პროზა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - 8 წლის შემდეგ სრული კოლექცია ბრუნდება! 2018, 7 ნოემბერი, 12:28
პროექტი, რომელმაც 8 წლის წინ, 8 ნოემბერს აიღო სტარტი და საგამომცემლო სფეროში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, თავისი გაყიდვებითა და კოლოსალური ტირაჟით თვით ევროპული გამომცემლობების წარმომადგენლებიც კი გააოცა, უახლოეს დღეებში მაღაზიათა თაროებზე ადგილს ახლიდან დაიკავებს. ახალი, საზღვარგარეთ დაბეჭდილი, უმაღლესი ხარისხის, ლამაზად გაფორმებული და პროფესიონალების მიერ შედგენილი რჩეული წიგნები კვლავ ბრუნდება. ასე რომ, იჩქარეთ, თუკი თქვენს კოლექციას რომელიმე ტომი აკლია ან რომელიმე ნაწარმოები წაუკითხავი დაგრჩათ, სწორედ ახლა გაქვთ შანსი, ეს დანაკლისი შეივსოთ.
თინა ასათიანი, "პალიტრა L"-ის დირექტორი: ამ პროექტზე მუშაობას 2009 წლის ნოემბერში შევუდექით. გამოკითხვა მიმდინარეობდა "კვირის პალიტრის", "გზის" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში კითხვარების სახით, რომელთაც ხალხი ავსებდა, ასევე, ინტერნეტსაიტებით და ფეისბუკით, ეს 2010 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. საკმაოდ ხმაურიანი გამოკითხვები იყო, აქტიურად განიხილავდნენ, მაგალითად, ტოლსტოის "ანა კარენინა" შესულიყო თუ "ომი და მშვიდობა". ყველა თავის ფავორიტს ასახელებდა და საბოლოოდ, ყველაზე ხშირად დასახელებული წიგნების პირველი ათეული ჩამოყალიბდა. წიგნების გამოცემის პარალელურად, ეტაპობრივად ვაგრძელებდით კვლევას და ასე შევადგინეთ ორმოცდაათი წიგნი. პროექტი 2010 წლის 8 ნოემბერს, ბალზაკის "შაგრენის ტყავით" დაიწყო. ისეთი გამოხმაურება იყო, ვერც კი წარმოვიდგენდით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და "კვირის პალიტრასთან" ერთად, იმავე ორშაბათს, რამდენიმე საათში, სრულად გაიყიდა პირველი ტირაჟი, 15.000 ცალი წიგნი. ეს წიგნები უცხოეთში იბეჭდებოდა, ძალიან მაღალი ხარისხის ქაღალდზე, მაგარ ყდაში, მოოქრული ლოგოებით და შემოსაკრავით, საინტერესო გაფორმებით. ორი კვირის შემდეგ, ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი" გამოვიდა. მესამე ტომი “ვეფხისტყაოსანი იყო”, სწორედ მესამე ტომთან ერთად გავიდა ქსელში პირველი ტომის ახალი ტირაჟი, რადგან წიგნების შეძენის სურვილი დღიდით დღე მატულობდა. საბოლოო ჯამში, ეს მასშტაბები იქამდე ავიდა, რომ კვირის განმავლობაში, 50 ათასი ან მეტი წიგნი იყიდებოდა. სერიის ბოლომდე, ეს ინტერესი არ განელებულა. ეს დღემდე რეკორდული მაჩვენებელია და როცა ამ გამოცდილებას უცხოელ, დიდ გამომცემლებს _ გერმანელებს, ბრიტანელებს, იტალიელებს, ფრანგებს ვუყვებით ხოლმე, ისინიც გაოცებას ვერ მალავენ.. შეიძლება მათ ქვეყნებში 50 ათასი წიგნი წლის განმავლობაში გაიყიდოს, თუ ის მსოფლიო ბესტსელერია, თუმცა 1 კვირაში ასეთი ტირაჟი ყველასთვის ნამდვილად გასაოცარი ფაქტია დღემდე.. - აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სერიის ფარგლებში, ისეთი ნაწარმოებებიც გამოიცა, რომლებიც მანამდე ქართულად ნათარგმნი არ იყო და საოჯახო ბიბლიოთეკებში მხოლოდ რუსული ან ინგლისური ვერსიები გვქონდა. - დიახ, ასეთებიც იყო, რომლებიც პირველად სწორედ ამ სერიისთვის ვთარგმნეთ. მაგალითად, ედგარ პოს რამდენიმე მოთხრობა; ო. ჰენრი; ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი"; ჯონ გოლზუორთის "ფორსაიტების საგა" მხოლოდ ორი ნაწილი იყო ქართულ ენაზე, მესამე კი ამ პროექტის ფარგლებში დასრულდა; ვირჯინია ვულფის "მისის დოლოვეი"; ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობები, ასე მოხდა ამ სიის ფორმირება, რაც ძალიან საინტერესო იყო მთელი თავისი თანამდევი ღონისძიებებით და აქტივობებით. . – რატომ გადაწყდა სერიის ახლიდან გამოცემა? – ეს პროექტი 2010 წლის 8 ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და ისე მოხდა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტომის ტირაჟი სრულად ამოიწურა. "ბიბლუსის" მაღაზიებიდან დაკვეთა რეგულარულად მოდიოდა, მაგრამ ვერ ვაკმაყოფილებდით, ამიტომ ახალი ტირაჟის გამოცემა გადავწყვიტეთ. ყველაფერი აბსოლუტურად იგივეა, არაფერი შეცვლილა, არც ხარისხი, არც წიგნების იერსახე და არც ფასი - 12 ლარი, . მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ფასი შეგვენარჩუნებინა. თუმცა, ტირაჟი ახლა ისეთი მაღალი აღარ არის, როგორც ადრე იყო, ამიტომ, შეძენის მსურველებმა ალბათ უნდა იჩქარონ, რომ თავიანთი ბიბლიოთეკები და კოლექციები შეავსონ. - ხომ არ იქნება გარკვეული შეღავათები მათთვის, ვისაც სრული სერიის შეძენის სურვილი ექნება? - იმის გამო, რომ ზოგიერთი ნაწარმოები 2 ტომშია განაწილებული, რეალურად სერია შედგება 59 წიგნისგან, ამ სრული კომპლექტის, შეძენის მსურველთათვის გვაქვს სპეციალური ფასი, 708 ლარის ნაცვლად 590 ლარი. კომპლექტი შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლუსის ვებ-გვერდის ბიბლუსი.გე ან ან ელვა.ჯი-ს სატელეფონო სამსახურის მეშვეობით, ტელ: +995 322 382673, +995 322 382674. კურიერი წიგნებს თქვენთვის სასურველ მისამართზე უფასოდ მოგიტანთ. 291 4-ს მოსწონს 1-ს არა
|