მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო
ზღვის ყაჩაღები იმ დროიდან არსებობენ, რაც ადამიანმა ღია ზღვაში გასვლისას, საცურაო საშუალებების გამოყენება დაიწყო. თავდაპირველად გემებს კრეტელი ყაჩაღები ძარცვავდნენ. შემდეგ, ისინი ხმელთაშუა ზღვაში, ბერძნებმა ჩაანაცვლეს და მათვე შემოიღეს ტერმინი perates(მეკობრე), რაც მძარცველს, ყაჩაღს ნიშნავს. იმ პერიოდში მეკობრეებს შორის იერარქია არსებობდა და მათ შირის ყველაზე დიდ და გავლენიან ფიგურას, რომელიც დიდი რაოდენობით ხომალდს ხელმძღვანელობდა, არქიმეკობრე ეწოდებოდა. ამ წოდების ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, მეფის ან გუბერნატორის სამსახურში იყვნენ და თავიაანთი წოდებით ამაყობდნენ, რადგან წოდება და თანამდებობა, რომელიც მათ ეკავათ, იმ დროს, ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.
მას შემდეგ, რაც ევროპელებმა ოკეანეების უკიდეგანო სივრცეები აითვისეს, მეკობრეობაც უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადი პროფესია გახდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო რეკეტში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებიც იყვნენ ჩართულები. 1288 - 1856 წწ. მეკობრეობის მსურველებზე, გასცემდნენ სპეციალურ ლიცენზიებს, ე. წ. კაპერებს, რომლის მფლობელებს, ღია ზღვაში ნებისმიერი გემის დაყაჩაღება შეეძლოთ, იმ პირობით, თუ ნაძარცვის ნაწილს მეფის ხაზინას ჩააბარებდნენ. კანონი, კაპერების შესახებ, 1288 წელს არაგონის მეფემ ალფონსო III შემოიღო. მოგვიანებით, ასეთ ლიცენზიებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში გასცემდნენ, სადაც საზღვაო ნავიგაცია განვითარებული იყო.
1856 ევროპის შვიდმა ქვეყანამ (ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პრუსია, რუსეთი, სარდინია, თურქეთი) ხელი მოაწერეა პარიზის დეკლარაცია, საზღვაო საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, რომლის ერთ-ერთი პუნქტი, სწორედ კაპერობის აკრძალვას ეხებოდა. ამ დეკლარაციას, მოგვიანებით, კიდევ 45 ქვეყანა შეუერთდა. ხელმომწერთა შორის არ იყო აშშ და ბევრი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა დეკლარაციას, კაპერების გაცემას ისევ აგრძელებდა.
მეკობრეებს შორის, თავი განსაკუთრებით ინგლისელებმა გამოიჩინეს, რომლებიც მეკობრეები და იმავდროულად, რაინდებიც იყვნენ. მათ შორის აღსანიშნავია: სერ ფრენსის დრეიკი (1543-1596), სერ ჰენრი მორგანი (1635-1688) და უილიამ კიდი (1645-1701). საკმაოდ დიდი იყო მათი მონაპოვარიც. მაგ., 1572 წ. დრეიკი თავს დაესხა ესპანელების 120 ტონიან სავაჭრო გემს. იქიდან წამოღებული ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების ღირებულების საერთო რაოდენობამ, დაახლოებით, 445 000 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ჰენრი მორგანს, ის ისეთი წარმატებული იყო თავის საქმეში, რომ მეკობრეებმა მეფედაც კი აღიარეს.
ჰენრი მორგანი 1635 წ. დაიბადა მონმუტის საგრაფოში. მის შესახებ უამრავი მონოგრაფია არის დაწერილი, ხოლო კარიბის ზღვის მეკობრეებზე დაწერილ ისტორიის წიგნებში, მას სპეციალური თავები აქვს მიძღვნილი. ინგლისიდან იამაიკაზე ჩასულ მორგანს, რომელიც მეკობრეების ხომალდის კაპიტანი გახდა, უამრავი სახიფათო თავგადასავალი უკავშირდება. მაგრამ, ის ძალიან იღბლიანი იყო და ყოველთვის უმართლებდა.
