x
image
მანჩო 777
რატომ არ მიყვარს კრაზანები ანუ ჩამწარებული ზაფხული
ზაფხულის ცხელი, უსაშველოდ დახუთული დღის შემდეგ საღამოს გრილი ნიავი მესიამოვნა. ლეღვის ხის ჩრდილში მდგარ საქანელაში მოხერხებულად მოვკალათდი, გვერდით ყავა მოვიდგი, ნოუთბუკი ჩავრთე და ის-ის იყო, ჩემ საყვარელ საქმიანობას-მორიგი სტატიის წერას უნდა შევდგომოდი, რომ უცებ არასასიამოვნო ბზუილი მომესმა.... ცოტა ხანიც და ცხვირწინ შავ-ყვითელი შეფერილობის ბზიკმა დამიწყო ტრიალი. რადგან დავრწმუნდი, რომ ჩვეულებროვი ბზიკი იყო და არა გიგანტური ზომის კრაზანა (აი ისეთი, საშინელებათა ფილმებში რომაა), ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და ჩემი საქმე გამეგრძელებინა, მაგრამ აბეზარი მწერი მეტად ჯიუტი აღმოჩნდა -კვლავ გააგრძელა წრიულად ტრიალი და მომაბეზრებელი ბზუილი, თან აშკარად ჩემი ყავის ფინჯნისკენ აიღო გეზი.

ამჯერად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვამჯობინე: "-ეს ჩემი ყავაა", - წყნარად ვუთხარი და ვეცადე ხელის მსუბუქი მოძრაობით მომეშორებინა აბეზარი მწერი (მწარე გამოცდილებით ვიცოდი, რომ ზედმეტად აქტიური მოძრაობა კრაზანას აღიზიანებს და ამ დროს შესაძლებელია თავს დაგესხას), მაგრამ გულიგამაწვრილებლად მოზუზუნე ბზიკმა ჩემი სიტყვები აინუნშიც არ ჩააგდო: ან მასაც ძალიან სწყუროდა მცხუნვარე დღის შემდეგ, ან ჩემი მოთმინების გამოცდას ცდილობდა. ყავის ფინჯანი ხელში ავიღე და ის-ის იყო, მოსმას ვაპირებდი, რომ დაუპატიჟებელმა სტუმარმა კიდევ ერთი წრე გააკეთა და პირდაპირ ცხელ ყავაში გაადინა ტყაპანი.

გაბრაზებულმა ყავა ბალახზე გადავღვარე და ნიშნის მოგებით ვუყურებდი, როგორ ფართხალებდა ჩემი დამყაჩაღებელი ბალახებში; თუმცა, როგორც ჩანს, ყავა მისთის ცხელი სულაც არ იყო. ორიოდე წუთის შემდეგ ფრთები შეიფერთხა და ჰაერში აფრინდა ახალი მსხვერპლის საძებნელად.



image




წერის ხალისი უკვე დამეკარგა, ყავის ხელახლა ადუღებაც დამეზარა, თვალები დავხუჭე და ფიქრებს მივეცი, თუმცა ჩემი ფიქრები რამე აღმატებულსა და რომანტიკულს სულაც არ ეხებოდა-მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: ნეტავი რატომ შექმნა ღმერთმა ეს საზიზღარი არსებები, რომლებმაც მთელი ზაფხული კოშმარად მიქციეს?

კრაზანები ყოველთვის მრავლად იყვნენ ჩვენს სოფელში, მაგრამ წელს განსაკუთრებით რეკორდული რაოდენობით და საოცრად დიდი ზომებით გამოირჩეოდნენ - ზოგიერთი იმდენად ბუმბერაზი იყო, რომ ჩიტის ბარტყის ზომასაც კი აღწევდა. ყველაზე საშინელი კი იყო ის მომენტი, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბუდე სახლის სხვენზე დაედოთ. ამას ყრუ გუგუნით მივხვდით, რომელიც სამსართულიანი სახლის პირველ სართულამდეც კი აღწევდა.

კრაზანებთან ასე ახლოს ცხოვრება ნამდვილად აუტანელი იყო. ისინი გამუდმებით ჩვენს ახლოს ტრიალებდნენ, სახლში მოფრინავდნენ, საღამოთი კი ან შუქი არ უნდა აგვენთო, ან ფანჯრები მჭიდროდ უნდა დაგვეხურა, რადგან სინათლე ანდამატივით იზიდავდა მათ და გუნდებად მიფრინავდნენ მისკენ. განსაკუთრებით ტკბილი იზიდავდათ: მაგიდაზე წამითაც ვერ დატოვებდი შაქარს, ნამცხვარს, მურაბას ან სხვა ტკბილეულს (თუცა არც ხორცეულზე ამბობდნენ უარს). სიმწირისაგან ვიცინოდით კიდეც: ნეტავ დიაბეტი როგორ არ უჩნდებათ-თქო?

ეზოში თეთრი ლეღვის ხე გვიდგას. დამწიფებაც კი არ აცალეს ლეღვებს: ნაყოფის შიგნით ძვრებოდნენ და ისე წუწნიდნენ მთელ რბილობს, რომ მხოლოდ კანიღა რჩებოდა. შიშით ლეღვს ვერ ვეკარებოდით მოსაკრეფად და კრაზანებმა მთლიანად მოახდინეს მისი ექსპროპრიაცია.

ჩვენი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როცა ვნახეთ, თუ როგორ უდარაჯდებოდნენ ეს მავნე მწერები ფუტკრებს სკების სიახლოვეს, როგორ იჭერდნენ და ჭამდნენ. ინტერნეტში მოვძებნე ამის შესახებ ცნობები და წავიკითხე, რომ კრაზანა - ძალიან მავნებელია საფუტკრეში. ის კლავს ფუტკარს, იწოვს ფუტკრიდან ნექტარს, ხოლო მკვდარი ფუტკარი მიჰყავს ბუდეში და კვებავს მომავალ თაობას, ანუ ბარტყს. ერთხელაც მამაკაცებმა მეფუტკრის სპეც-ტანსაცმელი ჩაიცვეს, პირბადეები გაიკეთეს და მთლიანად ამოწვეს კრაზანების ბუდე. აი, ასეთი უცნაური ბუდე ჰქონიათ ამ შხამიან მწერებს.



image
image


მიუხედავად უკიდურესი სიფრთხილისა, ამ ზაფხულს მაინც ვერ ავცდი ბზიკის ნესტარს. საირმეში ასულებს დაგვხდა ჟანგბადით გაჯერებული საოცრად სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება, ღვთაებრივი სიგრილე და.... უამრავი ბზიკი. მოგეხსენებათ, საირმეში და მის მიმდებარე სოფლებში ფართოდაა გავრცელებული მეფუტკრეობა და ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება თაფლი, შესაბამისად, ბზიკებიც ბლომადაა. ისინი ყველგან იყვნენ: ნაგვის ურნებთან, წყლის ბიურეტებთან, ღია კაფეებში... ერთ-ერთ ასეთ ღია კაფესთან სკამზე ჩამოვჯექი და ცხელი ხაჭაპურის მოლოდინში იმ დღეს გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდი, როცა კისრის არეში მწარე ტკივილი ვიგრძენი და იმწამსვე ბზუილიც გავიგონე. " მაინც ვერ გადავურჩი", - გავიფიქრე გამწარებულმა (კიდევ კარგი, ჩანთაში სულ მიდევს ალერგიის წამალი). მოკლედ, ამ საძაგელმა მწერებმა ხაჭაპურიც დამავიწყეს და ულამაზეს კურორტზე გასეირნებაც ჩამამწარეს.



image



თუმცა ყველაზე ცუდი მოგონება ამ აბეზარი მწერებისაგან ბავშვობიდან შემომრჩა: მაშინ ალბათ 4-5 წლის ვიქნებოდი. დედულეთში ვიყავით სტუმრად ჩასული. ეზოში მსხლის ხე იდგა და მის ძირში მწიფე გულაბები მოფენილიყო. ყველაზე ყვითელი და დიდ მსხალი ავიღე და გემრიელად ჩავკბიჩე, თუმცა იწასვე ისეთი ტკივილი ვიგრძენი ლოყაზე, რომ სულ დამავიწყდა მსხალი და აღრიალებული გავიქეცი დედასთან. თურმე მსხლის შიგნით ბზიკი ყოფილა შემძვრალი და მისმა ნესტარმა გამამწარა ასე.... ტკივილისაგან შეწუხებული ძლივს დამაწყნარეს, თუმცა ლოყა კიდევ ორი დღე მქონდა გასიებული და იმ დღის შემდეგ სამუდამოდ შემძულდა არამარტო ბზიკები, არამედ მსხალიც.

პ.ს. როცა ამ სტატიას ვწერდი, ახლობელი იყო სტუმრად მოსული, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს და მიყვებოდა, თუ როგორ გაწამებული არიან ფაროსნებისაგან, რომლებმაც მთელი თხილის მოსავალი გაუნადგურეს ( ფაროსნები უკვე ცალკე სტატიის თემაა). კარგა ხანს ვუსმინე და ბოლოს ესღა ვუთხარი: "კიდევ კარგი, ეგ ფაროსნები კრაზანებივით არ იკბინებიან".

7
252
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
252
  
2018, 26 სექტემბერი, 22:52
მაგათ ყავა ძალიან უყვართ,როგორც ჩანს...ჩემზე მეტადაც კი :დდ
2018, 26 სექტემბერი, 18:27
მანჩო ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე, მეც ჩამიხტა ყავაში შარშანწინ.
2018, 26 სექტემბერი, 13:23
შეატყობინეთ ხომ? აქაც მომძებნა-საკონდიტროში შემიმივარდა ამ დილით :)
2018, 26 სექტემბერი, 11:01
ჯერ გაიგოს მაგ ბზიკმა ეს სტატია რომ დაწერე, სულ გააფთრდება:)))
2018, 26 სექტემბერი, 10:49
ისეთს არაფერს...უბრალოდ იმაზე მინდოდა დაწერა, როგორ იოლად ვკარგავთ ადამიანები ძველ მეგობრებს და ასევე იოლად ვტკენთ გულს ერთმანეთს...თუმცა ბზიკმა გადამაფიქრებინა :)
2018, 26 სექტემბერი, 10:01
გადასარევი სტატიაა, ბოლო ფრაზა კი დამაფიქრებელი(
2018, 26 სექტემბერი, 9:51
აუ რა კარგია მანჩო:) არადა რა სტატიას წერდი ნეტა, იმ საზიზღარმა რომ გადაგაფიქრებინა:))
0 1 7