x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მგლის ხალხი
image


(მგელი და მასთან დაკავშირებული საინტერესო, ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჩეჩნეთში.)


როგორც ცნობილია ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან ყველაზე საპატიო ადგილი ვაინახებში მგელს უკავია.

კავკასიური ომების ისტორიკოსი ვ. ა. პოტტო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წერდა: "ვიღაცამ სწორად აღნიშნა, რომ ჩეჩენის ტიპში, მის მორალურ სახეში არის რაღაც, რაც მგელს მოგვაგონებს. ლომი და არწივი გამოხატავენ ძალას, ისინი სუსტებს ესხმიან თავს, ხოლო მგელი მასზე ბევრად ძლიერის წინააღმდეგაც მიდის, ანაცვალებს ყველაფერს - უსაზღვრო თავხედობით, სიმამაცით და მოხერხებულობით. ხოლო თუ გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, მაშინ კვდება ჩუმად, გამოხატავს რა არც შიშს, არც ტკივილს და არც კვნესას".



სხვა ავტორებიც წერდნენ მგლისადმი ვაინახების დამოკიდებულების შესახებ და აღნიშნავდნენ, რომ სავარაუდოდ მგელი ტოტემური ცხოველი იყო. ვაინახების უძველესი საბრძოლო სიმღერა, რომელიც 90-იან წლებში იჩქერიის ჰიმნად იქცა, იწყება სიტყვებით: "იმ ღამეს ვიშვით როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი". ზოგიერთი ჩეჩენი პუბლიცისტი ამ სიმღერის ტექსტს შეცდომით მიაწერს მწერალ აბუზარ აიდამიროვს. თუმცა, იგი თავის რომანში "გრძელი ღამეები" აღნიშნავდა, რომ ეს სიტყვები ძველი ვაინახური საბრძოლო სიმღერიდანაა აღებული. ამ სიმღერის ტექსტი შეგვიძლია მრავალ ჩეჩნურ ფოლკლორსა თუ ეპოსებშიც ვნახოთ. მასში ნახსენებია "ქხაჰფა ელიი" ("Кхахпа Элий") - "გამყიდველი თავადები", როგორც თავდამსხმის ობიექტი, რაც საშუალებას გვაძლევს იგი დავათარიღოთ XVII-XVIII საუკუნეებით, როდესაც ჩეჩნებმა განდევნეს მოსული თავადები, რომლებიც მოსამართლე-არბიტრების როლს თამაშობდნენ, ანუ გააკეთეს ის, რაც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, როგორც "ანტიფეოდალური რევოლუცია", "თეიფური რესპუბლიკის დამყარება".


"მგლის ატრიბუტიკა" ჩეჩნურ ფოლკლორსა თუ ეპოსში შემთხვევით მოხვედრილი არ არის. მას ღრმა კულტურულ-ისტორიული ტრადიცია გააჩნია. ამაზე კერძოდ მეტყველებს ისიც, რომ ჩეჩნურ ენაში არის ერთი უცნაური სიტყვა "ბერზლოი" ("Берзлой"), რაც ჩვეულებრივ სხვა ენებზე ითარგმნება როგორც "მგლები". მაგრამ, აქ ჩნდება ერთი გამოცანა. საქმე იმაშია, რომ ბუნებაში არ არსებობს არცერთი სხვა ცხოველი, მგლის გარდა, რომლის სახელწოდებისთვისაც ჩეჩნებს დაემატებინათ სუფიქსად ქცეული უძველესი სიტყვა "ლოი" ("Лой"), რაც სიტყვასიტყვით აღნიშნავს "ხალხს". აუცილებლად აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი გარემოება: ეპითეტით "ბერზლოი, " ჩეჩნები როგორც წესი აღნიშნავენ ადამიანებს, მებრძოლებს, რომლებმაც უმაღლესი სამხედრო სიმამაცე გამოიჩინეს.