მან თავის ეკიპაჟთან ერთად, მრავალ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სხეულზე ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. ერთ-ერთი მეკობრული ექსპედიციის დროს, ღია ზღვაში, მორგანმა, თავის გემზე, სხვა გემების კაპიტნები მიიწვია, სათათბიროდ. სწორედ ამ დროს, ერთმა ნასვამმა მეზღვაურმა, შემთხვევით მუშკეტით გაისროლა და პირდაპირ დენთის სარდაფს გოარტყა... გემზე ყველა დაიღუპა, გარდა მორგანისა და იმ ორი კაპიტნისა, რომლებიც მის გვერდით ისხდნენ.
გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ქალის გემზე ყოფნა ცუდის ნიშანია, სიმართლეს არ შეესაბამება. XVI საუკუნეში, ირლანდიელი ო' მეილების ოჯახის წევრები პროფესიონალი მეკობრეები იყვნენ. მათ ოჯახში დაიბადა გოგონა, რომელსაც, გრეისი დაარქვეს. როდესაც მამამისი გარდაიცვალა, გრეის ო' მეილი (1530-1603) სათავეში ჩაუდგა ოჯახურ ბიზნესს და საქმეებს ისე ოსტატურად გაუძღვა, რომ ირლანდიელმა მეკობრეებმა ინგლისის დედოფლის ყურადღება მიიქციეს. ელისაბედ I გრეისის თავისთვის ჯილდოც კი დააწესა, 500 ფუნტის ოდენობით. მაგრამ, როდესაც ამ მეთოდმა არ გაჭრა, დედოფალმა მეკობრე ქალი თავისთან მიიწვია. გრეისმა მიწვევა მიიღო და მისმა გემმა ინგლისისკე აიღო გეზი. გზაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. გრეისმა ნაადრევად ვაჟი გააჩინა. ამავე დროს, მის გემს, თავს თურქი მეკობრეები დაესხნენ. გრეისმა მიატოვა ახალშობილი და ხმლებით ხელში, გემბანზე გავიდა. მისმა ასეთმა საქციელმა, ისე აღაფრთოვანა მისი ეკიპაჟის წევრები, რომ შეტევაზე გადავიდნენ, თურქი მეკობრეები დაამარცხეს და ინგლისში ჩავიდნენ.
ინგლისის დედოფალსა და მეკობრე ქალს შორის, სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. რომლის შემდეგ, კიდევ დიდ ხანს იცოცხლა სახელოვანმა მეკობრე ქალმა და ხანდაზმულობის ასაკშიც არ დაუტოვებია გემი. ის 60 წლის იყო, როდესაც მის გემს, ესპანელი მეკობრეები დაესხნენ თავს. გრეისი საღამურით გამოვარდა გემბანზე და მტრის მოგერიება ხმლით დაიწყო. მას ჭაღარა თმას ქარი უწეწავდა. ამის შემყურე ესპანელებმა იფიქრეს, რომ თავად ეშმაკი გამოეცხადათ და გემი დატოვეს.
თუ მეკობრე ქალების თემას გავაგრძელებთ, XVIII საუკუნეში, კიდევ ორმა მანდილოსანმა გაითქვა სახელი ამ სფეროში მოღვაწეობით. ერთი მათგანი, ირლანდიური წარმოშობის, ამერიკელი ფერმერის შვილმი, ენი ბონი იყო, ხოლო მეორე – კუბელი მერი რიდი. მეკობრე ქალებმა ერთმანეთი კუბაზე გაიცნეს და გემების ერთობლივად ძარცვა გადაწყვიტეს. მათ იამაიკაზე რამდენიმე წარმატებული ოპერაციაც განახორციელეს. 1720 წ. ერთ-ერთი ოპერაციის დროს, მათი გემი ტყვედ აიყვანეს და ეკიპაჟის წევრები სასამართლოს გადასცეს. მოსამართლემ ყველას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ მეკობრეებს შორის ქალებიც იყვნენ, დაიბნა და აღარ იცოდა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ბოლოს, სიტუაცია ისევ მერიმ განმუხტა. მან მოსამართლეს თხოვნით მიმართა – შეებრალებინა მისი ჯერარდაბადებული შვილი. მერი მართლა ფეხმძიმედ იყო და ორივე ქალი ციხეში გადაიყვანეს.
მერი მშობიარობის დროს დაიღუპა, ხოლო ენი იამაიკელმა პლანტატორმა გამოისყიდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეკობრეები, სინამდვილეში, ისეთები სულაც არ იყვნენ, როგორებიც სტივენსონის «განძთა კუნძულში» არიან. მათ შესახებ, ისტორიაში, არც თუ ისე ბევრი ცნობა არის შემონახული. და რაც არის, ძირითადად, დიდ საზღვაო ძარცვებს და ზემოთ ხსენებული რანგის მეკობრეებს ეხებათ.
