x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 ყველაზე საზარელი სერიული მკვლელი ქალი
ალბათ ძალიან ბევრს წაგიკითხავთ ისტორიები მამაკაც სერიულ მკვლელებზე, თუმცა ქალი სერიული მკვლელების დანაშაულობანი ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პატრიარქალური კულტურისთვის ქალი კეთილი, სათნო, უწყინარი და მშვიდი არსებაა, რომელმაც არ შეიძლება, მკვლელობა ჩაიდინოს, რაც სიმართლე არ გახლავთ. კეთილი, სათნო, უწყინარი და მშვიდი შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი და პირიქით, ბოროტი, სასტიკი, აგრესიული და ულმობელიც შეიძლება ასევე იყოს ორივე სქესის ადამიანი, რასაც ამ სტატიაში აღწერილი სერიული მკვლელი ქალების ისტორიებიც მოწმობს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე სასტიკ 10 სერიულ მკვლელ ქალს, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულობანი ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ.

ნომერი პირველი: ელფრიდე მართა ბლაუენშტაინერი

ბლაუენშტაინერი იყო ლუდომანიით შეპყრობილი და ხშირად თამაშობდა კაზინოში. საკუთარ მსხვერპლებს ის არჩევდა შრომისუუნარო და ასაკოვან მდიდარ მამაკაცებს შორის. სანამ მსხვერპლებს დახოცავდა, ელფრიდე ბლაუენშტანერი საკუთარი ადვოკატის მეშვეობით მათ საბუთებს აყალბებდა და ისე გამოჰყავდა, ვითომ გარდაცვლილებმა მას საკუთარი ქონება უანდერძეს. ამგვარად მოპოვებულ ქონებას ის კაზინოებში აგებდა. მის მსხვერპლთაგან ერთ-ერთი იყო 77 წლის ალოის პ. ეს უკანასკნელი ბლაუენშტაინერმა მოკლა გასაოცრად ნელი და მტანჯველი სიკვდილით. სერიულმა მკვლელმა მსხვერპლს ვენაში შეუყვანა ეუგლუკონი ანტიდეპრესანტთან ერთად და ზემოდან დააყარა საგანგებოდ მაცივარში გაყინული პირსახოცების უზარმაზარი შეკვრა, რის შემდეგაც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მსხვერპლი საავადმყოფოში გარდაიცვალა ორგანიზმის გაციების შედეგად. მან ანალოგიურად მოკლა რამდენიმე სხვა მსხვერპლიც.

ბლაუენშტაინერი 1997 წელს დააპატიმრეს ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავის ეჭვის საფუძველზე, რომელსაც არ სჯეროდა, რომ გარდაცვლილმა ქალს საკუთარი ქონება უანდერძა. სერიულ მკვლელ ქალს ვენაში 2001 წელს ჰქონდა დასამახსოვრებელი გამოსვლა სასამართლოს სხდომაზე, ხელში ოქროს ჯვრით და პილატე პონტოელის სიტყვებით ახალი აღთქმიდან: „მე უდანაშაულო ვარ და ხელები დამიბანია.“ ავსტრიის უმაღლესი სასამართლოს მომავალმა თავმჯდომარემ, იოჰან რცესცუტმა მაშინ თქვა, ბლაუენშტაინერის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად საზარელია, რომ მისი არსი ამქვეყნიური მართლმსაჯულებისთვის მეტისმეტად სასტიკიაო.


ელფრიდე ბლაუენშტაინერი დააკავეს 1997 წელს. მოგვიანებით მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. სასჯელს ის იხდიდა შვარცაუს ციხეში, სადაც გარდაიცვალა 2003 წელს, 72 წლის ასაკში.

ელფრიდე ბლაუენშტაინერი

ფოტოზე: ელფრიდე ბლაუენშტაინერი

ნომერი მეორე: მარი ბეკერი

მარი ბეკერი იყო ბელგიელი დიასახლისი. 1932 წელს მან მოკლა საკუთარი ქმარი გულის მასტიმულირებელი პრეპარატების ზედოზირების მეშვეობით, რათა საკუთარი საყვარლის, ლამბერტ ბაიერისთვის მეტი დრო ჰქონოდა. ორი წლის შემდეგ ლამბერტ ბაიერიც გაისტუმრა იქ, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან, რადგან მასთან სექსი მობეზრდა.

