი ქალიშვილი სალომე გონაშვილი გიორგი კუხალაშვილის მეუღლეა. ასე რომ, კუხალაშვილები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ჩვენს რაიონთან. ამ ოჯახში დედოფლისწყაროელების ორი სიძე - ჯემალი და გიორგი ცხოვრობენ. მარინე და სალომე კი ამ დიდი ოჯახის დიდი და პატარა დიასახლისები არიან.

ნაირა გორაშვილი

გაზეთი „შირაქი“

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0