და მაინც, რა ვიცით მეკობრეების შესახებ?
1. მეკობრეობა ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა. ისტორიაში პირველი სამხედრო–საზღვაო ფლოტი, სწორედ მეკობრეებთან საბრძოლველად შეიქმნა.
2. როგორც უკვე აღინიშნა, კაპერობა – დაკანონებული მეკობრეობა იყო. ამ მეკობრეებს ლეგალური პატენტი ჰქონდათ მეკობრეობისთვის და ისინი ნაძარცვიდან გარკვეულ ნაწილს, სახელმწიფო ხაზინას აბარებდნენ.
კაპერის სინონომი – კორსარი არის.
3. მეკობრეობის კიდევ ერთი სახეობა – ფლიბუსტერობა იყო. ამ სფეროში “დასაქმებული" მეკობრეები მხოლოს ესპანურ გემებს ძარცვავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან, კარიბის ზღვაში. ინგლისი და საფრანგეთი ღებულობდნენ კანონებს მეკობრეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამავდროულად, ისინი მხარს უჭერდნენ ფლიბუსტერების საქმიანობას, რადგან ესპანეთის დასუსტება უნდოდათ.
4. მეკობრეების დროშა «მხიარული როჯერი» თავის ქალის ან ძვლების გამოსახულებით, ზღვაოსნობაში, გემზე ეპიდემიის არსებობის ნიშნად გამოიყენებოდა. მეკობრეებმა ამ დროშით სარგებლობა, მოწინააღმდეგის დემორალიზაციის მიზნით დაიწყეს და მას, უშუალოდ ბრძოლის დაწყების წინ აღმართავდნენ და მუდმივად არ აფრიალებდნენ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი.
5. მეკობრეების შავი ნიშანი, სინამდვილეში არ არსებობდა. ის რობერტ ლუის სტივენსონმა მოიგონა თავის ნაწარმოებში («განძთა კუნძული»). მან ასევე მოიგონა მითი იმის შესახებ, რომ მეკობრეები მუდამ რომს სვამდნენ, როგორც გემზე, ასევე ხმელეთზე და მუდამ მთვრალები დადიოდნენ. სინამდვილეში, მეკობრეების უმრავლესობა მხოლოდ ხმელეთზე სვამდა, რადგან ცურვის დროს, ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო, ხოლო ზოგიერთ ხომალდზე, საერთოდ, მშრალი კანონი მოქმედებდა.
6. ნადავლს, მეკობრეებს შორის, მთავარი მესაჭე (შტურმანი) ანაწილებდა. ნადავლის საერთო რაოდენობიდ, ყველაზე მეტი – მეათედი, კაპიტანს ხვდებოდა. ყველაზე ცოტა – გემის დურგალს, რომელიც ბრძოლებში მონაწილეობას არ ღებულობდა. გარდა კუთვნილი წილისა, დაჭრის შემთხვევაში, მეკობრეებს კომპენსაციაც ეძლეოდათ.
7. ერთი ვერსიის მიხედვით, მეკობრეები ცალ თვალზე სახვევს პრაქტიკული მოსაზრებით იკეთებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ როდესაც საჭირო იყო გემბანიდან ტრიუმში ჩასვლა, სადაც ძალიან ბნელოდა, ადამიანის თვალი სიბნელეში მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ ადაპტირდებოდა. მაგრამ, თუ მეკობრეს ცალი თვალი ახვეული ჰქონდა, ის სახვევს იხსნიდა და მაშინვე ყველაფერს ხედავდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ბრძოლის დროს.
8. მეკობრეს ყურზე საყურის ტარების უფლებას, იმ შემთხვევაში აძლევდნენ, თუ ის ეკვატორს გადაკვეთდა ან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის უკიდურეს წერტილს –ჰორნის კონცხს შემოუვლიდა.
9. მეკობრეები მეტსახელებს იმიტომ კი არ ირქმევდნენ, რომ ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდათ გემზე, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ სახელებს უმალავდნენ მართლმსაჯულებას.
10. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მეკობრეები ძარცვით მოპოვებულ ნადავლს მიწაში მარხავდნენ, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. და თუ მაინც მარხავდნენ – განსაკუთრებული შემთხვევით იყო გამოწვეული და ძალიან იშვიათად ხდებოდა.