საქართველო „ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძე თავისი ინიციატივით, გულწრფელად მოვიდნენ ჩვენს პარტიაში“ - ირმა ინაშვილი 2018, 1 ოქტომბერი, 14:04 ზაზა ოქუაშვილის მიერ წუხელ ლონდონიდან ჩართვისას გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი ეხმაურება. ინაშვილი ამბობს, რომ ოქუაშვილი და მისი მეუღლე პატრიოტთა ალიანსში თავისი სურვილით 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, სრულიად გულწრფელად მივიდნენ და მათაც ისინი გულწრფელად მიიღეს. . ინაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც რამდენიმე პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას. ინაშვილი ასევე დასძენს, რომ დამაჯერებლად არ ეჩვენება, ვინმეს მათი პარტიის დაფინანსება ეთხოვა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თავისივე თანაგუნდელებისთვის, ოქუაშვილისა და ჩხეიძისთვის ფინანსური დახმარება არასოდეს უთხოვიათ. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ გაოცდა, როცა შეიტყო, რომ რამდენიმე თვის წინ ოქუაშვილმა აჭარის მთავრობას საჩუქრად ახალი ავტომანქანები გადასცა. . 1. ქალბატონი ნატო ჩხეიძე და ბატონი ზაზა ოქუაშვილი ჩვენს პარტიაში მოვიდნენ თავისი ინიციატივით. მოვიდნენ 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც ბატონმა ზაზამ თავად განაცხადა, მოვიდნენ გულწრფელად და ჩვენც გულწრფელად მივიღეთ! . 2. ქალბატონი ნატო და ბატონი ზაზა, ეს არ არის ორი ადამიანი, ეს საკმაოდ დიდი გუნდია და ამ გუნდმა 2016 წლის არჩევნებისას თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი პარტიის საარჩევნო კამპანიაში. ვიღაცამ ფინანსური შემოწირულობა გაიღო, ვიღაცა საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ვიღაცა ტელეეთერით გამოდიოდა, ვიღაცა საარჩევნო პლაკატებს აკრავდა და ასე შემდეგ. . 3. ცხადია, საარჩევნო კამპანიაში უამრავი სხვა ადამიანიც მონაწილეობდა, რომელსაც არავითარი კავშირი „ომეგა ჯგუფთან“ არ ჰქონდა. სხვამაც გაიღო შემოწირულობა, სხვაც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და სხვაც არიგებდა სააგიტაციო მასალას. . 4. არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიას უამრავი აქტივობა ჰქონდა, უამრავი საპროტესტო აქცია, შიმშილობის აქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხელმოწერების შეგროვება და სხვა... პარტიის აქტივობებში, როგორც მონაწილეები, ყოველთვის მონაწილეობდნენ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, არც ქალბატონ ნატოს და არც ბატონ ზაზას, არც მათი მხრიდან რომელიმე მხარდამჭერს ფინანსური თანამონაწილეობა არ გაუღია და ბატონი ზაზაც თავად ადასტურებს ამას თავისსავე ინტერვიუში. . 5. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც პარტიას არ შეუწუხებია არც ქალბატონი ნატო და არც ბატონი ზაზა ფინანსური მხარდაჭერის არანაირი მოთხოვნით. ბატონი ზაზა აჭარაში დეპუტატია, პარტიის აჭარის ოფისში მხოლოდ ერთხელ იყო მოსული, დაინტერესდა საარენდო გადასახადის მოცულობით, ბრძანა, რომ აქვს სურვილი რაღაცა დახმარების გაწევის, შემდეგ ოფისს დაემშვიდობა და იქ აღარასდროს მისულა. არც რაიმე დახმარება გაუწევია და არც პარტიას მოუთხოვია მისგან რაიმე. ჩვენ ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ ბატონმა ზაზამ ორი ავტომობილი აჭარაში ხელისუფლების წარმომადგენლებს აჩუქა, რამაც გაგვაოცა. . 6. სიმართლე გითხრათ, არ მეჩვენება დამაჯერებლად, რომ ბიძინა ივანიშვილი (ან ვინმე სხვა) ზაზა ოქუაშვილს ესაუბრა ჩვენი პარტიის დაფინანსებაზე. არასდროს, არც როცა ქალბატონი ნატო და ბატონი ზაზა მოვიდნენ პარტიაში, არც წინასაარჩევნო პერიოდში, არც საპარლამენტო თანამშრომლობისას, კვლავ ვამბობ: არასდროს მათ ჩვენთვის მსგავსი რამ არ უთქვამთ. გაუგებარი და გასაკვირია, რა იყო აქ დასამალი, თუ ასეთი რამ მოხდა? . 