საქართველო მოგონებები გაგრაზე - ულამაზესი კურორტი წლების წინ და დღეს 2018, 24 ოქტომბერი, 9:21 არც ისე შორეულ წარსულში გაგრა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და კეთილმოწყობილი კურორტი იყო. გასულის საუკუნის 90-იან წლებამდე აქ დასვენება პრესტიჟის და ღირსების საქმეს წარმოადგენდა და გაგრის სასტუმრობსა და სანატორიუმებში საგზურების მოპოვება ცენტრალური კომიტეტის ნომენკლატურაშიც კი წყდებოდა. როგორი იყო გაგრა გასული საუკუნის დასასრულამდე, როგორ გამოიყურება დღეს ეს ერთ დროს ულამაზესი ქალაქი და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში?
გაგრაში სულ პირველად 1986 წლის გაზაფხულზე მოვხვდი, როცა ინსტიტუტის რექტორატმა ჩვენი ჯგუფი, როგორც საუკეთესო ჯგუფი, ორდღიანი უფასო ექსკურსიით დააჯილდოვა (გაგიკვირდებათ და იმ "ძირგამომპალი" საბჭოთა წყობილების დროს ასეთი სიურპრიზები საკმაოდ ხშირად ხდებოდა). საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა გაგრის ულამაზესი, პალმებით და სხვა მარადმწვანე მცენარეებით დამშვენებული ქუჩები და სანაპირო ვიხილე. ამ პატარა ოაზისმა იმდენად მოგვხიბლა, რომ იმავე წლის ზაფხულში ხუთმა თანაკურსელმა გოგონამ დიდი ხვეწნა-მუდარით მოპოვებული მშობლების თანხმობის შემდეგ გაგრაში წასვლა და დასვენება გადავწყვიტეთ. დღესაც თვალწინ მიდგას ის სილამაზე, რითაც წალკოტად ქცეული კურორტი გამოირჩეოდა, თუმცა ის არასასიამოვნო მოგონებაც გამომყვა თან, რომ მაღაზიებსა და ქუჩებში ქართულად ლაპარაკს ტაბუ ჰქონდა დადებული. დიასახლისმა, ვისი ბინაც ათიოდე დღით ვიქირავეთ, მშვენივრად იცოდა ქართული, მაგრამ რატომღაც სულ რუსულად გვეკონტაქტებოდა. მახსოვს, გოგონებს ნაყინის ყიდვა გვინდოდა და გამყიდველმა მანამდე არ მოგვაქცია ყურადღება, სანამ რუსულად არ დაველაპარაკეთ და საერთოდ, ქალაქის ქუჩებში ვერცერთ ქართულ სიტყვას ვერ გაიგონებდით - რუსული და აფხაზური მეტყველება იყო გამეფებული. აბა რა ვიცოდით, თუ ეს უკვე დაპირისპირების დასაწყისი იყო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გვაღიზიანებდა, თუმცა 19-20 წლის გოგონებს მასზე მაინდამაინც დიდი ყურადღება არ გაგვიმახვილებია, რადგან მაშინ სრულებითაც ვერ ვაცნობიერებდით, თუ რა საფრთხე იმალებოდა ამ ერთი შეხედვით უწყინარი მოვლენის უკან. მახსენდება გაგრის ქუჩები-პალმებით და სხვა ულამაზესი მცენარეებით გამწვანებული, საოცრად სუფთა, მოვლილი პლაჟი, შადრევნით დამშვენებული საცეკვაო მოედანი სასტუმრო "აფხაზეთთან"ახლოს და მგონია, რომ ვერანაირი კანა, ნიცა ან მონაკო მას ვერ შეედრებოდა. აქ გატარებული რამდენიმე დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ისიც კი სასიამოვნოდ მახსენდება, რუჯს შეუჩვეველი მზისგან საშინლად რომ დავიწვი და წყლულების აუტანელი ტკივილის გამო ცხარე ცრემლით ვტიროდი. ომის ქარცეცხლმა მწარე დაღი დაასვა ერთ დროს კეთილმოწყობილ საკავშირო მნიშვნელობის კურორტს. რა მდგომარეობაში დღეს გაგრა, რა ხდება მის ქუჩებში და როგორ ცხოვრობს აქ ხალხი? - სამწუხაროდ, "დამოუკიდებლობამ" არც ისე დიდი სიკეთე არ მოუტანა აქაურებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დღეს განადგურებულია. აი, ასე გამოიყურება გაგრის მარგალიტი, ერთ დროს კეთილმოწყობილი სასტუმრო "აფხაზეთი" (ფოტოები გადაღებულია უკრაინელი