საკუთარი ქმრის და საყვარლის მემკვიდრეობა ბეკერმა მოახმარა ღამის კლუბებში სიარულს, სადაც ის ხვდებოდა ახალგაზრდა და მომხიბლავ ბიჭებს, რომლებსაც ფულს უხდიდა სექსისთვის. შემდგომში, როცა მის მიერ მოკლული უახლოესი ადამიანების ქონებიდან აღარაფერი აღარ დარჩა, ბეკერმა გახსნა პანსიონი შრომისუუნარო მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც ის წამლავდა და შემდეგ აყაჩაღებდა, რათა ღამის კლუბებში სიარული და ბიჭები არ მოჰკლებოდა.

1936 წელს, როცა 59 წლის ბეკერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ამ უკანასკნელს უკვე ჰქონდა ჩადენილი მინიმუმ 11 მკვლელობა (ეს არის მკვლელელობათა ის რაოდენობა, რაც დაუმტკიცდა, თორემ რეალურად ბევრად უფრო მეტი ადამიანი გაისტუმრა შავეთში). დაპატიმრებისას მას უპოვეს გულის პრეპარატების განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

ბეკერი ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1938 წელს.

მარი ბეკერი

ფოტოზე: მარი ბეკერი

ნომერი მესამე: მარიანა ნიოლე

1938 წელს დაბადებული მარიანა ნიოლე (მეტსახელად „კიოლნის სიკვდილის ანგელოზი“) გერმანელი სერიული მკვლელია. მუშაობდა მოხუცების მომვლელად, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის მონაცემებით 18-მდე ადამიანი გამოასალმა წუთისოფელს. მსხვერპლს ის სიცოცხლეს უსწრაფებდა ფსიქოტროპული პრეპარატის, ტრუქსალის ზედოზირების მეშვეობით. საბოლოოდ დაუმტკიცდა მხოლოდ შვიდი ადამიანის მკვლელობა. ნიოლე დღემდე იხდის სასჯელს მშობლიურ გერმანიაში, სადაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მარიანა ნიოლე

ფოტოზე: მარიანა ნიოლე

ნომერი მეოთხე: ველმა ბარფილდი

ველმა ბარფილდი 1932 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა აშშ-ში. ის იყო პირველი ადამიანი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მომაკვდინებელი ინიექცია გაუკეთეს ჩრდ. კაროლინის შტატში სიკვდილით დასჯის ხელმეორედ შემოღების (1976 წ.) შემდეგ.

ველმამ თავის ყველა მსხვერპლს (მათ შორის თავის 2 ქმარს და 1 სექსუალურ პარტნიორს) დარიშხანის მეშვეობით მოუსწრაფა სიცოცხლე. ის საკუთარ მსხვერპლებს ხოცავდა მათი ქონების დასაკუთრების მიზნით, რათა დაეფინანსებინა საკუთარი წამალდამოკიდებულება და შეეძინა ჰეროინი და კოკაინი. მან საბოლოო ჯამში 5 ადამიანი მოწამლა და მოკლა.

ველმა ბარფილდი

ფოტოზე: ველმა ბარფილდი

ნომერი მეხუთე: ამელია დაიერი

ამელია ელისაბედ დაიერი 1837 წელს, ბრისტოლში დაიბადა. ის იყო ბრიტანელი სერიული მკვლელი და ძიძა. ვარაუდობენ, რომ მან, სანამ დააპატიმრებდნენ, 200-დან 400-მდე ბავშვი იმსხვერპლა.

დაიერი სპეციალურად პოულობდა მარტოხელა დედებს, რომლებსაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შვილების ლონდონის მახლობლად გამოზრდას აღუთქვამდა. გასამრჯელოს მიღების შემდეგ დაიერი ბავშვებს ან გუდავდა, ან უყურადღებოდ ტოვებდა, რის შემდეგაც ბავშვები იღუპებოდნენ რაიმე უბედური შემთხვევის შედეგად. ამის გამო საზარელი ძიძა 1879 წელს ერთ-ერთი ექიმის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს და 6 თვით ციხეშიც გამოამწყვდიეს კიდეც. ედავებოდნენ მხოლოდ ბავშვების უყურადღებოდ მიტოვებას. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც სკოტლენდ-იარდმა 1896 წელს რამდენიმე ერთმანეთზე გადაბმული და შეფუთული ბავშვის გვამი აღმოაჩინა ტემზაში. შეფუთვაზე დატანილმა მისამართმა პოლიცია ცხელ კვალზე გაიყვანა.

