პროზა ბესო ჩუბინიძის რომანი - „მამის ლოცვა“ 2018, 19 სექტემბერი, 0:33 - ხომ ხარ ჩემი პატარა ანგელოზი? - (დუმილი) - ნინ... - კარგი ახლა რა... - მიპასუხე, მომატყუე მაინც ჰო-თქო…- ოჰ, მე რომ ტყუილები არ მიყვარს სოსო? - იცი, როგორ მიხარია სახელით, რომ მომმართავ ხოლმე? - სოსო ხარ და აბა ნოდარის ხო არ დაგიძახებ, ვა? სოსო მზისგან გარუჯულ ხელს ხელზე კიდებს ნინის და ცდილობს მოეფეროს, თითქოს ისე, უბრალოდ შემთხვევით მოუხვდა გოგონას თბილ ხელზე თავისი ბრგე, მამაკაცური ხელის მტევანი, მაგრამ მაშინვე გრძნობს, რომ ნინის მაინცდამაინც არ სიამოვნებს ეს შეხება - რა ცხელი ხელი გაქვს რა... - მერე, ცუდია? - არ მიყვარს ხომ იცი ეს ხელის მოკიდება და ხელის გადახვევა ... სოსო ფეხზე წამოდგა, ფართო მხრები იალქნებივით გაშალა, ხელები კეფაზე შემოიდო და ისე გაიჭიმა, გეგონება ვარჯიშობსო, მთის კიდეს მიუახლოვდა და არწივის თვალით გადაავლო მზერა მცხეთის ჯვრის ახლო მთიდან დანახულ თბილისს, მერე რაღაცნაირად ამოიოხრა და მთის კიდესთან ჩამომჯდარ პატარა გოგონას მამობრივი, მზრუნველი თვალით გადახედა, გაუღიმა და ამოიოხრა. ახოვანი, მაღალი, ნავარჯიშევი სხეულით, ორომგამომვლილი 40 წლის ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო სოსო, ქალბატონებში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, არც მათი ყურადღება აკლდა არასოდეს და არც მათგან გათამამება, მაგრამ ყოველთვის დისტანციას იჭერდა ქალებთან ურთიერთობაში, მეუღლის გარდაცვალების მერე ვეღარავინ ცნობდა, ერთდროს მხიარული, ენაწყლიანი ვაჟკაცი, ბოლო 5 წელი აბსოლუტურად შეცვლილიყო, არც თავის მოვლა აინტერესებდა, არც ჩაცმა-დახურვა და არც კომფორტი, 22 წლის, სანამ შესრულდა შვილი დედის სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ევროპაში, კონკრეტულად კი, საფრანგეთში გაუშვა, იქ დააბინავა, ქართველი ძმაკაცების დახმარებით სამსახურშიც მოაწყო და როცა შვილი მყარად დაიგულა, მხოლოდ მაშინ გამოვიდა ხალხში, - თუმცა ძველ მეგობრესაც კი არ შეხმიანებია, ისე დადიოდა ქუჩაში, თავისთვის, მარტო, ხალხს ათვალიერებდა, უყურებდა მათ სახეებს, აკვირდებოდა მათ მოძრაობებს, მიმიკებს და თითქოს ცდილობდა რაღაც ისეთი ამოცანა ამოეხსნა, რასაც თავადაც კი არ იცის რა ერქვა. მეუღლის საფლავზე თითქმის ყოველმეორე დღეს ადიოდა, იქვე, მინდორში კრეფდა ყვავილებს და საფლავის ქვასთან, უკვე გადახუნებულ ვაზაში ალაგებდა, როცა მინდორში აღარც ყვავილები იყო და საფლავებსაც თოვლი ფარავდა ხოლმე, მაშინ შოკოლადები მიჰქონდა, ქვაზე ჩამოჯდებოდა, საათობით უყურებდა გარდაცვლილი მეუღლის ფოტოს, რომელიც წლების წინ, ბედნიერების ხანაში თავადვე გადაუღო, უყურებდა და ჩუმად უყვებოდა ხოლმე ამბებს, ამბებს ქვეყნისას, შვილისას... აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დათრგუნული, უკარება და უჟმური გახდა, თვრამეტიოდე წლის იქნებოდა მოხალისედ, რომ წავიდა კასპის ბატალიონში და სოხუმის დაცემამდე წინა ხაზზე იბრძოდა, „მალიშას“ ეძახდნენ, რადგან ბატალიონში ყველაზე პატარა იყო ასაკით, თუმცა ყველაზე ფიცხი და ყველაზე ერთგული, ყველაზე პატრიოტი და ძალიან შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, - ომში, რომ იპარებოდა, იცოდა მშობლები ძალიან ინერვიულებდნენ, ამიტომ კვირაში ერთხელ სოხუმში „დომ მოდის“ პირველ სართულზე შედიოდა ხოლმე, იქ ერთი აფხაზი ლამაზი გოგონა, ლენა ეგულებოდა, რომელიც ტელეფონით თბილისში არეკინებდა სოსოს და სანამ კავშირი არ გაწყდა დედაქალაქთან, იქამდე ასე აწყნარებდა 18 წლის დედისერთა სოსო საკუთარ მშობლებს, ერთი პერიოდი ლენაც უყვარდა, მაგრამ მერე, ისიც მოულოდნელად გაქრა სოხუმიდან, მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ გაიგო სოსომ, რომ ლენა მშობლებს კრასნოდარში წაუყვანიათ სამუდამოდ... * * * სოსოს პლეხანოვზე სეირნობა უყვარდა ყოველთვის, „გორკის კლუბში“ ჯდომა და ახალგაზრდებზე შორიდან დაკვირვება, ხშირად მოსწონდა ხოლმე ისინი, უფრო ხშირად - არა, მაგრამ არასოდეს არც კი ცდილობდა, რომ დაკონტაქტებოდა ვინმეს, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც შვილი ევროპაში გაუშვა საცხოვრებლად, ამ დეფიციტის შევსებას არც არაფრით და არც არასოდეს არავისით ცდილა, უბრალოდ იჯდა და უყურებდა, თითქოს მათი ცქერით გაყავდა დრო. * * * - რას იპრანჭები გოგო ვერ გავიგე, რა პრობლემაა მომეცი ნომერი, რა თავს იფასებ? - თავი გამანებე რა, ვინა ხარ? - შენი მომავალი ვარ ლამაზო და გამეცანი არ შეიძლება? მაგარი გოგო ხარ და მომინდა, რომ გაგიცნო, რა - ტეხავს? არ შეიძლება? - არ შეიძლება, შემეშვი, ვერ ხედავ ჩემთის ვზივარ და წიგნს ვკითხულობ?! - რას იპრანჭები და რა თავს იფასებ შე ჩემა, რა იყო შეყვარებული გყავს და გაგიბრაზდება სხვას, რომ გაიცნობ? - (დუმილი) - ამოიღე ხმა და მოიხედე აქეთ გოგო, რომ გელაპარაკები არ გესმის? - ხელს ნუ მიჭერ თორემ პრობლემები შეგექმნება, გაიგე?! - არავინ შეაშინო, რა იყო შენი შეყვარებული იგვიანებს, თუ აღარ მოდის? მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ნინის დეიდა მფარველობდა, 15 წლის იყო თბილისი ავტოკატასტროფაში დაღუპული მშობლების და მათი ერთადერთი გადარჩენილი შვილის შესახებ ამბავმა, რომ შეძრა. სანაპიროზე დიდი სიჩქარით მოძრავი თურქული ტრაილერი, მთელი სიმძლავრით დაეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალ BMW-ს, რომელშიც ნინი და მისი მშობლები ისხდნენ, მამა ადგილზე დაიღუპა, დედა - სამი დღის შემდეგ, უკანა სავარძელზე მჯდომ ნინის ნაკაწრიც კი არ ჰქონია, მაგრამ შოკიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ გამოვიდა, არც მშობლების დაკრძალვა ახსოვდა და არც არაფერი, რაც მის თავს ხდებოდა ამ პერიოდში, - ორი თვის შემდეგ, ისევ დეიდას დახმარებით დაუბრუნდა ცხოვრებას, ნელ-ნელა დაიწყო და აღადგინა ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, თუმცა ერთდროს მხიარული, თავნება თინეიჯერი, სრულად შეცვლილი და მოვლენებიდან გამორთული იყო, არაფერი უხაროდა, არაფერი ახალისებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე დადიოდნენ მასთან დაქალები, ფსიქოლოგიურმა ტრამვამ ნინის კვალი მაინც დაამჩნია - დიდხანს ვერ ჩერდებოდა ხოლმე ვერავისთან ვერც სასაუბროდ, ვერც სამხიარულოდ, კინოდანაც კი, ფილმის დამთავრებას არ ელოდებოდა, ისე გამოდიოდა და ასე გაგრძელდა მთელი ერთი წელი. ამ ხნის შემდეგ მშობლების საფლავზე ასულმა, პირობა დადო მათ წინაშე, რომ ისევ ის მხიარული ნინიკელა იქნებოდა, როგორიც დედიკოს და მამიკოს მოსწონდათ სიცოცხლეში თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდათ მშობლებს და რომლის ერთადერთი მფარველები თავად იყვნენ. ნინიმ მშობლების საფლავზე დადებული პირობის შესრულება დაიწყო და საზოგადაოებასაც ნელ-ნელა, თუმცა უხალისოდ უბრუნდებოდა. ლამაზი, მაღალი, მშვენიერი გოგონა დადგა მისგან, ბიჭების მზერას ყოველთვის იპყრობდა ხოლმე, ერთი პერიოდი შეყვარებულიც ყავდა, მაგრამ პლატონურ სიყვარულს არ გასცილებია მათი ურთიერთობა, მერე მეორე ბიჭიც უყვარდა, მოკლედ ისე როგორც ნებისმიერ თინეიჯერ გოგონას, თავში ვერ დაელაგებინა რა სურდა მამაკაცისგან, რა სურდა შეყვარებულისგან და ხშირად ამბობდა - მე რომ სიყვარული მეგონა, გატაცება ყოფილაო, - ერთხელ გათხოვებასაც კი ფიქრობდა, მაგრამ რაღაც მომენტში უცებ გადაიფიქრა და „გადავრჩი მგონი გაუბედურებასო“ ამბობდა, რადგან როგორც მერე აღმოჩნდა ე.წ. საქმრო ერთი ჩვეულებრივი მამიკოს ბიჭი გამოდგა, რომელსაც საკუთარი თავით აზროვნებაც კი ეზარებოდა, არათუ შრომა და საკუთარი ხელით რაიმე ღირებულის შექმნა. ნინის ძალიან უყვარდა სეირნობა, პლეხანოვზე მოსწონდა ხოლმე, როგორც თვითონ ამბობდა - ბოდიალი, მაღაზიებში შედიოდა, შეეძლო უსასრულოდ ეთვალიერებინა იქაურობა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ გამზრდელი დეიდა ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ ნინის შეძლებისდაგვარად არაფერი დაკლებოდა, ცდილობდა უხერხულად არასოდეს ეგრძნო თავი არავისთან, არაფრის გამო, ფულსაც აძლევდა, ვიდრე იმ დრომდე, სანამ ნინიმ თავად არ დაიწყო მუშაობა ერთ პატარა ბარში მიმტანად და სანამ საკუთარი ფული არ გაუჩნდა. სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, საღამოს ხშირად სეირნობდა „გორკის ბაღში“, უყვარდა მარტო სკამზე ჩამოჯდომა და თავის ფიქრებთან ერთად განმარტოება, ხშირად წიგნს კითხულობდა და ასე გაყავდა დრო * * * - ბიჭებო, ხომ გასაგებად გითხრათ გოგონამ, რომ შემეშვითო? თანაც ეს მკლავზე მოჭერა და ძალით მოტრიალება რა ვაჟკაცის საქმეა? - შენ ვინ გეკითხება ბიძაჩემო, რას ერევი? შენი ვინმეა ეს გოგო? - (გაეღიმა) არა, ჩემი არავინ არაა, მაგრამ თქვენ ვხედავ, რომ ცუდად იქცევით, მეც თქვენი ტოლი ბიჭი მყავს და არ მომეწონებოდა, რომ ეგრე მოქცეოდა ქუჩაში გოგონას. - ხოდა შენს შვილს მიხედე ბიძაჩემო, ჩვენ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. - ვერა, რასაც გინდათ იმას ვერ გააკეთებთ, მითუმეტეს ასე უხეშად ვერ დაელაპარაკებით გოგონას! სულ არა გაქვთ ქალის პატივისცემა? - ვაა, შენ რა იყო ბიძაჩემო, შენც დაგევასა ეს გოგოო? შენთვის ხო არ გინდა? ბებერი ხარ მაგ გოგოსთვის უკვე... * * * - დიდი მადლობა, რომ სახლამდე მომაცილეთ, ძალიან კი, შეგაწუხეთ.... - არა რას ამბობ, რა შეწუხებაა, ჩემი აჩოს ტოლი ხარ და არ მომეწონებოდა მას რომ ასეთი რამე გაეკეთებინა გოგონასთვის, ქუჩაში მითუმეტეს და მათსავით არაკაცურად მოქცეულიყო. - არამგონია თქვენისთანა ჯელტმენის შვილი, იმათნაირი იყოს, - გაეღიმა ნინის - ჰო, ჩემი აჩო კარგი ბიჭია... - ისე, სამივე რატომ სცემეთ (ეღიმება) მხოლოდ ის ერთი იყო მაიმუნი, დამპალი და გაუგებარი. სოსოს თვალს არ გამოპარვია გოგონას ლამაზი ღიმილი და მეტიც, მის ღიმილზე თავადაც გაეღიმა, რაც ბოლოს როგორც ახსოვს 2008 წლის ომამდე გააკეთა, როცა აჩოს, თავის ერთადერთ შვილს „დურაკას“ ეთამაშებოდა, ის კი ცდილობდა მამა კარტის თამაშის დროს მოეტყუებინა.... * * * - იცოდე კარგად უნდა ისწავლო, ხომ იცი დედიკოს და მამიკოს როგორ გაეხარდებოდათ ჭკვიანი ნინი? - კაი რა სოსო, ნუ დამცინი, ხომ იცი რომ ვისწავლი (ეღიმება), შენ ხომ შემპირდი, რომ კარგად თუ ვისწავლი ინგლისურს და რუსულს, მერე კარგ სამსახურში დამაწყებინებ მუშაობას? - ჩემი შეპირება რად გინდა, ნუ გადამრიე გოგო მე შენ?! კარგად, რომ ისწავლი, სამსახურს იქით შემოგთავაზებენ, რადგან შენისთანა ჭკვიანი ყველა კომპანიაში გაეხარდებათ, თან შენისთანა ლამაზი და სიცოცხლით სავსე. - კაი რა სოსო, რა ოპტიმისტი ხარ, არიცი საქართველოში თუ ნაცნობი არ გყავს რთულად, რომ მიაღწევ რაიმე ღირებულს? - შენისთანა ჭკვიანი, ენერგიული და ლამაზი, სულ მომღიმარი გოგო - მიაღწევს! - და სინამდვილეში რა იციან ხო, ჩემს გულში რა ხდება? - ეგ არცაა საჭირო, რომ ყველამ იცოდეს. - აბა, შენ რატომ დაინტერესდი და რატომ, ან როგორ მოახერხე, რომ დაგენახა სინამდვილეში რა ხდებოდა ჩემი თვალების იქით? თან, შენ ხო უკვე ბებერი ხარ და... (მხიარულად გადაიკისკისა ნინიმ) - ოჰ... ოჰ... და გგონია გავბრაზდი და სუსტ წერტილში დამარტყი, ხო? გეგონოს.... 