ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით, შვილების სიმრავლე უკვე ნამდვილი გმირობის ტოლფასი გახდა. თუმცა არსებობენ ოჯახები, სადაც სახელმწიფოსაგან მიზერული ხელშეწყობის მიუხედავად სიხარულით აღნიშნავენ ოჯახის ახალი წევრის დაბადებას და ამას ღვთის საჩუქრად თვლიან.
ნინო თხელიძე 36 წლის დიასახლისი და 4 შვილის დედაა, რომელიც მეუღლესთან ამირან ბითაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში, ტურგენევის ქუჩაზე, 25 კვ.მ ოთახში სიდუხჭირეში ზრდის შვილებს. მიუხედავად სივიწროვისა ოჯახში სტუმარი ყოველთვის ახარებთ, ნინომ მეც თბილად მიმიღო და გულწრფელი მასპინძლობა გამიწია.
ბითაძეების ზღურბლს იქეთ, იატაკის ნაცვლად “სოხანე” მიწაა, ჯერ იატაკიც არ დაუგიათ, ე.წ. პირველ სართულზე ძირითადი სამყოფი არც აქვთ. დიასახლისი კუთხეში გაკეთებული ხის კიბის მეშვეობით მეორე სართულზე მიმიძღვება. როგორც შემდეგ ვარკვევ, ნინოს და მის მეუღლეს ოჯახის წევრების მატებასთან ერთად ფართის გადიდებაზე ზრუნვა დაუწყიათ. იმის გათვალისწინებით, რომ გვერდიდან ვერაფერს შემოიერთებდნენ, გამოსავალი მოუნახავთ, მიწა ამოუთხრიათ, სახურავიც რამდენიმე მეტრით აუწევიათ და ე.წ. ანტრესორის მეთოდით გაუფართოვებიათ საცხოვრებელი. ამჟამად ე.წ. მეორე განყოფილებაში ცხოვრობენ, რადგან პირველი ზამთარში ცივია, როცა საშუალება ექნებათ აპირებენ ქვემოთა სართულზე მისაღები და სველი წერტილები მოაწყონ, მანამდე კი 6 სულიანი ოჯახი ერთ პატარა “გამოკიდებულ” სივრცეში თავსდება, ესაა მათი მისაღებიც და საძინებელიც, საპირფარეშო კი ეზოში აქვთ.
ნინო ბავშვებს მაცნობს, ამჯერად მხოლოდ სამი მათგანია სახლში, 17 წლის მარიამი, 6 წლის რომანი და 3წლის რატი. შუათანა 13 წლის ბაქარი შაბათ - კვირას ნინოს მშობლებთანაა რაიონში სტუმრად, ოჯახის უფროსი ამირანიც სახლშია და ბავშვებთან თამაშითაა გართული.
ნინო თხელიძე:
– როგორც ხედავთ საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევს ბავშვების გაზრდა, მიუხედავად სივიწროვისა, ღმერთს მადლობა, ჩვენი საკუთარი ჭერი გვაქვს და თვის ბოლოს ქირაზე არავინ გვაკითხავს. თავი ისეც გაჭირვებით გაგვაქვს.
– რა შემოსავალი აქვს თქვენ ოჯახს?
– სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მივეკუთნებით, 150 ლარს ვიღებთ აქედან. როგორც მრავალშვილიანი ოჯახი კი ბავშვზე 25 ლარს, ანუ 100 ლარი ჯამში, ასევე ჩემი მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდია და 70 ლარს იღებს პენსიას. ესაა სულ, აქედან მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს 100 ლარამდე ჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ ყველანაირად ეკონომია გავაკეთო. შეღავათები ამ მხრივ არ გვაქვს. ბავშვებს ხომ ვერ დავმალავ, ჩაწერილები ყველა აქ ვართ, წყალი სულადობის მიხედვითაა, ამიტომ ძალიან დიდი თანხის გადახდა მიწევს, მგონი მარტო მე მიხარია წყალზე მრიცხველებს რომ აყენებენ, დავზოგავ და გაცილებით ცოტას გადავიხდი.