ტურისტის მიერ). ასევე კარგად მახსოვს სასტუმროს გვერდით მდგარი ლამაზი და გემრიელი ცხოვრების სიმბოლო, ხის ხომალდი-რესტორანი. რა თქმა უნდა, სტუდენტების ჯიბე იქ შესვლის ფუფუნებას ვერ გაწვდებოდა, ამიტომ მხოლოდ გარედან ვუმზერდით მაღალ სკამებზე შემოსკუპებულ ''ძლიერთა იმა ქვეყნისათა'', რომლებიც ფერად-ფერად კოქტეილებს წრუპავდნენ, ჩვენ კი ა იქვე, ღია ცის ქვეშ ქვიშაზე მოდუღებული უგემრიელესი ყავით ვკმაყოფილდებოდით. დღეს ეს ხომალდი - რესტორანი უკვე აღარ არსებობს, მან მშვიდობიანად გადაიტანა 1992-1993 წლების ომის ქარცეცხლი, თუმცა მოგვიანებით, უკვე ახალი ათასწლეულის დასაწყისში შეეწირა ბანდიტურ გარჩევებს. შენობა დაწვეს და დღეს მისი ფერფლიც აღარაა დარჩენილი. აი, როგორ გამოიყურება დღეს ერთ დროს თვალწარმტაცი, მდიდრულად მოწყობილი სანაპირო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ადგილებში დავდიოთ სასადილოდ შედარებით იაფფასიან სასადილოში, სადაც საკმაოდ გემრიელ კერძებს ამაზადებდნენ. ახლა აქ მხოლოდ ნახევრადდანგრეული ღობეებია, რომელთა მიღმაც...არაფერია. გაგრის კიდევ ერთი სასტუმრო დღესაც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 32 წლის წინ, თუმცა მას უკვე ჟანგის და სიბერის დაღი ასვია. როგორც ჩანს, მისი ფასადის შეღებვაზეც კი არავის უზრუნია. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ის ისევეა მიტოვებული, როგორც "აფხაზეთი", მაგრამ არა - იქ ყველაზე გამბედავი ტურისტები ცხოვრობენ, რომლებიც ექსტრემალურ პირობებში დასვენებას ამჯობინებენ. სახლების უმეტესობა გაგრაში დღეს ასე გამოიყურება: მაგრამ საბედნიეროდ, აქ ბუნება კვლავ ისეთივე მშვენიერია, როგორც წლების წინ. ძმათამკვლელმა ომმა მხოლოდ მას ვერ დააკლო ვერაფერი. მხოლოდ ისაა ერთადერთი, რაც სრულებით არ შეცვლილა ამ ათწლეულების განმავლობაში. წარმოუდგენელი იყო, გაგრაში ჩასულიყავი და რიწის ტბა არ მოგენახულებინა. "სამოთხე დედამიწაზე"- ეს გამოთქმა სრულიად შეეფერებოდა ამ თვალწარმტაც ადგილს. ხშირი წიწვიანი ტყეებით დაფარული მთებით შემოსაზღვრულმა ტბამ თავისი მოლურჯო-მომწვანო წყლით მართლაც რომ მომაჯადოვა თავისი სილამაზით. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა დედამიწაზე და როგორ მტკივა გული, რომ შესაძლებელია, ჩემმა შვილებმა ვერასოდეს იხილონ ეს სილამაზე, რადგან რაც უფრო მეტი წელი გადის აფხაზეთის დაკარგვიდან, მით უფრო და უფრო ძნელი დასაბრუნებელი ხდება საქართველოს ეს ძირძველი კუთხე, თანდათან ვეჩვევით უმისობას და გაგრაში, სოხუმსა და სხვა ქალაქებში ჩასვლა და მათ ქუჩებში გასეირნება ნელ-ნელა იქცა აუხდენელ ოცნებად. "- იცით, ალექს? - თქვენ საოცრად კარგად ცეკვავდით. - დიახ, მე კარგი მოცეკვავე ვიყავი. იცი, მე საოცრად ლამაზი ცხოვრება გავიარე, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდა მხოლოდ ერთი საღამო. ეს მოხდა საკმაოდ დიდი ხნის წინ, გაგრაში. იმ საღამოს მე ჩემს გოგონასთან ერთად ვცეკვავდი. მან მე მთხოვა, რომ ერთად გვეცეკვა. ცხოვრებაში არასდროს არ მიცეკვია ასე კარგად და მე ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, წამითაც რომ შემეძლოს იმ საღამოს დაბრუნება. მხოლოდ ერთ გაელვებაში გავცვლიდი ცხოვრების იმ წლებს, რომლებიც გასავლელი დამრჩა"... (ფილმიდან "ზამთრის საღამო გაგრაში"). 661 11-ს მოსწონს
|