40 წლის ბებერი არვიცი მე, მოიყვანე აბა შენი 25 წლის თაყვანისმცემლები და დამიყენე გვერდით. - ჩემიიი გაბრაზებული ვინ არისო, ვინოო? ვინ მებუტებაო მეო? - სულაც არ გებუტები რა, და ნუ მთაფლავ ახლა. - წამოდი არ გინდა კრეპები ვჭამოთ? და „ლატე“ სამი შაქრით...? - კრეპები? მმმმ... მინდა. ნინიმ მხიარულად გადაიკისკისა და ერთიც გახედა სოსოს - მუცელააა... მიაძახა და სოსოს მანქანა დაქოქა, გეზი დიღმისკენ აიღო, სადაც უგემრიელეს კრეპებს აკეთებდნენ და სადაც, ხშირი სტუმრები იყვნენ ხოლმე, სამსახურის შემდეგ ორივე. * * * „გორკის კლუბში“ მომხდარი შემთხვევის შემდეგ სამი თვე იყო გასული, ზაფხულის ამ სამი თვის მანძილზე, თითქმის ყოველი დღე ერთად იყვნენ, სოსოს ისეთი სამსახური ჰქონდა, დროს თავად, რომ ანაწილებდა და ამ დროის ავან-ჩავანიც თავად იყო, თავად ალაგებდა ყოველთვის მას, ისე, როგორც მოესურვებოდა და ამიტომ არ უჭირდა ნინისთან სამსახურის შემდეგ გავლა და მისი წამოყვანა სასეირნოდ, სანამ მშობლების სახლში მიიყვანდა და დატოვებდა, სადაც ნინის გამზრდელი დეიდაც ხშირად რჩებოდა, თავი მარტო, რომ არ ეგრძნო ხოლმე და მოლაპარაკე მაინც, ჰყოლოდა ახალგაზრდა ქალბატონს, თუმცა - კვირაში რამდენიმე დღე ნინის სახლში დარჩენა სრულიად მარტო უწევდა, ძირითადად მაშინ, როცა დეიდას (რომელსაც გოგონა უკვე დედას ეძახდა) მორიგეობა უწევდა სამსახურში. სოსოს არასოდეს სურვილიც კი, არ გამოუთქვამს ასეთ დროს ნინის სახლში სტუმრებოდა, მეტიც - ის, საერთოდ არ ყოფილა სტუმრად მასთან და მიუხედავად იმისა, რომ ნინის დეიდამ იცოდა სოსოს არსებობის შესახებ და საწინააღმდეგოც არაფერი ჰქონდა მისი, არც მას დაუპატიჟია სოსო ნინისთან სახლში, ერიდებოდა მაინც, ჩამოყალიბებული მამაკაცია, რამე ცუდად არ გამიგოსო, ამბობდა ხოლმე. ნინის დეიდა ბოლომდე ენდობოდა სოსოს, მეტიც - ძალიან მოსწონდა, ეხუმრებოდა კიდეც - ამ პატარა გოგომ ამხელა კაცი, როგორ დაგიმეგობრაო? მეორე მამად გაქციაო... სოსოს ეღიმებოდა მის სიტყვებზე და - თავს თუ კარგად გრძნობს, დიდი ამბავი ახლა მე რომ 20 წლის ვიყავი ეს მაშინ, რომ დაიბადაო.... მერე ნინი კისკისებდა ხოლმე, „ბებერი სოსო, ბებერი სოსო ავიკიდე დეოო....“, სოსოს მართლა არ სწყინდა ნინის ეს ხუმრობა და მეტიც, თავადაც აყვებოდა ხოლმე და მერე ერთად დასცინოდნენ წლებს... რომელსაც ყველაზე დიდი დატვირთვა ჰქონდა მათ ურთიერთობაში. * * * - ე.ი. არ ხარ ჩემი პატარა ანგელოზი? - ფრთებიღა მაკლია (იცინის) - ნინ... მე მენდობი? გოგონამ გაკვირვებულმა გახედა და უფრო მეტად გაკვირვებით ჰკითხა - მაგას რა კითხვა უნდა? - ხოდა თუ მენდობი, მაშინ დამიჯერე რასაც ახლა გეტყვი. - ხომ იცი, მე შენი ყველაფერი რომ მჯერა? რაღას მამზადებ ერთი ვიცოდე?! - კი, მჯერა, რომ შენ ჩემი გჯერა და თან ყველაფერი - (კისკისით) აბა რა, მამეგობრებდა 20 წლით უფროს ბიძიასთან. - აბა, აბაა... - რას ამბობდი, რა დამიჯერეო? ახლა არ მითხრა, რომ ორჯერ ორი ხუთია, თორემ ხომ იცი, ეგეც კი დამეჯერება შენი პირიდან. - არა, არა მაგას როგორ გეტყვი, როცა ზეპირად იცი, რომ ორჯერ ორი ხუთი კი არა ორმოცდაერთია. - აუ, ნუ დამცინი რა სოსო, მითხარი რა გინდოდა გეთქვა? - არ გათხოვდე, რა! - ჰააა? - ჰო, ჯერ არ გათხოვდე! - და საიდან მოიტანე, რომ ჯერ ვთხოვდები? - გაკვირვცებული თვალებით შეხედა გოგონამ სოსოს და თითქოს ეწყინა კიდეც ეს, რომ ურჩია - ვისზე უნდა გავთხოვდე, შეყვარებულიც კი არ მყავს ჯერ და როცა მეყოლება მერე გავთხოვდები, აბა არ გავთხოვდე? მაგრამ ხომ გითხარი 28 წლამდე არ ვაპირებ-თქო, თუ თავში არ დამკრა რამემ ან ვინმემ არ მომიტაცა. - სოსოს უყვარდა ძალიან ნინის ეს გადაკისკისება და სულ ეხვეწებოდა ხშირად იცინე, მიზეზს მე მოგცემ ხოლმეო... - მერე შენი ქმარი ბებერ მეგობართან ერთად ყოფნას, რომ დაგიშლის? - უფ, გეგონოს! დამიშლის და „პაკაა“! ჯერ ერთი შენ უნდა მითხრა, რომ მოგწონს ის ვიღაცა, რომელიც ჯერ არც კი ვიცი სადაა და თუ შენ მეტყვი, რომ კარგია და გავყვე, - გავყვები ცოლად და თამადაც შენ იქნები ქორწილში! - მეკაიფები კიდეც ხო? ჯერ ერთი, რომელი თამადა გინახავს შენ არამსმელი? მეორეც კიდე - მე ახლაც გიშლი გათხოვებას. - ხოო რაა, სულ დამიფრთხე თაყვანისმცემლები შენ კიდე, ვეღარ მეკარებიან, ზოგს ჩემი საყვარელი გონიხარ, ზოგს ნამდვილი მამა და ზოგს ბაბუა და ბიძა... არადა, რა სასაცილოა და არცერთი, რომ არ მყავს სინამდვილეში. - მე ხომ გყავარ და მე ვინ ვარ ნეტა შენი? - ამ კითხვას აშკარად არ ელოდა გოგონა, თვალი თვალში გაუყარა სოსოს, ცოტახანი უყურა და მერე ყურში უჩურჩულა - შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ! * * * აჩოს ზარმა გამოაღვიძა სოსო, პარიზიდან ურეკავდა - როგორ ხარ, მა? - კარგად ჩემო ვაჟკაცო, შენ როგორ ხარ მამი? რაღაცეებს აცხადებენ აქ ტელევიზორში, ევროპაში გამოსვლებია სირიელი ლტოლვილებისო და ნუ გაერევი რა მამი ხალხს მაგ დროს ქუჩაში. - შენ, რომ ომში გაიპარე ბებოს და ბაბუს კითხე? - როცა ამას ეუბნებოდა აჩო, მამას ყოველთვის აჩუმებდა ხოლმე, მაგრამ ისე უყვარდა, რომ მის გაბუტვას დიდხანს ვერ იტანდა და ამშვიდებდა ხოლმე - კაი რა მა, ხო იცი შენნაირი გიჟი არა ვარ, არ გავდივარ ქუჩაში, ანდა სად მცალია თან, დღეს ჩვენი დიპლომატიური კლუბი ხვდება ევროპის ახალგაზრდულ საბჭოს და სიტყვით გამოსვლა მე შემომთავაზეს, მა. - გენაცვალე მა, რა მაგარია. - ხოდა, ადე რა გაიღვიძე, კომპიუტერთან დაჯექი და „სკაიპში“ ტექსტს წაგიკითხავ რაც დავწერე, ჩემი გამოსვლის და რამე შენიშვნა თუ გექნება მითხარი, ოკ? სოსოს შვილთან განსაკუთრებული ძმაკაცობა ჰქონდა, დედის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავში ჩაკეტილი აჩო, მამის ყურადღებამ გამოიყვანა დეპრესიისგან და მისმა მზრუნველობამ დაუბრუნდა საზოგადოებრივ აქტიურობას, სანამ ევროპაში წავიდოდა საცხოვრებლად, დიდხანს ეკამათებოდა მამას, არ უნდოდა წასვლა, - აქ ვიშოვი რამე სამსახურს, მარტო არ დაგტოვებო, თუმცა ბოლოს მამის რჩევას უგდო ყური და დარწმუნდა, რომ საერთო საქმისთვის ასე აჯობებდა. აჩოს უყვარდა და მოსწონდა საზოგადოებრივი ცხოვრება, ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო, მამა სტიმულს აძლევდა და ყველა საქმეში გვერდით ედგა, არ არსებობდა აქტივობა, რომ სოსოს აჩიკოსთვის უარი ეთქვა დახმარებაზე. აჩო ევროპაშიც აქტიური ახალგაზრდა იყო, თავი მალევე დაიმკვიდრა იქაურ საზოგადოებაში, ახალგაზრდულ ორგანიზაციაშიც მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტად, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში და როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ხშირად უწევდა ხოლმე თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ხმაურიანი დიპლომატიური გამოსვლები, მითუმეტეს მისმა ევროპელმა მეგობრებმა, კარგად იცოდნენ აჩოს მამის ისტორია, მისი საქართველოს ორ უახლოეს ომში მონაწილეობის და გმირობის ამბავი და ხშირადაც აყოლებდნენ ხოლმე მამისგან მოსმენილ ისტორიებს, დიპლომატიისთვის თავ-გადადებული ახალგაზრდობა ყოველთვის აღფრთოვანებით უსმენდა ხოლმე აჩოს მოყოლილ, მეომარი, გმირი, ომის ვეტერანი მამის ისტორიებს, აჩოც ამაყობდა მამით და მისი საბრძოლო ისტორიებით და მეტი დამაჯერებლობისთვის, ომის დროინდელ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად ათვალიერებინებდა მეგობრებს, მათაც ეამაყებოდათ ქართველი მეგობარი, რომლის მამაც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ყველა ომში იბრძოდა. * * * - აბა რას იტყვი მა, გამოდგება? - კი, კარგი ტექსტი დაგიწერია აჩო, მაგრამ ამხელა ტექსტი როგორ უნდა დაიმახსოვრო? არ ჯობია, რომ წაიკითხო? რამე რომ არ გამოგრჩეს... - ჩემი დაწერილია მა, რა უნდა გამომრჩეს, ზეპირად ვიცი, დაწერილის წაკითხვა ტეხავს, არ იფიქროს ვიღაცამ - დაუწერეს და ისე კითხულობსო, აქ ცოტა სხვანაირად უყურებენ მაგ საკითხს, მა, - თუმცა, ამობვეჭდავ და ფურცლებს მაინც დავიდებ წინ. - ხო მა, იდოს და თუ რამე, ჩახედავ ხოლმე ცოტა-ცოტას, მაგრამ აი, ის ნაწილი მაინც გაანალიზე, სადაც რუსეთის როლზე საუბრობ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. - ეგრეც ვიცოდი, მაგას რომ მეტყოდი, შენ იარაღი, რომ მოგცენ და გაგიშვან, მარტო დაიბრუნებ სოხუმს და ცხინვალს, დამშვიდდი კაცო ცოტა, ომი დამთავრდა უკვე და ხომ ხედავ ვერაფერს ვიგებთ ამ ომებით, იქნებ ახლა დიპლომატიით მოვუგოთ. - ხო მამი, მართალი ხარ შენ და მიაწექი ბოლომდე მამას ვაჟკაცო. - Euronews-ზე იქნება საღამოს მა, თქვენი დროით 8 საათზე ჩემი გამოსვლა და მიყურე ხო? - აბა რას ვიზავ მა. - მა, ის გოგო მოგეწონა გუშინ რომ „დამილაიქე“ სურათები? ხო კაი ვინმეა? - ბიჭო, კაი გოგო კია, მარა შენ ყველა გოგოზე ეგრე ამბობ და სერიოზულად არავისზე ფიქრობ. - კაი რა მა, რა დროს სერიოზულად ფიქრია, ხო შევთანხმდით 30 წლამდე ცოლი არ მომყავს. - შენ რა გითხარი რა მა, და ვინაა აბა, ეგ გოგო დიდისამბით, რომ ეხუტები? - მონიკაა, მაგარი ჭკვიანი გოგოა, თან რა ლამაზია, ხო? მადრიდიდანაა, ჩვენთან მუშაობს, კარგად ვართ ხო ხვდები? - მე კი ვხვდები ყველაფერს შე მამაძაღლო, მაგრამ ფრთხილად იყავი, ბაბუა არ გამხადო ნაადრევად. - რა ბაბუა, კაი რა მა, მე ქართველი ცოლი უნდა მოვიყვანო ხომ იცი და ქართველი შვილიშვილები გეყოლება, ხო გახსოვს დედას, რომ დავპირდით? - როგორ არ მახსოვს მა, დედას ყოველთვის ეგ უნდოდა, რომ კარგი ქართველი გოგო მოგეყვანა მა... - საფლავზე ხომ ადიხარ ხოლმე მამი? - ჰო, აბა რას ვშვები აჩო... - გენაცვალე, ჯიგარი ხარ მა, აბა წავედი ახლა მე, მივხედავ ამ ტექსტს და საღამოს, რომ მიყურებ ტელევიზორში, დამირეკე თუ რამე შენიშვნა გექნება და მითხარი. * * * - ნინ სად დაიკარგე დღეს მთელი დღე ველოდებოდი შენს ზარს ან მესიჯს? - რავიცი, სამსახურის მერე პირდაპირ სახლში წავედი და ახლა ფილმს ვუყურებდი