პოლიტიკა ვინ ებრძოდა და ებრძვის საქართველოს - ვიცოდეთ ჩვენი ისტორია! 2018, 8 აგვისტო, 22:25 საქართველოს საუკუნეების განმავლობაში უწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის. მართლაც საოცარია, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ მუდმივი დაპყრობების მიუხედავად ამ დრომდე ენის, დამწერლობის, ტრადიციების, რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება. სტატიაში მიმოვიხილავთ საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო მტრებს საუკუნეების განმავლობაში. გვახსოვდეს ჩვენი ისტორია!საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ადამიანები, რაზეც დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიც მეტყველებს, სადაც 1 800 000 წლის ჩონჩხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა უძველესია მთელ ევრაზიაში. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დაიოხი და კოლხა იყო, რომლებიც ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა. დაიოხი კოლხამ გაანადგურა ძვ.წ. VIII საუკუნეში, ცოტა ხნის შემდეგ, ამავე საუკუნეში კოლხაც გაანადგურეს რუსეთის სტეპებიდან შემოჭრილმა სკვითებმა და კიმერიელებმა. ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო, რომლის პირველი მეფეც, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ფარნავაზი იყო. ის ტახტის მოსაპოვებლად შეებრძოლა აზოს, რომელიც მაკედონელებმა დანიშნეს ქართლის მმართველად. ბძოლაში, რომელიც არტაანთან გაიმართა, ფარნავაზის მხარეს სომხები, ლეკები და ოსები იბრძოდნენ, აზოს კი ბერძენთა (პონტოს) მეფე დაეხმარა ჯარით. ბრძოლაში აზო მოკლეს და გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ძვ.წ. I საუკუნე, 65 წელს რომაელმა მხედართმთავარმა - გნეუს პომპეუსმა ილაშქრა ქართლში, ამ დროს მისი მეფე არტაგი იყო. ბრძოლის შემდეგ არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ და ამიერიდან იბერთა მეფე გამოცხადდა „რომის მეგობრად და მოკავშირედ“. საქართველო განსაკუთრებით გაძლიერდა II ს-ის 30-50-იან წლებში, როდესაც აქ მეფობდა ფარსმან ქველი. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომის იმპერატორ ანტონიუს პიუსთან, რომელმაც მისი მისი ცხენოსანი ქანდაკებაც კი აღმართა მარსის მოედანზე. თუმცა, ამ პერიოდში ფარსმანს პართელებთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა და მის საზღვრებს ჩრდილო კავკასიელებს ხშირად შეუსევდა ხოლმე, რის გამოც, საბოლოოდ, პართელებმა ფარსმანის მზარეული მოისყიდეს და მეფე მოწამლეს. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო კი ჯერ რომის ვასალი იყო, მისი დასუსტების შემდეგ კი სპარსეთის (ირანი) გავლენის ქვეშ მოექცა. სპარსელებისწორედ სპარსელები აწუხებდნენ საქართველოს ვახტანგ გორგასლის დროს. მეფის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის "ქართლის ცხოვრების" ერთ - ერთი ისტორიული თხზულება - ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას ცეცხლთაყვანმცემლობას, იგივე მაზდეანობას, ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ.როდესაც 10 წლის იყო ვახტანგი, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსებმა ილაშქრეს ქართლში. იმავე დროს ბიზანტიელებმა ეგრისი დაიპყრეს თავისი დედაქალაქით -ციხეგოჯით . ცოტა რომ წამოიზარდა, ვახტანგი იძულებული იყო ქართლის ჯარით ირანში წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა ვახტანგმა მოიწვია სამეფო საბჭო - დარბაზი და სამეფო კარს ამცნო თავის გადაწყვეტილება ოსებზე ლაშქრობის შესახებ. ვახტანგმა დახმარება სთხოვა რანის (ჰერეთის) ერისთავს. ის დათანხმდა, გაერთიანებულმა ლაშქარმა დარიალის კარით ილაშქრა ოსეთში და გაიმარჯვა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მთიულები მცველებად დააყენა. ისინი ქართლს ჩრდილო კავკასიელებისგან იცავდნენ. ამის შემდეგ მან დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი. შემდეგ ირანელებთან ერთად ბიზანტიელებთა წინააღმდეგ ილაშქრა, რის შედეგად ბიზანტიის იმპერატორმა მას დაუბრუნა ქართლის სასაზღვრო მიწები, თუხარისის ციხე, კლარჯეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილი. ირანელებისგან შეწუხებულმა ვახტანგმა ვახტანგმა ბიზანტიას მოკავშირეობა შესთავაზა. მან ქართული ეკლესიის რეორგანიზაცია და კათალიკოსობის დაწესება გადაწყვიტა. მან საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა და ააშენა ეკლესია-მონასტრები. მალე ვახტანგმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. პირველ რიგში მან მოკლა ირანელთა მოკავშირე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი. მარტო ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლა საშიში იყო. ამიტომ ვახტანგი დაუკავშირდა სომხეთის წარჩინებულებს. ვახტანგი მათ დაპირდა, რომ ჩრდილო კავკასიელ ჰუნებს დაიქირავებდა და მათი დახმარებით სპარსელებს დაამარცხებდნენ. სამწუხაროდ, ჩრდილო კავკასიიდან ქართველებს და სომხებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი შეუერთდა. ამ დროს არც ბიზანტიას ეცალა მათ დასახმარებლად. 