ისტორია ვინ იყო გენერალი გიორგი კვინიტაძე 2018, 24 ოქტომბერი, 14:32 დაიბადა 1874 წელს დაღესტანში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში.1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა. პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“. გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართული გენერალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენელია. მისი სამხედრო ტალანტი ყველაზე ნათლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამოვლინდა. სწორედ იგი სარდლობდა უკანასკნელ ომში საბჭოთა რუსეთთან დემოკრატიული რესპუბლიკის არმიას. “ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს უბრძოლველად დავუთმობო" და მართლაც მზად იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, როცა აშკარა შეიქმნა ქართველთა მარცხის გარდაუვალობა. გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე იხსენებდა ამ ამბით გულშეძრულ მთავარსარდლის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თვითმკვლელობის განზრახვას: “მთავრსარდალი მეტად ღელავდა, აბა, თევზაძევ, თავის მოკვლაღა დამრჩენია არა?" - მომმართა სევდიანი ხმით. შევწუხდი ძალიან, ვგრძნობდი, რა აზრებიც უტრიალებდა თავში". საბედნიეროდ, ეს საბედისწერო ნაბიჯი მთავარსარდალს არ გადაუდგამს. ის 1921 წელს ემიგრაციაში წამსვლელთა შორის აღმოჩნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მისი სამხედრო კარიერაც დასრულდა. გენერალი არც ერთი ქვეყნის სამხედრო სამსახურში აღარ ჩამდგარა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს საფრანგეთში გარდაიცვალა. “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტყინება, შეტევა ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა, იცის მასების გამხნევება და მითი გატაცება. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა", – ასე ახასიათებდა გენერალ გიორგი კვინიტაძეს საბჭოთა რუსეთის სამხედრო დაზვერვა. სტალინი და მისი საიდუმლო წიგნები 10 მოძღვრება ბუდასგან მარკუს ავრელიუსი და მისი გამონათქვამები ეშმაკის მონოლოგი (ნაწილი 1) 150 1-ს მოსწონს
|