პოეზია ამონარიდი "ფაუსტიდან" 2018, 13 სექტემბერი, 11:45 "ფაუსტი" უდიდესი გერმანელი მწერლისა და პოეტის - იოჰან ვოლფანგ ფონ გოეთეს შედევრია, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მომდევნო საუკუნეების პროზასა და პოეზიაზე. წარმოგიდგენთ ამონარიდს "ფაუსტის" პირველი წიგნიდან : "მეფისტოფელი
ვარ იმ ძალის ნაწილი ერთი, დღემუდამ ბოროტს რომ იზრახავს და სჩადის კეთილს. ფაუსტი როგორ გავიგოთ? უქარაგმოდ თქვი სათხრობელი! მეფისტოფელი სული გახლავარ, მუდამ ყოვლის უარმყოფელი, და სწორიცა ვარ, რაც შექმნილა, გაქრეს, ჯობია, დიახ, პირწმინდად, უკვალ-უკლებ მოსასპობია და, რომ არასდროს შექმნილიყო, ის აჯობებდა, ანუ, მოკლედ და უქარაგმოდ, რასაც ცოდვებად, წაწყმედად ნათლავთ, ბოროტება რაზეც გიქვიათ, გახლავთ, ასე ვთქვათ, ძირეული ჩემი სტიქია." "მოწაფე
თუ ცოტა ეჭვი კიდევ მქონდა, გაქრა სრულებით. ბედნიერია, ვისაც მოძღვრად თქვენ ეგულებით! თეოლოგიით შემოვფარგლავ, ალბათ, არჩევანს... მეფისტოფელი ვშიშობ, მოცდებით, შრომა უქმად დაიხარჯება! ეს გახლავთ ბნელში სიარულის მეცნიერება, ისეთი ღრეა, ზოგჯერ კვალი მეც კი მერევა. შიგ ბევრი შხამი იფარება, არ გვავნოს ლესვამ, ნაცვლად წამლისა, ერთიც ვნახოთ, საწამლავს შესვამ. შეყრილა ყველა ბნელმეტყველი, თავისას ხლართავს, უნდა ერთს მიჰყვე რომელიმეს, რომ არ გაცეტდე, გამოუცხადო სრული ნდობა მის ტყუილ-მართალს და ტვინი ბევრიც არ იჭყლიტო ისეთ-ასეთზე. მანდ სიტყვას უნდა შეეფარო, მჟღერსა და ლიტონს. მოწაფე მაგრამ სიტყვაში რაღაც აზრიც ხომ უნდა იდოს! მეფისტოფელი ანუ, თქვენ ამბობთ, არ გავთიშოთ სიტყვა და ცნება. უცნებო სიტყვა არ გვსმენია? - რამდენიც გნებავთ! იქ, სადაც აზრი არ ჭიატებს, სიტყვები გვშველის, შიშველი სიტყვით სისტემები იქმნება მთელი. ვუსმენთ და რწმენა გვეუფლება, ციდან ცვიოდა, უნდა გაფრთხილდე, არ გაგისხლტეს ერთი იოტაც." "ამაოა რჯა და შრომა, ეძებოთ და ვერა ნახოთ!
ვისაც ფიქრად არა ჰქონდეს, უძებნელად მიუწონდეს, უძებნ-უშრომ-უვაგლახოდ." "მარგერეტე ნებას მომცემ, რწმენაზე გკითხო? გულით სუფთა ხარ, კეთილი ყოვლად, რწმენა კი, რა ვქნა, გაკლია თითქოს. ფაუსტი დავეხსნათ მაგას, ჩემო ბავშვო! მიყვარხარ, იცი. თავის გაწირვაც შემიძლია, ვინც მიყვარს, მისთვის. ყველას თავისი რწმენა ჰქონდეს და ეკლესია. მარგერეტე არა, ეგ არა! უნდა გწამდეს, როგორც წესია. ფაუსტი წესია? მარგერეტე წმინდა საიდუმლო გწამს ზიარების? ფაუსტი მწამს. მარგერეტე გულით არა. არც საყდარში დაიარები. ნუთუ არასდროს აღსარების არ გიდგას ჟამი? გწამს კია ღმერთი? ნეტავ შველა შემეძლოს რამით... ფაუსტი ჩემო ძვირფასო, ფიქრობ, ვინმეს ხელეწიფება, თქვას მაგ კითხვაზე გადაწყვეტით: „დიახ, მწამს ღმერთი?“ ღვთისმსახურთა თუ ბრძენმეტყველთა პასუხი მკვეთრი, ვაგლახ, დაცინვად უფრო ისმის, ვიდრე მტკიცებად. მარგერეტე ანუ, არა გწამს? ფაუსტი გეხვეწები, ნუ სჯი მარტივად. რით უნდა მივწვდეთ? სახელს დავდებთ - ზღვარს გადავდივართ. თავი მღილადაც გვესახება, უფლის ხატადაც. რომელი იტყვის:„მწამს, გათავდა!“ „არ მწამს, გათავდა!“ ყოვლისმომცველი, ყოვლისმპყრობელი საკუთარ თავზეც, შენზეც, ჩემზეც თანაბრად სუფევს. ცა მაღალია, მიწა მყარია და ღამის ბნელში მონუსხულნი ვარსაკვლავებს ვუმზერთ! როცა თვალებში ჩაგაცქერდები და ყველაფერი შენკენ მოილტვის, შენი გულისკენ, შენი ფიქრისკენ, უჩინრად ხილულ საიდუმლოს გრძნობ შენს გარშემო? აივსე მისით, მინდობილად გადაეხსენი, და როცა მწვავე ნეტარებით მოგიცავს განცდა, დაარქვი გული, სიყვარული, ბედნიერება, დაარქვი ღმერთი, სულერთია, რა სახელს მისცემ. რაა სახელი? ამოფშვინვა, ბოლქვი კვამლისა, ბურუსის დარად ეფარება ცის სიკაშკაშეს! მარგერეტე ამასვე ამბობს პასტორი ჩვენი, ოღონდ ცოტათი სხვაგვარი ენით. ფაუსტი თავის ენაზე ამბობს ყველა, ყოველი რჯული. მე - ჩემს ენაზე, ისე, როგორც მკარნახობს გული. " 119 შეფასება არ არის
|