484 წელს სამხრეთ კავკასიაში ირანელთა დიდი ლაშქარი მოვიდა ჰაზარავუხტის სარდლობით. მას ნაბრძანები ჰქონდა ვახტანგის ან შეპყრობა, ან მოკვლა, ან კიდევ ქვეყნიდან გაძევება. ჰაზარავუხტმა შეკრიბა ქართველი დიდებულები და დიდი წყალობა აღუთქვა, თუ მას მიემხრობოდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა, ეგრისში გახიზნულიყო. თუმცა, ამ დროს ირანის შაჰი პეროზი შუა აზიაში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა და ირანელთა სარდალი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ ირანელები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ დიდ დათმობებზე წავიდნენ: ქრისტიანობის დევნა შეწყვიტეს, სომეხთა მხრიდან აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს, ალბანეთში გაუქმებული მეფობა აღადგინეს, ალბანეთის მეფემ ადრე უარყოფილი ქრისტიანობა დაიბრუნა. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ ვახტანგი კვლავ აგრძელებდა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას . ქართლში ირანელთა ახალი ლაშქარი მოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კახეთში, მდინარე იორის პირას. ამ ბრძოლაში ვახტანგი მოწამლული ისრით ერთმა სპარსელმა დაჭრა. სწორედ ამ ჭრილობისგან გარდაიცვალა 502 წელს. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში. ვახტანგის სახელს უკავშირდება ქ. თბილისის დაარსება. მისი ანდერძის თანახმად აქ დედაქალაქი მისმა ვაჟმა დაჩიმ გადმოიტანა. არაბებიVII საუკუნის შუა ხანებიდან საქართველოში ახალი დამპყრობლები - არაბები გამოჩნდნენ. ქართლის ერისმთავარმა არაბებს თავისი ელჩი შეაგება საჩუქრებით და მათგან ზავი და მშვიდობა ითხოვა. არაბთა სარდალმა ჰაბიბ-იბნ-მასლამამ მორთმეული საჩუქრები მომავალ ხარკად მიიჩნია და ქართლის მოსახლეობას "დაცვის სიგელი" გადასცა. სიგელში განსაზღვრული იყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები: 1)ქართველები იხდიდნენ "ჯიზიას" - კომლზე ერთ დინარს. ამასთან მათ ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიის შესამცირებლად; ამავე დროს, არაბებსაც არ შეეძლოთ კომლების დანაწილება ჯიზიის გასადიდებლად. 2)ქართველები ვალდებულები იყვნენ რჩევით და საქმით დახმარებოდნენ არაბებს; მათ უნდა შეეფარებინათ და დახმარებოდნენ ჩამორჩენილ მუსლიმებს, უნდა მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე; 3)ისლამის მიმღები ქართველი არაბთა თანამოძმე ხდებოდა, მუსლიმის უფლებებით ისარგებლებდა და არ გადაიხდიდა გადასახადებს; 4)არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ დაეცვათ ქართველები მტრისგან; მაგრამ, თუ არაბთა მოუცლელობის გამო ისინი მათ ვერ დაეხმარებოდნენ და ქართველები მტერს დამორჩილდებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, არაბები უშიშროების, ქონების და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ; თუ არა და, ალაჰის სახელით ომს გამოუცხადებდნენ. ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩილდნენ, მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735 737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან ყრუმ. მას 120 000-იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაანგრია, შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპოლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გადავიდა. მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო. ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ გადაიქცა. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა სახალიფო დაიშალა. ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ჩამოყალიბდა ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები: ტაო-კლარჯეთი, კახეთი, აფხაზეთი, ჰერეთი და თბილისის საამირო. ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმნასამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამოუკიდებელი ტაო-კლარჯეთის სამთავროს საფუძველი ჩაუყარა აშოტ ბაგრატიონმა, რომელიც VIIIს-ს II ნახევარში ქართლის ერისმთავარი იყო. აშოტი, როგორც ჩანს, არაბებს დაუპირისპირდა და იძულებული გახდა, ქართლი დაეტოვებ ინა. ის ჩავიდა შავშეთში და კლარჯეთში. კლარჯეთის ტყეებში, ერთ-ერთ კლდეზე ააგო ქ. არტანუჯი. აქ მან დააარსა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. მას მხარი დაუჭირა ბიზანტიის იმპერატორმა და კურაპალატის ტიტული უბოძა. აშოტი განაგრძობდა არაბებთან ბრძოლას. ნიგალის ხევში ერთ-ერთი ბრძოლისას დამარცხებულმა აშოტმა თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ ის საკურთხეველში მოკლეს. იგი არტანუჯში დაკრძალეს. მისმა მემკვიდრეებმა მიიღეს "ქართველთა მეფის ტიტული". X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. თურქ-სელჩუკებიXI ს- ში ახლო აღმოსავლეთში ახალი ხალხი გამოჩნდა. ესენი თურქ-სელჩუკები იყვნენ. სელჩუკთა სახელწოდება მათ თავისი მეთაურის, სელჩუკის სახელიდან მიიღეს. ეს ტომები ჯერ ცენტრალური აზიის სტეპების და შემდეგ კი შუა აზიის საძოვრების კრიზისმა მოიყვანა. სულთან თოღრულ-ბეგის დროს მათ დაიპყრეს ირანი, ერაყი, ქურთისტანი და ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. 