x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მან ტანზე ბენზინი გადაისხა და კატეგორიულად მოითხოვდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას
image

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა.


რამდენიმე დღეში სატვირთო მანქანებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა მესამედ გადავადდა. პირველად 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე, გგუშინწინ 2019 წლის პირველ იანვრამდე, გუშინ კი 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე.


ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც აქციის მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი შენობის სახურავზე იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. მან ტანზე ბენზინი გადაისხა, კატეგორიულად მოითხოვდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს. მამაკაცი მაშველებმა სახურავიდან სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს.



თავდაპირველად ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდეგ ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები რამდენიმე დღის განმავლობაში ლილოში, განვითარების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა გეზ-თან გზაც გადაკეტეს.


4-დღიანი ბრძოლის შემდეგ მძღოლებმა თავისი გაიტანეს. აქციაზე ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 1 წლით გადაიწევს შეზღუდვის ამოქმედების ვადა, თუმცა თავიდან მძღოლები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ 2020 წლამდე გადავადდებულიყო ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების დრო, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებოდათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებდნენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას.


საბოლოოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა, რაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აქციის ერთ-ერთ მონაწილე ჯანო ამყოლაძესთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.


"გავითვალისწინეთ ჯანო ამყოლაძის ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და სახურავიდან ჩამოვიდა. პარალელურად გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ აკრძალვის ამოქმედება. შემდეგ შეზღუდვა იქნება სეზონური თუ სხვა ტიპის, ამ ყველაფერს მძღოლებთან ერთად გავივლით. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რათა სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მაჭავარიანმა.


ამყოლაძემ კი, რომელიც გეზ-თან თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მძღოლებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.


"ოთხი დღეა, აქ ვდგავარ და იმას მივაღწიეთ, რომ ადგილზე დავბრუნდებით. ვიმუშავებთ იმდენ ხანს, სანამ შეგვეძლება. დავუბრუნდეთ ადგილებს და პირობას გაძლევთ, თუ რამე შეიცვალა, ისევ იქ ავალ, სადაც დღეს ვიყავი", - განაცხადა ჯანო ამყოლაძემ.


აკრძალვა, რომელსაც კერძო სექტორი, ხორბლის იმპორტიორები, კვერცხის, პურისა და ხორცის მწარმოებლები ეწინააღმდეგებოდნენ და ამ მოთხოვნით მინისტრთან უშედეგო შეხვედრასაც მართავდნენ, როგორც ჩანს, ერთი ადამიანის პროტესტის უკიდურესმა ფორმამ შეცვალა. 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ჭვავისა და ხორბლის იმპორტი ავტომობილებით კვლავ შესაძლებელი იქნება.image

1
75
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
75
  
2018, 25 სექტემბერი, 23:13
ეს ჩვეულებრივი შანტაჟია, მაგრამ ეს ხალხი ადრე უნდა გაეფრთხილებინათ და მომზადებული შეხვდებოდნენ აკრძალვას.
0 1 1