ინტერნეტში. სოსო ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე, როცა ნინი ხასიათზე ვერ იყო, იშვიათად, მაგრამ ცდიდა ხოლმე, - მთელი დღე არ ურეკავდა და ბოლოს, როც, ა არც ნინი რეკავდა... ნაწყენი ისევ თვითონ მოიკითხავდა, სოსო ხვდებოდა, რომ ნინი ისე მიეჩვია მის ყურადღებას, მის მფარველობას და მისგან ზრუნვას, რომ სწყინდა, როცა სოსო მთელი დღე არ კითხულობდა, მაგრამ თავადაც ვერ მიმხვდარიყო რას განიცდიდა ორჯერ უფროსი მამაკაცის მიმართ, უბრალოდ ხვდებოდა, რომ როცა სოსო დარეკვას აგვიანებდა - ენატრებოდა! როცა რაღაცაზე სოსო უბრაზდებოდა - სწყინდა! როცა სოსო რამეს ჩუქნიდა - უხაროდა! მაგრამ ცდილობდა, რომ არასოდეს არ ეფიქრა იმაზე, თუ რა უნდოდა მას სოსოსგან და პირიქით, სოსოს მისგან... მაგრამ ახსოვდა ერთხელ ესაუბრა სოსო ამ საკითხზე და გარკვევით უთხრა: - არაფერს არ გთხოვ, არაფრის გამო არ გიკეთებ არაფერს, უბრალოდ მომწონს შენთან ყოფნა, შენზე ზრუნვა და შენს გვერდით ყოფნაო, მაგრამ გული წყდებოდა, როცა ნინი ხელის გადახვევას უკრძალავდა, როცა თბილ ჩახუტებას ამადლიდა, მაგრამ ნინიც გრძნობდა, რომ რაც დრო გადიოდა, სოსოს გარეშე ყოფნა უჭირდა, როგორც მამას, ისე უყურებდა, თუმცა გულში რაღაც ჭია ღრღნიდა და არ ასვენებდა თავში აზრი იმის შესახებ, რომ მამობრივი მზრუნველობის გარდა, მის მიმართ რაღაც უცხო გრძნობასაც განიცდიდა, რაღაც სხვანაირს, აქმდე უსახელოს და ამოუცნობს... * * * - გუშინ აჩოს გამოსვლას ვუყურე euronews-ზე, რა მაგარი შვილი გყოლია სოსო, გადავირიე, აქამდეც კი ვათვალიერებდი ხოლმე შენს „ფეისბუქზე“ სურათებს და მის გამოსვლებს, მაგრამ გუშინ რა მაგრად გამოვიდა, როგორ გგავს, შენისთანა სიმპათიური ბიჭია. - მიხარია, რომ მოგეწონა ჩემი აჩო, კი კარგი ბიჭია. - შეყვარებული ყაავს? არ გინდა შენი რძალი, რომ გავხდე? - გოგონას ამ ხუმრობამ ცოტა დააბნია სოსო და პასუხი ვერაფერი გასცა ნინის, თუმცა გულის სიღრმეში გაეხარდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ერთი ადამიანი, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ადამიანით დაინტერესდა. - არა, არ ყავს შეყვარებული ზუსტად ვიცი და არც ცოლის მოყვანას არ აპირებს 30 წლამდე და დაელოდები ამდენხანს შენ? - რა ამბავია 30 წლამდე? უეჭველი შენი დამუშავებულია, ხო? (გადაკისკისა ნინიმ) დღეს დილით „დავულაიქე“ ღია სურათები თავის „ფეისბუქზე“ და შეიძლება მეგობრებში დავიმატო? - რას მეკითხები შენ კიდე, დაიმატე რა პრობლემაა და ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდეს, - სოსომაც სცადა გახუმრება, მაგრამ შეატყო, რომ არ გამოუვიდა - ფრთხილად რატო რა, 7 წელი ვერ მოვითმენ? * * * სოსო მეუღლის საფლავზე ხშირად ადიოდა ხოლმე, ყვავილები აჰქონდა, მესაფლავე კარგად იცნობდა სოსოს და ხშირად მასთან ერთად ჭიქასაც წაუქცევდა ხოლმე მიცვალებულს, ერთმანეთში საუბროდნენ, აზრებს ცვლიდნენ, რჩევებს აძლევდნენ. 30 წელი მუშაობდა მესაფლავედ 70 წლის შაქრო ძია, ამ სახელით იცნობდა მას ყველა, მხნედ იყო, ასაკს არ ეპუებოდა და ხშირად ხუმრობდა ხოლმე - სიკვდილმა მე რა უნდა დამაკლოს, ერთად ვაცილებთ ხოლმე საიქიოსკენ გარდაცვლილებსო. - ამ ჭიქით შენს სიყვარულს გაუმარჯოს ჩემო სოსო, წლებია ლამის ყოველ შაბათს გხედავ აქ, წლებია ვმეგობრობთ და პირველად მინდა გითხრა, რომ შენისთანა ერთგული ადამიანი ჯერ მე აქ ამოსული, არ მინახავს, - როცა მიცვალებულებს აცილებენ, ხშირად ისინი მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე ახსენდებათ. გიყურებ და გულში ცეცხლი მკლავს ხოლმე, ცოცხალივით, რომ ელაპარაკები შენს ცოლს, სულ იმას ვფიქრობ, რომ შენს გვერდით კარგი ქალი როგორ არ უნდა იყოს, რომ შენი სიხარულიც გაიზიაროს და შენი ტრაგედიაც-თქო და სულ მერიდება ხოლმე ამის კითხვის... - მკითხე ძია შაქრო, ნუ გერიდება, მე და შენ ხომ ძაკაცები ვართ, რაც გინდა მკითხე შენ გენაცვალე, - თავაუღებლად უპასუხა სოსომ მესაფლავეს და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა რასაც ჰკითხავდა, მაინც ყური მიაპყრო, სმენად გადაიქცა და დაელოდა - მკითხე ძია შაქრო, მკითხე... - ასეთი კარგი კაცი ხარ ჩემო სოსო და გული მწყდება, რომ შენს გვერდით ქალს ვერ ვხედავ ბიჭო, უბნის ჭორიკანა ქალებიც კი, არაფერს ყვებიან შენზე ჩემო სოსო და სულ მიკვირს, რატომ გული არ მიგიწევს აღარავისკენ ჩემო კარგო ადამიანო? მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო და ერთი მითხარი, რა გჭირს და არ ფიქრობ, რომ შენს დროზე ადრე ცაში გაფრენილ ანგელოზსაც არ მოსწონს ასე ეულად, რომ დაიარები? - რა გითხრა აბა ძია შაქრო, უბნის ჭორიკნებსაც კი არაფერი ქონიათ ახალი სათქმელი ჩემზე და... - არც მთლად მასეა საქმე შვილო! - შეპარვით, მაგრამ მაინც გაბედა ძია შაქრომ - ამასწინათ, ლილი რომაა, ხომ იცი, მე-5 კორპუსის ჭორიკანა დედაკაცი ეგა, იმას წამოსცდა, - სოსო თავისი შვილის ტოლა გოგოსთან დადისო, მე გამობრუცუნებულ ბებერს რა მომეკითხება, მაგრამ კაცი ხაარ და კაცურადვე გეუბნები - არავის ყური არ უგდო შვილო შენ! თუ კარგად ხაარ... კარგად ყოფნა გააგრძელე და არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ! მე ლილის და ნაზიკოს არ ვუსმენ ამხელა კაცი, მაგრამ - მამაშვილურად მიპასუხე - მართალს ამბობენ? - არა ძია შაქრო, არა - ცუდი არაფერი იფიქრო, შენ, ხომ გჯერა ჩემი? აი, ჩემი მარიამის სულს გეფიცები, არაფერი ისეთი, რაც შეიძლება გულში გაივლო ცუდად, კი, ჩემი აჩოს კბილა პატარა ქალბატონია, მაგრამ არაფერი ცუდი ძია შაქრო, რითაც შემიძლია ვეხმარები და გვერდში ვუდგავარ, ობოლი, უდედმამო გოგოა, გეცოდინება ეგ ამბავი შენც, რომ გითხრა... მისი, მშობლებიც შენს სასაფლაოზე არიან დაკრძალულები, აქვე... თითქმის მთელი საათი უსმენდა მესაფლავე სოსოს მონაყოლს, თან დაჟინებით უყურებდა თვალებში და ცდილობდა გაეგო, სინამდვილეში რას ფიქრობდა ეს ახოვანი, სიმპათიური, მეომარი კაცი, რომელსც ტყუილის თქმა ყოველთის ეზიზღებოდა. ეს მესაფლავემაც იცოდა და ამიტომ, უსმენდა, უსმენდა და მოხუც კაცს ვერა გეგო რა, სოსოს ნაამბობიდან, თუმცა ერთს კი, ნამდვილად მიხვდა, რომ - სოსო იმაზე კარგი კაცი ყოფილა, ვიდრე ეგონა - შენ შვილო, პატარა ბიჭი არა ხარ და არც ეგ ქალბატონია იმდენად პატარა, რომ საკუთარი ურთიერთობები ვერ გაარკვიოთ, ხალხი კი ჭრელია ხომ იცი? ქალაქია თუ მეგაპოლისი, ყველაფერი მაინც ერთი დიდი სოფელია და ადამიანის ენას ძვალი არ აქვს, სიყვარულს ვერავის ვერ დაუშლი, მაგრამ რასაც გისმენ ჩემო სოსოო, შვილის აქ არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს, შენი გარდაცვლილი ცოლის, მარიამის დეფიციტს ივსებ, ასე მგონია მაგ ყველაფრით და ვერავინ განგსჯის, ვერც ვერავის დაუშლი ვერაფერს, მაგრამ... გაურკვევლობაში ხარ გატყობ ჩემო შვილო და ძმაო... - შენ, ძია შაქრო, შენ რამდენჯერ გყვარებია მთელი სიცოცხლის მანძილზე? - მე? - ცხოვრებისგან გადაღლილმა მესაფლავემ ამ მოულოდნელ კითხვაზე, პირველად დახარა თავი და დაფიქრდა, არც ის უნდოდა ტყუილი ეთქვა და არც ის, რომ - რამე დაუფიქრებლად, ბებრულად წამოეროშა. - მე ჩემო სოსო, ბევრჯერ მიყვარდა და არც არასოდეს არ მჯეროდა იმისა, რომ სიყვარული ერთხელ მოდის, აგე - ჩემი მეუღლე, რომ მივაბარე მიწას 35 წლის ვაჟკაცი ვიყავ, დღესა კიდევა 70 წლის ბებერი კაცი ვარ, მის მერე ცოლი აღარ მომიყვანია და ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, არადა - მიყვარდა ხოლმე, ბევრჯერ ჩემო სოსო, ბევრჯერ, მაგრამ - ცოლად, რომ არ მომყავდა, მერე გამირბოდნენ ქალბატონები, - თქვა და ეშმაკურად გაიღიმა ახალგაზრდობის წლების გახსენებით ნასიამოვნებმა მესაფლვემ, ამიტომ ჩემი შეცდომა არ გაიმეორო შვილო და თუ ვინმე გიყვარს, მოკიდე ხელი და მაიყვანე! გესმის? თუნდაც ეგ გოგო მაიყვანე ვისზეც მიყვები... - არა ძია შაქრო, რას ამბობ, მაგის გაფიქრებასაც კი ვუკრძალავ ჩემს თავს, მამასავით ვექცევი და მზრუნველი მშობლის იმიჯი უფრო მაქვს მორგებული, ვიდრე იმისა, რომ მამაკაცად აღმიქვამდეს. - ეჰ ჩემო სოსოო, ქალებისა კიდევ ვერა გაგიგია რა, ახლაცა და ჩემს დროშიაც ქალები ყოველთვის ერთნაირები იყვნენ, - მათ ზუსტადაც, რომ ისეთი კაცები უნდათ გვერდით - მზრუნველი მამასავით, რომ იწყებენ მის გევრდით ყოფნას. რავიცი... შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ... გულს ვერ უბრძანებო, ხომ გაგიგია ჩემო შვილო? - მოდი სიყვარულს გაუმარჯოს ძია შაქრო, იცი რომელ სიყვარულს? აი, რომ ვერ გაგირკვევია რა ფერისაა, რომ ვერ გაგირკვევია რა სუნი აქვს და რომ ვერ გაგირკვევია შეხება ღირს თუ არა, იმის შიშით, რომ საპნის ბუშტივით არ გასკდეს უცებ ჰაერში, - ასეთ სიყვარულს გაუმარჯოს ძია შაქრო. - ასე იყოს ჩემო სოსო, გულში გაბლანდულ სიყვარულს გაუმარჯოს, გონებისკენ სავალ გზაზე, რომ გაიჩხირა და გამოსვალის ძებნაში, კიდევ უფრო, რომ იხლართება... * * * ნინის სექტემბრის ბოლოსთვის და შესაბამისად გრილი ამინდისთვის, საკმაოდ ხალვათად ეცვა, ფერადი ყვავილებიანი, მოკლე კაბა უფრო ალამაზებდა მის შავგვრემან სხეულს - დიდიხანია მოწევას თავი დაანებე? - ალბათ სამი თვე იქნება. - მგონი 2 თვეა აღარ შევხვედრივართ, ხო? - რავიცი გიო, გგონია მახსოვს? თუმცა ის მახსოვს, რომ სიგარეტს დავანებე თავი და არც აღარასოდეს აღარ მოვწევ. - შენგან კი მიკვირს, ამის ასე თავდაჯერებულად თქმა, რა მოხდა? ხო ეპარებოდი ხოლმე დღეში 2-3 ღერს? - განსაკუთრებული არაფერი მომხდარა გიო, რავიცი მივხვდი, რომ კარგი მაგაში არაფერი ყრია, რაიყო წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ მოწევას თავი დავანებე? - არა, ჩემთვის სულერთია, მოწიე თუ გინდა, მე მაინც მიყვარხარ. ნინიმ ირონიული ღიმილით შეხედა გიორგის, რომელსაც თითქმის ორი წელი იცნობდა, 25 წლის ახოვანი ყმაწვილი რაგბისტი იყო და შესაბამისი აღნაგობითაც გამოირჩეოდა, მოსწონდა გოგონებთან ურთიერთობა, თუმცა ნინისთან შეხვედრებს ყოველთვის სხვანაირად გეგმავდა ხოლმე, მასში ზედმეტად უკარება, თავნება გოგოს ხედავდა და ვერ ეგუებოდა, რომ ადვილად ვერ წამოიკიდა, ისე როგორც გოგონების უმეტესობა, თუმცა გულის სიღრმეში სხვა გრძნობასაც განიცდიდა, მთლად სიყვარულს არა, მაგრამ - სიყვარულთან ოდნავ მიახლოებულს, - ვნებას, რომელსაც ყოველთვის დაუფარავად გამოხატავდა ნინის მიმართ, მაგრამ მათი ურთიერთობა კოცნას არ გასცილებია, ბოლოს როცა შეხვდნენ, ნასვამი ნინი თავს ძლივს აკონტროლებდა და დიდ წინააღმდეგობასაც არ უწევდა ფიზიკურად ძლიერ ყმაწვილს, რომელიც მის ტუჩებს ისე იყო