1055 წელს თოღრულ-ბეგმა დაიპყრო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადიდა ხალიფამ სულთნად დალოცა. თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები მომდევნო ორი სულთნის ალფ-არსლანის და მისი ვაჟის მალიქ-შაჰის დროსაც გაგრძელდა. ალფ-არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა 1064 და 1067 წლებში. ამ დროს საქართველოს მეფე ბაგრატ IV იყო, რომელმაც დამარცხების მიუხედავად ხარკი არ იკისრა. ბაგრატ IV -ის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი გიორგი II ავიდა, რომელიც სუსტი მმართველი გამოდგა. XIს-ის 80-იან წლებში (1080 წელს) საქართველოში დაიწყო ე.წ "დიდი თურქობა". თურქული ტომები ყოველ წელს, გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და მოსახლეობას სარჩოს ართმევდნენ. განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც მათ აქ დასახლება დაიწყეს. მომთაბარე თურქები სამეურნეოდ ვარგის მიწებს საძოვრებად იყენებდნენ, რაც ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობის გაღატაკებას იწვევდა. ისინი იძულებულები იყვნენ სხვაგან ეძებნათ თავშესაფარი. საქართველოს სამხრეთი ქართველებისგან დაიცალა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო და 1083 წელს გიორგი II ეახლა მალიქ-შაჰს. მან ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. 1089 წელს ტახტზე 16 წლის დავით IV აღმაშენებელი ავიდა. მან მეფობის დასაწყისშივე დასაჯა შიდა მტრები - ურჩი ფეოდალები და შექმნა მუდმივი არმია, რომლითაც თურქებს ებრძოდა. 1118 წელს დავითმა ჩამოასახლა 40 000 ოჯახი ყივჩაღი, რომელთაც მუდმივ ჯარში ოჯახიდან ერთი მოლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. დროთა განმავლობაში დავითმა მთელი საქართველო გააერთიანა, შემდეგ თბილისის საამიროს ტერიტორიებიც დაიკავა და თბილისს ხარკი დააკისრა. 1121 წელს თბილისის, დმანისის და განჯის ვაჭრებმა დახმარებისთვის მიმართეს არაბთა ხალიფას, რათა დაეცვა ისინი ქართველი მეფისაგან. გაერთიანებულ მუსლიმთა ჯართან ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მოხდა. ბრძოლის წინ ქართველთა მეფემ უკან დასახევი გზა ხეობაში ჩაიკეტა. ბრძოლის დაწყების წინ 200 მეომარი გაემართა მტრისკენ. მტერს ეგონა ზავის სათხოვნელად ან დასანებებლად მოდიანო და თავის განლაგებაში შეუშვეს. მეომრებმა კი ხმლები იშიშვლეს და არეულობა შეიტანეს მტრის ჯარში. შემდეგ დავითმა და მისმა ვაჟმა დემეტრემ მტერს ორი მხრიდან დაარტყეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო. მან საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჩუკთა ბატონობისგან. ის 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა და გელათის მონასტერშია დაკრძალული. თამარ მეფის პერიოდშიც თურქ-სელჩუკები აწუხებდნენ საქართველოს. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მათი სასულთნოები ჰყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი იყო მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად–დინ სულეიმან შაჰის დროს. რუქნ ად-დინმა საქართველოში ლაშქრობა გადაწყვიტა და 1202 წელს უზარმაზარი ლაშქრით ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით, სადაც მორჩილებას ითხოვდა. იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა, მას ცოლად შეირთავდა, ხოლო თუ არა, ხარჭად დაისვამდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ელჩს ისეთი გაარტყა, რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანისკენ დაიძრა. თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს ქართველების მოწინავე ლაშქარი თავს მოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. მისი ბედი ქართული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვიტა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოსთვის ოქროს ხანად მიიჩნევა თმარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი. თამარის დროს ურთიერთობა გაფუჭდა ბიზანტიასთან. 1204 წელს უცხოეთის სავანეებიდან ჩამოსულ ქართველებს თამარმა დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ბიზანტიის კეისარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. სწორედ ამ დროს 1202–1204 წლებში IV ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო, თუმცა, იმის მაგივრად რომ იერუსალიმისაკენ წასულიყვნენ, მათ კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს. ბიზანტია რამდენიმე სამეფოდ დაიშალა. თამარმა ქართველთა გაძარცვის გამო შურისძიების საბაბით 1204 წელსვე ჯარები გაგზავნა ბიზანტიის შავი ზღვის სანაპიროსკენ, სადაც ქართველთა მონათესავე ლაზები და ჭანები ცხოვრობდნენ. აქ, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე თამარმა ცალკე საკეისრო, ტრაპიზონის იმპერია დააარსა. მონღოლებიXIII საუკუნიდან ქართველებს მონღოლები აწუხებდნენ. მონღოლებისაქართველოში პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. საქართველოს მეფე, თამარის ვაჟი ლაშა-გიორგი შეებრძოლა მათ, მაგრამ დამარცხდა. თუმცა, ამის შემდეგ მონღოლები საქართველოში არ დარჩენილან და 30-იან წლებამდე საქართველოში აღარ გამოჩენილან.