სახელმწიფომ საბოლოოდ მხოლოდ 6 ბავშვის მკვლელობის დამტკიცება შეძლო ამელიასთვის. საზარელ ძიძას ჩამოხრჩობა მიესაჯა და ის თოკზე ჩამოკიდეს ნიუგეითის ციხეში, 1896 წელს.

ამელია დაიერი

ფოტოზე: ამელია დაიერი

ნომერი მეექვსე: ქრისტინე ფალინგი

1963 წელს დაიბადა ფლორიდაში, აშშ-ში. ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. ოჯახის წევრები ხშირად განიცდიდნენ საკვების ნაკლებობას. ქრისტინეს მამა იყო 65 წლის, როცა მომავალი სერიული მკვლელი დაიბადა, ხოლო დედა 16 წლის. ქრისტინე ფალინგს რამდენიმე წლის ასაკში უკვე ფსიქიკური აშლილობები და ეპილეფსია ტანჯავდა. რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა, ქრისტინე ნაწილობრივ უდედმამო ბავშვთა თავშესაფრებში იზრდებოდა. საკუთარ ბრაზს მომავალი სერიული მკვლელი იმით იხშობდა, რომ კატებს აწამებდა და ხოცავდა. კატებს ის მაღალი შენობების სახურავებიდან ისროდა, რათა გაეგო, მართლა 9 სული ჰქონდათ თუ არა მათ.

1977 წელს ქრისტინე მშობლების დაჟინებით 14 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 20 წლის მამაკაცს, მაგრამ მომავალი სერიული მკვლელი ქმარს ექვსი კვირის შემდეგ დაშორდა. ამის შემდეგ ფალინგი საბოლოოდ დაავადდა ფსიქიურად და ჰალუცინაციებს ხედავდა. მაგრამ სახელმწიფო მას არ ინახავდა, ამიტომ ძიძად გადაწყვიტა მუშაობის დაწყება.

1980 წელს მოკლა პირველი მსხვერპლი, ორი წლის კასიდი ჯონსონი. ექსპერტიზამ ბავშვს თავდაპირველად მენინგიტი დაუდგინა, თუმცა გვამის დეტალური დათვალიერების შედეგად შინაგანი სისხლდენის კვალი აღმოჩნდა. ქრისტინემ განუმარტა ექიმს, კასიდი კიბიდან გადავარდაო. ექიმმა ძიძას არ დაუჯერა და დაწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი პილიციის სახელზე, რომ ქრისტინე შეემოწმებინათ, მაგრამ ეს ბარათი პოლიციის დეპარტამენტში მისვლამდე, გზაში გაუჩინარდა.

კასიდი ჯონსონის მკვლელობიდან სულ ცოტა ხანში ფალინგი ლეიკლენდში (ფლორიდა) გადასახლდა. იქ ორი თვის შემდეგ მოკვდა 4 წლის ჯეფრი დევისი, რომელსაც ფალინგი მეთვალყურეობდა. გვამის გაკვეთამ დაადასტურა მიოკარდიუმის ანთება, თუმცა ექიმი ეჭვობდა, რომ მხოლოდ მიოკარდიუმის ანთებას არ შეეძლო ბავშვის მოკვლა. როცა ჯეფრი დაკრძალეს, მისმა ნათესავებმა, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად მიიჩქაროდნენ, ქრისტინეს სამეთვალყურეოდ დაუტოვეს ჯეფრის მამიდაშვილი, 2 წლის ჯოზეფ სპრინგი, რომელიც, როგორც ექიმები შემდგომში აცხადებდნენ, ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა.

1981 წლის ივლისში ფალინგმა ლეიკლენდი დატოვა და საკუთარ მშობლიურ ქალაქ პერიში დაბრუნდა, ჩრდ. ფლორიდაში. რადგან ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი და ბავშვების მშობლები უკვე აღარ ენდობოდნენ, მოხუცების მომვლელად დაიწყო მუშაობა და იმავე დღეს საკუთარ სამზარეულოში მოკლა 77 წლის უილიამ სვინდლი.