დაწაფებული, როგორც მწურვალი წყალს, მაგრამ ერთმა მოძრაობამ, როცა გიორგის უხეში ხელი მტკივნეულად შეეხო ნინის მკერდს, გოგონა საბოლოოდ გამოაფხიზლა. რას განიცდიდა ნინი გიორგის მიმართ თავადაც ვერ დაედგინა, თავიდან როგორც ყველა მეტიჩარა გოგონას, მოსწონდა ძლიერი, დაკუნთული სპორტსმენი გიო, რამდენჯერმე რაგბის მატჩზეც გაყვა და მოიხიბლა გიორგის თამაშით, ძმაკაცებიც პატივს სცემდნენ და ყველაზე მეტად კი, ნინის ის მოსწონდა, რომ გიორგიმ სიმართლე უთხრა ცოლ-შვილის არსებობის შესახებ, რომლისგანაც 4 წელია წამოსული იყო და მეტი ამ თემაზე არც არაფერს ყვებოდა ხოლმე გიორგი. მისი გამოხედვით და მზერით ახალგაზრდა გოგონა ხშირად მოხიბლულა, მაგრამ იყო რაღაც, რაც ნინის ეჭვს აღუძრავდა და ვერ გაეგო - რა... - საღამოს რას აკეთებ ნინი, გინდა მანქანით გავისეირნოთ, გავიდეთ სადმე - არც არაფერს არ ვაკეთებ. - მაშინ, ავიდეთ ჩემთან სახლში გინდა? - შენთან სახლში? რა მინდა მანდ გიო? - დავისვენოთ, დავლიოთ, განვმარტოვდეთ. - ჩემთან სექსი გინდა ძლიერო ბიჭო? გიო ასეთ პირდაპირობას და თან ასე ირონიულად, არ ელოდა, ცოტა დაიბნა კიდეც და ხმა ვეღარ ამოიღო. - განმარტოება თუ გინდა, მე წაგიყვან ერთ ადგილზე, ლამაზი ადგილია, რომანტიული, დავისვენებთ ცოტას. მანქანამ მცხეთაში, ბებრის ციხესთან მარჯვნივ, დაღმართზე, ნელი სვლით ჩაუხვია და პატარა მოედანზე გასულმა. ციხის ქვევით ამფითიატრთან, იქვე მტკვრის პირას გაჩერდა და ნინი და გიოც გადმოვიდნენ. - აქ სად მომიყვანე? - გაკვირვებულმა იკითხა ბიჭმა - ნახე, იქ გადაბრუნებული გატეხილი ნავი დევს, წამოდი იქ ჩამოვსხდეთ და მოაჯირიდან მეთევზეებს ვუყუროთ მტკვარზე, იცი რა ლამაზია? - მეთევზეებს? - არ იყო გიორგი ის ბიჭი, რომელშიც რომანტიზმის ის მუხტი იქნებოდა, რაც ასეთ სიტუაციაში სჭირდებოდა ნინის, მაგრამ ეცადა, რომ უხეშ ძალას მიჩვეული ამასაც მიჩვეულიყო, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთით გაუძლო, მერე მოაჯირზე გადაყუდებულ და მეთევზეებზე მომზირალ ნინის უკნიდან მკლავები მოხვია და მკვეთრად მიიზიდა თავისკენ, რითაც ყველაფერი გააფუჭა - რა გჭირს შენ, თავს ვეღარ აკონტროლებ და სულ არ გაქვს ჩემი რიდი? ხომ იცი, რომ მომწონხარ და შენ კიდე, ერთი სული გაქვს გამხადო და... - მე მიყვარხარ და ხო იცი, შენს მეტი არავინ არ მყავს, არაა? არ სჯეროდა ნინის მისი სიტყვების, რადგან ის სიძლიერე და სიმყარე აკლდა მის ტონალობას, რასაც ყოველთვის იგრძნობდა შეყვარებული ქალი, ისიც კი ვერ გაეგო, ახლა სიამოვნებდა თუ არა ამ ბიჭთან ერთად, იმ ადგილზე ყოფნა, სადაც პირველად.... სოსომ მიიყვანა... - სოსო, - ნინის სოსოს სახე დაუდგა თვალწინ. * * * - აბა, ახლა თვალებიდან ხელს მოგაცილებ და ნელ-ნელა გაახილე, კარგი ნინ? - კარგი სოსო, მაგრამ სად მომიყვანე ის მაინც მითხარი, მდინარის ხმა მესმის... - აბა, გაახილე! - სოსომ ნინი თვალებიდან თბილი ხელისგულები ფრთხილად აიღო, მერე ყურთან ტუჩები მიუტანა და უთხრა - აბა, გაახილე... მტკვარი ამ ადგილას ნელა მიდიოდა, სახელდახელოდ აგებულ გადასახედზე, გადაბრუნებული, დამტვრეული ნავი იდო, რომელსაც ზემოდან დიდი, ფოთლოვანი ხე გადაფარებულიყო, ფოთლებს შორის კი, ზევით მცხეთის ღირშესანიშნაობა და ყველა ქართველისთვის საამაყო - ბებრის ციხე იყურებოდა, მდინარის მეორე ნაპირზე, მეთევზეებს ანკესები ჩაეყარათ და მოთმინებით უცდიდნენ ძუის გატოკებას - დალევ ყავას?! - აი, ლატე, 3 შაქრით ნინი... - რა სილამაზეა, შენ აღმოაჩინე ეს ადგილი? - კი, მე... - სოსომ ისე ამოიოხრა, რომ აშკარა იყო, გულს რაღაც სევდა და დარდი მოაწვა, ნინის მახვილ თვალს არ გამოპარვია სოსოს შეწყლიანებული თვალები და სათქმელსაც მიუხვდა - შენ და მარიამი მოდიოდით ხოლმე აქ ერთად, ხო? - ჰკითხა სოსოს და პასუხს არ დალოდებია, ისე ჩაეხუტა გულში. - რა ძალიან გყვარებია შენი ცოლი, ნეტავ მეც შემიყვარებდეს ოდესმე ასე, ვინმე - და თავადაც ცრემლები წამოუვიდა. - შენ თუ გიყვარს ვინმე ძალიან? - დაფიქრდა ნინი ამ შეკითხვაზე, არ იცოდა რა ეპასუხა, თითქოს უამრავ თავყვანისმცემლებს შორის არსებობდნენ გამორჩეულები - რაგბისტი გიო, ცოტა მეტიჩარა, მაგრამ სიმპათიური ირაკლი, ქუთაისელი რობიკო, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა იყო ის სიყვარული, რომელზეც სოსოს ამ შეკითხვაზე, სწორი პასუხი იქნებოდა, ხვდებოდა, რომ მას სოსო ყავდა, მასზე ორჯერ უფროსი ადამიანი გვერდით“ რომლის ყურადღება, სითბო და მფარველობა სიცოცხლის ხალისს აძლევდა ნინის. - არვიცი სოსო, მე ვინ მიყვარს? ყველაფერი მოყოლილი მაქვს და ყველაფერი იცი ჩემს შესახებ... მაგრამ არვიცი მართლა არაფერი... - სოსოს მეტი შეკითხვა აღარ დაუსვამს ნინისთვის, მოაჯირზე მის გვერდით ჩამოეყრდნო, ყავის ჭიქა აიღო და ასე, ერთად უყურებდნენ მეორე ნაპირზე მეთევზეებს. * * * ევროპაში სიტუაცია იძაბებოდა, სირიიდან ომს გამოქცეული ლტოლვილები უკვე ღია პრობლემებს ქმნიდნენ ევროპის ქვეყნებში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახალხოდ იმუქრებდნენ, რომ არც ევროპელებს გაახარებდნენ ლტოლვილთა შეფარებისთვის და მათაც ჯოჯოხეთს მოუწყობდნენ, თუ ისლამური სახელმწიფოს არ აღიარებდნენ და ქრისტიანულ მრწამს არ შეიცვლიდნენ. თურქეთი და მისი მთავრობა ღია წინააღმდეგობას უწევდა ამ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ისლამური სახელმწიფოს სახელით გახდა ცნობილი და რომელიც, რელიგიით და ისლამით მანიპულირებდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ მათ უამრავი მიმდევარი ყავდათ ევროპის სახელმწიფოებშიც, ტერორისტულ აქტებს თვლა არ ჰქონდა, კვირა არ გავიდოდა რამე კატასტროფული არ მომხდარიყო რომელიმე ქვეყანაში, მითუმეტეს როცა ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს აღმოსავლეთის ტერორისტული ორგანიზაცია „აი სი სი“-ს მებრძოლებიც უწევდნენ დახმარებას, მეტიც - ტერორისტებმა ლტოლვილებთან ერთად უამრავი თავიანთი თანამოაზრე შეაპარეს ევროპაში. სოსო ძალიან ნერვიულობდა აჩოს აქტიურ პოლიტიკურ გამოსვლებზე საფრანგეთში, მის შვილს უკვე ევროპის ახალგაზრდული დიპლომატთა ლიგის პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა ხოლმე ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ, თანამოაზრეებთან ერთად უამრავ აქციასაც ატარებდა მათ წინააღმდეგ. - სოსო, აჩოს სულ არ ეშინია ხო არაფრის? - რისი უნდა ეშინოდეს ნინ? - რავიცი, ვერ ხედავ რა ხდება, ყოველდღე ტერორისტული აქტები, - არ ეშინია ასე ხმამაღლა, რომ გამოდის მათ წინააღმდეგ? - რომ ეშინოდეს, ხომ არ გააკეთებდა ნინ? - სულ შენ გგავს რა, - გაეღიმა ნინის და სოსოს ლოყაზე აკოცა, - უთხარი, რომ ცოტახანი გაჩერდეს, ამ დედამიწას ეგ დაალაგებს? ტყუილად არაფერი მოუწიოს თავს რა, სოსო... კაი? ხომ ეტყვი? - ვეტყვი ნინი, - ესიამოვნა სოსოს ეს მზრუნველობა, მაგრამ მის გულს მაინც ვერ ასვენებდა მამობრივი ინსტიქტი. * * * ნინი გაოგნებული ათვალიერებდა გიორგის „ფეისბუქის“ გვერდს, მის ფოტო-ალბომებში არასოდეს მოსდომებია შესვლა და დათვალიერება, კომენტარების კითხვა, ყველამ იცოდა, რომ ნინის ყოველთვის ეზარებოდა სხვისი კომენტარების ქექვა და კითხვა, არასოდეს არ აინტერესებდა რა იყო მანამდე, თუ ახალ დადებულ კომენტარებს ან წერილებს მოკრავდა თვალს, იმას ათვალიერებდა ხოლმე, მაგრამ... ახლა რატომღაც მოუნდა დეტალურად დაეთვალიერებინა იმ ბიჭის პირადი გვერდი, რომლისგანაც სიყვარულსაც და უფრო მეტს - ვნებასაც გრძნობდა, და არც თავად იყო მაინცდამაინც გულგრილი რაგბისტი გიოს მიმართ, მაგრამ თვალში ცუდად მოხვდა გიორგის ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებული ფოტოები, ვერ გაეგო ნინის ისინი ძველი გადაღებული იყო თუ ახალი, ვერც იმას მიმხვდარიყო ნინი - თუ ცოლს გაშორდა, რაღატო მისტიროდა ეს ბიჭი წარსულს და რაღატო წერდა ამ ფოტოებზე, ყოფილი ცოლის მიმართ განსაკუთრებულ თბილ კომენტარებს, - საშინლად მესაკუთრე და ეგოისტი ნინი ვერც იმას ეგუებოდა, რომ გიორგის ცოლის კომენტარებშიც ხედავდა რაღაც, მისთვის გაუგებარს და ამოუხსნელს. - ალოო... სოსო... - ჰო, ნინი! რა მოხდა, რა ხმა გაქვს? - მეძინა... - ჰო, ნამძინარევი ხმა გაქვს... - შემეშინდა უცებ, გამეღვიძა და ... დაგირეკე... - ცუდი სიზმარი ნახე ნინ? - ჰო, - თითქოს ვიღაც მახრჩობდა, შიშით გამომეღვიძა, რა კარგია რომ მიპასუხე. - ნინ, გინდა მოვიდე? - მოდი... 15 წუთში სოსოს მანქანა ნინის კორპუსის სადარბაზოსთან იდგა, ლიფტი რატომღაც არ მუშაობდა და მე-4 სართულზე ფართხა-ფურთხით ავიდა, ამდენი ხნის ნაცნობობის, მეგობრობის და ურთიერთობის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნინიმ სოსოს სახლში უხმო, თანაც შეშინებულმა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა, არ იცოდა ნინის გარდა სახლში თუ არავინ იყო, ეგონა ნინის დედობილიც შინ დახვდებოდა და მზადაც იყო იმისთვის, რომ მოეკითხა ქალბატონი, რომელიც დიდ პატივს სცემდა სოსოს, მისი პატარა ნინის გვერდში დგომისთვის. - შემოდი სოსო. - ასე უცებ-უცებ თუ მომიწევდა შენთან სტუმრობა არ მეგონა, რა „ჩუგუნი“ ვარ, ხელცარიელი ამოგადექი, მაგრამ შენი ბრალია - შემაშინე და საბურთალოდან 15 წუთში მოვვარდი აქ, - ღიმილით უსაყვედურა ნინის - 15 წუთში? რაიყო კი, არ მიტაცებდნენ შენც კიდე? რა ფეთიანი ხარ რა სოსო, - გოგონამ გაუღიმა სოსოს, გულში ჩაეხუტა და შეშინებული გაინაბა - ასე არასოდეს დამმართნია, თან ძილში, რა მომივიდა არ ვიცი, ზარზე, რომ არ გეპასუხა შეიძლება საწოლიდან ვერც ავმდგარიყავი. დაუგეგმავი სტუმრობა სამზარეულოში ცხელი ჩაის სმით დასრულდა, ნინიმ იცოდა, რომ სოსოს პიტნის ჩაი უყვარდა ძალიან, დიდ ჭიქაში და სამი კოვზი შაქრით. - რა ლამაზი და კოპწია სახლი გქონია ნინ? - სოსო დაკვირვებით ათვალიერებდა გოგონას სახლს, რომელშიც ყოველთვის სურდა სტუმრად მისვლა, მაგრამ არა ასეთ უცნაურ სიტუაციაში და მდგომარეობაში, მაგრამ რადგან ის უკვე აქ იყო, სხვა რა დარჩენოდა, შეექო ამ სახლის პატარა დიასახლისი. სოსოს ძალიან უყვარდა წესრიგი და ყოველთვის აფასებდა ადამიანებში მოწესრიგებულობას, უყვარდა როცა ყველა ნივთს საკუთარი ადგილი ჰქონდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ სახლშიც მკაცრად იცავდა წესრიგს. - ასეთი რა დაგესიზმრა ნინ, რომ ამ დონეზე შეგეშინდა? - გოგონა ჩაფიქრდა, გონება დაძაბა, მაგრამ რთულად იხსენებდ რა ნანახა შუადღის ძილისას სიზმარში ისეთი, რამაც აიძულა პირველად ცხოვრებაში ეთქვა ვინმესთვის - გთხოვ სახლში ამოდიო, მითუმეტეს