ამასობაში, მონღოლებისგან დამარცხებული მუჰამედ ხორეზმშაჰის ვაჟმა ჯალალ ედინმა შეძლო ახალი არმიის შეკრება, დაიპყრო ირანი და აზერბაიჯანი, 1225 წელს საქართველოს მოადგა და თბილისი აიღო. ამ დროს საქართველოს მეფე იყო ლაშა-გიორგის და, რუსუდანი. თუმცა მალე ირანში მონღოლების გამოჩენის გამო ჯალალ ედინი გაიქცა და ლტოლვილობაში დაასრულა სიცოცხლე. XIII საუკუნის 30–იანი წლების მიწურულს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად დაიმორჩილეს. მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველო შევიდა როგორც ცალკე სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული- "გურჯისტანის ვილაეთი". ვილაეთებს მართავდნენ დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები. ქართველებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში და ეხადათ ხარკი. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოში დაამტკიცეს ორი მეფე: დავით VII ლაშა–გიორგის ძე (ულუ-უფროსი) და დავითVI რუსუდანის ძე(ნარინი-უმცროსი). შემდგომში დავით ნარინი დასავლეთ საქათველოში გადავიდა და ქვეყანა, ფაქტობრივად, ორად გაიყო. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემდეგ მათი შთამომავლები ცალ-ცალკე მეფობდნენ. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მან საქართველოდან მონღოლური რაზმები გარეკა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ორჯერ გაგზავნა ელჩები ეგვიპტის სულთანთან და მისი თხოვნის საფუძველზე გაუქმდა ქრისტიანებისთვის იერუსალიმში შესვლისას დაწესებული დამამცირებელი წესი - ცხენ-სახედარზე ორივე ფეხის ერთ მხარეს უნდა მსხდარიყვნენ. ქართველებს ნება დართეს იერუსალიმში აეგოთ ტაძარი. მის დროს აშენდა ახალი ეკლესიები და ციხე-ქალაქები, განახლდა ძველები. მაგრამ, სამწუხაროდ, იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ საქართველო მიწასთან გაასწორა. ამას შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. ამ დროს, 1446-1466 წლებში ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე იყო გიორგი VIII, რომლის დროსაც დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანის, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. შაჰ-აბასის ლაშქრობები1587 წელს ირანის ტახტზე შაჰ აბას I ავიდა. მან საქართველოსთვის, ირან-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1614-1617 წლებში მოიცალა და ოთხჯერ ილაშქრა ჩვენს ქვეყანაში. ამ დროს ქართლისა და კახეთის მეფეები ლუარსაბ II და თეიმურაზ I იყვნენ. შაჰ აბასმა პირველი ლაშქრობისას კახეთის სატახტო ქალაქი - გრემი დაიკავა, შემდეგ ალავერდი, რომელსაც გალავანი შემოავლო და იქ ირანული გარნიზონი ჩააყენა. ლუარსაბმა და თეიმურაზმა თავი იმერეთს შეაფარეს. შემდეგ ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეებში ირანული გარნიზონები ჩააყენა. მან იმერეთში ლუარსაბსა და თეიმურაზს შეუთვალა, რომ დანაშაულს აპატიებდა თუ მასთან გამოცხადდებოდნენ. ლუარსაბ II-ის დარწმუნება ქართლის ერთ-ერთმა თავადმა შეძლო და ის შაჰ აბასთან გამოცხადდა. შაჰმა ის ირანში გაიყოლა (მანამდე ირანში უკვე გაგზავნილი ჰყავდა თეიმურაზ I-ის დედა ქეთევანი და მისი ორი ვაჟი, ალექსანდრე და ლევანი). 1615 წელს ქართლ-კახეთში აჯანყება დაიწყო. შაჰმა 15 000-იანი ჯარი გამოგზავნა ცნობილი სარდლის ალი ყული-ხანის მეთაურობით. თეიმურაზმა შეძლო ირანელების დამარცხება. 1616 წელს შაჰ აბასი საქართველოში თავად გამოემართა. თეიმურაზი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ქართლის მმართველად გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. აღმოსავლეთ საქართველოს დარბევის შემდეგ ის უკან ირანში დაბრუნდა. 1617 წელს შაჰი საქართველოს მეოთხედ შემოესია. ამ დროს მან კახეთი ორად გაყო. შაჰმა კახეთიდან 200 000-მდე ადამიანი ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლა. ირანში გადასახლებული კახელები სოფლის მეურნეები და შაჰის ერთგული მეომრები იქნებოდნენ. მართლაც, ყულის ჯარში, რომელშიც 12 000 მხედარი და 10 000 ქვეითი იყო, ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველები და სომხები იყვნენ. 1620 წელს შაჰ-აბასმა თეიმურაზის შვილები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისებინა (ლევანი გარდაიცვალა, ალექსანდრე გაგიჟდა). 1622 წელს სიკვდილით დასაჯა ლუარსაბ II (მან ისლამი არ მიიღო). 1624 წელს აწამა და სიკვდილით დასაჯა ქეთევან დედოფალი. 1625 წელს შაჰმა ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოაგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მას დარჩენილი კახელები უნდა გაენადგურებინა და ქართლიდან მოსახლეობა აეყარა. ჯარს თან ახლდნენ შაჰის კარზე დაწინაურებული გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. მაგრამ შაჰი მათ ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ მძევლებად გიორგის ვაჟი - პაატა და ზურაბის მეუღლე დაიტოვა. გიორგი სააკაძემ აჯანყების გეგმა შეიმუშავა. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფთან მოხდა ბრძოლა, სადაც ქართველებმა ირანელები გაანადგურეს, გიორგი სააკაძემ პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. შაჰმა ახალი ჯარი გამოაგზავნა. მართალია, 1625 წლის 1 ივლისს მარაბდასთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ამ ორ ბრძოლაში ირანელებმა ისეთი ზარალი მიიღეს, რომ შაჰ აბასმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა, ოღონდ ვასალობის პირობით. მალე თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. 1626 წელს მათ შორის ბაზალეთთან ბრძოლა მოხდა. თეიმურაზმა გაიმარჯვა. გიორგი სააკაძე ოსმალეთში გადაიხვეწა და იქ დაიღუპა. ირანი და რუსეთისაქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა XV საუკუნეში, კერძოდ 1483 წელს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მოსკოვის მთავარს ივანე III-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. მოსკოვის მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია. ურთიერთობები აღდგა 1550-ან წლებში, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად კახეთის მეფე ლევანი გამოვიდა. მან, ამჯერად, უკვე რუსეთის მეფე ივანე IV -ს მიმართა დახმარების და მუსლიმების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თხოვნით. დიპლომატიური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა ლევანის მემკვიდრის ალექსანდრე II-ის მეფობის პერიოდში. რუსეთის მეფეები აიმედებდნენ ალექსანდრეს და პირდებოდნენ სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კი კახეთის მეფეს სთხოვდნენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცა. 1589 წელს ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო დაუსრულებელი ელჩობების და რამდენიმე სასულიერო პირის გამოგზავნის გარდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ელჩები ცდილობდნენ მსგავსი ერთგულების ფიცი დაედებინათ საქართველოს სხვა მეფე-მთავრებისთვის, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. მაგალითად, ქართლის მეფემ გიორგი X-მ კატეგორიული უარი განაცხადა ფიცის დადებაზე. XVI ს-ის 30-იანი წლებიდან ქართლსა და კახეთში ირანელების მიერ დანიშნული მუსლიმი მმართველები ისხდნენ. XVI ს-ის ბოლოდან ქართლის მმართველები, იგივე "გურჯისტანის ვალები" იძულებული იყვნენ ირანელთა მიერ წარმოებულ ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა. გიორგი XI თავისი ჯარით ავღანეთში იბრძოდა. ის ირანის ჯარების მთავარსარდალი და ავღანეთის მმართველიც კი გახდა. ამ დროს ქართლს მისი მოადგილე, ძმისწული ვახტანგ VI მართავდა. თუ ვალი აუცილებლად მუსლიმი უნდა ყოფილიყო, მოადგილე შესაძლოა ქრისტიანიც ყოფილიყო. ვახტანგი ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. მის დროს, 1709 წელს თბილისში დაარსდა სტამბა. გიორგი XI და მისი მემკვიდრე "გურჯისტანის ვალი" ქაიხოსრო (ვახტანგის ძმა) ავღანელებთან ბრძოლას შეეწირნენ. 1711 წელს ქაიხოსროს დაღუპვის შემდეგ შაჰმა არჩევანი ვახტანგზე შეაჩერა. 1712 წელს "გურჯისტანის ვალად" ანუ ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ვახტანგი ისპაჰანში გაემგზავრა. მის ამალაში იყო სულხან-საბა ორბელიანიც. შაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგს ისლამის მიღება არ სურდა, ამიტომ უარი თქვა. შაჰმა ის დაატყვევა, ხოლო "გურჯისტანის ვალად" მისი მუსლიმი ძმა, იესე ალი ყული-ხანი დაამტკიცეს. ვახტანგმა სცადა ირანის შაჰზე გავლენა ევროპელი მონარქების საშუალებით მოეხდინა და სულხან-საბა ევროპაში ელჩად გაგზავნა. 1714 წელს სულხან-საბა შეხვდა რომის პაპს და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. სულხან-საბა საფრანგეთის ეკონომიკურად დაინეტერსებასაც ცდილობდა. მან ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს გავლით იაფი აბრეშუმის მიწოდება შესთავაზა. თუმცა, მომდევნო წელს ლუი XIV გარდაიცვალა და ეს ელჩობა უშედეგოდ დასრულდა. ვახტანგი იძულებული გახდა ისლამი მიეღო და ამის შემდეგ შაჰმა ის "გურჯისტანის ვალად" (ქართლის მეფედ) დაამტკიცა. ვახტანგი ირანის გავლენისგან ქვეყნის დახსნას ცდილობდა და გაძლიერებულ რუსეთს მიმართა. 1719 წელს ვახტანგმა მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის მეფის ელჩთან და ასტრახანის გუბერნატორთან - არტემ ვოლინსკითან. რუსეთის მეფე პეტრე I-ს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს დაკავება ჰქონდა განზრახული და ამ საქმეში ვახტანგის დახმარება სჭირდებოდა. ამ გეგმას ქართლში აღფრთოვანებით შეხვდნენ. 1722 წელს პეტრე I-ის ჯარმა კასპიის ნაპირებზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. იმავე წელს ვახტანგის გადაბირება მოინდომა თურქეთის სულთანმაც. ირანის წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ თურქეთის სულთანი ვახტანგს მთელ საქართველოს ჰპირდებოდა. ქართლის მეფემ ეს წინადადება არ მიიღო. 1723 წელს ირანელებმა თბილისი აიღეს. ვახტანგი ცხინვალში გამაგრდა. თურქებმა ვახტანგს კვლავ შესთავაზეს, სულთნის ძალაუფლება ეცნო და მისი წინადადება მიეღო. მეფის დარბაზიც თურქების წინადადებისკენ იხრებოდა, თუმცა ვახტანგს რუსების დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ თურქებთან მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. როცა თურქებმა ჩათვალეს, რომ ვახტანგი მათ ატყუებდა, ქართლში შეიჭრნენ. 1724 წელს თურქები და რუსები შეთანხმდნენ: თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, სანაცვლოდ კი აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთსა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იღებდა. იმავე წელს ვახტანგ VI 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა. მასთან ერთად იყო სულხან-საბა ორბელიანიც. "ოსმალობა" და "ყიზილბაშობა"ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ თურქები დაეპატრონენ (ე.წ. "ოსმალობა"), შემდეგ კი - სპარსელები ("ყიზილბაშობა"). მალე ირანელების ახალ შაჰს ნადირ შაჰს თურქების წინააღმდეგ ქართველების დახმარება დასჭირდა. ამიტომ 1744 წელს მან უფლება მისცა თეიმურაზ II-ს და მის ვაჟს ერეკლე II-ს მეფეებად ქრისტიანული წესით კურთხეულიყვნენ. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის ქრისტიანი მეფეები გახდნენ. ისინი ფორმალურად ირანის ვასალებად ითვლებოდნენ. თეიმურაზი ამ დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას ცდილობდა და ქრისტიანულ რუსეთში დასახმარებლად რამდენიმე ელჩობაც გაგზავნა. 1760 წელს თავადაც გაემგზავრა პეტერბურგში, მაგრამ მისმა ელჩობამ შედეგი ვერ მოიტანა. უკან გამობრუნებისას, გზაში ის გარდაიცვალა და ქ. ასტრახანში სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით, დაკრძალეს. ირანი თუ რუსეთიქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გახდა. მის დროს ქვეყანა ძალიან გაძლიერდა. . 1751 წელს მან ირანის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანიც კი დაამარცხა. იმავე პერიოდში იმერეთში სოლომონ I მეფობდა, რომელმაც 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. სოლომონმა და ერეკლემ ერთმანეთთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს. XVIII ს-ის 60-იანი წლების ბოლოს, 1768 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო, რომელიც 1774 წლამდე გაგრძელდა და მასში რუსების მხარეს ორივე ქართველი მეფე იბრძოდა. 1770 წელს რუსებმა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარი გამოგზავნეს. ტოტლებენი ერეკლესთან ერთად აწყურის ციხის, სადაც თურქული გარნიზონი იდგა, ასაღებად გაემართა. რუსებმა ციხე ვერ აიღეს და უკან ქართლში გაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, მარტო დარჩენილმა ერეკლემ ქართველთა ჯარით ასპინძის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. ამის შემდეგ ის ქართლში დაბრუნდა და რუსეთის იმპერეტორი ეკატერინე II აიძულა ტოტლებენი უკან გაეწვია. ამ ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთიერთობა გაუფუჭდა არა მხოლოდ თურქეთთან და მის მოკავშირე ლეკებთან, არამედ ირანთანაც, რომელსაც არ აწყობდა რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ერეკლე მაინც აგრძელებდა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას და 1782 წელს მან ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ ეკატერინე II-ს ოფიციალურად მიმართა. 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ. ტრაქტატის თანახმად რუსეთი ცნობდა ქართლ-კახეთის ტახტზე ერეკლეს და მისი შთამომავლების სამუდამო უფლებას; რუსეთი ვალდებულებას იღებდა არ ცარეულიყო ქართლკახეთის საშინაო საქმეებში და ჩათვლიდა ამ ქვეყნის მტრებს საკუთარ მტრებად; ამავე დროს ქართლ-კახეთი რუსეთის დაუკითხავად არ აწარმოებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას; ქართული ეკლესიის მმართველობა უცვლელი რჩებოდა. ტრაქტატს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც: რუსეთს ქართლ-კახეთში უნდა გამოეგზავნა 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი, ხოლო ომის შემთხვევაში უნდა გაეზარდა ჯარის რაოდენობა; ქართული ჯარი საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხარჯებით მონაწილეობას მიიღებდა მათ მიერ წარმოებულ ომებში; სხვების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იყო ისინი ქართლ-კახეთისთვის გადაეცა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე II-ს ურთიერთობა უფრო დაეძაბა ირანთან. ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა წერილი მოწერა ერეკლეს, სადაც მოითხოვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და ირანის ქვეშევრდომობის აღიარება. წინააღმდეგ შემთხვევასი ის აფრთხილებდა ქართველ მეფეს, რომ მის სამეფოში ილაშქრებდა. ერეკლეს კვლავ რუსების დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ის მოტყუვდა. 