image


თავად სუფიქსი "ლოი" საკმაოდ ხშირად გხვდება ჩეჩნურ ენაში იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნავენ პროფესიას ან ადამიანურ ნიშანს. მოვიყვანოთ მაგალითები: "ტემლოი" ("Тlемлой") ჩეჩნ. ნიშნავს "მებრძოლები", ხოლო სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ომის ხალხი", "ტომ" ("Тlом") - ომი, "ლოი" ("Лой") ხალხი; ჩეჩნეთში არის ასეთი თეიფები (გვაროვნული კავშირი): "ბ'ავლოი" ("Бlвлой") - "კოშკების ხალხი" ("Бlав" - კოშკი); "ტერლოი" ("Тlерлой") - "მაღლობის ხალხი" ("Тlер" - "მაღლობიდან", "ზემოდან"); "არსელოი" ("Арселой") - "მთის ხალხი" ("Арц" - ტყიანი მთა) და ა.შ. სომხებს ჩეჩნები ეძახიან "ერმლოი" ("Эрмлой"), თათრებს "ღეზლოი" ("Гlзлой"), სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია ხაზარებთან ან ყაზანთან, ამასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ასეთი მაგალითები მრავალადაა.


გამოცანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მდგომარეობს იმაში, რომ სიტყვა "ხალხი" ("ლოი") გხვდება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებთან - მგლებთან. უფრო მეტიც, ამ სიტყვის გარეშე, რომელიც დროთა განმავლობაში სუფიქსად იქცა, მგლების სახელწოდება მრავლობით რიცხვში პრაქტიკულად არ გამოიყენება. ჩეჩნური ენის ნორმებიდან გამომდინარე, სიტყვა "მგლები" ასე უნდა ჟღერდეს "ბერზაშ" ("Берзаш"), თუმცა იგი ჟღერს როგორც"ბერზ ლოი" ("Берз Лой") - სიტყვასიტყვით "მგლის ხალხი". რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ გვაძლევს საინტერესო ისტორული და ეთნოგრაფიული პარალელები, რომლებსაც საუკუნეების სიღრმეში მივყავართ. საქმე იმაშია, რომ პროფესიონალი მებრძოლების კლანები, რომლებსაც "მგლის ხალხებს" ეძახდნენ, უძველესი დროიდან ძალიან ბევრ ხალხს გააჩნდა, მაგრამ ცოცხალ ენაში, აქტიური მოხმარების თუ გამოხატვის სახით მხოლოდ ჩეჩნეთში შემორჩა.


მგლის სიმბოლიკა ძველ კულტურებში.


მოკლედ გადმოვცეთ, თუ რომელ ძველ კულტურებში იყო მიღებული მგლის სახე. ხეთების სამეფოში (ძვ.წ.აღ.მდე ll ათასწლეული) მგელი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და საკუთარ თავში საკრალურ თვისებებსაც აერთიანებდა. მგელი და მგლის ხროვა ითვლებოდა ერთიანობის, სიმამაცისა და სიბრძნის მაგალითად. გარდა ამისა, ხეთები თვლიდნენ, რომ მგელს წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. მეფე ხათუსი (ძვ.წ.აღ.მდე. XVll ს.) შეკრებილებს მოუწოდებს: "იყვნენ ერთიანი, როგორც მგლების მოდგმა". მგლის ნიღბის მატარებელი მებრძოლები ხეთებში განსაკუთრებულ კატეგორიად გამოირჩეოდნენ. გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ხეთურ კუნიფორმაში ამ კატეგორიის მებრძოლთა განმსაზღვრელად გამოიყენებოდა BAR RA და LU (LO), რომელსაც შუმერული წარმოშობა გააჩნია. თუ ლურსმულ ნიშნებს ანბანურ გრაფიკაში გადავიტანთ, ამ სიტყვათა ერთობა ჟღერს ჩეჩნური "ბერზლოის" მსგავსად, მითუმეტეს, რომ LU (LO), როგორც ჩეჩნურში აქაც აღნიშნავს "ადამიანს".


