x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გადაადგილების ხელსაწყო (Move Tool). ფენების გადაადგილება, გადაბმა, ჯგუფში გაერთიანება, გათანაბრება და განაწილება. ფენები. (Photoshop CS 4 & 5)

ფენების გადაადგილება

გამოსახულების ფენის ან მისი უკანა ფონის ფენის, თუ ის სამუშაო ფენად არის გადაქცეული, ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება შეიძლება დოკუმენტის ფანჯრის ფარგლებში. ფენის გადასაადგილებლად გამოიყენება Move (გადაადგილება) ხელსაწყო. ხელსაწყოების პანელზე მისი არჩევის შემდეგ, ეკრანზე ჩნდება ხელსაწყოს პარამეტრების პანელი (ნახ. 1), რომლის თავში მდებარე Auto-Select გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, გამოსახულების ფრაგმენტზე დაწკაპუნების დროს, იმ ფენის ავტომატურად გამოყოფა ხდება, რომელზეც ეს ფრაგმენიტი არის მოთავსებული.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

Move Tool

აღნიშნული წესით ფენის გამოყოფის ან Layers პალიტრაში ფენის გააქტიურების შემდეგ, შესაძლებელია ფენაზე განთავსებულ გამოსახულებაზე მაუსის დაჭერით, მისი გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით.

Move ხელსაწყოს აქტიურობის პირობებში, ფენის გადაადგილება კლავიატურის ისრებიანი ღილაკების გამოყენებითაც არის შესაძლებელი. ღილაკზე ყოველი წკაპუნით, 1 პიქსელით ხდება ფენის გადაადგილება, ხოლო ისრიან ღილაკზე დაწკაპუნებისას, Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ფენის გადაადგილება 10 პიქსელით მოხდება.

გადაადგილება, ფოტოშოპის იმ ოპერაციების რიცხვს ეკუთვნის, რომლის გამოყენება რამოდენიმე ფენასთან ერთდროულად შეიძლება.

დოკუმენტის ფანჯარაში ორი ან მეტი ფენის გადასაადგილებლად, საჭიროა ამ ფენების გამოყოფა Layers პალიტრაში. რამოდენიმე ფენის გადაადგილების წესი იგივეა, რაც ერთი ფენის გადაადგილების შემთხვევაში.

P.S. ნებისმიერი ხელსაწყოს აქტიურობის პირობებში, Move ხელსაწყოზე დროებითი გადართვა, კლავიატურის Ctrl ღილაკზე დაჭერით არის შესაძლებელი.

ფენების გადაბმა

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რამოდენიმე ფენის გადაადგილებდად, საჭიროა მათი გააქტიურება Layers პალიტრაში. მაგრამ, ამ ფენების ერთმანეთზე გადაბმის შემთხვევაში, მათი გადაადგილების ყოველ ჯერზე, აღარ იქნება საჭირო ფენების გააქტიურება პალიტრაში. გადაბმული ფენებიდან რომელიმე ფენის გადაადგილების შემთხვევაში, მასზე მიბმული ფენები, ავტომატურად გადაადგილდებიან გადატანილ ფენასთან ერთად.

იმისათვის რომ ფენები ერთმანეთზე გადავაბათ, უნდა გავააქტიუროთ გადასაბმელი ფენები Layers პალიტრაში და დავაწკაპუნოთ პალიტრის ქვედა ნაწილში მდებარე Link Layers ღილაკზე (ნახ. 2) ან Layers პალიტრის მენიუდან ავირჩიოთ შესაბამისი ბრძანება (ფენების გადაბმის ბრძანება არის Layer მენიუშიც). გადაბმულ ფენებს სახელის ბოლოს უჩნდება „ჯაჭვის“ ნიშანი.

ფენების გადაბმაფენების გადაბმის გაუქმება იგივე წესით ხდება: გადაბმული ფენები უნდა გავააქტიუროთ Layers პალიტრაში და დავაჭიროთ ფენების გადაბმის ღილაკს ან Layers პალიტრის მენიუში ავირჩიოთ Unlink Layers ბრძანება. იგივე წესით შეიძლება, გადაბმული ფენებიდან, ერთი ან რამოდენიმე ფენის „გამოხსნა“ ბმულიდან.