1795 წელს კრწანისთან მოხდა ბრძოლა, რომელსიც ირანელთა 35 000-იან არმიას მოუმზადებელი ერეკლე 5000 მეომრით დაუპირისპირდა. ორდღიანი ბრძოლის შემდეგ, ქართველები დამარცხდნენ და 11 სექტემბერს ირანელებმა თბილისი აიღეს. მალე აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნდა. შემდეგ ის კვლავ ემზადებოდა საქართველოში სალაშქროდ, მაგრამ შეთქმულებმა მოკლეს. 1798 წლის 11 იანვარს 78 წლის ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი გიორგი XII ავიდა. 1801 წლის დასაწყისში მის სიცოცხლეშივე რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა პაქტს ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ. იმავე წელს გიორგი XII გარდაიცვალა და 12 სექტემბერს რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ახალი მანიფესტი ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ. 1810 წელს რუსეთმა იმერეთშიც გააუქმა მეფობა. გარდა ამისა, რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. რუსეთი1801 წლიდან 1917 წლამდე საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ პერიოდში ხშირი იყო აჯანყებები საქართველოს რეგიონებში რუსეთის წინააღმდეგ. 1811 წელს რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, მსგავსი რამ ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებსაც კი არ ჩაუდენიათ. გაუქმებული ავტოკეფალიის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. რადგან ავტოკეფალია გაუქმდა, საკათალიკოსოს კუთვნილი ყველა მატერიალური თუ არამატერიალური ქონება რუსეთის სინოდის ხელში გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად აზარალა ქართველი სასულიერო პირები, რადგან ისინი სრულად დამოკიდებული გახდნენ რუსეთის სინოდზე. ეგზარქოსები ყველანაერად ცდილობდნენ, შეევიწროვებინათ ქართველი სასულიერო პირები, გადაეყვანათ წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე(რაც თავისთავად იწვევდა ქართველი ღვთისმსახურების რუსებით ჩანაცვლებას რადგან მათმა უმრავლესობამ რუსული არ იცოდა). ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა საკათალიკოსო აზნაურების და გლეხების მდგომარეობა, ისინი ახლა მათთვის უცხო რუსეთის სინოდის წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ, რუსეთის სინოდისვე გადაწყვეტილებით განადგურდა მრავალი უნიკალური ქართული ხელნაწერი, ხოლო ძვირადღირებული ქონება რომელიც საქართველოს საკათალიკოსოს გააჩნდა რუსეთში გაიტანეს. 1811 წლიდან 1917 წლამდე რუსი ეგზარქოსები იყვნენ საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის ავანგარდში, და ყველანაირად აცლიდნენ სულიერ ნიადაგს ქართველ ერს. XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ "თერგდალეულები". ესენი იყვნენ რუსეთის უნივერსიტეტებში განათლებამირებული ახალგაზრდები - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები. „თერგდალეულების“ აღიარებული ლიდერი იყო ი. ჭავჭავაძე. მათ თავიდანვე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. "თერგდალეულები" ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას და მათ გამოფხიზლებას ცდილობდნენ, ამ პერიოდში დაარსდა პირველი ქართული ბანკი, "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", შეიქმნა ქართული სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის, გამოიცა ჟურნალები "საქართველოს დროება", "მოამბე", "ივერია" და სხვა. ორგანიზაციამ შეაგროვა მოსახლეობაში გაბნეული ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული კულტურის ძეგლების და ტრადიციების აღსაწერად ჩაატარა ექსპედიციები და ა.შ. 1917 წლის თებერვალში რუსეთში ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. მარტში თავის ძმის მიხეილის სასარგებლოდ იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა, მაგრამ 1 დღეში მიხეილმაც ტახტზე უარი თქვა და რუსეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. სახელმწიფოს სათავეში დროებითი მთავრობა ჩაუდგა. 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა. მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია გახდა. 3 ივნისს თურქეთთან დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც ბათუმის ოლქთან ერთად, ახალციხის და ახალქალაქის ოლქიც მათ გადაეცათ. ნოემბერში გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, თურქებმა ახალციხე და ახალქალაქი დატოვეს, ხოლო 1919 წელს ინგლისის ჩარევით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბათუმის ოლქიც დაიბრუნა. რუსეთი იმპერიის ტერიტორიების დაკარგვას ვერ ეგუებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მოახერხა და 1920 წლის 7 მაისს დადო ხელშეკრულება რუსეთის სოციალისტურ ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასთან, რომლის თანახმადაც რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იღებდა ვალდებულებას არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში და თავს არ დაესხმოდა მას. საქართველო თავის მხრივ კისრულობდა თავის ტერიტორიაზე რუსეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ დაეშვა და კომუნისტური ორგანიზაციებისთვის მიეცა მოქმედებების თავისუფლება. მიუხედავად ამისა, რუსეთი ემზადებოდა საქართველოს ოკუპაციისათვის. 