1981 წლის შემოდგომაზე გოგონა მოუკვდა ქრისტინეს ნახევარდას. გოგონას ერქვა ჯენიფერ დენიელსი. როცა ქრისტინეს ნახევარდა რამდენიმე წუთით ავტომანქანიდან გადავიდა, მისი გოგონა „შემთხვევით“ გაიგუდა ავტომანქანაში. ექიმებმა დასკვნაში ჩაწერეს „ბავშვის უეცარი ბუნებრივი სიკვდილი.“

ქრისტინე ფალინგი დაუსჯელად გააგრძელებდა ბავშვების ხოცვას და იქნებ, ვერავის ვერც ვერასოდეს ვერ დაეპატიმრებინა, ორთვენახევრის ჩვილის, ტრევის კოლემანის მკვლელობა რომ არა, რომელიც 1982 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა, როცა სერიული მკვლელი მას მეთვალყურეობდა. ექიმებმა ბავშვის სიკვდილის მიზეზად დაასახელეს გაგუდვა და აღმოაჩინეს შინაგანი დაზიანებები გვამის გაკვეთის დროს. როცა პოლიციამ ფალინგი დაკითხა, ამ უკანასკნელმა სამი ბავშვის მკვლელობა აღიარა და განმარტა, რომ ყოველი მკვლელობის ჩადენის დროს ხმა ჩაესმოდა, რომელიც ეუბნებოდა მას: „მოკალი პატარა!“

ფალინგს 1982 წელს მიესაჯა თავისუფლების უვადო აღკვეთა. ის მხოლოდ მისმა აღიარებითმა ჩვენებამ გადაარჩინა ელექტროსკამისგან. ფალინგმა 2006 წელს განცხადება შეიტანა ციხიდან გამოშვებაზე, რაც უარყოფილ იქნა. ის დღემდე იხდის სასჯელს ჰომსტედის ციხეში (მაიამი, ფლორიდა).

ქრისტინე ფალინგი

ფოტოზე: ქრისტინე ფალინგი

ნომერი მეშვიდე: გეშე მარგარეტ გოტფრიდი

გეშე მარგარეტ გოტფრიდი იყო 1785 წელს დაბადებული სერიული მკვლელი, რომელმაც დარიშხანით მოწამლა და მოკლა 15 ადამიანი. რამ აიძულა ეს გაეკეთებინა, უცნობია. სანამ მის მიერ ჩადენილ მკვლელობათა შესახებ გახდებოდა ცნობილი, გეშეს განსაკუთრებული სიკეთის გამო „ბრემენის ანგელოზს“ უწოდებდნენ.

გეშე გოტფრიდი იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელიც სახალხოდ დასაჯეს სიკვდილით ბრემენში 1831 წელს. მასზე გადაიღო ფილმი რაინერ ვერნერ ფასბინდერმა საკუთარივე პიესის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა „ბრემენული თავისუფლება.“

გეშე გოტფრიდი

სურათზე: გეშე გოტფრიდი

ნომერი მერვე: რონდა ბელ მარტინი

ამერიკელი სერიული მკვლელი. სავარაუდოდ დაიბადა 1908 წელს ალაბამაში. მან სიცოცხლე ელექტროსკამზე დაასრულა.

ის ოფიციანტად მუშაობდა და 1932 წლიდან 1956 წლამდე დარიშხანით მოწამლა საკუთარი დედა, ხუთი ყოფილი ქმრიდან ორი და სამი შვილი. დანაშაული აღიარა. მოტივი იყო სიცოცხლის დაზღვევა, რასაც მარტინი ახლობლებს საკუთარ სახელზე აკეთებინებდა ან უკეთებდა, რის შემდეგაც ხოცავდა მათ. უკანასკნელი ქმარი გადაურჩა დარიშხანით სიკვდილს, თუმცა დადამბლავდა და ძალიან დიდი ხნის მანძილზე პარალიზებული იყო.

რონდა მარტინი

ფოტოზე: რონდა მარტინი

ნომერი მეცხრე: მიიუკი იშიკავა

დაიბადა 1897 წელს, მიაზაკის პრეფექტურაში. იყო იაპონელი სერიული მკვლელი.