ფენების ჯგუფში გაერთიანება

რამოდენიმე ფენის ერთობლივი გადაადგილება, მათი გადაბმის გარეშეც შეიძლება, იმ შემთხვევაში თუ ეს ფენები ჯგუფში არიან გაერთიანებულები და Move ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე, Auto-Select გადამრთველის გვერდით მდებარე ჩამოსაშლელი მენიუდან Group პუნქტი არის არჩეული (ნახ. 1). აღნიშნული მენიუდან Layer პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ფენის გამოყოფა და გადაადგილება ინდივიდუალურად მოხდება.

ფენების ჯგუფში გაერთიანება რამოდენიმე ხერხით არის შესაძლებელი:

I. უნდა დავაჭიროთ Create a new group ღილაკს Layers პალიტრის ქვედა ნაწილში (ნახ. 3 -I). პალიტრაში შეიქმნება ჯგუფი (საქაღალდე), რომელშიც საჭიროა ფენების ჩაწყობა, ჯგუფის სტრიქონზე ფენების გადათრევის გზით (ნახ. 3 – II).

ფენების ჯგუფში გაერთიანება II. ჯგუფის შექმნა შესაძლებელია Layers პალიტრის მენიუს გამოყენებით. პალიტრის მენიუში New Group ბრძანების არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა New Group, რომელშიც იგივე პარამეტრები არის, რაც New Layer სადიალოგო ფანჯარაში (იხ. ფენის კოპირება სხვა დოკუმენტიდან. ახალი ფენის შექმნა. ფენის გადაადგილება Layers პალიტრაში. ფენის სახელის შეცვლა. ფენის გაუქმება.). სადიალოგო ფანჯარაში OK ღილაკზე დაჭერია შემდეგ, იქმნება ცარიელი ჯგუფი Layers პალიტრაში და საჭირო იქნება ფენების გადათრევა, როგორც წინა შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ Layers პალიტრაში ფენებს გამოვყოფთ და პალიტრის მენიუდან ავირჩევთ New Group from Layers ბრძანებას, პალიტრაში შეიქმნება ფენებიანი ჯგუფი და აღარ იქნება საჭირო ფენების გადათრევა.

III. ჯგუფის შექმნა კლავიატურის ღილაკების გამოყენებითაც არის შესაძლებელი. Layers პალიტრაში უნდა გამოვყოთ ფენები და გამოვიყენთ Ctrl+G ღილაკების კომბინაცია. შეიქმნება ფენებიანი ჯგუფი.

ფენების ჯგუფი გამოიყენება, ჯგუფში შემავალი ფენების ერთობლივი მართვისათვის. ჯგუფს იგივე თვისებები აქვს, რაც ცალკე აღებულ ფენას: შეიძლება მისი დუბლირება, სახელის გადარქმევა, ტრანსფორმაცია, ნიღბის დადება და ა. შ. გარდა ამისა, ჯგუფის შექმნა პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამართლებულია: მრავალფენიან დოკუმენტზე მუშაობის დროს, ერთნაირი შინაარსის ფენების ერთ ჯგუფში გაერთიანების შემთხვევაში, Layers პალიტრაში ადგილი გათავისუფლდება და საჭირო ფენების მოძებნა გაადვილდება.

ჯგუფში შემავალი ფენების გადაადგილება ისევე არის შესაძლებელი, როგორც ჯგუფის გარეთ. შესაძლებელია ჯგუფში შემავალი ფენის, ჯგუფის გარეთ გამოტანა მაუსის დაჭერით და ჯგუფიდან გადმოთრევით. გარდა ამისა, შესაძლებელია ჯგუფებში ჯგუფების შექმნა, ანუ ჯგუფში შემავალი ფენების ქვეჯგუფებში განაწილება.