1920 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაპყრობის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ლორეს ოლქში მოხდა გამოსვლა მთავრობის წინააღმდეგ და იქ საბჭოთა მთავრობა, ე. წ. “შულავერის კომიტეტი” შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მამია ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვ. მათი დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის წითელი არმია შემოვიდა და 25 თებერვალს თბილისი აიღო. საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ჯერ ბათუმში გადავიდა, ხოლო შემდეგ 17 მარტს იტალიური გემით ბათუმი დატოვა და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა კავშირი1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ). 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოში ამ პერიოდშიც იმართებოდა აჯანყებები. საბჭოთა რეჟიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. უკვე 1921 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გამოსვლები დაიწყო. წითელ არმიასთან საბრძოლველად შეიარაღებული რაზმები შეკრიბეს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და მიხეილ ლაშქარაშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. სარიყამიშის ბრძოლის დროს, გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. შემდეგ ის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა. 1922 წლიდან წითელი არმიის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარტიზანულად იბრძოდა. მან და მისი რაზმის წევრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ საქართველოს დამოუკიებლობისათვის იბრძოლებდნენ. ამიტომ, მათ "შეფიცულები" ეწოდათ. 1922 წლის გაზაფხულზე ჩამოყალობდა ”საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელშიც სხვადასხვა პარტიები გაერთიანდნენ. იმავე წელს საყოველთაო აჯანყების ორგანიზების მიზნით, გენერალმა კოტე აფხაზმა ”სამხედრო ცენტრი” დააარსა. კოტე აფხაზი ი.ჭავჭავაძის დიშვილი იყო. 1923 წელს სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. იმავე წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მიმართა ერთა ლიგას დახმარებისთვის, რათა აღკვეთილიყო ერის განადგურება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა. თუმცა ეს მიმართვაც უშედეგო იყო. მალე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებიც. მიუხედავად ამისა, 1924 წელს საქართველოში აჯანყება დაიწყო. 28 აგვისტოს გამოსვლა დაიწყო ჭიათურაში, შემდეგ მთელ საქართველოს მოედო და ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა მანგლისი აიღო და დუშეთისთვისაც იბრძოდა, მაგრამ აჯანყება დამარცხდა. ბრძოლებს და ხელისუფლების რეპრესიებს ოთხიათასამდე ადამიანი შეეწირა. ქაქუცამ თანამებრძოლებთან ერთად საქართველო დატოვა და თურქეთის გავლით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა კავშირი 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა, ამავე წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. 1991 წლის II ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლო დეკადაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1992 წლის 6 იანვარს, ზ. გამსახურდია მომხრეებთან ერთად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ორი თვის მანძილზე ქვეყანას “სამხედრო საბჭო” მართავდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანება “მხედრიონის” ლიდერი, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნძე და სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭოს. 1993 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) რეგიონს დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოსპრეზიდენტად აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე. 2003 წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში დაიწყო მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა. რუსეთი 21-ე საუკუნეში2008 წლის 8 აგვისტოს ომი მოხდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ომში რუსეთმა გაიმარჯვა, აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების, ასევე თითქმის ყველა ეთნიკური ქართველი გამოდევნა ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. ისტორიიდან აშკარაა, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, მუდამ ატყუებდა, ღალატობდა ქართველ მეფეებს და არასდროს ყოფილა თავისი სიტყვის ერთგული. რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას.მტერთან საბრძოლველად კი, პირველ რიგში, საკუთარი ისტორიის ცოდნაა აუცილლებელი. რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია თითოეული ქვეყანა და პირიქით. 1424 12-ს მოსწონს 1-ს არა
|