ჩოგბურთი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონია! გილოცავთ! 2018, 7 ოქტომბერი, 18:02 ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონია!ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 31-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრია.საქართველოს პირველი ჩოგანი ATP 500-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა.ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი (16) ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 40 წუთი გაგრძელდა.ფინალური შეხვედრის პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქე 6-4 დაამარცხა, მეორე სეტში გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. საბოლოოდ, ქართველმა ორ სეტში, 6:4, 6:4 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დუელის წინ სამხრეთამერიკელს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან ფინალში უბრძოლველად გააღწია. დელ პოტროს იტალიელი მეტოქე ფაბიო ფონინი ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა.
აქამდე, ბასილაშვილისა და დელ პოტროს გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა: 2017 წლის მასტერსზე, პეკინში, არგენტინელმა სამ სეტში, 6:2, 3:6, 6:4 გაიმარჯვა.
დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ერთხელ როჯერ ფედერერთან და ორჯერ რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერვე დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 1 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის ტურნირი (მეორე დონის ტურნირები მამაკაცთა ჩოგბურთში) და 10 ITF Futures-ის (მესამე დონის ტურნირები) ერთეულთა თანრიგში. 2018 წლის 10 სექტემბერს, ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში უმაღლეს პოზიციაზე – 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველ ჩოგბურთელს ორჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები – ჩეხი ტომაშ ბერდიხი 2016 წელს და ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2017 წელს.
გ ა ა ზ ი ა რ ე წარმატება22 შეფასება არ არის
|