შენიშვნა: Photoshop CS4 ვერსიაში, ჯგუფში მხოლოდ 5 ქვეჯგუფის შექმნა შეიძლება, Photoshop CS5 ვერსიაში უფრო მეტის. Photoshop CS5 ვერსიაში შექმნილ და PSD ფორმატში შენახულ მრავალქვეჯგუფიანი გამოსახულების თუ გავხსნით Photoshop CS4 ვერსიაში, მხოლოდ 5 ქვეჯგუფი გამოჩნდება.

ჯგუფის პიქტოგრამის წინ მდებარე სამკუთხედის ფორმის ღილაკზე დაჭერით, ჯგუფი იხურება (ჯგუფში შემავალი ფენები აღარ ჩანს) და იხსნება.

ჯგუფის დაშლა ანუ ჯგუფში შემავალი ფენების პალიტრაში ინდივიდუალური განლაგება შეიძლება Layer მენიუს Ungroup Layers ბრძანების გამოყენებით. იგივე ბრძანება არის მოთავსებული ჯგუფის კონტექსტურ მენიუში, რომელიც ეკრანზე, Layers პალიტრაში, ჯგუფის სტრიქონზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით გამოდის.

ჯგუფის გაუქმება ასევე შეიძლება, ჯგუფის გააქტიურების შემდეგ, Layers პალიტრის ურნის ღილაკზე დაჭერით. ამ შემთხვევაში ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა ჯგუფის გაუქმებასთან დაკავშირებული შეკითხვით და სამი სავარაუდო პასუხიანი ღილაკებით:

Group and Contents – აუქმებს ჯგუფს და მასში შემავალ ფენებს.

Group Only – აუქმებს მხოლოდ ჯგუფს და ფენები იკავებენ ადგილს პალიტრაში.

Cancel – აუქმებს ჯგუფის გაუქმების ბრძანებას.

ფენების გადაადგილების გარდა, Move ხელსაწყოს მეშვეობით, შესაძლებელია ფენების გათანაბრება და განაწილება, ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე მდებარე პიქტოგრამისნი ღილაკების გამოყენებით. ღილაკებზე სქემატურად ასახულია ის შედეგი, რომელიც ოპერაციის ჩატარების შემდეგ მიიღება.

ფენების გათანაბრება

ფენების გასათანაბრებლად Layers პალიტრაში უნდა გავააქტიუროთ ორი ან ორზე მეტი ფენა და Move ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე ავირჩიოთ გასათანაბრებელი ღილაკებიდან ერთ-ერთი (ნახ. 4):

ფენების გათანაბრება

I. Top Edges – გათანაბრება ხდება ყველაზე მაღლა მდებარე პიქსელის მიმართ.

II. Vertical Centers – ხდება აქტიური ფენების ან მათზე განლაგებული ობიექტების ცენტრების გათანაბრება ვერტიკალური მიმართულებით.

III. Bottom Edges – გათანაბრება ხდება ყველაზე ქვევით მდებარე პიქსელის მიმართულებით.

IV. Left Edges – გათანაბრება ხდება უველაზე მარცხნივ მდებარე პიქსელის მიმართულებით.

V. Horizontal Centers – ხდება აქტიური ფენების ან მათზე განლაგებული ობიექტების ცენტრების გათანაბრება ჰორიზონტალური მიმართულებით.

VI. Right Edges – გათანაბრება ხდება ყველაზე მარჯვნივ მდებარე პიქსელის მიმართულებით.

VII. Auto-Align Layers – ღილაკი გამოიყენება ერთნაირი ინფორმაციის შემცველი ფენების გასათანაბრებლად. ავტომატური გათანაბრების დროს, ერთნაირი ინფორმაციის შემცველი ელემენტების გადაფარვა ხდება ფენებზე, ხოლო დანარჩენი ელემენტების მოდიფეკაცია მიმდინარეობს ფენა ეტალონის მიხედვით. ფენა-ეტალონის ასარჩევად, საჭიროა Layers პალიტრაში, ფენების გამოყოფამდე, ერთ-ერთი ფენის არჩევა და დაბლოკვა (ბლოკირების ღილაკები ამავე თავში იქნება განხილული). თუ ფენა-ეტალონის არჩევა წინასწარ არ მოხდება, პროგრამა გამოყოფილი ფენებიდან, შუაში მდებარე ფენას აირჩევს ეტალონად. პალიტრაში ფენების გააქტიურებისა და აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფენების ავტომატური გათანაბრების სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 5), რომელშიც საჭიროა ჩასატარებელი ოპერაციის მეთოდის არჩევა:

Perspective (პერსპექტივა) – ხდება ფენების დეფორმაცია ფენა-ეტალონის მიმართ, ერთნაირი ინფორმაციის შემცველი ელემენტების შეთავსება-გადაფარვის მიზნით.

