x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რას აღნიშნავს სამი თითი პირჯვრის წერის დროს და ლოცვა "მამაო ჩვენო"?– ის, რაც აქამდე არ იცოდით
ალბათ ყველა თქვენგანმა იცის ზეპირად და თუ არა, მოგისმენიათ მაინც ლოცვა "მამაო ჩვენო". ის ერთადერთია ლოცვებში, რომელიც ადამიანის გონების ნაყოფი არ არის და თავად იესო ქრისტემ გვისახსოვრა დედამიწაზე არსებობის დროს. ათასწლეულების მანძილზე კი ლოცვა ერთადერთი მთავარი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში, რომლის სიტყვებიც ღრმა მნიშვნელობას გამოხატავს: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ".


image

ეს ლოცვა იწოდება საუფლო ლოცვად იმიტომ, რომ თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს მაშინ, როცა ამ უკანასკნელთ სთხოვეს უფალს ესწავლებინა მათთვის ლოცვა, რამეთუ არ იცოდნენ, როგორ ელოცათ. ამიტომაც ეს ლოცვა არის უმთავრესი სხვა ლოცვათა შორის. ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ მამა ღმერთს – წმ. სამების პირველ წევრს. ეს ლოცვა იყოფა შვიდ თხოვნად ანუ ვედრებად.



image


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა ლოცვის დასაწყისში ჩვენ ვთხოვთ მამა ღმერთს, რომელიც არის ჩვენი ზეციური მამა, ისმინოს ჩვენი თხოვნა-ვედრება. როცა ჩვენ ზეცას ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ ხილულ ცისფერ ზეცას, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, არამედ უხილავ, სულიერ ზეცას.


წმიდა იყავნ სახელი შენი – დაგვეხმარე, მოგვმადლე ძალა, რათა ვიცხოვროთ ისე მართლად და წმიდად, რომ შენი სახელი მარად წმიდად იყოს ჩვენში და არ შეიბღალოს ჩვენი უწმიდური საქმეებითა და უსჯულო ცხოვრებით.


მოვედინ სუფევა შენი – გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ – ეს არის სიმართლე, სიყვარული, მშვიდობა.


იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა – დაე ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს შენ გსურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. დაგვეხმარე, შეგვაძლებინე, დავემორჩილოთ შენს ნებას და ისევე უსიტყვოდ აღვასრულოთ, როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში (სულიერ სამყაროში) დიდი სიყვარულითა და სიხარულით წმიდა ანგელოზნი, რადგან მხოლოდ შენთვისაა ცნობილი რა არის ჭეშმარიტად კარგი და სასურველი ჩვენთვის და რა ცუდი. შენ ბევრად მეტი სიკეთე გსურს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ჩვენი თავისთვის.


პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს – პურის ქვეშ აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება: საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი – ყოვლადწმიდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც წმ. ზიარების სადუმლოში ვღებულობთ, და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება, არამედ მხოლოდ ის რაც არსებობისათვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს; გვახსოვდეს, რომ ის როგორც მამა, მარადის ზრუნავს და განიცდის ჩვენს გამო.


და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა – ისევე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენს წინაშე სცოდავს. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები ჩვენს ვალებად იწოდება და აი, რატომ: ღმერთმა მოგვცა ადამიანებს ძალა, ნიჭი და შესაძლებლობა, რათა სიკეთე ვაკეთოთ; ჩვენ კი ხშირად ღმერთისაგან სასიკეთოდ მოცემულ ნიჭსა და უნარს ბოროტებისათვის, ცოდვების ჩასადენად ვიყენებთ და ამრიგად ღვთის წინაშე „ვალში“ აღმოვჩნდებით ხოლმე. ასე რომ თუ ჩვენ თვითონ გულწრფელად არ ვპატიობთ ჩვენს „მოვალეებს“, არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს.


და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა – განსაცდელი ჰქვია აქ ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც ძალა გვეწევა ცოდვისაკენ, ან ვინმე გვაიძულებს ან გვაცდუნებს ცოდვის ჩასადენად, რომლის გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომლის წინაშეც ჩვენ უძლურნი ვართ.


არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან - ანუ გადაგვარჩინე ჩვენ ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან, თვით ეშმაკისაგან, რომელიც ყოველჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპავად. დაგვიფარე და გადაგვარჩინე მისი მზაკვარი და ფლიდი სიცრუისაგან, რომელიც შენს წინაშე არარაობაა.



image


რას აღნიშნავს ლოცვის დროს სამი თითით პირჯვრის წერა და ვინ დაამკვიდრა?


თვით ახალმოწესე ბერძენი იერარქები და რუსი პატრიარქი ნიკონი, მაკარი ანტიოქელის მეთაურობით მიიჩნევდნენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა თურმე წმ. მოციქულთაგან მოდის. ამგვარად, ისინი აღიარებენ, რომ პირჯვრისწერის დროს საჭიროა თითების გარკვეულ წყობად შეკვრა და ეს წყობა მოციქულთაგან გადმოგვეცა. ოღონდ გაბატონებულ "მართლმადიდებელთა" რწმენით, მოციქულთაგან გადმოგვეცა სამი თითით პირჯვრისწერის წესი, ძველმართლმადიდებელთა რწმენით კი ორით.


პირჯვარი – ერთად შერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმიდა სამებას ნიშნავს; ორი მოხრილი – იესო ქრისტეს ორ ბუნებას – ღვთაებრივსა და კაცობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს, შემდეგ გულზე – გულის გასაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს. შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს. თითქოს გულზე სრული ჯვარის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. – ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი არიან? ზოგიერთნი კი შიშითა და კრძალვით შეამტკიცებენ სამ თითს, ხელს მაღლა აღმართავენ და ჯვარის სახეს შუბლზე, გულსა და მხრებზე მტკიცედ დაბეჭდავენ. შესაბამისად, მათი საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალეა. (წმ. გაბრიელ ქიქოძე)


1
9628
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9628
  
2019, 3 ივნისი, 5:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1