ნარკვევები რუბრიკა: ''წიგნის ფურცლებზე'' რომენ გარი - ''ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ'' PDF 2018, 13 სექტემბერი, 23:09 რომენ გარი - ''ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ''რომენ გარი/რომენ კაცევი(1914-1980) - ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელსაც 2-ჯერ გადაეცა გონკურის პრემია. ასევე იყო დიპლომატი, სამხედრო მფრინავი და რეჟისორი.
''ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ'' აერთიანებს რომენ გარის 16 მოთხრობას, რომელთაგან ზოგი სევდიანია, ზოგი სასაცილო, ზოგიც მისტიკური. თუმცა, როგორც ავტორი ამბობს, იგი წერდა იმისთვის, რომ ამბის მოყოლით მოგვრილი სიამოვნება განეცადა. გთავაზობთ ნაწყვეტს რომენ გარის მოთხრობიდან ''კაცთმოყვარე''''ჰიტლერის რეჟიმის დამხობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჰერ კარლის ემიგრაციიდან დაბრუნებული ერთ-ერთი მეგობარი შილერშტრასეზე მდებარე მის სახლს ეწვია. კარი გაუღო ტანმაღალმა, ჭაღარა, მხრებში ოდნავ მოხრილმა და მუყაითის იერის მქონე მამაკაცმა. ხელში გოეთეს წიგნი ეჭირა: არა, ჰერ ლევი აქ აღარ ცხოვრობს. არა, არაფერი იცის, რა დაემართა. კვალი არ დაუტოვებია და ომის დასრულების შემდეგ ჩატარებული ყველა გამოძიება მისი ასავალ-დასავლის გასაგებად, უშედეგოდ დასრულდა. Grüss Gott(ღმერთმა დაგლოცოთ)! კარი დაიხურა. ჰერ შუცი შინ შებრუნდა და ბიბლიოთეკისაკენ გაემართა. ცოლს უკვემოემზადებინა ლანგარი. მას შემდეგ, რაც გერმანიაში დოვლათი დაბრუნდა, ჰერ კარლს ანებივრებდნენ და ნაირ-ნაირ კერძებს უმზადებდნენ. ხალიჩა დაახვიეს და იატაკიდან ფილაც ამოიღეს. ჰერ შუცმა გოეთეს წიგნი მაგიდაზე დადო და ლანგრით ხელში სარდაფში ჩავიდა. ამასობაში ჰერ კარლი დასუსტებულიყო, ვენების ანთებით იტანჯებოდა, გულიც აწუხებდა. ექიმი სჭირდებოდა, მაგრამ მეგობარ შუცებს ასეთ საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. ვინმეს რომ გაეგო, წლების განმავლობაში სახლში ებრაელებს მალავდნენ, ვეღარავინ უშველიდა. უნდა მოეთმინა, არ უნდა დაეჭვებულიყო. სამართლიანობა, გონიერება და კეთილშობილება მალე გაიმარჯვებდა. რაც მთავარია, იმედი არ უნდა დაეკარგა. ჰერ კარლმა წონაში შესამჩნევად დაიკლო, თუმცა მომავლის რწმენა და კაცთმოყვარეობა შეინარჩუნა. ყოველდღე ჰერ შუცი სარდაფში ცუდი ამბებით ჩადიოდა – ჰიტლერის მიერ ინგლისის ოკუპაცია განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იყო – ჰერ კარლი ამხნევებდა, ამისთვის საჭირო სიტყვებს პოულობდა. წიგნებით დახუნძლულ კედლებზე უთითებდა და ახსენებდა, რომ ყოველთვის იმარჯვებს კ ა ც თ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა, სწორედ ასე იბადება დიადი შედევრები, ამ ნდობისა და რწმენის წყალობით. ჰერ შუცი სარდაფიდან დამშვიდებული ამოდიოდა. სათამაშოების ქარხანა ჩინებულად მუშაობდა. 1950 წელს ჰერ შუცმა მისი გაფართოება მოახერხა და გაყიდვები ორჯერ გაიზარდა. საქმეს სათანადოდ უძღვებოდა. ყოველ დილით ფრაუ შუცი სარდაფში ყვავილების თაიგულით ჩადიოდა და ჰერ კარლის სასთუმალთან დებდა. ბალიშებს უსწორებდა, გვერდის მონაცვლეობაში ეხმარებოდა და კოვზით აჭმევდა – ძალა აღარ შესწევდა, თავად რომ ეჭამა. საუბარიც კი უჭირდა. ხანდახან თვალები ცრემლებით ევსებოდა, მადლიერი მზერით შესცქეროდა მამაც ადამიანებს, რომლებმაც ასე ჩინებულად გაამართლეს მისი ნდობა და, ზოგადად, კაცთმოყვარეობის რწმენა. გრძნობდა, ბედნიერი მოკვდებოდა, ორივე ხელს ერთგულ მეგობრებს ჩაჰკიდებდა, იმით კმაყოფილი, რომ არ შემცდარა.''
დაგაინტერესებს 1)2018 წლის საქართველოს უნივერსიტეტების საბოლოო რეიტინგი ჩარიცხულთა რაოდენობისა და ქულების მიხედვით2) რატომ არ გაიცემა ნობელის პრემია ლიტერატურაში 2018 წელს?3)2018 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი ცნობილია, კემბრიჯმა ლიდერის პოზიციები დაკარგა, ხოლო საქართველო რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდა4)რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში: ფანტა, კექსი, ნაყიდი ვაშლი...5) ყველაზე ჭკვიანის ტესტი36 შეფასება არ არის
|