ძალიან მინდა ნორმალური სამსახური მქონდეს და სახელმწიფოს დახმარებაზე არ ვიყო დამოკიდებული. როგორც მრავალშვილიანი ეს რაიმე პრივილეგიას არ მაძლევს, სოციალურად დაუცველის სტატუსობას კი ნამდვილად ჩემი შრომით ნაშოვნი მირჩევნია. ყველაფერზე გვაწვალებენ, ორი დღეა რაც გლანდების ოპერაცია გავიკეთე, 6 თვე ველოდებოდი დაფინანსებას სადაზღვევოსგან, ჯერ კიდევ ზაფხულში მქონდა საოპერაციო. იმდენი ხვეწნა და წვალება გჭირდება ადამიანს, ბოლოს ძალა და ნერვები აღარ გაქვს. თან დამატებითი ხარჯი მაინც გჭირდება. დღეს 60 ლარის წამლები ვიყიდე, თან სპეციალური კვება მჭირდება. ბავშვების დახმარების ფული ავიღე წინასწარ.
– გარდა კომუნალური გადასახადებისა ამხელა ოჯახს კვება, ჩაცმა და სხვა უამრავი რამ ჭირდება, როგორ წვდებით?
– ყველანაირად ვცდილობ ყველაფერში ეკონომია გავაკეთო, ადრე თვეში 160 ლარის მარტო პური გვჭირდებოდა, მერე როგორღაც მოვახერხე საცხობი ღუმელის ყიდვა, ძალიან ბევრ დენსაც არ ხარჯავს. გამოვთვალე და 80 ლარის ეკონომიას ვაკეთებ თვეში სახლში გამომცხვარი პურით. ახალი ტანსაცმელი ზედმეტი ფუფუნებაა, ბავშვებს ერთმანეთისა და სხვისი გამონაცვალით ვზრდი. პატარა საბავშვო ბაღში დამყავს, როგორც მრავალშვილიანზე არც ბაღში ვრცელდება შეღავათი, სოციალურად დაუცველებს რომ არ ვეკუთვნოდეთ ჩვეულებრივად გადაგვახდევინებდნენ. ამ სტატუსის გამო კი არაფერს არ ვიხდით. ორი სკოლაში სწავლობს, დიდს პატარა მიჰყავს დილით, სკოლაშიც ყურადღებას აქცევს. წელს ნეთბუქი მიცეს პირველკლასში შესვლისას რომანის, სექტემბერში სოციალური მოვიდა ქულების გადასამოწმებლად სახლში და რომ დაინახა ნეთბუქი გაიკვირვა:” ვა, კომპიუტერი გქონიათო”. სახელმწიფოს საჩუქარსაც ქონებაში გვითვლიდა. სულ სამი საწოლი და ტელევიზორი გვაქვს, მოჩენილები არიან ეს დახმარებაც რომ არ ავიღოთ.
სხვათაშორის წიგნები, რომლებიც უნდა მიეცათ წესით სოციალურად დაუცველებისთვის დღემდე არ მიუციათ ჩემი შვილისთვის. სექტემბრიდან მოყოლებული განცხადებების წერაში ვარ, ვედავები განათლების სამინისტროს უკვე თებერვალია, რატომ უნდა მოვეშვა. შაშკინსაც გავუგზავნე წერილი. იმდენი მიზეზი მოიგონეს, ყოველ თვეში ახალ-ახალ პასუხს მეუბნებოდენ, ბოლოს კი დაასკვნეს, რომ თურმე ასეთი სახელით და გვარით საერთოდ არ არსებობს მოსწავლე. 30 საჯარო სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი და რას ქვია არ არსებობს?! გადამოწმებაც ეზარებათ . დღემდე არ აქვს ბავშვს წიგნები, მეზობლიდან ნათხოვრობს, ვერაფერს ეუბნება მასწავლებელიც, იცის ჩვენი მდგომარეობა.
– ნორმალურ სამსახურზე ოცნებობთ, ბავშვებთან ერთად შეძლებთ მუშაობას?
