x
image
მაიკო ქავთარაძე
"...და როს ყოველდღე, წუხელაც კი მეზმანა, თითქოს, ჩვენს ნატერფალებს ტაო როგორ ხარბად ჰკოცნიდა..."-ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, ისტორიული საქართველოს მონახულება!..
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომლებიც შემდეგ ქართველ ერად ჩამოყალიბდნენ... ტაო-კლარჯეთის მხარე თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე გადადიოდა ხან ერთი, ხან მეორე სახელმწიფოს გავლენის ქვეშ... დღეს კი თურქეთის სახელმწიფოს მფლობელობის ქვეშაა, მათი დროშა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველი სოფლის ცენტრში ფრიალებს...


image


2018 წლის 8-17 აგვისტოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული-ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ქართველური დიალექტოლოგიის მიმართულების ორგანიზებით იმერხევსა და ტაოში მოეწყო ექსპედიცია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და ასოც. პროფესორ ეკა დადიანის ხელმძღვანელობით.




image



ექსპედიციის მიზანი დიალექტოლოგიური მასალის ჩაწერა იყო, რაც მრავალმხრივ საინტერესოა ჩვენი ქვეყნისათვის: მათში ასახულია თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მეტყველების თავისებურებები, წეს-ჩვეულებები, სამეურნეო ყოფა, მსოფლხედვა, მათი განწყობა, გულისტკივილი თუ სიხარული...

დავესესხები ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს და გავიმეორებ, რომ ოთხი დიდი განძი გვაქვს ტაო-კლარჯეთში:

1. ადგილობრივი ქართული მეტყველება, რომელსაც, სამწუხაროდ, გაქრობის საფრთხე ემუქრება;

2. დედამიწის ენა (ტოპონიმია)-ადგილების ქართული სახელწოდებები, რომლებსაც შეუძლიათ საიტერესო ინფორმაცია მოგვაწოდონ ჩვენი ისტორიის შესახებ;

3. წინაპრების მიერ დიდი რუდუნებით ნაგები ტაძრები და ციხეები;

4. წინაპართა მიერ ლოცვით ნაქსოვი სულიერი ჯავშანი...


image


ჩემთვის, როგორც ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილისათვის მრავალმხრივი იყო ეს მოგზაურობა-ბედნიერი, ტკივილიანი, ემოციური, საამაყო... დავდიოდით სხვადასხვა სოფლებში, მივდიოდით ოჯახებში, ვეცნობოდით ჩვენებურ ქართველებს; ერთი წამითაც კი ვერ ვგრძნობდით, რომ უცხო სახელმწიფოს მიწაზე ვიდექით, აქ ყველა ჩვენიანი იყო, ყველას უბრწყინდებოდა თვალები ჩვენს დანახვაზე, თითოეული მათგანი ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას, დამეგობრებას... გვიღებდნენ ხელგაშლილს და გვიხუტებდნენ თავისი სევდიანი თვალებით... ათას კითხვას ვაყრიდით, ერთზეც კი არ ეზარებოდათ პასუხის გაცემა... კარებს არავინ გვიხურავდა, თუნდაც თავის საქმეში ყოფილიყვნენ ჩაფლულნი... უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და ვგრძნობდით რამდენად მნიშველოვანი, ძვირფასნი ვიყავით ჩვენ მათთვის და ისინი ჩვენთვის.


