სხვა ბრძნული იგავები (II ნაწილი) 2015, 31 აგვისტო, 11:24 ვინ არის ყველაზე ძლიერი? ერთხელ ღამით, გარიჟრაჟამდე ცოტა ხნით ადრე, მეფე შაპურს, რომელიც საწოლში იწვა, ღამის გუშაგების ხმები შემოესმა. ისინი ერთმანეთს ეკამათებოდნენ. ერთმა გუშაგმა თქვა: «ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაზე, ჩემი მეფეა». მეორემ თქვა: «მსოფლიოში ყველაზე ძლიერი – ღვინოა». ხოლო მესამემ თქვა: «ყველაზე ძლიერი ქვეყანაზე - ქალია». დილით მეფემ თავისთან მიიწვია მინისტრები და ჰკითხა მათ, თუ ვინ იყო ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაზე: მეფე, ღვინო თუ ქალები? და თვითონვე გასცა პასუხი კითხვას: «მეფეებიც კარგავენ ხანდახან ხელისუფლებაზე კონტროლს, ღვინის ძალაუფლება მხოლოდ რამოდენიმე საათით გრძელდება, ხოლო ქალი… არ იყო ქვეყანაზე სოლომონზე უფრო მეტად ბრძენი კაცი, უფრო ძლიერი ვიდრე სამსონი, უფრო მეტად ჭეშმარიტების მთქმელი, ვიდრე დავითი, მაგრამ სამივე მათგანი ქალმა აცდუნა...». გამხმარი ხის ტოტი
ხესთან შეყვარებულმა კაცმა ჩაიარა და სიხარილისგან გული აუჩქარდა: მას ხე თავისი შეყვარებული ეგონა. ბავშვი, რომელსაც ბევრი საშიში ზღაპარი ჰქონდა მოსმენილი, ხის დანახვაზე ატირდა: მან იფიქრა, რომ იქ მოჩვენება იყო. ხოლო ხე, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ ხე იყო. ჩვენ სამყაროს ისეთად ვხედავთ, როგორებიც ჩვენ თვითონ ვართ. ორი მეზობელი და თოვლი ორი მეზობელი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მოვიდა ზამთარი და ირგვლივ ყველაფერი თოვლმა დაფარა. ერთი მეზობელი, დილით ადრე, ნიჩბით გამოვიდა, რომ სახლის წინიდან თოვლი გადაეყარა და შესასვლელი გაეწმინდა. ვიდრე გზას წმენდდა, მეზობელს გახედა. აინტერესებდა მისი სახლის შესასვლელი რა მდგომარეობაში იყო. აღმოჩნდა, რომ მეზობელს უკვე მოესწრო თოვლის გატანა და სახლისაკენ მიმავალი ბილიკის გაკეთება. მეორე დღეს ისევ მოვიდა თოვლი. პირველი მეზობელი ნახევარი საათით ადრე ადგა და შეუდგა საქმიანობას. გაიხედა და მეზობლის ბილიკი უკვე გამზადებული იყო. მესამე დღეს, მუხლებამდე თოვლი მოვიდა. პირველი მეზობელი კიდევ უფრო ადრე ადგა, რომ კარ-მიდამო მოეწესრიგებინა... მეზობელს კი - უკვე სწორი და ლამაზი გზა ჰქონდა თოვლში “გაჭრილი". იმავე დღეს, მეზობლები ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ. ილაპარაკეს აქეთურზე, იქეთურზე და პირველმა მეზობელმა, ისე თითქოს სიტყვამ მოიტანაო, ჰკითხა მეორეს: — მისმინე, მეზობელო, როდის ასწრებ თოვლისაგან სახლის შესასვლელის გაწმენდას? რამდენი გამოვიხედე, სახლში შესასვლელი ბილიკი ყოველთვის გამზადებული გაქვს. მეორე მეზობელს ჯერ გაუკვირდა, ხოლო შემდეგ უპასუხა: — სიმართლე რომ გითხრა, არასოდეს გამიწმენდია. ჩემთან მეგობრები მოდიან და მისვლა-მოსვლაში იტკეპნება. ვირი და ცხენი ვირი და ცხენი ბაზრიდან მოდიოდნენ. ისე მოხდა, რომ ვირი დატვირთული იყო, ხოლო ცხენი თავისუფლად მიდიოდა. მიდიოდნენ, მიდიოდნენ და ასე გაიარეს გზის ნახევარი. ვირი დაიღალა, კვნესოდა, ძლივსღა სუნთქავდა და მან დახმარება ცხენს სთხოვა: — ძმობილო, ძალიან გთხოვ, დამეხმარე! ტვირთის ნაწილი შენ წამოიღე! მაგრამ ცხენმა ყურიც არ გაიბერტყა. ცოტა ხნის შემდეგ, ვირი უკვე ევედრებოდა: — უკვე აღარ შემიძლია! დამეხმარე! და ცხენმა ისევ არ მიაქცია ყურადღება. დაიწყო აღმართი. ვირმა იგრძნო, რომ სულ ცოტა ხანში დავარდებოდა და მესამედ სთხოვა ცხენს: — დამეხმარე! —კარგი, — დათანხმა ცხენი, — შენს მაგივრად რაღაცას მეც გავაკეთებ: შენ ტვირთი წამოიღე, ხოლო მე, შენს მაგივრად ვიკვნესებ. ვირმა კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაეცა.— ადექი, ადექი, ჩემო კარგო! — ეხვეწებოდა პატრონი, მაგრამ ვირი ვეღარ დგებოდა. მეტი გზა არ იყო. პატრონმა ვირს ტვირთი მოხსნა და ცხენს აჰკიდა. ეხლა ვირი მიდიოდა თავისუფლად, ხოლო ცხენი კვნესოდა და ორივეს ნაცვლად მუშაობდა… დურგალი და სახლი კაცმა დურგალი დაიქირავა სახლის ასაშენებლად. მისი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა და არ უნდოდა კარგი მუშაკის დაკარგვა. ამიტომ, დურგალს სთხოვა — კიდევ ერთი სახლი ამიშენეო. დურგალი დათანხმდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მუშაობის დროს, სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა და არც მოწადინებული იყო, რომ საქმე კარგად ეკეთებინა. ამასთან, ყურადღებას არც სამშენებლო მასალებს აქცევდა, ხელში რაც მოხვდებოდა იმით აშენებდა. როდესაც მუშაობა დაასრულა და სახლი უკვე მზად იყო, პატრონმა მას ახალი სახლის შესასვლელი კარის გასაღენი გაუწოდა. «ეს სახლი, — თქვა მან, — ჩემი საჩუქარია შენთვის». ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, დურგალი განაწყენდა. მას რომ სცოდნოდა, რომ სახლს თავისთვის აშენებდა, ყველაფერს სულ სხვანაირად გააკეთებდა. გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც საკუთარი თავისთვის გააკეთებდით. როგორც თქვენ ეხმარებით სხვებს ცხოვრების მოწყობაში, ისევე მოეწყობა თქვენი საკუთარი ცხოვრება. ეშმაკი და გოგონა გზაზე მიდიოდა ეშმაკი და სურდა ვინმეს სული მიესაკუთრებინა. ჩვეულებრივ, ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებული ადამიანების ართმევენ სულებს. დაინახა მან ერთი გოგონა, რომელიც იდგა და იღმოდა. ეშმაკი მივიდა მასთან და ჰკითხა: — რატომ იღიმი? — იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ! მყავს შეყვარებული, რომელიც სულ მალე მოვა — უპასუხა გოგონამ.ეშმკმა ხელი აიქნია და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორა. გოგონა კი ისევ იღიმოდა. ეშმაკს გაუკვირდა: — რატომ იღიმი? მე თქვენ დაგაშორეთ! გოგონამ უპასუხა: — შენ დაგვაშორე, მაგრამ შენ არ წაგიღია ბედნიერი მოგონებები, რომლებისთვისაც მე მისი მადლიერი ვარ! ეშმაკმა კიდევ აიქნია ხელი და წაართვა გოგონას მეხსიერება. ხოლო გოგონა ისევ იღიმოდა. ეშმაკმა უთხრა: — მე შენ მეხსიერება წაგართვი! შენ არ იცი ვინა ხარ, არ გახსოვს შენთვის საყვარელი ადამიანები! რატომ არის ისევ ღიმილი შენს სახეზე?! გოგონამ უპასუხა: — მე აღარ მახსოვს ვინ ვარ. მე არ მახსოვს ჩემი ახლობლები. მაგრამ მე შემიძლია ისინი ახლიდან შევიძინო, ახლიდან შევიგრძნო სიყვარული! ეს მშვენიერია! ეშმაკი გაბრაზდა: — ა, ესე იგი საქმე გრძნობებშია! გრძნობები! და მან წაართვა გოგონას გრძნობის უნარი და მისი გული ცივი და გულგრილი გახადა. ის კი, ისევ იღიმოდა. — ეხლა რაღაა? — წამოიყვირა ეშმაკმა. — მე ვეღარაფერს ვგრძნობ. და მე იმოტომ ვიღიმი, რომ ამიერიდან, ჩემთვის ტკივილის მოყენებას ვეღარავინ შეძლებს! — თქვა გოგონამ. ეშმაკმა შეხედა მას, კიდევ ერთხელ აიქნია ხელი და გვერძე გავიდა. ხოლო გოგონასთან მისი შეყარებული მივიდა და მხრებზე მოეხვია.— მადლობა ძვირფასო, თორემ თითქოს ცივმა ნიავმა დაუბერა საიდანღაც, შენ ვერ იგრძენი? — ჩაიჩურჩულა მან. — მე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ შენი ღიმილი ნებისმიერ ყინულს გაადნობს! — უპასუხა ახალგაზრდამ. გოგონამ ისევ გაიღიმა, მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ხეივანს გაუყვნენ. «ოპტიმისტი. კარგი, ამ ქვეყანაზე უამრავი სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული და გულგატეხილი ადამიანია.» — ჩაილაპარაკა ეშმაკმა და სხვა მსხვერპლის მოსაძებნად წავიდა. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და სწორი ადამიანი ერთ მოღრუბლულ და წვიმიან დღეს, პატარა პიტი ადგილს ვერ პოულობდა და სულ მამამისის ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციისთვის მოხსენების დაწერას აპირებდა, მაგრამ თემა ვერაფრით ვერ შეარჩია. თან ბავშვიც სულ მის გვერდით იყო და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს და ბოლოს, მას მოთმინების ფიალა აევსო, აიღო იქვე დაწყობილი ქაღალდების გროვიდან ერთი ძველი ჟურნალი, ამოხია იქიდან ერთი ფერადი სურათი, რომელზეც მსოფლიოს პოლიტიკური რუკა იყო, დახია პატარ-პატარა ნაწილებად, შვილს მისცა და თან უთხრა: «პიტ, ამ ნაწილებიდან რუკა ააწყე და მე შენ ნაყინის ფულს მოგცემ». ერთი შეხედვით, მსგავსი დავალების შესრულება პატარა ბავშვს კი არა დიდ ადამიანსაც გაუჭირდებოდა მცირე დროში და მამას ძალიან გაუკვირდა, როდესაც პატარა პიტი 10 წუთის შემდეგ მივიდა უკვე შესრულებული დავალებით. — ასე სწრაფად როგორ შეძელი დავალების შესრულება? — ჰკითხა გაკვირვებულმა მამამ. — ეს არც ისე რთული იყო, — უპასუხა პიტმა. — უბრალოდ, ფურცლის მეორე მხარეს ადამიანი იყო დახატული და მე რუკის ყველა ნაწილი გადავაბრუნე, ავაწყე ადამიანის გამოსახულება, ისევ გადავაბრუნე და მივიღე რუკა. მე ვიფიქრე, რომ თუ ადამიანი სწორი იქნება, მაშინ მსოფლიოც სწორი იქნება. მამას გაეღიმა და შვილს შეპირებული ფული მისცა. «თუ ადამიანი სწორი იქნება, მაშინ მსოფლიოც სწორი იქნება», — შვილის ნათქვამზე დაფიქრდა მამა, და მიხვდა, რომ მოხსენების სათაური უკვე ჰქონდა.906 11-ს მოსწონს
|