Cylindrical (ცილინდრი) – უცვლელი რჩება ის ელემენტები, რომლებიც ერთმანეთს ფარავენ, ხოლო დანარჩენი იცვლება ფენა-ეტალონის მიხედვით.

Auto (ავტო) – პროგრამა ანალიზს უკეთებს ფენებს და ირჩევს პერსპექტივის ან ცილინდრის წესით გათანაბრების მეთოდს.

Spherical (სფერო) – ახდენს ფენების სფერული წესით გათანაბრებას ფენა-ეტალონის მიმართ.

Collage (კოლაჟი) – ერთმანეთს უთავსებს ერთნაირი ინფორმაციის ელემენტებს, ობიექტების ფორმების დეფორმაციის გარეშე.

Reposition (მხოლოდ გადაადგილება) – ერთმანეთის ქვემოთ ათავსებს ერთნაირი ინფორმაციის შემცველ ელემენტებს ყოველგვარი დეფორმაციის გარეშე.

ფენების გათანაბრება სადიალოგო ფანჯრის Lins Correction ველის გადამრთველები გამოიყენება სურათებზე ლინზისმიერი დეფექტების გამისასწორებლად:

Vignette Removal – აუქმებს ვინეტირების ეფექტს კიდეებზე და კუთხეებში.

Geometric Distortion – აღმოფხვრის გეომეტრიული ტიპის გამრუდებას გამოსახულებაზე.

ფენების ავტომატური გათანაბრების ღილაკი გამოიყენება პანორამების შესაქმნელად ან ერთი და იგივე ობიექტის რამოდენიმე ცუდი გამოსახულებიდან, ერთი კარგი გამოსახულების მისაღებად, ფენების ავტომატური გათანაბრების შემდეგ, ფენებზე ზედმეტი ელემენტების წაშლის გზით.

ფენების განაწილება

ფენების განაწილების ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია სამ ან მეტ აქტიურ ფენაზე. Layers პალიტრაში ფენების გამოყოფის შემდეგ, უნდა ავირჩიოთ, Move ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე, ფენების განაწილების ღილაკებიდან ერთ-ერთი (ნახ.6):

ფენების განაწილება

I. Top Edges – თანაბარ მანძილზე აშორებს ფენების ყველაზე ზევით მდებარე პიქსელება.

II. Vertical Centers – თანაბარ მანძილზე აშორებს ფენებზე განლაგებული ობიექტების ცენტრებს ვერტიკალური მიმართულებით.

III. Bottom Edges – თანაბარ მანძილზე აშორებს ფენების ყველაზე ქვემოთ მდებარე პიქსელება.

IV. Left Edges – თანაბარ მანძილზე აშორებს ფენების ყველაზე მარცხნივ მდებარე პიქსელება.

V. Horizontal Centers – თანაბარ მანძილზე აშორებს ფენებზე განლაგებული ობიექტების ცენტრებს ჰორიზონტალური მიმართულებით.

VI. Right Edges – თანაბარ მანძილზე აშორებს ფენების ყველაზე მარჯვნივ მდებარე პიქსელება.

Move ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე, ზემოთ უკვე განხილული პარამეტრების გარდა, მდებარეობს Show Transform Controls გადამრთველი, რომლის გააქტიურების შემთხვევაში, აქტიურ ფენაზე ავტომატურად ჩნდება თავისუფალი ტრანსფორმირების ჩარჩო [იხ. ფენების და მასზე განთავსებული ელემენტების ტრანსფორმირება (Transform, Free Transform)].



0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0