image

ადამიანზე, რომელმაც განსაკუთრებული თვისებები გამოავლინა, ხალხის მასაში განსაკუთრებული საქციელით გამოიჩინა თავი, ამბობდნენ: "ის გარდაიქმნა მგლად". ძველ ინდოეთში მსგავს სიტუაციებში ამბობდნენ: "ის არის მგელი". ჩეჩნები კი ასეთ შემთხვევაში მაშინვე ამბობენ: "И кlант цхьа борз ю" ("ეს ბიჭი ნამდვილი მგელია"). უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩეჩნების შექების ეს ეპითეტი ყოველთვის არ არის დაკავშირებული ბრძოლაში გამოჩენილ გმირობასთან, თუმცა ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა მგელს (Борз) ან მგლებს (Берзлой) ჩეჩნებში სწორედ ამ შემთხვევაში იყენებენ. კიდევ ის უნდა ავღნიშნოთ, რომ მგელთან გამოიყენება ქალის სქესის აღმნიშვნელი ზმნისზედა "იუ" ("Йу") - ეს ერთადერთი შემთხვევაა ჩეჩნურ ტრადიციაში, როდესაც კაცის მიერ ეს არ აღიქმება როგორც ღირსების შეურაცმყოფა. ყველა სხვა შემთხვევაში კაცთან მიმართებაში ყოველთვის გამოიყენება კლასობრივი მაჩვენებელი "ვუ" ("Ву").


ცნობილი აქილევსი - ელინთა მისაბაძი მებრძოლს, ჰომეროსის სიტყვებით "მგლის გული" გააჩნდა, ანუ აღიქმებოდა, როგორც მებრძოლი-მგელი. ძველ საბერძნეთში ახალგაზრდა მებრძოლზე, რომელმაც ბრძოლაში პირველად მოკლა მტერი ამბობდნენ: "ის მგელი გახდა". ეს ზუსტად ემთხვევა ძველგერმანულ ტრადიციას, როდესაც მებრძოლს, რომელმაც პირველად მოკლა მტერი, ამბობდნენ: "ამიერიდან მას მგელი ერქმევა". საერთოდ, ძველ გერმანელებში ყველაზე მამაცი მეომრები იწოდებოდნენ როგორც "მგლის ხალხი", მგლის ტყავისგან დამზადებულ სამოსს ატარებდნენ და მათ ჰქონდათ საომარი "მგლის ცეკვა" შეტაკებამდე საბრძოლო სულისკევეთების ასამაღლებლად. ძველ რომში მგელი ომის ღმერთის, მარსის სიმბოლო ითვლებოდა და მიაჩნდათ, რომ ბრძოლამდე მგლის გამოჩენა გამარჯვების მომასწავებელი იყო. გამორჩეული რომაელი მებრძოლი პრეტორიანული გვარდიიდან "საუკეთესოთა შორის საუკეთესოები" მუზარადზე მგლის თავისგან გაკეთებულ კაპიუშონებს ატარებდნენ და ხშირად იფარავდნენ ზურგსა და მხრებს მგლის ტყავით.


მგელი, როგორც სიმამაცის განსახიერება თითქმის ყველგან გხვდება. ძველ ბალტიისპირელებში საუკეთესო მებრძოლებს "მგლის მსახურებს" უწოდებდნენ. ძველ სლავებში მგელს იმდენად სცემდნენ პატივს, რომ მისი სახელის წარმოთქმა ტაბუდადებული იყო და მას ანაცვლებდნენ სიტყვით "სასტიკი". ერთადერთი სლავური ტომი - ლუტიჩები "მგლის შვილებად" ითვლებოდნენ და ბრძოლაში დაუცხრომლობით გამოირჩეოდნენ. საერთოდ, ძველ სამყაროში იყო მრავალი ხალხი და ტომი, რომლის დასახელება მგელს აღნიშნავდა. ასეთია ტომი: ლუკანი (Lukani) იტალიაში, დაკები ბალკანეთში, ორკები ფრიგიაში, ურგები - ერთ ერთი სარმატული ტომი კავკასიაში და ა.შ.


0
501
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0