7. მეტიც, თქვე დალოცვილებო, ჩვენ არასდროს მოგვითხოვია თქვენგან დაფინანსება, არასდროს არაფერი გვითხოვია და გასაოცარი არაა, რომ ჩვენ არ გთხოვთ დაფინანსებას და ვიღაცა სხვა გთხოვთ ჩვენს დაფინანსებას?! მოვითხოვ, რომ ქალბატონმა ნატომ და ბატონმა ზაზამ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ჩვენ 2 წლის მანძილზე არასდროს არ გვითხოვია მათთვის არანაირი დაფინანსება. თუმცა, რომ გვეთხოვა, რატომ იქნებოდა ეს გასაკვირი, ისინი, ხომ, ჩვენი პარტიის დეპუტატები იყვნენ?! კვლავ ვიმეორებ: ჩვენ არასდროს გვითხოვია დაფინანსება და რატომ უნდა დავიჯერო, რომ ვიღაცა სხვა ნატო ჩხეიძესა და ზაზა ოქუაშვილს სთხოვდა ჩვენს დაფინანსებას?! და თუ, დავუშვათ, ხაზს ვუსვამ, დავუშვათ, ეს ასე იყო, ჩვენ რატომ არ გვითხარით?! ორი წელია ერთ პარტიაში ვართ. მე და ქალბატონი ნატო პარლამენტში გვერდიგვერდ ვსხედვართ, ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა, პარტიის თათბირებზე ერთმანეთს ვხვდებოდით, თქვე დალოცვილებო, თუ ასეთი ამბები ხდებოდა, ჩვენ რატომ არც ერთხელ არ გვითხარით?! პარტიაში განიხილებოდა ქალბატონი ნატოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის საკითხი. ეს თავად ქალბატონ ნატოსაც სურდა. საარჩევნო პროცესის დაფინანსებაზეც ვსაუბრობდით... და ქალბატონ ნატოს თავისსავე საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსებაზე საუბრისას აინტერესებდა, - პარტია რა ფინანსურ წვლილს შეიტანდა ამ საქმეში ანუ აქ თანადაფინანსებაზე იყო საუბარი. . 8. კვლავ ვამბობ: მეც თქვენსავით მოვისმინე ინტერვიუ ზაზა ოქუაშვილთან, ამ ფაქტების შესახებ არაფერი ვიცი იმაზე მეტი, რაც თქვენთან ერთად ტელეეთერით მოვისმინე. პირდაპირ ვამბობ: მე და ჩვენს პარტიას ამ ფაქტების შესახებ დასაწყისშივე რომ გვქონოდა ინფორმაცია, ვარწმუნებ ბატონ ზაზასაც და ქალბატონ ნატოსაც, ვიმოქმედებდით და უფრო უკეთ ვიმოქმედებდით, ვიდრე ახლა ბატონი ზაზა მოქმედებს ნაცმოძრაობასთან და რუსთავი-2-თან ერთად. . 9. კიდევ ერთი რამ, რაც გამახსენდა 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით: წინასაარჩევნო პერიოდში ქალბატონმა ნატომ გვითხრა, რომ ძალოვანი სტრუქტურის რომელიღაცა მაღალჩინოსანმა დაბეჯითებით ურჩია ჩვენს პარტიასთან ურთიერთობის გაწყვეტა. ცხადია, მე შევეხმიანე ხელისუფლებას. მათ, ვისთან ერთადაც წლების მანძილზე მიტინგებზე ვიდექი და შევეხმიანე ძალიან გაბრაზებული. არავინ არაფერი იცოდა. ვფიქრობ, ვიღაცის თვითშემოქმედებასთან გვქონდა საქმე. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი გასაჯაროვდა და, როგორც ქალბატონმა ნატომ გვითხრა, თვითშემოქმედებაც შეწყდა. . 10. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონმა ზაზამაც და ქალბატონმა ნატომაც ბრწყინვალედ იციან, რომ არც ჩვენს პარტიას და არც ჩვენს გუნდს არავითარი შეხება არა აქვს იმ მოვლენებთან, რა მოვლენებზეც ბატონი ზაზა საუბრობს. მე არ ვიცი, რა არის იქ სიმართლე და რა არის იქ ტყუილი. მე ვიცი, რომ ბატონი ზაზას განცხადება იმის თაობაზე, რომ მას ჩვენი პარტიის დაფინანსებას ვინმე ავალებდა, არ უნდა იყოს სიმართლე. ვიმეორებ: ჩვენ არ ვთხოვდით მათ დაფინანსებას და სხვა რატომ მოთხოვდა? მეტსაც ვიტყვი: ერთადერთი, ვისაც აწყობს დღეს მსგავსი განცხადება, სწორედ სააკაშვილი და ნაცმოძრაობაა. თუმცაღა, ბატონი ზაზა თავისი ინტერვიუს ფინალში ღიად უცხადებს მხარდაჭერას სწორედ ნაცმოძრაობას, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან მიკვირს ბატონი ზაზასგან ჩვენი მისამართით გაკეთებული ეს განცხადება. ამ ეტაპზე სხვას არაფერს ვიტყვი. ველოდები, რომ ბატონი ზაზა და ქალბატონი ნატო საჯაროდ დაადასტურებენ, რომ არასდროს არც პარტია და არც ჩვენი გუნდი ზოგადად მათთან მიმართებაში უზნეოდ არ მოქმედებდა“. 158 შეფასება არ არის
|