x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ღია ბარათების ისტორია

ჩვენს დროში, ქაღალდზე წერილს აღარავინ წერს. ის ელ. ფოსტამ და მობილურმა ტელეფონებმა ჩაანაცვლა. მაგრამ, იყო დრო, ღია ბარათების შესაძენად, ყოველი დღესასწაულის წინ, რიგები რომ დგებოდა ფოსტებში და წიგნის მაღაზიების საკანცელარიო განყოფილებებთან.


image


ცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს, ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს.

XVIII საუკუნის შუა წლებში, პარიზში გამოჩნდა სავიზიტო ბარათები, რომლებიც, შობის წინა დღეს, ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატებამდე. ასეთი სახით, სავიზიტო ბარათის პატრონები. პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ-მეგობრებს. ხოლო, ღია ბარათების სამშობლოდ, ინგლისი ითვლება. სწორედ იქ გამოჩნდა 1843 წ. პირველი კომერციული საშობაო ბარათები.


image


ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ცნობილმა გამომგონებელმა, მეწარმემ და საზოგადო მოღვაწემ სერ ჰენრი კოულმა გადაწყვიტა ორიგინალურად მიელოცა შობა-ახალი წელი თავისი ოჯახისთვის და ნაცნობ მხატვარს, პატარა ზომის ბარათზე, ოჯახის წევრების დახატვა სთხოვა. ბარათის ზომა 12×7 სმ. იყო და მას ლამაზად შესრულებული წარწერა ამშვენებდა: «მხიარულ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!».

საშობაო სიურპრიზმა გაამართლა – ღია ბარათმა წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. ის არა მარტო ოჯახის წევრებს, კოულის უამრავ ნაცნობ-მეგობარსაც მოეწონა და რადგან, იმ პერიოდისთვის, კოულის თანაავტორობით უკვე გამოსული იყო პირველი ოფიციალური საფოსტო მარკა «შავი პენი» და ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, ბარათების ასლები დაბეჭდა და ფასიც დაადო – თითო ბარათი 1 შილინგი ღირდა. თავდაპირველად, ბარათები შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით, სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს.

რაც შეეხება საფოსტო ღია ბარათებს, რომლის გაგზავნა კონვერტის გარეშე შეიძლებოდა, გერმანელებმა გამოიგონეს. ამ ბარათების პირველი ტირაჟი, ვენის საფოსტო განყოფილებებში, 1869 წ. გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე.


imageimageimage

დროთაგანმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნებში, საკუთარი ნაციონალური ტრადიციები შეიქმნა. მაგ., იაპონიაში, ახალი წლის წინ, აღმოსავლეთის ზოდიაქოს შესაბამისი ცხოველების გამოსახულებიან ღია ბარათებს უგზავნიან ერთმანეთს. ყოველწლიურად, ისინი ასობით ღია ბარათს ღებულობენ და თავადაც უგზავნიან ყველა ნაცნობ-მეგობარს. ამ ბარათებში ისინი, წლის მანძილზე, მომხდარი პოზიტიური მოვლენების გამო მადლობას იხდიან და იმედოვნებენ, რომ მათი კეთილგანწყობილი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

ავსტრიაში, ახალი წლის წინ, ერთმანეთს ღია ბარათებს უგზავნიან, რომლებზეც ჩვეულებრივ, ბედნიერების ნაციონალური სიმბოლოებია ასახული: ბუხრის მწმენდავები, ოთხფოთლიანი სამყურა და ღორი.

საბჭოთა პერიოდში, ჩვენთანაც იყო ერთმანეთისთვის ღია ბარათების ჩუქების ტრადიცია. ეს ბარათები განსაკუთრებული პოპულარობით სკოლის მოსწავლეებს შორის სარგებლობდა და შესაძლებელია, დღესაც ბევრს ჰქონდეს სამახსოვროდ შემონახული. სამწუხაროა, რომ მსგავსი ტრადიცია დღეს აღარ არსებობს და დღესასწაულებს ერთმანეთს მხოლოდ ელ. ფოსტით და სოც. ქსელების მეშვეობით ვულოცავთ.


image

3
505
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
2018, 3 იანვარი, 19:29
სამაგიეროდ, კოშკელიშვილი რომ ორსულადაა, 500 კაცს აინტერესებს :(
2018, 3 იანვარი, 19:06
:) ეტყობა, ინტერნეტის სამყაროში, ასეთი რაღაცეები არავის აინტერესებს.
2018, 3 იანვარი, 10:38
სირცხვილია ამ სტატიას მხოლოდ 7 ნახვა ჰქონდეს :(
0 1 3