სოსოსთვის, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობების გათვალისწინებითაც კი, არასოდეს დასცდენია მსგავსი რამ. - ცხადი მეგონა, მახრჩობდა მგონი ვიღაც... წამებში ხდებოდა ყველაფერი, მართლა ვერ ვიხსენებ ვერაფერს, მაგრამ ვინ იყო და რას მერჩოდა არვიცი, ისე უცებ გამეღვიძა შიშისგან.... და დავრეკე ინსტიქტურად. - ინსტიქტურად? - ჰო, ხელმა თვითონ აკრიფა შენი ნომერი... მერე ვიფიქრე გიორგის რატომ არ დავურეკე-თქო და... უჰ, აღარ ვიცი რა! - დაიბნა ნინი - რას შვება ეგ შენი გიორგი? როგორ იქცევა? - რავიცი სოსო რა გითხრა, ისიც არვიცი? მაგის „ფეისბუქზე“ ვნახე მაგის ყოფილი ცოლის და მაგის სურათები, კომენტარები და შევეშვი, გამოვედი, თავი არ მქონდა, - რამდენიმე დღის უკან ვნახე, ჩვენს ადგილზე წავიყვანე მცხეთაში, ბებრის ციხესთან, მაგრამ არ მოეწონა და უაზროდ წამოვედით, საერთოდ არაა მგონი რომანტიული, მაგრამ მაინც მომწონს და... აუ, არვიცი რა! სოსომ იცოდა გიორგის არსებობის შესახებ, ნინის მოყოლილი ჰქონდა ამ ბიჭზე ყველაფერი, მაგრამ გამოცდილი მამაკაცის ინტუიცია კარნახობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო საქმე ამ ახალგაზრდა ბიჭთან, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, თუმცა თავისი ეჭვები, რომ გაუზიარა ნინის გიორგის შესახებ, გოგონას ეწყინა და სოსოს უთხრა: - შენ, რომ გკითხოს ადამიანმა, ყველა ჩემი თაყვანისმცემელი რაღაც საეჭვო და არასანდოა, მაშინ ჩამოვიდეს შენი აჩო საქართველოში ჩემთან, იმას ხომ მაინც ენდობი! - ამის მერე სიტყვა აღარ უთქვამს სოსოს გიორგის თაობაზე, ვიდრე ამ დღემდე... ნინისთან პირველი სტუმრობა სულ რაღაც ერთი საათით გაგრძელდა, მერე სოსოს სამსახურიდან დაურეკეს და რაღაც გაუგებრობის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს, ძალიანაც კი არუნდოდა სოსოს წასვლა და არც ნინის უნდოდა, რომ მარტო დარჩენილიყო, მაგრამ რადგან გოგონა ცოტა დაწყნარდა და დამშვიდდა, სოსოს აღარც კოლეგებისთის უთქვამს უარი სამსახურში დაბრუნებაზე. გზად კი, გულში ერთი საქმის გაკეთება დაგეგმა - იმ რაგბისტი გიორგის ავან-ჩავანის და ზრახვების გაგება იყო, ნინისთან მიმართებაში. * * * - გამარჯობა, გიორგი ხარ?! - კი, მერე?! - ტელეფონშივე არ მოეწონა ახალგაზრდა ყმაწვილის უხეში პასუხი სოსოს. - მერე არაფერი, გამარჯობა-თქო, მე ნინის ახლობელი - სოსო ვარ, შენთან ცოტახნით საუბარი მინდა, რაღაც შეკითხვები მაქვს და საღამოს სად იქნები 15-20 წუთით მოგინახულებ. - ვერ გავიგე, ვინ ნინის ახლობელი ხარ? ნინი რომელია? - ამ კითხვამ უფრო გააღიზიანა სოსო და თავი შეიკავა, რომ ახალგაზრდა ყმაწვილისთის ტელეფონშივე არ მიეყენებინა შეურაცხყოფა, რაც შეეძლო მშვიდად აუხსნა ვინ ნინის ახლობელიც იყო და საღამოს შეხვედრაზეც დაითანხმა. საქმე იმაში იყო, რომ მას მერე რაც სოსო ნინის გრძნობების გაურკვევლობაში დარწმუნდა და გიორგის ასევე გაურკვეველ სურვილებში ნინის მიმართ, გადაწყვიტა, რომ საკუთარი არხებით დაედგინა ამ ბიჭის შესახებ ყველაფერი, - არ გასჭირვებია და გული დაწყდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს სიმპათიური, ახალგაზრდა, რაგბისტი ყმაწვილი იმდენად მარტივად ატყუებდა ნინის, თვითონაც, უკვირდა. ახალგაზრდა, თავნება ყმაწვილს 17 წლის გოგონა ცოლად მაშინ „შეეტენა“ როცა თვითონ 19 წლის იყო, შვილი მალე გაუჩნდათ, რამაც ცოტა დაალაგა მათ შორის უსიყვარულოდ, მხოლოდ ვნებაზე დაწყებული ურთიერთობა, ოჯახური თანაცხოვრება ხშირი და პერიოდული სკანდალებით გრძელდებოდა, ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ და ასე გავიდა წლები, რომლის მერეც, არც გოგონა აპირებდა გაშორებას და გიორგის სახლიდან წასვლას და აღარც გიორგი ცდილობდა რამეს, იყვნენ ასე, ცოლ-ქმრის სტატუსით, ცხოვრობდნენ ერთ სახლში და მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. გიორგის საყვარლების რაოდენობას ცოლი ეგუებოდა, რადგან კარგად იცოდა თვითონაც რა სტსტუსის შემდეგ გახდა მისი ოფიციალური მეუღლე, ზედმეტ სკანდალებს არ უტეხდა ხოლმე, რადგნ ამით შემდეგ ყველაზე სასურველს - თავისუფლებას დაკარგავდა, იმ თავისუფლებას, რომელიც მას ჰქონდა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით - მეგობრებთან ერთად გვიანობამდე გართობა, ბარებში და რესტორნებში სიარული, მათ შორის მეგობარ ბიჭებთან ერთად, საეჭვო ურთიერთობები რამდენიმე მათგანთან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გიორგის ცოლის სტატუსით სახლში, შინ, ქმარ-შვილთან ერთად ყოფნა. მოკლედ, ამ რთულ სიტუაციაში ყველაზე საეჭვო მაინც გიორგის უთავბოლოდ ბევრი რომანები იყო და როგორც გაირკვა, ნინი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელთანაც ურთიერთობის მანძილზე ვერ მოახერხა ვნების დაკმაყოფილება, არ გასჭირვებია, რომ თავი შეეყვარებინა მისთვის, არ გასჭირვებია, რომ დაერწმუნებინა ნინი იმაში, რომ ცოლს გაშორებული, მარტოსული ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელსაც ქალის სითბო და სიყვარული აკლდა, - რატომ სჯეროდა ნინის ეს ყველაფერი სოსოს აინტერესებდა, მაგრამ ამ კითხვის დასმაც კი, შეურაცხმყოფელად ეჩვენებოდა ნინისთვის. - მისმინე გიორგი! ვისაც გინდა იმას შეხვდები, როცა გინდა, სადაც გინდა და რისთვისაც გინდა, მაგრამ არა - ნინის! შენს ნამდვილ სახეს მას მე დავანახებ და ავუხსნი, არ მინდა, რომ თავმოყვარეობა შეგილახო, თორემ ღირსი ხარ მიგიყვანო, მის ფეხებთან დაგაჩოქო და ბოდიში მოგახდევინო იმდენი ტყუილებისთვის, რითაც ეგ გოგო გააბრუე! ამიტომ, აქ დავამთავროთ - ნინის მე ვუხსნი ყველფერს, ვიცი გაიგებს, ვიცი იტირებს, ვიცი ეწყინება, ვიცი ძალიან ცუდ ხასიათზე დადგება, მაგრამ მე ვერ მოგცემ მასთან გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების უფლებას, თანაც ისეთის, რის შემდეგაც ალბათ ღორივით დაგკლავ, ნაწილ-ნაწილ აგკუწავ და კანალიზაციაში გადაგყრი, ისე რომ ვერავინ ვეღარასოდეს გიპოვოს! შევთანხმდით?! არაფერი იმაში უცნაური არ იყო, რომ გიორგი უსიტყვოდ, გაშეშებული და ცაში მომზირალი, გაყინული თვალებით იდგა სოსოს წინაშე, რომელმაც რამდენიმე დღიანი კვლევა-ძიების შემდეგ ბოლომდე გაშიფრა მისი ზრახვები, მისი ტყუილი და მისი რეალური სურვილები ნინის მიმართ, ამიტომ უბრალოდ ხმისამოუღებლად მიტრიალდა და უკანმოუხედავად წავიდა. * * * ისინი მარტონი ისხდნენ მტკვრის ნაპირზე, ბებრის ციხის ქვემოთ, ნინი გაოგნებული უსმენდა სოსოს მონაყოლს, - არაფერს ამბობდა, ხმას არ იღებდა, უბრალოდ უსმენდა და ცდილობდა ყველა დეტალი გაეანალიზებინა გულში. თავადაც უკვირდა, რომ ზედმეტი ემოციები არ გამოხატა, არც ცრემლი, არც აგონია... უბრალოდ - გაშტერებული თვალებით სივრცეში ყურება და ფიქრი იმაზე, თუ - რა შეიძლება მომხდარიყო, გიორგის ტყუილი, რომ გაგრძელებულიყო. ცოტახნის შემდეგ, სოსოს შეხედა, დაღლილი თვალებით გაუღიმა და უთხრა - გახსოვს, ის ჩემი სიზმარი? შეშინებულს, რომ გამეღვიძა და დაგირეკე. იმ სიზმარში ვინც მახრჩობდა გიორგი იყო... მაშინაც და ახლაც შენ გადამარჩინე! - ცრემლი მოერია თვალებში, შეკვებას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, სოსოს ახლოს მიუჩოჩდა, მხარზე თავი დაადო და თვალები დახუჭა. დაგროვილი ცრემლები თბილ ლოყებზე ჩამოუცურდა, თითით შეიწმინდა, ახედა და ხმადაბლა უთხრა - მადლობ, რომ ჩემს გვერდით ხარ...! * * * „ - დღეს დილით, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელიც ისლამური სახელმწიფოს თვიმკვლელმა მებრძოლებმა, ახალგაზდა დიპლომატთა ლიგის შტაბთან განახორციელეს, მძიმედ დაიჭრა ორგანიზაციის ლიდერი, ჩვენი თანამემამულე ქართველი არჩილ (აჩო) შუბითიძე, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს და აქტიურადაა ჩამბმული მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახალგაზრდების გაერთიანებასა და მობილიზაციაში მსოფლიოს საერთო სენის წინააღმდეგ. ახალგაზრდა ქართველი ლიდერის არჩილ შუბითიძის მდგომარეობა კრიტიკულია, ის და მისი რამდენიმე თანამებრძოლი, რომლებიც ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდნენ პარიზის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მათგან ორი - ჟან რიშარი და იზაბელ კერსონი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების შედეგად გარდაიცვალნენ, ექიმები აქტიურ ღონისძიებებს ატარებენ ჩვენი ქართველი თანამემამულის სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ჯერ-ჯერობით პრესასთან კომენტარებისგან თავს იკავებენ“ - საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ ატომური ბომბის ეფქტი იქონია სოსოსთვის, შვილის მოულოდნელი და ყველაზე წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო, გაოგნებული ადგილს ვერ პოულობდა, საფრანგეთის საკონსულოსთან იდგა და ყველა ოფიციალური და არაოფიციალური საშუალებით ცდილობდა სასწრაფოდ პარიზში გამგზავრებას და ადგილს ვერ პოულობდა, როცა ხედავდა, რომ ბიუროკრატიულ ბარიერებს ვერ ერეოდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ფეხზე დააყენა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, საელჩოებით დამთავრებული, მაგრამ შვილთან გამგზავრება უსაშველოდ იწელებოდა - პასუხი არ არსებობდა, - შემზარავი ტერორისტული აქტის შემდეგ 2 დღე იყო გასული და სოსო გაოგნებული, გაგიჟებული სახით დადიოდა, ვერაფერს აკეთებდა რომ სასწრაფოდ გადაფრენილიყო შვილთან, არც აჩოს პირად ტელეფონზე პასუხობდა ვინმე, მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ცნობები... - გეხვეწები სოსო, გემუდარები, სულ ცოტათი მაინც თუ გიყვარვარ, წავიდეთ სახლში, მეც შენთან ერთად დავრჩები დღეს, ოღონდ წამოდი, ცოტა დაისვენე, ორი ლუკმა შეჭამე, გთხოვ სოსო, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, წავიდეთ და ხვალ დილით ისევ მოვიდეთ.... ცრემლიანი თვალებით ემუდარებოდა ნინი ემოციებისგან დაცლილ მამას, რომლის ერთადერთი შვილის სიცოცხლე სასწორზე იდო და ვერაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად, მეტიც - იმდენიც კი, არ შეეძლო შვილის გვერდით ფიზიკურად მაინც ყოფილიყო, მისთვის ხელი ჩაეკიდა, ენუგეშებინა და ეგრძნო მამის გვერდით არსებობა! - გთხოვ სოსო, გემუდარები წამოდი წავიდეთ... ტიროდა ნინი და გულში ეხუტებოდა ძალაგამოცლილ ახოვან მამაკაცს, რომელიც ამ ორ დღეში ნელ-ნელა ისე ილეოდა, ორთქლდებოდა და ქრებოდა, რომ ახლო ნათესავებიც კი, გაოგნებული უცქერდნენ სოსოს, რომლებიც მასთან ერთად მორიგეობით რჩებოდნენ ხოლმე, ხან