მოგზაურობა "გამარჯობა, ზღვაო" - რეპორტაჟი ზღვისპირა ქალაქიდან 2018, 7 აგვისტო, 10:11 ზაფხულმა პიკს მიაღწია. აი, აგვისტოც მოვიდა - შვებულებების თვე. მთელი წლის შრომით გადაღლილნი, დასასვენებლად და განსატვირთავად ქალაქიდან გაღწევას ცდილობენ. აბა რა ჯობს ხმაურიანი, მტვრიანი, მანქანებით სავსე ცხელი ქალაქის დატოვებას და სუფთა ჰაერზე დასვენებას. ზოგი დასასვენებლად სოფელს ირჩევს, ზოგი საკუთარი აგარაკითაა განებივრებული, სხვები მთასა და იქაურ გრილ ჰაერს ამჯობინებენ, უმეტესობას კი ზაფხული და შვებულება ზღვის გარეშე ვერ წარმოუდგენია. განა რამე შეედრება ზღვის თბილ ტალღებში ნებივრობას, ცხელ ქვიშაზე თვალდახუჭულ რელაქსს და საღამოობით მზის ჩასვლის ყურებას. ალბათ ზღვაზე ჩემსავით შეყვარებული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ ყველაფერი ეს საუცხოო განტვირთვაა.
გარდა სულიერი დასვენებისა, გაითვალისწინეთ, რომ ზღვის წყალი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ზღვის მარილი ძვირფასი მინერალური შემადგენლობის წყალობით, აძლიერებს და კვებავს კანსა და კანქვეშა ქსოვილებს, თმასა და ფრჩხილებს. მისი ზემოქმედებით კანქვეშა ქსოვილები ტოქსინებისგან თავისუფლდება. ამის შედეგად იმატებს ტონუსი, უმჯობესდება გუნება-განწყობა, მოხდენილობას იბრუნებს სხეული. ზღვის წყლით სავსე აუზი და აბაზანა კი ზღვის სუსტი იმიტაციაა. საქმე ის გახლავთ, რომ ზღვის წყლის ტრანსპორტირება შეუძლებელია, რადგან ზღვაში მცხოვრები მიკროორგანიზმები მის გარეშე მხოლოდ 48 საათს ცოცხლობენ. წლევანდელი ზაფხული ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. მათმა დიდმა ნაწილმა დასასვენებლად ზღვა აირჩია. მოდით, ვნახოთ, რა სიტუაციაა საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში. შექმნილია თუ არა სათანადო ინფრასტრუქტურა და პირობები დამსვენებელთათვის? მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დავკარგეთ, საქართველოს პირველხარისხოვან ზღვისპირა საკურორტო ქალაქებად ბათუმი, ქობულეთი და ურეკი იქცა. სწორედ მათ მიიღეს წელს დამსვენებლების უმეტესი ნაწილი, თუმცა არც შედარებით მცირე კურორტები: კვარიათი, გონიო, შეკვეთილი, გრიგოლეთი უჩიოდნენ დამსვენებელთა სიმცირეს. ქობულეთში ჩასულებს მზიანი, წყნარი ამინდი დაგვხვდა. ზღვაც საოცრად მშვიდი და თბილი იყო. ჩვენი დიასახლისი, კერძო სასტუმროს მეპატრონე, ქალბატონი ეთერი დაბინავებაში დაგვეხმარა. მანვე გვითხრა, რომ წელს პირველადაა, როცა რუსი ტურისტების უჩვეულო სიჭარბე იგრძნობა. მათ მოსდევენ სომეხი დამსვენებლები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართველები უმცირესობაში ვიყავით. ჩვენს სასტუმროში 24 ოთახიდან მხოლოდ ორში ვცხოვრობდით ქართველები, დანარჩენი ნომრები რუს და სომეხ დამსვენებლებს ეკავათ. მათ სიმრავლეს ყოველ ფეხის ნაბინჯზე ვგრძნობდით: ქუჩაში რუსულ-სომხური საუბარი, კაფეებიდან რუსულ-სომხური სიმღერები... პლაჟზე ჩვენ გვერდით რუსების ოჯახი მოხვდა. დავინტერესდი, საიდან იყვნენ და რატომ აირჩიეს მათ საქართველო დასასვენებლად. აღმოჩნდა, რომ ოჯახი სოჭიდან (!) იყო. გაოცებულმა ვკითხე, ზღვა ორი ფეხის ნაბიჯზე გაქვთ და აქ რამ მოგიყვანათ-მეთქი? მიპასუხეს, რომ ქობულეთში დასვენება უფრო იაფი უჯდებოდათ, ვიდრე სოჭში ( აქაც ძახილის ნიშანი). არადა, ქართველი დამსვენებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ, მაგალითად, თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში გაცილებით იაფად ისვენებენ და ამიტომ არიდებენ თავს საქართველოს საზღვაო კურორტებზე ჩასვლას. კიდევ ერთი ახალი ამბავი გავიგეთ ჩვენი დიასახლისისგან: ზამთრის დასაწყისში, ნოემბერ-დეკემბერში სომხეთიდან მასიურად ჩამოდიან ბიზნესმენები და ქობულეთსა და ურეკში (ზოგჯერ ბათუმშიც) მთლიანად ქირაობენ ოჯახურ სასტუმროებს. შემდეგ ერევანში ხსნიან ტურისტულ-კომპანიებს და საკმაოდ მაღალ ფასებში ყიდიან საგზურებს. ერთი უსიამოვნო ფაქტი, რაც უკვე რამდენიმე წელია გვხვდება ქობულეთში ჩასულებს: ქალაქის ცენტრში, ზღვის პირას, ყველაზე საუკეთესო ადგილას ძველი შენობების ჩონჩხებია შემორჩენილი. მათ შორის ყოფილი "ინტურისტის" 14-სართულიანი შენობა, რომელიც უკვე წლებია, რაც მიტოვებული და გავერანებულია. ამ შენობების შემოგარენი ეკალბარდებით და ბუჩქებითაა სავსე, შენობები კი ჩაშავებული, ნახევდრადდანგრეული კედლებით საკმაოდ ცუდი სანახავია. მესმის, რომ ეს შენობები და მიწა კერძო პირების საკუთრებაა, მაგრამ ჩემი აზრით, მათ, ვისაც ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ევალება, როგორმე უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა - ან აიძულონ მფლობელები, შენობები აღადგინონ და გაარემონტონ, ან გაყიდონ და ახალი მეპატრონე მიხედავს მათ. ნამდვილად არასასიამოვნოა, შუა ბულვარში, ზღვის პირას რომ ''აზკაბანის ციხის'' ნანგრევებს და ბაძაძგნარებით სავსე, მოუვლელ ადგილებს უყურებ. მოკლედ, ცუდი ამბები უკან დავტოვოთ და ვნახოთ, კიდევ რას სთავაზობს დამსვენებლებს ზღვისპირა კურორტები. ზღვის ბანანი, კატერით გასეირნება და სანაპიროზე მოსიარულე მოვაჭრეები, რომლებიც კამერებს, ცივ სასმელებს, მოხალულ თხილს და რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონის აუცილებელ ატრიბუტს - მოხარშულ სიმინდს სთავაზობენ დამსვენებლებს, უკვე კარგად ნაცნობი სურათია აქ ჩამოსულთათვის. უფრო გამბედავები და ექსტრემის მოყვარულები პარაშუტით გასეირნებას ამჯობინებენ, თუ, რა თქმა უნდა, მათი ჯიბე ამ სიამოვნებას გაწვდება: ერთი ათწუთიანი გაფრენის ფასი 50-60 ლარია. გასართობი ცენტრი "ციცინათელა" პატარების საყვარელი ადგილია. აქ უამრავი ატრაქციონია მოწყობილი ბავშვებისათვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სიიაფეა. თუ გაგიმართლებთ და იმ დროს მოხვდებით ზღვაზე, როცა "ბლეკ სი არენაზე" რაიმე მნიშვნელოვანი კონცერტი ტარდება, ხომ კარგი, თუ არადა, კაფე-რესტორნებში მიწვეული მომღერლების შემოქმედებით უნდა დაკმაყოფილდეთ. მათ, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს, ადგილობრივი ბიზნესი სხვადასხვა სახის ტურებს სთავაზობს საქართველოს კუთხეებში. არის ერთდღიანი ექსკურსიებიც. ჩვენ ღია ავტობუსით ბათუმსა და სარფში გავემგზავრეთ. ბათუმი თავის ახალმშენებლობებით მართლაც ულამაზესია. აქ უფრო მეტი საშუალებაა გართობისა და დასვენებისათვის, თუმცა ქობულეთთან შედარებით, მაღალი ფასებია. ანბანის კოშკში ლიფტით ასვლაზე ან გემით ნახევარსაათიან გასეირნებაზე აბა ვინ იტყვის უარს? - ეს სიამოვნება მხოლოდ 10 ლარი ღირს. პატარების საყვარელი დელფინარიუმიც საოცარი შოუთი, ყოველდღიურად ახარებს მათ გულებს. მარიოტის ახალაშენებული შენობა მართლაც შთამბეჭდავია. სანაპიროს გასწვრივ კიდევ უამრავი მშენებლობაა დაწყებული, რომლებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბათუმის შემდეგ გეზი გონიოსკენ ავიღეთ. აქაც საკმაოდ ბევრი დამსვენებელი დაგვხვდა, თუმცა გონიოში ყველაზე საინტერესო მაინც ციხის ნანგრევებია. გონიოს ციხე, მეორენაირად აფსაროსი, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ის ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. ციხის გალავანი საკმაოდ კარგადაა შემონახული. მოწყობილია მუზეუმი, სადაც ადგილობრივი (არა მარტო) ექსპონატები ინახება. ძალიან კარგადაა შემონახული უძველესი წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები. კვარიათი ბოლო წლებში ძალიან პოპულარული და პრესტიჟული კურორტი გახდა. სრუტეში შეჭრილი სანაპირო და მწვანე საფარით დაფარული მთები განაპირობებს საუცხოო კლიმატს. ქობულეთისაგან განსხვავებით, აქ ზაფხულობით შედარებით ნაკლები სიცხე და დახუთულობაა, რასაც ზღვის დონიდან შედარებით მაღალი მდებარეობა და მუდმივი ბრიზი განაპირობებს. ეს კი ჩანჩქერია - ფოტოგადაღებისათვის მეტად პოპულარული ადგილი. აქვეა მონუმენტი, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებას ეძღვნება, ლეგენდის თანახმად სწორედ ამ გზით შემოვიდა ის საქართველოში. და აი, ჩვენი მოკლე ექსკურსიის დასასრული - სარფი. აქ მთავრდება საქართველო. საბაჟოზე უამრავი მსუბუქი და სატვირთო მანქანა, ტრაილერი და ადამიანი ირევა. აგვიხსნეს, რომ თურქეთში თხილის კრეფის სეზონი დაიწყო და სამუშაოდ მიმავალი უამრავი ქართველი ელოდება საბაჟოზე თავის რიგს. რას არ ნახავ ზღვის პირას, პლაჟზე წამოკოტრიალებული. ჰოდა ასე ვნახეთ ერთ მშვენიერ დილას, თუ როგორ მისეირნეობდა უზარმაზარი ხე ზღვაში. გაოცებისაგან ჯერ თვალები დავჭყიტეთ, სანამ ამ ახალ ამბავში გათვითცნობირებულმა მაშველებმა არ გვითხრეს, "ბიძინას ხე" გადააქვთ დენდროლოგიურ პარკშიო. ჰო, მაშველებზე გამახსენდა... გარუჯული, დაკუნთული ვაჟკაცები დილიდან საღამომდე სანაპიროზე ისხდნენ და ჩვენ გვდარაჯობდნენ, ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ. მხოლოდ ერთხელ აღელდნენ, როცა ზღვაზე შტორმი იყო და გამოცხადდა, რომ ბანაობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ურჩი დამსვენებლების ნაწილი მაინც ბედავდა ტალღებთან თამაშს. ჰოდა ერთმა მაშველმა გურული მაკვარანცხობით განაცხადა: "გამოდით ზღვიდან, მაინდამაინც ჩვენი იმედი ნუ გექნებათ. ჩემი იმედი თქვენ კი არა, მამაჩემსაც არ აქვსო". ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე კი, მაშველები სულ ყურადღებით იყვნენ და თუ ვინმე შორს შეტოპავდა, კატერით გამოაბრძანებდნენ ნაპირზე. ასე თუ ისე, იმ ათი დღის განმავლობაში, რაც ზღვაზე გავატარე, ცუდი არაფერი მომხდარა და არავის სიცოცხლეს არ დამუქრებია საფრთხე. ზღვასთან ზედმეტად გათამამება, დამეთანხმებით, რომ არ შეიძლება, ის ხომ ერთ შეცდომას არ გაპატიებს, მაგრამ მერე რა, რომ ხანდახან ბრაზიანია და აღელვებული, ხან კი მშვიდი და ალერსიანი, ის მაინც ერთნაირად საყვარელი და მშვენიერია. ათიოდე დღე, რომელიც ბევრი გვეგონა, თვალსა და ხელს შუა გაქრა. სიმართლე გითხრათ და მოწყენაც იცის ზღვამ, ალბათ ესეც საჭიროა, რომ მოგენატროს. ხურდა ფულსაც გადავყრით და დავპირდებით, რომ გაისად ისევ ვესტუმრებით. სიზმარივით გარბენს ერთი წელი, ისევ მოვა ზაფხული, ისევ დავადგებით ზღვისაკენ მიმავალ გზას და როცა სუფსის ხიდთან თვალწინ გადაგვეშლება უსასრულო, კამკამა, ლურჯი სივრცე, რაღაც იდუმალი, სასიამოვნო გრძნობა დაგვეუფლება და ისევ შევძახებთ ხმამაღლა: "გამარჯობა, ზღვაო!" 91 8-ს მოსწონს
|