საზოგადოება "ნარკოპოლიტიკა საქართველოში-გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება."-სამეცნიერო კონფერენცია ქართულ უნივერსიტეტში 2018, 12 სექტემბერი, 16:14 2018 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია: "ნარკოპოლიტიკა საქართველოში - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება."
კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება; შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ არ უფიქრიათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა გარკვეული ზომები და შეზღუდვები უნდა არსებობდეს, მაგალითად, მისი მოწევა არ უნდა ხდებოდეს სამუშაო ადგილებზე.
"საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ახალი იდეოლოგიური პარადიგმა შექმნა, რომლის მიხედვითაც თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მიერ მარიხუანა ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარებით გამოწვეული სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული. ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობისა და საზოგადოებრივი სიკეთის გარკვეულ ოდენობას. ეს გადაწყვეტილება კი მომავალში რას გვიქადის? ამ ლოგიკით შესაძლებელია ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება მომავალში განიხილებოდეს როგორც თვითგანვითარების უფლება. თვითგანვითარების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი გააჩნია“.- კონფერენციაზე განაცხადა მეუფე შიომ, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ.
ილია II-მ რამდენიმე კვირის წინ საკვიარაო ქადაგების დროს განაცხადა:
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე." 21 5-ს მოსწონს
|