საკონსულოს, ხან საგარეო სამინისტროს და ხანაც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვერაფერს აკეთებდნენ გაუბედურებული, ხავს მოჭიდებული მამის სანუგეშოდ. ინფორმაცია ყოველ 3 საათში ერთხელ მოდიოდა პარიზიდან, მთელი საქართველო სულმოუთქმელად უსმენდა საინფორმაციო გამოშვებებს, სადაც აჩოს შესახებ გადმოსცემდნენ ცნობებს, მთელი საქართველო ამ ბიჭის გადასარჩენად ლოცულობდა და უფრო მეტად გაუბედურებული მამის კადრები ამძიმებდა ყველაფერს, მამის რომელიც - ვერაფრით შველოდა უცხოეთში მყოფ დაჭრილ შვილს. სოსო, გულის სიღრმეში იმ დღეს სწყევლიდა, როცა შვილი ევროპაში გაგზავნაზე დაითანხმა, როცა იქ, სამსახურის შოვნაში დაეხმარა, როცა მასთან ერთად მსჯელობდა და კამათობდა მსოფლიო პრობლემებზე, გულის სიღრმეში ტიროდა, ტიროდა უცრემლოდ და სხვისთვის შეუმჩნევლად და ღმერთს სთხოვდა - გადამირჩინე აჩო, ასე ნუ დამსჯი, ნუ გამანადგურებ, რომ ცხოვრებაში მეორე და უკანასკნელი დარტყმა მომაყენო, მაკმარე ჩემი მარიამის არარსებობა და აჩოს ნუ წამართმევ! ერთადერთი, სუსტი ნათელი წერტილი ამ მოვლენების დროს სოსოსთვის ნინი იყო, რომელიც გვერდიდან არ სცილდებოდა, სულ თან დაყვებოდა, დიპლომატებთან და უცხოელებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა, რომელმაც ნერვიულობის ფონზე ინგლისური კი არა, ქართული საუბარიც კი დაივიწყა. ნინი იყო სოსოს თარჯიმანიც და გვერდში მდგომიც და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ რამდენჯერმე წაუძინა მანქანაში გამოფიტულმა და დაღლილმა. ცრემლი არც ნინის უშრებოდა თვალებზე, ის არ იცნობდა პირადად აჩოს, მაგრამ იცოდა რა სიმდიდრე იყო ის, მისი საყვარელი ადამიანისთვის, იცოდა ზუსტად, რომ სოსო - აჩოს გარეშე მოკვდებოდა, ეს კი... მისთვის იქნებოდა გულში მახვილის ჩარტყმა, ისედაც ყველა ხედავდა და ამჩნევდ, რომ სოსოს ვიღაც პატარა გოგო სულ თავს დასტრიალებდა, სულ გვერდით ედგა, ეხმარებოდა რითაც შეეძლო, მაგრამ ვერავინ უბედავდა სოსოს კითხვას - ვინ იყო ეს გოგონა და რატომ იდგა სოსოს გვერდით ყოველთვის. * * * სააგენტო „ფრანც პრეს ინთერნეშენალმა“ დაჭრილი არჩილ შუბითიძის ფოტოები გაავრცელა, რომლის გადაღებაც მისმა ჟურნალისტებმა კლინიკის ტერიტორიაზე შეძლეს პერსონალის დახმარებით, რასაც კიდევ ცალკე სკანდალი მოყვა. ტერორისტული აქტიდან ხუთი დღის შემდეგ, აჩო პალატაში გადაიყვანეს, ნელ-ნელა გონზეც მოდიოდა, ექიმების განცხადებით სამედიცინო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა და მითუმეტეს, მათ პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი რამ, რომ მსგავსი დაზიანებების პაციენტი, ასე მალე გადაეყვანოთ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში. ხუთი დღის გასვლის შემდეგაც ვერ მოახერხა სოსომ ევროპაში გამგზავრება და ბოლოს ისიც მიხვდა, რომ ეს არა რაიმე ბიუროკრატიის მიზეზი იყო, არამედ სრულიად გამიზნული ნაბიჯი, რომ სასოწარკვეთილი მამა შვილთან არ მოხვედრილიყო, დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად. დაჭრილი შვილის ფოტოების ნახვის შემდეგ სოსო, ბევრის გასაკვირად ცოტათი ცხოვრებას მოუბრუნდა, აქტიურ კონტაქტებზე გადავიდა დიპლომატიურ სამსახურებთან, ცდილობდა ყველა დეტალი გაეგო შვილის შესახებ და უხაროდა, როცა დამაიმედებელ ინფორმაციებს გებულობდა. - მთელი საქართველო აჩოს გადარჩენისთვის ლოცულობს ნინ და აგერ ნახავ თუ არ დადგეს მალე ფეხზე ჩემი ბიჭი. - ვიცი სოსო, ვიცი... აჩო მაგარი ბიჭია, შენი შვილი არაა? აბა რა იქნება, აი, ნახავ რამდენიმე დღეში დაელაპარაკები კიდეც! - ცრემლმორეული ნინი მაგრად ჩაეხუტა სოსოს და ატირდა. ამ ყველაფერმა სოსოზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა, არ ეძინა, თუ მოახერხებდა... შფოთავდა, ძილი უტყდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ნინის ძალიან ეხათრებოდა, თუმცა ძალიან ჭირდებოდა - მაინც ვერ თხოვდა მასთან ერთად დარჩენილიყო. გოგონა ამ შემთხვევის შემდეგ, თითქოს უცბად გაიზარდა და უცბად დიდ, გამოცდილ ადამიანად გადაიქცა, რომელსაც შეეძლო მეორე ადამიანზე ეზრუნა, დახმარებოდა და მისთვის რაღაც მაინც გაეკეთებინა. იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, სოსოს შვილის გმირული საქციელის შესახებ არაფერს უყვებოდნენ, საქციელის რომელმაც მთელი მსოფლიო გააოგნა - ტერორისტული აქტის მომენტში, მაშინ როცა ნაღმი აფეთქდა, აჩო თავისი სხეულით პატარა, მუსულმან ბიჭუნას გადაეფარა, რომელიც სრულიად შემთხვევით, მამასთან ერთად დასეირნობდა ქუჩაში და იმ მომენტში სამი ნაბიჯით მოშორებით იდგა... ეს ამბავი დეტალურად მხოლოდ მერეღა გაამჟღავნეს. * * * - მამი.... - აჩო, მა, ჩემო ვაჟკაცო, მამი... - ყოვლადმოულოდნელმა სატელეფონო ზარმა პარიზიდან, უცბად გამოაფხიზლა სოსო, ნომერს დახედა და მაშინვე მიხვდა, რომ საფრანგეთიდან რეკავდა, ერთ წამში ყველაფერი ცუდი გაიფიქრა, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ წინ გაურბინა, ყველაფერი წარმოიდგინა, გარდა იმისა რაც მოხდა - შვილის ხმას სოსო ნამდვილად არ ელოდა. ცრემლები თავისით წასკდა თვალებიდან, ქვითინი აღმოხდა, ხმამაღალი ტირილი დაიწყო და სოსო მხოლოდ შვილის სახელს იმეორებდა გადაბმულად რამდენიმე წუთით... - მამი, როგორ ხარ? - ტელეფონში აჩოს მინავლებული, დაღლილი, უსუსური ხმა მაინც ისმოდა - აჩო, აჩო ჩემო ვაჟკაცო, მამი... მა... როგორ მა? რანაირად მამი? კარგად ხარ მამი? - სიტყვებს ვერ პოულობდა შვილის ხმის გაგონებით გაოგნებული მამა და ტელეფონს ეხუტებოდა, თითქოს ცდილობდა დაჭრილ შვილს ჩახუტებოდა და მოფერებოდა, იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უღირდა - მამი, რანაირად მა? აჩო... გუშინ ტელევიზორში თქვეს ცუდად არისო მამი და როგორ მა? როგორ მირეკავ მამი... შეიძლება...? - კაი რა მა... ჟურნალისტების გჯერა? - ხუმრობა სცადა დაჭრილმა აჩომ და მიხვდა, რომ ატირებულ, ცრემლმორეულ მამას გაეღიმა მის ხუმრობაზე. - არა, მა არავისი არ მჯერა შენს მეტი მამი, არავისი მა... მითხარი როგორ ხარ, გეხვეწები მა, მითხარი, არ გამომიშვეს ამათმა მამი შენამდე, ერთი კვირაა მამი ყველგან ვეტენები, ყველა ხერხი ვცადე მა, ფეხით მოვდიოდი მამი და არ გამომიშვეს, ამათი დედა ვატირე სუყველასი მე, მაპატიე მანდ, რომ ვერ ვარ მამი გეხვეწები, მითხარი მა, როგორ ხარ, გეხვეწები... - დამშვიდდი მამი, მაგარი ვარ მა, შენ გგავარ ხო იცი... არაფერი მიჭირს. - ხო მამი, მაგარი ხარ მა, შენ ჩემი მაგარი ბიჭი ხარ მამი, ჩემი სიცოცხლე ხარ მა, ჩემი ვაჟკაცი ხარ მა, მაგრად უნდა იყო მამი, ვიცი რომ მაგარი ხარ და გეხვეწები არ დამღუპო მა, გეხვეწები, დედიკოს სულს გაფიცებ მამი არ დამღუპო, ჩემო მაგარო ვაჟკაცო, გეხვეწები გაუძელი მამი! - უკვე ხმამაღლა ყვიროდა ემოციებს აყოლილი მამა, რომელიც შვილის სიშორისგან გამოწვეულ გიჟურ მონატრებას ვერაფრით იკლავდა. - კარგად ვიქნები მამი, ნუ ტირი... ამათმა მითხრეს, რომ ჩვენც არ ველოდებოდით ისე სწრაფად გამოჯანმრთელდებიო მამი. გინდა დაგალაპარაკებ მამი და ეს ექიმებიც გეტყვიან. - რა ჯანდაბა ვიცი მამი მე მაგათი ფრანგულის აჩო, მეხუმრები ხო შე მამაძაღლო, აღარც ინგლისური მახსოვს მამი და რუსულიც დამავიწყდა მა... ღიმილი გადაეფარა სოსოს მოტირალ სახეს ტუჩებზე, - მაგრამ ვინმეს ვიპოვი მამი ცოტახანში და გეხვეწები დამალაპარაკე, მერე ეგ ხალხიც კარგი, მა? ვინმეს სასწრაფოდ ვიპოვი და ამ ნომერზე გადმოგირეკავ აჩო, კარგი მამი? - კარგი მა, მე ცოტას დავისვენებ, არ შეიძლებაო ბევრი ლაპარაკიო შენთვისო ესენი მეუბნებიან, მარა ერთი კარგი გოგოა აქ, ექთანია მგონი და იმან მათხოვა ტელეფონი მა... - შე მამაძაღლო შენა... - სოსო უცებ, წამიერად აივსო სიძლიერით შვილის ხმის გაგონების შემდეგ, მკლავში ძალა ჩაუდგა, აჩოს ხუმრობებზე და თითქოს ახლიდან დაიბადაო ისე წამოფრინდა საწოლიდან - ახლავე დაისვენე მა, ახლავე მამი... და მე გადმოგირეკავ ერთ საათში მამიკო და დამალაპარაკე მერე ეგ ექიმები გთხოვ, მა! მიყვარხარ მამი... აბა, შენ იცი აჩო... ჩემო ვაჟკაცო, შენ იცი მა... ერთ საათში დაგირეკავ მამიკო! * * * მოულოდნელი სიხარულისგან გაოგნებული, თუმცა შვილის ხმის გაგონებისგან ძალა მოცემული სოსო, ფართხაფურთხით გამოვიდა სახლიდან, პირიც არ დაუბანია, ისე ჩაჯდა მანქანაში და მერეღა გაახსენდა აჩოსთან დანაპირები, რომ ვინმეს იპოვიდა ვინც დაეხმარებოდა ექიმებთან უცხო ენაზე დალაპარაკებაში - ნინი! მჭირდები... - რა მოხდა სოსო, რა ხმა გაქვს? - ნინი, აჩომ დამირეკა... ჩემმა აჩომ, გესმისს? - აჩომ? რას ამბობ სოსო? გუშინ ვუსმინე ღამე ახალ ამბებს, იქ თქვეს მძიმე მდგომარეობაშიაო და... - ვიცი ნინ, ვიცი მეც ვუსმინე, მაგრამ მაგას სხვის გასაგონად ამბობენ ნინ, მერე აგიხნი, ახლა მჭირდები, უნდა დამეხმარო, შევპირდი, რომ 1 საათში გადავურეკავ და მაგის ექიმებს დაველაპარაკები ინგლისურად, დამეხმარე ნინ... - 15 წუთში შენთან ვარ სოსო. ერთი კვირის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციები, გადაღლა და სტრესი ახლა იგრძნო ყველაფერი ერთად, მანქანის სავარძელი უკან გადაწია, მიეყუდა და მთლიანად მოეშვა, თვალები დახუჭა და ღმერთს მადლობა გადაუხადა, იმის გულისთვის, რომ მამის ლოცვა შეისმინა. - ღმერთო, ერთადერთი სიხარული დამრჩა და ერთადერთი იმედი ამ ცხოვრებაში და გემუდარები არ დამღუპო და შვილი არ წამართვა, დაეხმარე გთხოვ ღმერთო, რა ცოდვაც ჩამიდენია მე მომკითხე უფალო, ერთი სასჯელი მაკმარე და ჩემი მარის გარეშე ცხოვრება მაკმარე და ახლა, შვილს ნუღა წამართმევ უფალო, მაკმარე ცხოვრების სასჯელად მარიამის გარეშე ცხოვრება და ჩემ შვილს დაეხმარე უფალო, მე მატკინე, მე მომკითხე ყველა ცოდვა უფალო, ოღონდ ახლა გასაჭირში არ მიატოვო ჩემი შვილი, დაეხმარე გემუდარები უფალო, მაპატიე უფალო ჩემი ცოდვები და გემუდარები აჩოს დაეხმარე, გემუდარები უფალო... სოსო მანქანის სავარძელში გადაწოლილი იჯდა და ელოდა ადამიანს, რომელიც ახლაღა გააცნობიერა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის გევრდით იდგა, ეხმარებოდა და გვერდიდან არ სცილდებოდა. მხოლოდ ახლა გადაახვია ვიდეოფირივით თავში მოვლენები და აღადგინა ყველა კადრი იმ წუთებისა, თუ სად იყო ამ დროს ნინი, რას აკეთებდა და ახლაღა აღმოაჩინა, რომ - გოგონა წუთითაც არ მოსცილებია გაუბედურებულ მამას და ახლაც მას ელოდა, ადამიანს რომლის დახმარებითაც შვილის ექიმებს უნდა დალაპარაკებოდა და გაეგო ყველაზე ძვირფასის - აჩოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნინი ათ წუთში სოსოს სახლთან ტაქსით მივიდა, ბოლო კვირის განმავლობაში პირველად ნახა გაღიმებული სოსო, იმედიანი თვალებით და ძალა-მიცემული - ასე მალე როგორ მოხვედი ნინ? - ტაქსისტს ვუთხარი იმაზე მეტად მეჩქარება, ვიდრე ოდესმე რომელიმე შენ მგზავრს-თქო და აი, მეც აქა ვარ, - სოსო იცი რა ლამაზი ღიმილი გაქვს? - გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა სოსო შემხედვარე, გაეხარდა მისი ამ მდგომარეობაში, იმედმიცემული დანახვა, ჩაეხუტა და ყელში აკოცა, - აი, ასეთი სოსო მომწონს მე. - მეც მომწონს ასეთი სოსო და არვიცი როგორ გადაგიხდი იმ ყველაფერს, ერთი კვირაა ჩემს გევრდით, რომ ტრიალებდი. - სულელო, - გაეღიმა ნინის და კიდევ ერთხელ აკოცა სოსოს ყელში, - ხანდახან მგონია, ხოლმე, რომ შენ უფრო პატარა ბავშვი ხარ ვიდრე მე, რით უნდა გადამიხადო, შენ უკვე დიდიხნის წინ გადაიხადე მადლობა ჩემი გვერდში დგომით, ახლა კი, მოდი დავრეკოთ აბა აჩოს ექიმებთან და დაველაპარაკოთ. * * * - სამედიცინო პრაქტიკაში, მსგავსი ტიპის დაზიანებებით პაციენტის გადარჩენის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია ცნობილი, რასაც ხშირ შემთხვევაში ლოგიკურ სამედიცინო ახსნასაც ვერ ვუძებნით ხოლმე, არჩილ შუბითიძის შემთხვევა ამ მხრივაც უპრეცედენტოა, ტერორისტული აქტის განხორციელების მომენტში, ის თავის ორ თანამოაზრესთან ერთად, შენობის გარეთ იმყოფებოდა, დანაღმული მანქანა მართვის პულტით ააფეთქეს და დეტონაციის შემდეგ, ის ყველაზე ახლოს აღმოჩნდა იმ რადიუსში სადაც აფეთქების ტალღის სიმძლავრე დამღუპველი იყო, სამწუხაროდ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა მიღებული ტრამვების შემდეგ, არჩილ შუბითიძეს, ტერორისტული აქტის დროს აფეთქებული ბომბის და მეტალის 23 ცალი ნასხვრევი მოხვდა, მაგრამ სამედიცინო ენაზე ამის გამოხატვა და ახსნა რთულია, ის სხეულით შეგნებულად გადაეფარა იმავე კვადრატში შემთხვევით მყოფ 5 წლის ბიჭუნას, რითაც მისი სიცოცხლე უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, - 23-ვე ნამსხვრევს სხეულზე ისეთი განლაგება აქვს, რომელთაგანაც არცერთი სასიკვდილო არ აღმოჩნდა და ლათუნური M-ის ხაზოვან ჩარჩოში თავსდება, ამ ჭრილობებიდან ყველა დროებითია, დროთა განმავლობაში ყველა გაქრება და არც უარყოფით ნაკვალევს არ დატოვებს სხეულის პერიმეტრის არცერთ მონაკვეთზე, ერთადერთი, რაც არჩილ შუბითიძეს ამ ფაქტის სამახსოვროდ დარჩება, შეუმჩნეველი შრამი, ხაზოვანი ლათინური M-ის სახით ექნება... - ნინი სიტყვა-სიტყვით თარგმნიდა ფრანგი ექიმის მონაყოლს აჩოს შესახებ და ემოციების შეკავებას ძლივს ცდილობდა, თან სოსოს უყურებდა და ხელებზე ეფერებოდა, რომლითაც სახის და ცრემლიანი თვალების დამალვას ცდილობდა. - მაშ, შრამად ლათინური M დარჩებაო არაა ნინ, ასე თქვა? - ჰო, სოსო ასე თქვა... - იციი ეგ რას ნიშნავს ნინ? - ვიცი სოსო, - თქვა ნინიმ და ცრემლები წამოუვიდა, - აჩო დედამ დაიფარა სიკვდილისაგან, შენმა მარიმ... - ჰო, ნინი... ჰო... - ტირილი ვეღარ შეიკავა სოსომ და ნინის მაგრად ჩაეხუტა, - მე ცოცხალმა ვერ დავიცავი აჩო და მარიმ იქიდან დაიცვა და გადაარჩინა ხვდები ნინი? - ნუ ამბობ მასე სოსო, ნუ იდანაშაულებ თავს... შენ ყველაზე მაგარი მამა ხარ იცოდე, ყველაზე მაგარი და კარგი მამა ხარ, რაც კი ოდესმე გამიგონია და ჩემს გარდა კიდევ ბევრს სოსო! გთხოვ ნუ ფიქრობ, რომ აჩოს ვერაფრით დაეხმარე! ნუ ამბობ მასე, - შენ მართლა ყველაზე მაგარი მამა ხარ, სოსო.... * * * ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, ორკვირიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა ფრანგმა ექიმებმა აჩოს ალპების მთებში ურჩიეს, რაზეც ბიჭს ეცინებოდა და თავის ექიმებს ბაკურიანის და გუდაურის, ბახმაროს და სვანეთის შესახებ უყვებოდა - თქვენ რაიცით ნამდვილი მთები რა არის და სად დავისვენებ მეო, - სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ვაჟკაცი, მთელს საფრანგეთში და ევროპაში გმირი გახდა, ის იმ იშვიათ გადარჩენილთა შორის იყო თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომლის გმირებიც ტერორიზმთან ბრძოლის სხვა მეთოდებს ირჩევენ და არა, იარაღით და ძალის დემონსტრირებით. საავადმყოფოს პალატაში გადაყვანის შემდეგ, აჩო საფრანგეთის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენლებმაც მოინახულეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი მადლობის წერილი გაუგზავნა აჩოს და გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ქართველი აჩო შუბითიძე, პირველი ახალგაზრდა გახდა ევროპაში რომელსაც ეს ტიტული ერგო. ევროპელი დიპლომატების გააქტიურების მერე, საქართველოს მთავრობაშიც შეფუცხუნდნენ, - ემანდ ცუდი არაფერი იფიქრონ ჩვენზეო და სოსო შვილის სარეაბილიტაციო კურსის სრული თანხით დახმარებას შეპირდნენ საქართველოს ნებისმიერ კურორტზე, მადლობის წერილებიც გამოუგზავნეს და შვილის ჩამოსაყვანად პირადად გამგზავრების სურვილის 1 დღეში მოუგვარეს. სოსო ამაყობდა იმით, რომ მისი შვილის სახელი ყველას დადებით კონტესტში ეკერა პირზე, ყველა ულოცავდა შვილის სასწაულ გადარჩენას და ყველა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი გაეგოთ ამ ახალგაზრდა ქართველის შესახებ, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობდა, როგორც - ტერორიზმთან მებრძოლ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერზე და გმირზე, რომელმაც საკუთარი სხეულით დაიფარა აფეთქების ტალღისა და ბომბის ნასხვრევებისგან, პატარა ხუთი წლის მუსულმანი ბიჭუნა და მითუმეტეს მას შემდეგ, რაც აჩომ კლინიკის პალატიდან სატელევიზო განცხადება გააკეთა BBC -ს ფრანგული რედაქციის დახმარებით, რომ გამომჯობინების შემდეგ, ის კვლავ აქტიურად განაგრძობდა ბრძოლას ტერორიზმის საზღვრების გაფართოების წინააღმდეგ, ყველა მის ვაჟკაცობაზე ალაპარაკდა. ყველაზე მოულოდნელი კი, ამ ერთი თვის მანძილზე, რაც აჩო გონზე მოსვლის შემდეგ კლინიკიდან უკვე აქტიურად საუბრობდა მომავალ გეგმებზე, აქტიურად იკრებდა თანამოაზრეებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომლებმაც ტერორიზმთან ბრძოლის დამოუკიდებელი ფონდიც კი შექმნეს, - ხაზზე გამოვიდა ისლამური რესპუბლიკის ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი, არაბული მუსლიმური ორგანიზაციის „ჯიჰადის ძმების“ ლიდერი ალ მუ ბე სარადი რომელმაც განაცხადა, რომ - პარიზში მოწყობილ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობას აკისრებს რადიკალ-ისლამისტთა ახალგაზრდულ გაერთიანებას, რომლებიც არ ემორჩილებიან მთავარ ორგანიზაციას და მიზნობრივ ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და არა სამხედრო ბაზებზე, სამხედო მმართველობაზე და სამხედრო კუთხით. მან მშვიდობისთვის მებრძოლ ქართველ გმირად მოიხსენია აჩო შუბითიძე და გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა იმ ვიდეოში, რომელმაც მსოფლიო მოიარა: - მე ქართველების გმირობის უამრავი ამბავი მსმენია, ვიცი მათი ისტორია, ვიცი მათი სიყვარული თავისუფლებისადმი და ვიცი მათი ყველაზე ძვირფასი თვისება - მათ შეუძლიათ მტერსაც კი, შეხედონ ღირსეულად, ვაჟკაცურ ომში გამოიწვიონ და ღირსეულად დააფასონ მტრის მებრძოლი, მსოფლიოში ეს ყველა ერს არ შეუძლია. ამ ახალგაზრდა ქართველის განცხადება, რომ მას უამრავი არაბი, მუსლიმი მეგობარი ყავს და ის, მათთან ერთად გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას, რომლის მსხვერპლიც თავად კინაღამ გახდა და ალბათ მისმა ღმერთმა დაიფარა, მას მერე რაც მან პატარა მუსულმანი ბიჭუნა საკუთარი სხეულით დაიფარა სიკვდილისგან - ამის შემდეგ ჩვენთვის, ის ახალგაზრდა ქართველი - გმირია, რომელსაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიკვდილისაც კი არ ეშინია, ჩვენ მტრები ვართ და ვაფასებთ მის სიტყვებს, ალაჰმა განსაზღვროს ჩვენს შორის მტყუან-მართალი, მაგრამ ასეთი მებრძოლი სულის ახალგაზრდას, ვისურვებდი ჩვენს რაზმში ბევრი გვყოლოდა. ამ ამბის შემდეგ აჩოს გაძლიერებული დაცვა დაუნიშნეს, რადგან ის ახალგაზრდული ორგანიზაციაც ძლიერდებოდა, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა საფრანგეთში დაარსა და რომელიც აქტიურად მუშაობდა მსოფლიო მშვიდობის დამყარებსითვის. ყველაზე დიდი და ერთგული დაცვა კი, აჩოსთვის - მამა აღმოჩნდა, - სოსომ საიდუმლო მოლაპარაკებების გზით და მეგობრების დახმარებით 5 ნოემბრის დილის 11 საათზე თბილისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო და შვილი ორკვირიან სარეაბილიტაციო კურსზე წაეყვანა მთის რომელიმე ქართულ კურორტზე. - 11 საათზე დაჯდება თვითმფრინავი ნინ თბილისის აეროპორტში და შენც თუ არაფერი საქმე არ გქონდეს, მაგ დროს იყავი იქ, ვახო და გიგა იქნებიან, ჩემი ძმაკაცები, იცნობ შენც მაგათ და მათთან ერთად დამელოდე, სხვისთვის არავისთის არაფერი მითქვამს ნინ. - კარგი სოსო, როგორც მეტყვი ისე გავაკეთებ, ტაქსით წამოვალ და წუთსაც არ დავაგვიანებ. - კარგი ჩემო კარგო ადამიანო. - სოსო... - რაიყო ნინი? - სოსო, შორიდან კი ვიცნობ აჩოს, „ფეისბუქითაც“, მაგრამ რაღაცნაირად მერიდება სოსო, ვნერვიულობ თითქოს... - ვიცი ნინ, ვიცი - სოსომ ზუსტად იცოდა ნინის განწყობაც და მდგომარეობაც და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად თავი შეეკავებინა უცხოებთან და თუნდაც ნაცნობებთან ნინისადმი სიმპათიების გამოხატვისგან, ყურადღების გამოჩენისგან... იცოდა სოსომ, რომ ენას ძვალი არ აქვს და განსაკუთრებით საქართველოში, ადამიანებს ისეთ რამეს აბრალებენ, რასთან მიახლოებული გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია. უყვარდანინის ეს კაცი, მამაზე მეტად უყვარდა და დარწმუნებული იყო, რომ ვერასოდეს ვერ შეეგუებოდა მის გარეშე სიცოცხლეს, მოსწონდა კიდეც როგორც მამაკაცი, მოსწონდა მისი ყველა თვისება, მისი ყველა საქციელი, მისი სიძლიერე, ვაჟკაცურობა, ნინის ყველაფერი მოსწონდა სოსოსი, მაგრამ უფრო ღრმად და უფრო მეტს, როცა ფიქრობდა... თითქოს რაღაც აჩერებდა, თითქოს ამუხრუჭებდა, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა, რა ან ვინ, რადგან ნინისთვის არ არსებობდა - რას იტყვის მეზობელი, დაქალი, ნათესაობა, ნინისთვის არ არსებობდა არავინ, იმიტომ რომ ის სოსოსთან ერთად ბედნიერი იყო, დაცულად გრძნობდა თავს და მისი იმედი ყველაფერში ჰქონდა, იმასაც ატყობდა სოსოს, - როცა პაემანზე მიდიოდა ხოლმე, იშვიათად თუმცა მაინც, სოსო პატარა ბავშვივით იბუტებოდა, სანამ თავად არ დაურეკავდა ნინი, პაემანის შემდეგ, მანამდე თვითონ გაბუტული ბავშვივით იჯდა და ელოდა მის ზარს. ეს ყველაფერი ნინის ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემას ავალდებულებდა, თუმცა - არცერთზე ეს პასუხი არ ჰქონდა... „რეისი ნომერი 2556 სტამბული-თბილისი დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ - ადგილობრივმა დიქტორმა თვითმფრინავის მშვიდობიანი დაშვების შესახებ ამცნო მოსაცდელში მომლოდინე ხალხს. ნინი აეროპორტში ერთი საათით ადრე, ტაქსით მივიდა, საყვედურიც კი მიიღო სოსოს ძმაკაცებისგან ამის გულისთის - რატომ არ გვითხარი, გამოგივლიდით და წამოგიყვანდით, ხომ იცი შენ ჩვენი და ხარო? ერიდებოდა ნინის აჩოს ძმაკაცებისაც და ყველაზე მეტად კი, იმ ადამიანისა, რომელიც ცოტახანში მოსაცდელ დარბაზში მამასთან ერთად გამოვიდოდა და რომელმაც, არ იცოდა ნინის და მამამისის ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერი, არ უნდოდა აჩოს რამე არასწორად ეფიქრა. