სხვა შაკირა სამხრეთ ამერიკელ ბავშვებს ჩუმად ეხმარება 2018, 16 სექტემბერი, 13:07 შაკირამ პატარაობიდანვე გაიგო, რას ნიშნავდა კოლუმბიაში ცხოვრება. ის უყურებდა ღარიბ და სასოწარკვეთილ ხალხს, ხედავდა ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში წასვლა არ შეეძლოთ და ამის მაგივრად, ფეხშიშველა მოსიარულეები, ნარკოტიკებს ეჩვეოდნენ. მომღერალმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ერთ დღეს, როცა წარმატებული გახდებოდა, ამ ბავშვების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.
ბავშვები ჩვენი მომავალია და დასაფასებელია მათი ცხოვრების გაუმჯობესების ყოველი მცდელობა, განსაკუთრებით კი მათგან, ვისაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც არ ავიწყდებათ, რას ნიშნავს მოკრძალებული ცხოვრება. გარდა იმისა, რომ შაკირა მთელი ცხოვრების განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებს, 1997 წელს მან Pies Descalzos Foundation (The Barefoot Foundation) ფონდი დააარსა, რომლის ერთადერთ მიზანი ღარიბი და გაჭირვებული ბავშვების დახმარებაა. განათლება მხოლოდ ბავშვის სკოლაში სიარულს და წიგნებში თავის ჩარგვას არ ნიშნავს. განათლება მის მთლიან განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ეს არის პროცესი, რომლის წყალობითაც ადამიანს უნდა ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და მოემზადოს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად. შაკირას დაარსებული ფონდი The Barefoot Foundation ეხმარება ბავშვებს, რომლებიც სიღარიბის გამო სხვადასხვა სახის პრობლემებს, მათ შორის ძალადობას, აწყდებიან. დღესდღეობით ფონდი კოლუმბიის სხვადასხვა რეგიონებში მდებარე 6 სკოლასთან თანამშრომლობს. მისი წყალობით, 6000-ზე მეტი ბავშვი იღებს სათანადო განათლებას, ჯანსაღ საკვებს და ფსიქოლოგიურ დახმარებას სკოლისგან. საერთო ჯამში, ასეთი სამუშაო სარგებელს აძლევს დაახლოებით 30 000 ბავშვს, მათ მშობლებსა და საზოგადოებას. ფონდი ამავე სერვისებს აწარმოებს ჰაიტიზე და სამხრეთ აფრიკის რეგიონებში. ღარიბ რეგიონებში მცხოვრებ თითქმის ყველა ბავშვს უწევს სხვადასხვა სახის პრობლემებთან გამკლავება და თითქმის ყველა მათგანი იმედოვნებს, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ასეთი ორგანიზაციების მორალური ვალდებულება სწორედ ისაა, რომ ბავშვებს იმედი მანამ ჩაუსახოს, სანამ ძალიან გვიან იქნება. მკაცრ გარემოში მცხოვრებ ბავშვებს განსაკუთრებული დახმარება და უკეთესი მასწავლებლები სჭირდებათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუ მათ ყოველ ღამით მშიერი კუჭით დაძინება მოუწევთ. შაკირამ თქვა: "ჩვენ სკოლები ავაშენეთ იქ, სადაც მთავრობამ არაფერი გააკეთა და ბავშვები ვერ იღებდნენ ხარისხიან განათლებას. შედეგმა არ დააყოვნა, სამუშაო ადგილები გაიზარდა, კვების დარღვევები გამოსწორდა და სკოლებში მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ". The Barefoot Foundation ორ რამეს ნიშნავს - ჩანაწერის სახელს, რომელმაც შაკირა საერთაშორისო ვარსკვლავი გახადა და იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომლებსაც ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ფეხსაცმელზე, საჭმელზე და განათლებაზე არ მიუწვდებათ ხელი. ორგანიზაციას ცნობილი მომღერალი თავად აფინანსებს, ასევე მას ეხმარებიან ეროვნული და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ. მათ შორისაა UNICEF. ორგანიზაციის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ აქ. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა, თქვენც დაეხმაროთ მომღერალს და საკუთარი წვლილი შეიტანოთ ბავშვების მომავლის გაუმჯობესებაში. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ შეცვალა ანა კოულმანმა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების ცხოვრება 2. მალაიზიელმა პრინცესამ საკუთარი დაბადების დღე სანაპიროს დასუფთავებით აღნიშნა 3. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ 39 4-ს მოსწონს
|