x
image
alex999
"დედაჩემი" - ეს ის სიყვარულია რასაც ვერაფერი შეცვლის (რევაზ ინანიშვილი)

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი - თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, -სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი, - რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი მეთქი ყველაფერი. -არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი, კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე: -წაიღე, შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით: - წადი-მეთქი ახლა! მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და, რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილზე დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები -შუქი მაინც არ იძვრის. - დე-დაა! დე-დაა! არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს. ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე. ის კი იყო და ის, ცოცხალი აღრ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად. რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას? ნუთუ ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი-სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?! დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს....

image

რევაზ ინანიშვილი











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. როგორ განადგურდება დედამიწა? რა მოხდება მომდევნო 1 ტრილიონი წლის განმავლობაში?

2. მე მეეზოვე ვარ... მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის... - ანა ლაშხელი ონიანი(ჩანახატებიდან)


3. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ტანსაცმლის ყველაზე უაზრო 15 დიზაინი

4. 16 აბსურდული რამ, რომელსაც წარსულში ჩვეულებრივად აღიქვამდნენ

5. "საოცნებო სამსახური" დაიპყრეს! - 6 თვის განმავლობაში, 55 კატის მომვლელი დასაქმებულია!




1
306
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
306
  
2018, 14 ოქტომბერი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1