x
image
დათო1994
"მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა"
image


ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი - ჩეხი მწერალი, რომელმაც 1963 წელს გაითქვა სახელი, მისი პირველი წიგნით, მოთხრობების კრებულის "მარგალიტები ფსკერზეს" გამოქვეყნებით.
1967-დან 1975 წლამდე, მას ცენზურამ წიგნების გამოცემა აუკრძალა.


მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა, დაიწერა 1974-76 წლებში, სწორედ მაშინ როცა მწერალს ეკრძალებოდა წიგნების გამოცემა, შესაბამისად ეს წიგნი ავტორმა თავისთვის დაწერა და ალბათ არც ელოდა, ამ რომანს თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.


წიგნი სულ 103 გვერდისგან შედგება და შეიძლება იფიქროთ, რომ მას მარტივად წაიკითხავთ, ან ისეთი არაფერი იქნება, (ზოგადად პატარა წიგნების მიმართ ხომ ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გვაქვს) მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან ცდებით, თუ მართლა ასე ფიქრობთ :) არც ისე მარტივი წიგნია და ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ დავწერო, როგორ მოვუყარო თავი იმ ყველა სათქმელს, რაც მინდა რომ ამ წიგნის შესახებ თქვენც გაგიზიაროთ.



"მხოლოდ მზეს აქვს უფლება ჰქონდეს ლაქები" ^_^ დიახ, წიგნი გოეთეს სიტყვებით იწყება. მთავარი გმირი კი, რომელიც 35 წლის განმავლობაში, სარდაფში მუშაობს, სადაც წიგნებს წნეხში ატარებს და მათთან ურთიერთობის გამო უნებლიედ განათლებულია, გვიყვება თავის მარტოსულ ცხოვრებასა და love story-ის მოგონებებს, რომლის წაკითხვის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰანტა (მთავარი გმირი) არც ისე იღბლიანი ვინმეა, :)

წიგნი თავებად არის დაყოფილი და თითქმის ყოველი თავის დასაწყისში, გმირი გვახსენებს, რომ ის უკვე 35 წელია, წითელი და მწვანე ღილაკების გამოყენებით, უკვე მექანიკურად წნეხს წიგნებს, წიგნებთან ერთად კი ათას ნაგავს თან აყოლებს, არამარტო ნაგავს, პაწაწინა თაგუნიებსაც კი, რომლებიც ხშირად ეთამაშებოდნენ და სიხარულით აკვირდებოდნენ ჩვენს მთავარ გმირს. ჰანტას არ მოსწონს ეს საქმიანობა, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როცა მწვანე ღილაკის გამოყენებით იშვიათ წიგნებს ანადგურებს და მათთან ერთად ცოცხალ არსებებსაც. საკუთარ თავს ფაქიზ ყასაბსაც კი უწოდებს, ხოლო თავის დასამშვიდებლად, ყოველთვის მოიშველიებს სიტყვებს: "ზეცა სულაც არ არის ჰუმანური." როგორც ყველასთვის, მისთვისაც მარტივია დანაშაულის ვინმეზე ან რამეზე გადაბრალება :) მას ძალიან უყვარს წიგნები, მისი საქმიანობა მან ხელოვნებად აქცია, ყოველ დაწნეხილ ფუთას, გარედან ცნობილი მხატვრების გრავიურას შემოაკრავდა ხოლმე, ამას არა ვინმეს დასანახად, არამედ თავისთვის აკეთებდა. ამ მონაკვეთში ჰრაბალმა, თავისი იმ დროინდელი წუხილი ჩააქსოვა რომანში, რომლის გამოქვეყნების იმედი არც ქონდა, როგორც წიგნის მთავარ გმირს, რომელმაც წინასწარ უკვე იცოდა, რომ მის ხელოვნების ნიმუშს, რამდენიმე მუშის გარდა ვერავინ ნახავდა და ბოლოს განადგურდებოდა. (პ.ს. წიგნი მის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა)

წიგნების სიყვარულზე პირველი რაც გამახსენდა, რეი ბრედბერის "451 ფარენჰაიტით" არის, სადაც მთავარი გმირი, მეხანძრე ცდილობს წიგნები დაწვისგან იხსნას, ერთი განსხვავება ის არის მხოლოდ, რომ "451 ფარენჰაიტში, " მთავარი გმირი, ინტერესის გამო იქცევა პირველად და შემდეგ უყვარდება წიგნები, აქ კი ჩვენი ჰანტა, რომელიც 35 წელი ამ საქმიანობით არის დაკავებული, ყოველდღიურად ეზიდება იშვიათ წიგნებს სახლში, სადაც, არც ერთი ადგილი არ აქვს თავისუფალი, მხოლოდ გაზქურასა და საპირფარეშომდე მიმავალი ბილიკია გაკვალული, დანარჩენ ადგილებზე კი ყველგან გადარჩენილი წიგნები დევს.