image



image


"საოცარი, ტკივილნარევი, თან სიხარულით აღსავსე გრძნობაა, როდესაც მიდიხარ სხვა ქვეყანაში, თუმცა ამასთანავე გრძნობ, რომ ეს ყველაფერი შენი იყო, არის და იქნება. სასიამოვნო და ამაღელვებელია აქაურ ქართველებთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომელთა თვალებში ისახება საქართველოს წარსული ცხოვრება. ჩვენებურების მეტყველებას სხვა ხიბლი, სხვა შთაბეჭდილება ახლავს, რომელიც სამარადისოდ გაგყვება ცხოვრების გზაზე. დღევანდელ სამყაროში აღარაფერია გასაოცარი, თუმცა მაინც აღფრთოვანებას იწვევს შენში ხანძთის, ტბეთის, ბანას, დოლისყანისა და იშხნის კედლები... კედლები, რომლებიც ქართულ წირვა-ლოცვას ვეღარ ისმენენ, მაგრამ მაინც ამაყად დგანან... შეხებისას, თითქოს გლოცავენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ისტორიული ძეგლების ამგები ერი არასოდეს გაქრება. მიჭირს სრულყოფილად გადმოვცე ის გრძნობა, რაც ტაო-კლარჯეთში ყოფნის დროს განვიცადე, თუმცა ვგრძნობ, რომ ის ადამიანი აღარ ვარ, რაც აქამდე ვიყავი, ახლა უფრო ამაყი და ძლიერი ვარ!"-თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ექსპედიციის გამორჩეულად მხიარული და ჭკვიანი-თეონა ჯალაღონია, პირველი კურსის მაგისტრანტი.


image


image


ადგილობრივი მოსახლეობის მეტყველების ჩაწერის პროცესი:


image


image


image


ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო, როდესაც მოულოდნელად დაიწყეს რაჭულის ცეკვა თურქულ ქორწილსა და ფესტივალზე ჩვენებურმა ქართველებმა:


image


ხანძთაზე ასვლა კი ყველაზე მწუხარე, ემოციური, სევდიანი აღმოჩნდა ჩვენთვის, თან საამაყო... 1000 წელი და მეტი ამაყად დგომა, მთელი მხარის სამონასტრო კოლონიზაციის ბაზად ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ხანძთა კვლავ ამაყად, მედგრად დგას კედლებჩამორღვეული... სულიერი ჯავშანი, დიდი რწმენა ასულდგულებს და კვლავ დიადს ხდის მას:


image


ტაოკლარჯეთში


"ვხედავ, რარიგად გიფხიზლია, ენავ ქართულო!
გესმათ, როგორი განცდებია ალალ სიტყვებში:
"ღმერთა გზა-კვალი გიგირჩიოთ! არ დიგუიუწყოთ!"
გურჯებს ტკივილი დალექიათ სახმო სიმებში...


...
ყველა სიწმინდე/სალოცავი ძლიერ დაჭრილა;
შემოძარცვულნი დგანან მედგრად, თუმცა ეულნი.
...ხანძთის მონასტრის გუმბათი კი ცაში აჭრილა.
ღმერთო, შენ იცი, გაამრთელე ტბეთის სხეული!


ჩემო ტაო და იმერხევო, ვინ დაგივიწყოთ!?
არ გამეგონოს, იქ ყოფნა რომ ვინმეს მოსწყინდა!
...და როს ყოველდღე, წუხელაც კი მეზმანა, თითქოს,
ჩვენს ნატერფალებს ტაო როგორ ხარბად ჰკოცნიდა..."-ამ ლექსით დავასრულებ სტატიას, რომელიც ექსპედიციის შთაბეჭდილებებმა შთააგონა ფიქრია ჭანტურიას (აწსუ, პირველი კურსის მაგისტრანტი).


image


ჩვენებურები:


image



image



image



image



image



image


ფოტოები-თამარ ასათიანის (აწსუ, ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტი)

4
195
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
195
  
2018, 5 სექტემბერი, 20:24
ძალიან საინტერესო!
2018, 31 აგვისტო, 16:23
გმადლობ მანჩო, გავცვალოთ მომავალ ზაფხულს :)
2018, 25 აგვისტო, 23:50
ძალიან კარგია, მაიკო.. მე დასავლეთი საქართველო მოვიარე და გავაცანი აქაურ მკიითხველს შთაბეჭდილებები. გაისად გავცვალოთ ადგილები :)
0 1 4