– ბავშვებს ამირანთან დავტოვებ, თავზე მას სერიოზული ტრამვა აქვს და გარეთ ჯერჯერობით ვერ გადის. აგვისტოში გაიკეთა ოპერაცია ძვალი ამოკვეთეს. ეპილეფსიის შეტევიისას თავი დაარტყა, მოკლედ საკმაოდ რთული ვითარებაა. მეორე ოპერაცია, რომელიც პლასტმასის ჩადგმას ითვალისწინებს 3 თვეში უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ძალიან გვაწვალებენ “ალფაში” ვართ დაზღვეულები. კაცს კანი პირდაპირ ტვინზე აქვს გადაკრული და რამე რომ მოხვდეს დაღუპილია. არ დააყენეს საშველი ოპერაციას.
მე ვცდილობ პატარ-პატარა სამუშაო მაინც ვიშოვნო ხან ჭურჭელს ვრეცხხავ და ხან რას, ჩემ უფროს გოგოსთან ერთად, უკვე დიდია და მეხმარება. ამასაც ჩუმათ თუ გავაკეთებ, რადგან რომ გაიგონ მუშაობ შეიძლება დახმარება მოგიხსნან, 150 ლარიც რომ გქონდეს შემოსავალი და ვინმემ ჩაგიშვას გაგიუქმდება ღატაკის სტატუსი. ამდენს ნამდვილად ვერ ვშოულობ. მაგრამ დამატებით რამდენიმე ლარიც კარგია ჩემი შვილებისთვის, მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით შეუძლებელია ცხოვრება. ქარხანაში ან სადმე სიამოვნებით ვიმუშავებდი, მარიამი ბავშვებს მიხედავდა, ამჟამად ისიც პროფესიულ სასწავლებელში სწავლობს, მაგრამ ალბათ თავის დანებება მოუწევს. გადასახადს არ ვიხდით ახლობლისაა, თუმცა სხვა უამრავი რამ ჭირდება და იქნებ რამე სამსახური ვიპოვოო ამბობს.
– მრავალშვილიანებზე სახელმწიფოსგან 25 ლარის გარდა სხვა სახის დახმარება არაა?
– ერთჯერადად იშვიათად გვეხმარებიან, წელს საახალწლოდ მოგვცეს 100ლარიანი სასურსათო “გუდვილის” ბარათი, ეს იყო პრემიერ-მინისტრ გილაურის დახმარება. ბაზარში ას ლარად უფრო ბევრი პროდუქტი მომივიდოდა, მაგრამ რას დავეძებ, ასეთი ვაუჩერი ნეტავ ხშირად მოგვცენ. ცალკეული კომპანიებიც ზოგჯერ რაღაც აქციებს ატარებენ, მაგრამ ასეთი რამესაც მოყუჩებულად აკეთებენ, ყველასთვის ერთნაირად არაა დახმარება. არ დავასახელებ კომპანიას ვითომ დაგვეხმარენ სამი ტომარა ტასაცმელი მოგვიტანეს, გავხსენი და ნაგვის მეტი ხელში არაფერი შემრჩა, ამას ჯობს საერთოდ არაფერი მიუტანო ადამიანს.
საუბარში ოჯახის უფროსი ერთვება...
ამირან ბითაძე:
– წლებია ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ერთადერთი ბედნიერება ამ ქვეყანაზე ჩემი შვილებია, ესენი მიხანგრძლივებენ ცხოვრებას. არანაირი ფული, სიმდიდრე არაა ამათზე ძვირფასი. ძალიან მინდა მალე გავიკეთო ოპერაცია, იქნებ გამოვჯანმრთელდე და ვიმუშაო. როდემდე ვიყო დახმარების იმედზე?! მინდა ჩემი ცოლ-შვილი თავად ვარჩინო. შვილებს არავის ვაყვედრი, თუმცა ფაქტია სახემწიფოსთვის მრავალშვილიანი ოჯახების სტიმულირება არაპრიორიტეტულია .
მაკა დეკანოსიძე
გაზეთი "ქართული სიტყვა"