ჰანტამ, რომელმაც 35 წელი შესწირა წნეხს და პატარა, ქაღალდებით გამოტენილ სარდაფს, ნელ ნელა დაკარგა გრძნობები:
"როცა დედა მოკვდა, სადღაც გულის სიღრმეში ვტიროდი, მაგრამ ერთი ცრემლიც კი არ გადმომიგდია. კრემატორიუმიდან გამოსულმა, საკვამურიდან ამოვარდნილი ბოლი დავინახე, ლამაზი იყო, დედა ცაში ადიოდა და მე, რომელიც მაკულატურის პუნქტის სარდაფში უკვე ათი წელი ვმუშაობდი, ჩავედი კრემატორიუმის სარდაფში და თავი წარვუდგინე, რომ მეც იმავეს ვაკეთებ, ოღონდ წიგნებთან დაკავშირებით, ვიდექი და ველოდებოდი და როცა ცერემონია დასრულდა, დავინახე, რომ იმ დღეს ოთხ ადამიანს წვავდნენ და დედაჩემი მესამე ყუთში იყო, " ამ მონაკვეთს როცა ვკითხულობდი ალბერტ კამიუს "უცხო" გამახსენდა, მთავარი გმირი, მერსოც ასე არაადეკვატურად იქცევა დედის დაკრძალვაზე, ორივე გმირისთვის დედასთან ერთად მკვდარია გრძნობებიც, მაგრამ ერთი განსხვავებით, ჰანტას არავინ შეიძულებს, იმის გამო რომ დედა არ დაიტირა დაკრძალვის დღეს. :)

მწერალი ძალიან მწვავედ ეხება იმ დროინდელ (1950-70წწ) რეალობასა და განათლებას, რომელიც ვფიქრობ დღესაც აქტუალური თემაა.
"მაგრამ ყველაზე უფრო კანალიზაციის მუშებთან ვმეგობრობდი, მაგათთან ორი აკადემიკოსი მუშაობდა."
"და აი ასე მივაბიჯებდი და უცებ გამახსენდა უნივერსიტეტში განათლებამიღებული მექვაბის სიტყვები, რომ აღმოსავლეთ ევროპა პორჟიჩის კარიბჭესთან კი არ იწყება, არამედ იქ, სადაც ამპარის სტილში აგებული ძველი ავსტრიული სადგურები მთავრდება, სადღაც გალიციაში, იქ სადამდეც ტიმპანმა მიაღწია და რომ პრაღა სავსეა ბერძნული სულით არა მარტო შენობების ფასადების გამო, არამედ მოსახლეობის თავების გამოც, რადგან კლასიკურმა გიმნაზიებმა და ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტებმა მილიონობით ჩეხის თავი ამოავსეს ყოველივე ბერძნულითა და რომაულით. და მაშინ, როცა ჩეხეთის დედაქალაქის მიწისქვეშა არხებსა და კლოაკებში ვირთხების ორი კლანი ანადგურებს ერთმანეთს ერთი შეხედვით უაზრო ომში, პრაღის სარდაფებში გაძევებული ანგელოზები მუშაობენ. საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანები, მათ წააგეს ომი, რომელიც არასდროს უწარმოებიათ და მიუხედავად ამისა, განაგრძობენ მუშაობას სამყაროს უფრო ზუსტი სურათის დასადგენად"
წიგნის ბოლო თავშიც შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ: უნებლიედ განათლებულ ადამიანსა (ჰანტა) და იმ გოგონას (მის პირველ სიყვარულს-მაჩინკას) შორის, რომელსაც მთელი ცხოვრება საშინლად ეზიზღებოდა წიგნი, მაგრამ ყველაფერს მიაღწია,
(დიდი მამული, სასახლე და სიცოცხლის ბოლოს, მოქანდაკე მის ლამაზ სხეულსაც აქანდაკებდა, რათა სიკვდილის შემდეგ მის საფლავზე დაედგათ)... მე პირადად ორ დიპლომიანი ტაქსისტები გამახსენდა :) აკადემიკოსის ხარისხით რომ არიან, მაგრამ ისინიც ალბათ, წიგნის გმირების მსგავსად "უწარმოებელ ომში" დამარცხდნენ. მაჩინკასნაირი ადამიანებიც ბევრი არსებობს, რამდენი მაგალითის მოყვანა შემიძლია, სკოლა დაუმთავრებელ მაგრამ მოხერხებულ ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში და მათი ძეგლებიც არა მარტო საფლავებს, არამედ ბევრ ქალაქსაც ამშვენებს :)

ჰანტა, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად განათლებულია და ჩემზე ნაკითხი, ჩემთვის უარყოფითი პერსონაჟია, რადგან სიცოცხლის 35 მშვენიერი წელი შესწირა სარდაფსა და ლუდის სმას, ვფიქრობ ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა იმისთვის, რომ მეტად სახალისო და მრავალფეროვანი ყოფილიყო მისი ცხოვრება :) ამ მომენტში პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰაირიხ ბოილის "კლოუნის თვალთახედვის" გმირ შნირს, რომელმაც ასევე მთელი კარიერა და ცხოვრება შესწირა ერთ სიყვარულს, ხოლო დარჩენილი სიცოცხლე სხვებზე გადაბრალებაში გაატარა. ამ შემთხვევაში ჰანტა სხვებს არ ეხება, პირიქით ყველას ბოდიშს უხდის, როცა ბოდიში არაა მოსახდელი მაშინაც იხდის, საკუთარ თავსაც ებოდიშება რომ ისეთია, როგორიც არის, :) ერთადერთი რასაც მთელი წიგნის განმავლობაში, ბრალს სდებს არის სამყარო, რომელიც საერთოდ არ არის ჰუმანური და ბევრი საშინელი საქციელის ჩადენის უფლებას აძლევს ადამიანებს. წიგნის ორივე გმირი მარტო არის, ორივეს ტანჯავს ეს მარტოობა.
შნირი სვამს იმისთვის რომ დარდი გაიქარვოს, ჰანტამ კი გამოსავალი იპოვნა, ნასვამი უკეთესად ხედავს წაკითხული წიგნის გმირებს, მწერლებს თუ ცნობილ ადამიანებს და თავს მარტოდ აღარ გრძნობს მათთან ერთად.


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:დათო1994
დათო1994
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0