პროზა სიჩუმე 2012, 5 აპრილი, 23:37 იყო და არა იყო რა, იყო ერთი სიჩუმე. სულ ჩუმად იყო და იმიტომაც ერქვა ეს სახელი. ის ტყეში ცხოვრობდა. ძალიან უყვარდა ტყე. ცხოველებით, ფრინველებით და სხვადასხვა ხეებით სავსე. დილით რომ გაიღვიძებდა, ესმოდა თუ როგორ ჭიკჭიკებდნენ ფრინველები, შემდეგ ცხოველების ხმაც მოჰყვებოდა. შორი ახლოდან წყლის ხმაურიც ესმოდა და კმაყოფილი იყო. იჯდა თავისთვის და სულ ფიქრობდა, აბა მეტი რა შეეძლო.
ერთხელ ტყეში ადამიანები შემოვიდნენ. სიჩუმეს შეეშინდა და დაიმალა, მაგრამ ყურის დაგდება გადაწყვიტა. გაიგონა თუ როგორ თქვეს მათ, რომ ეს ტყე უნდა გაეკაფათ და სახლები აეშენებინათ. შესულიყვნენ და ეცხოვრათ. მაგრამ რის ხარჯზე? ცხოველების და ხეების განადგურების ხარჯზე? ამის ნება არ უნდა მიეცა. მაგრამ რა შეეძლო.? მოხდა საოცრება. მან ხმა ამოიღო, ამოიღო კი არა და იმხელაზე იყვირა, რომ თვითონაც არ სჯეროდა.
- გვიშველეთ, გვიშველეთ, ტყის განადგურება უნდათ!
ცხოველებს გაუკვირდათ. ალბათ, მართლა რაღაც საშინელება მოხდა, რომ სიჩუმემაც ხმა ამოიღოო და ყველა მოცვივდა მასთან. მოილაპარაკეს თუ როგორ გადაერჩინათ ტყე ერთიანი ძალით. ხეებმა თქვეს:
- ჩვენ ისეთ ქარს გამოვიძახებთ, რომ აქ ვეღარავინ შემოაღწევს. ცხოველებმა გადაწყვიტეს, რომ ტყის თავში დამდგარიყვნენ და არავინ შემოეშვათ. როდესაც ტყის გასაჩეხად მოვიდნენ, ატყდა ქარიშხალი. ცხოველებმა მორთეს ღრიალი და ვერავინ გაბედა შემოსვლა. ეს რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ადამიანებს გაუკვირდათ და თან შეეშინდათ. - ყველგან კარგი ამინდია. ნიავიც არ იძვრის. აქ კიდევ რა ხდება? ალბათ ღმერთი გაგვიწყრა და არ შეიძლება ამ ტყის განადგურება. მოდი, პირიქით ნაკრძალად გამოვაცხადოთ და თან მივხედოთ. ასე გადაარჩინა სიჩუმემ ტყე და ისევ ისე გაჩუმდა. ტყემ კუდევ უფრო მეტად შეიყვარა თავისი გადამრჩენელი და ცხოვრობდა ბედნიერად. 20 2-ს მოსწონს
|