იშიკავა იყო ბავშვთა სახლის დირექტორი კუნიტომიში. იმ პერიოდში იაპონიაში იყო შივას („განათლებული მსოფლიო“) დრო გამოცხადებული და აბორტები უსასტიკესად იყო აკრძალული. ბევრ წყვილს არ შეეძლო ამქვეყნად მოვლინებულ პატარებზე ზრუნვა და ასეთ ბავშვებს ისინი იშიკავას ბავშვთა სახლში ტოვებდნენ, სადაც სერიული მკვლელი ქალი პატარებს გართობის მიზნით ხოცავდა. ქალმა რამდენიმე წლის მანძილზე მოკლა 103 თუ 169 ბავშვი. იშიკავა პოლიციამ 1948 წელს დააპატიმრა, როცა ხუთი პატარას ნაწამები სხეული იქნა აღმოჩენილი ტოკიოს ერთ-ერთ ნაგვის კონტეინერში. სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება და გამოძიების პროცესში დააპატიმრეს მიიუკი იშიკავა, მისი ქმარი, შირო ნაკაიამა და ექიმი, რომელმაც ბავშვთა გარდაცვალების ცნობები გააყალბა. შემდგომ დღეებში პოლიცია გამალებული ეძებდა გარდაცვლილ ბავშვთა სხეულებს და 40 მათგანი აღმოაჩინა კიდეც იმ საავადმყოფოში, სადაც ბავშვების გვამებს ინახავდნენ. მოგვიანებით დამატებით კიდევ აღმოჩენილ იქნა 30 ბავშვის გვამი, რომლებიც მკვლელებმა ერთ-ერთი ტაძრის ეზოში ჩაფლეს.

პროცესზე იშიკავამ თქვა, რომ ბავშვების სიკვდილში დამნაშავეები ამავე ბავშვების მშობლები იყვნენ. სასამართლომ გაიზიარა ეს მოსაზრება. იმ პერიოდის იაპონიაში ბავშვებს არავითარი უფლებები არ გააჩნდათ. ამიტომ იშიკავას მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის ქმარს და ცნობების გამყალბებელ ექიმს კი სასამართლომ სასჯელად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აკმარა. სერიულმა მკვლელმა ქალმა და მისმა ქმარმა მოგვიანებით იმასაც კი მიაღწიეს, რომ მათი სასჯელები განახევრდა და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

მიიუკი იშიკავა

ფოტოზე: მიიუკი იშიკავა

ნომერი მეათე: ელიზაბეტ ბატორი

ელიზაბეტ ბატორი იყო უნგრელი გრაფინია, რომელიც დაიბადა 1560 წელს. ის მსხვერპლებად არჩევდა განსაკუთრებული სილამაზის მქონე ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც საკუთარ ციხესიმაგრეში იტყუებდა, რის შემდეგაც მათ აშიშვლებდა და საზარელი წამებით უღებდა ბოლოს გართობის მიზნით. ბატორმა სხვადასხვა მონაცემებით 80-დან 650-მდე გოგონა აწამა მხეცურად და მოკლა. წამების და მკვლელობის პროცესში ეხმარებოდნენ საკუთარი მსახურები. ბატორი მსხვერპლს აბამდა, სცემდა და ამათრახებდა, სანამ მსხვერპლი ჯერ კიდევ სუნთქავდა, დაბმულ გოგონებს მაკრატლით აჭრიდა ყურებს, ცხვირს, თითებს, ძუძუებს, ტანის სხვადასხვა ადგილებში ურჭობდა უზარმაზარ ნემსებს, მსხვერპლებს სხეულებზე ასხამდა გამდნარ რკინას და ადუღებულ წყალს და ზეთს, დანით კვეთდა საშოებს. ის დააპატიმრეს 1610 წელს და ოთხი წლის შემდეგ საკუთარ საკანში დაიღუპა ფილტვების ანთებით.

ელიზაბეტ ბატორი

სურათზე: ელიზაბეტ ბატორი

1
792
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
792
  
2018, 13 აგვისტო, 9:34
რატომ ჰყავთ ასეთები ციხეებში სასათბურე პირობებში, ბრეივიკისა არ იყოს?((
0 1 1