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, ყველა თავის ახლობელს ელოდებოდა, „სტამბული-თბილისის“ რეისს ჩამოყვა სოსოც და აჩოც, მარტონი ჩამოვიდნენ, კონსპირაცია ბოლომდე შეინარჩუნეს, ვიდრე თვითმფრინავი ცაში აფრინდებოდა, - იქ კი, როგორც აღმოჩნდა ყველამ იცნო ახალგაზრდა გმირი ქართველი, ვისზეც მთელი ამდენიხანი მსოფლიო პრესა ლაპარაკობდა. 12-ს ნახევარზე, ბარიერს გარეთ მომლოდინე ხალხს და მათ შორის ნინისაც, შიდა პერიმეტრიდან ტაშის ხმა მოესმათ, ყველანი დაიბნენ, ვერავინ მიხვდა ვის უკრავდა ის ხალხი ტაშს შიგნით, ზოგმა თქვა - ალბათ რომელიმე მომღერალი ჩამოვიდაო, ზოგმა კი, - არა, ჩვენი ქართველი რაგბისტები არიან, ორი დღის უკან ევროპა მოიგეს და უეჭველი მათ ხვდებიან ასეთი ტაშითო, მხოლოდ ნინი ხვდებოდა, რომ ეს ტაში - აჩოს ეკუთვნოდა, ახალგაზრდა, ქართველ გმირ ბიჭს, რომელიც იმდენად ღირებულ და კარგ საქმეს აკეთებდა მსოფლიო მშვიდობისათვის, რომ ყველაზე დიდმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ სცადა მისი მოკვლა, გაქრობა და ახალგაზრდა იდეოლოგის გზიდან ჩამოშორება. მოსაცდელის და ბარგის მიღების შიდა პერიმეტრის გამყოფი კარი, რომელზეც ამაყად ინგლისურად აწერია TBILISI ნელ-ნელა გაიღო, ტაშის ხმა არ ცხრებოდა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ნათესავების მომლოდინე ხალხმა, ენით აუწერელი სურათი ამ კარის მიღმა: - კარს იქით ხალხს კორიდორი გაეკეთებინა, აქეთ-იქით ორგანიზებულად გამდგარიყო განზე, ერთ მხარეს შინდისფერ სპორტულ ფორმებში გამოწყობილი გამარჯვებული ქართველი რაგბისტები იდგნენ და თავიანთი ძლიერი ხელებით უკრავდნენ ტაშს, მეორე მხარეს კი, ხალხთან ერთად იდგა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქართული ანსამბლი „ივერიის“ რამდენიმე წევრი, გერმანიის გასტროლებიდან დაბრუნებულნი, რომლებიც სხვებთან ერთად იმეტებდნენ მათთვის ასე ჩვეულ აპლოდისმენტებს, ერთი წუთის მანძილზე არ ჩანდა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, მომლოდინე ხალხმა, ტაშის დერეფანში მომავალი ორი ადამიანი შეამჩნია, წინ, მარცხენა მხარით ყავარჯენზე დაყრდნობილი ახალგაზრდა, მაღალი, ახოვანი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი იდგა, - აჩო შუბითიძე, რომლისთვისაც ნირი ვერ გაეტეხა მის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს და გვერდით კი, სიამაყით ავსებული, თვალცრემლიანი მამა ედგა, რომელსაც ხელკავი ჰქონდა შვილისთვის გაყრილი და ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა ტაშის დერეფანს. სანამ გარეთ მომლოდინე ხალხი მიხვდებოდა, რომ ეს, ის ბიჭი იყო ვისთვისაც ბევრი მათგანი ლოცულობდა, თავად სხვა რეისის მგზავრებმა, რომელიც ასევე ახალი ჩამოფრენილნი იყვნენ თბილისში, უფრო ადრე TAV-შივე იცნეს აჩო... ნინი მომლოდინე ახლობლებს შორის ყველაზე წინ, კარის წინ იდგა და ხედავდა ამ ყველაფერს, ხედავდა და ცრემლებს ვერ იკავებდა ამ სურათის შემხედვარე, უყურებდა იმ ორ ადამიანს, რომლებიც მისთვის სულერთი არ იყო და განსაკუთრებით უყურებდა იმ თვალცრემლიან, ახოვან მამაკაცს, რომელიც წელში გამართული, სიამაყით მოაბიჯებდა დაჭრილი, გმირი შვილის გვერდით და სიარულში ეხმარებოდა, უყურებდა და ცრემლები ტირილად ექცა, ტირილი ხავილად და ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა დაიყვირა - სოსოო, აჩოო... ნინის ხმა ორივემ გაიგო, სახეგაბადრულმა სოსომ თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა და აჩოს შეხედა - აგე ნინი, - და მტირალა გოგონაზე მიანიშნა, რომელიც ცალი ხელით რკინის ბორდიულს ეყრდნობოდა და ცალით კი ცრემლებს იწმენდდა. მოულოდნელად აჩომ მამას ყავარჯენი მიაწოდა, კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით პირდაპირ ნინისკენ წამოვიდა, ხელები გაშალა და ბორდიულს იქიდან ისე მაგრად ჩაეხუტა, გეგონება დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდაო. სრული მოულოდნელობისგან გაოგნებულმა ნინიმაც იგივეთი უპასუხა და მაგრად მიეკრა აჩოს, რომელიც ისე ძალიან გავდა სოსოს, ისე ძალიან, რომ ნინი ვეღარ მიხვდა რა გაეკეთებინა - აჩო, როგორ ხარ? - მადლობა ნი, მადლობა შენ ყველაფრისთვის. - გულიდან არ მოუცილებელია ბიჭს გოგონა ისე უხდიდა მადლობას. - რისთვის აჩო, რა მადლობა? - მართლა ვერ ხვდებოდა დაბნეული ნინი ვერაფერს. - მადლობა იმისთვის, რომ მამა გადამირჩინე! - აჩომ ცრემლიან თვალებში ჩახედა ნინის და კიდევ რამდენჯერმე გაუმეორა ეს სიტყვები. წამში ყველაფერს მიხვდა ნინი, წამში ყველა ემოცია ერთად მოეძალა და გაოგნებულმა შეხედა ჯერ აჩოს და მერე მის უკან მდგომ, ამაყ მამას, რომელიც ჯერ კიდეც იღებდა აჩოს გადარჩენის მილოცვებს უცხო ადამიანებისგან. ნინი ტირილს ვეღარ იკავებდა, მან პირველად ნახა შვილი, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა მამა, და სიამაყით უყურებდა მამას - რომელსაც ასე ძალიან უყვარდა - შვილი. * * * - ანდროს გაუმარჯოს, ანდროს, როგორ ხარ კაი კაცო? - სოსოს ვახლავრ, გმირი კაცის გამზრდელს, კარგად ვარ სოსოს ვენაცვალე, რაც მთავარია ჯანზე ვარ და ჯერ არ ვაპირებ მიქელ გაბრიელთან ვიზიტს. - ისეთ ჰაერს სუნთქავ ჩემო ანდრო, რომ შენ მიქელა ას წლამდე არ მოგაკითხავს და მშვიდად უნდა იყო, მშვიდად. - აბა შენ ეგ თქვი, ბორჯომის და ბაკურიანის ჰაერზე დაიზარდნენ ჩემი ბიჭებიც და ხომ იცი შენ, რა ლომებიც მყავს ჩემო სოსო, შენ გენაცვალე კაი კაცო. აჩოს ამბები ყველაფერი ვიცი და ვამაყობ, ვამაყობ მაგ კაცით. - მადლობა ჩემო ანდრო და ზუსტად მაგ ბიჭთან დაკავშირებით მინდა გთხოვო რაღაც, - ფრანგმა ექიმებმა სუფთა ჰაერზე სარეაბილიტაციო კურსი გამოუწერეს ორი კვირით, ალპებში წაიყვანეო მირჩიეს და აჩო ცალკე იცინოდა, მე ცალკე იმათ რჩევაზე, იმიტომ, რომ ჩვენი მთების პატრონს ალპები, რომ გვიხსენეს. - ალპებიო არაა? ისემც მაგათ რა ვუთხარი მე, ჩამობრძანდნენ ერთი და ბაკურიანის ჰაერი ჩაინუნთქონ და დატენონ ფილტვები და მერე ნახონ განსხვავება ალპებსა და ბაკურიანს შორის (გადაიხარხარა ანდრომ) - ჰოდა, შენთან მინდა ჩემო ანდრო სასტუმროში გამოვუშვა ორიოდ კვირით ჩემი აჩო და ხომ იცი, ვალში არ დაგრჩები მე და... - აბა, აბა ახლაა, აღარ გააგრძელო ჩემო სოსო, თორემ მაწყენინებ, - საუბარი გააწყვეტინა ბაკურიანის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმრო „ალფას“ მეპატრონე ანდრო დიასამიძემ, თავის ძველ მეგობარს, - ბიჭს მე გამომიგზავნი და მე ვიცი აქ, მაგას როგორ მივხედავ ეგ ორი კვირა და თუ გინდა ორი თვე, ეგ კი არადა, შენც უნდა ჩამოხვიდე ჩემო სოსო, არც შენ გაწყენს ბაკურიანის და ბორჯომის ჰაერი, ჰოდა, მოკიდე შენ შვილს ხელი და ორივეს გელოდებით... - გაიხარე ჩემო ანდრო, გაიხარე შენ, კაი კაცო, მაგრამ რა არის იციი... აჩოს თავის შეყვარებულთან ერთად უფრო ურჩევნია დასვენება და თუ მაგ საქმეს გამიკეთებ და ორივეს უმასპინძლებ ეგ ორი კვირაა... - შეყვარებულიო? მაგას ვენაცვალე მე, რას ლაპარაკობ ჩემო სოსო, ორივე ჩამომიყვანე აქამდე და დანარჩენი მე ვიცი, სარეაბილიტაციო კურსი კი არა, ჰერაკლეს დაგიბრუნებ აქედან, ჰერაკლეს. * * * სამების საკათედრო ტაძარი, როგორც ყოველთვის ახლაც ხალხით იყო გადაჭედილი, კვირა დღე იდგა, მრევლი არასოდეს აკლდა ტაძარს და არც ეს დღე იყო მაგ მხრივ განსხვავებული - ჯვარს იწერენ მონა ღვთისა არჩილი და მონა ღვთისა ნინო, - მამა სერაფიმე ჯვრისწერის პროცედურას უძღვებოდა, ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი და შინდისფერ ჩოხაში, ვერცხლის ქამარ-ხანჯალ ასხმული სიძე, საკურთხეველთან იდგნენ და მორჩილებით ასრულებდნენ მამა სერაფიმეს ყველა მითითებას, მათ გარშემო კი, უამრავი კმაყოფილი, მშვიდი, ბედნიერი სახის ადამიანი შეკრებილიყო და ღიმილით აკვირდებოდნენ ცერემონიას. აჩო და ნინი კი თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, უხაროდათ ერთმანეთი, უხაროდათ სიყვარული და უხაროდათ, რომ ერთმანეთი იპოვეს, უხაროდათ, რომ ღმერთმა მათი ბედი ერთმანეთს დაუკავშირა. ტაძრის სამხრეთ კუთხეში, წმინდა მარიამის ხატთან სოსო იდგა, თეთრი ჩოხა რძლის თხოვნით ჩაიცვა, ძალიან უხდებოდა, - ხელთ თაფლის სანთელი ეჭირა და წყლიანი თვალებით ღვთისმშობლის ხატს ევედრებოდა - დედა ღვთისაო, დღეს ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთმანეთს თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს, გემუდარები, გთხოვ მეც და ჩემი მარიამის სულიც გთხოვს, ეს ორი ადამიანი მიმყოფე ჯანმრთელები და ამ ორ ადამიანს გაუფრთხილდი ღვთისმშობელო, ბედნიერ საქართველოში ცხოვრების მადლი არ მოაკლო, გასაჭირში არ მიატოვო ჩემი შვილების ოჯახი და მომეცი მე ცოდვილს ძალა წმინდაო მარიამ, ამ ორი ადამიანისთვის ვიცოცხლო და ჩემი მარიამის სულის მოსახსენებლად, და ისე არ წამიყვანო ამ ქვეყნიდან ჩემს მარიამთან მარადიულ სასუფეველში, რომ აჩოს და ნინის ოჯახური სიხარულით მეც, რომ არ გამახარო. გთხოვ დაიფარე ისინი ღვთისმშობელო და მომეცი ძალა მათ გვერდით ვიყო, როცა ეს დაჭირდებათ, ჩემს შვილს მიეცი ძალა ღირსეული მეუღლის სტატუსი ცხოვრების ბოლომდე ატაროს ღვთისმშობელო, ვაჟკაცად გამიზრდია და ვაჟკაცურად აცხოვრე მთელი ცხოვრება, მადლობა, რომ არ გამწირე, მადლობა უფალს, რომ მე დღეს ჯანმრთელი, საღსამალათი ვაჟკაცის, აჩოს ჯვრისწერის ცქერის უფლება მომეცი მე ცოდვილს, მადლობა ღვთისმშობელო, მადლობა უფალო ამ ყველაფრისთვის, მადლობა, რომ შეისმინე მამის ლოცვა და შვილი გადამირჩინე... დიდება შენდა უფალო! 177 2-ს მოსწონს
|