x
მეტი
  • 01.03.2025
  • სტატია:140625
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513455
1987 წლის დიდთოვლობა და სტიქია საქართველოში
image

დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში დიდი პრობლემები შექმნა, წლებია ასეთი სტიქია არ გვახსოვს, მძიმე ვითარებაა იმერეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში – ვანში, ხარაგაულსა და ზესტაფონში.კვლავ რთული ვითარებაა გურიისა და აჭარის რეგიონებში, სადაც ბევრი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.ამ ფონზე ბევრს დაებადა კითხვა, ბოლოს როდის იყო ასეთი პრობლემური ზამთარი საქართველოში?ეს იყო 1987 წელს, ბევრად უფრო კატასტროფული, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა.


1987 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ჯერ არნახული სტიქია მძვინვარებდა. დასავლეთ საქართველოსა და მთიანეთში რამდენიმე დღე გაუთავებლად თოვდა. ზოგან, თოვლი 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო ათეულობით სოფელი. სამაშველო ჯგუფებს ვერტმფრენებით ჩაჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო უკანა გზაზე მოსახლეობა გამოჰყავდათ.
განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნა სვანეთში. 9-დან 31 იანვრამდე სამასამდე ზვავი ჩამოწვა... როცა ჩვეულებრივ სეზონზე 30-ს არ აღემატებოდა. მარტო ერთმა ზვავმა 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯუმბერ პატიაშვილმა სვანეთის ტრაგედია წიგნში - "ოცდასამი წლის შემდეგ" აღწერა.


- ყველაზე მეტად, ადამიანი საკუთარ უმწეობასა და უსუსურობას სტიქიის უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია.

უხვთოვლიანობა საქართველოს მაღალმთიანი რაიონებისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ იმ წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გუდაურის ახალგახსნილ სამთო-სათხილამურო კომპლექსში მოზარდთა ოცკაციანი ჯგუფი გარე სამყაროს მოწყდა. ვერტმფრენით გადავფრინდით გუდაურში, ბავშვები იმავე ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ფასანაურში გადმოვიყვანეთ და მშობლებს უვნებლად ჩავაბარეთ.

სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, ფასანაურშივე შემატყობინეს, რომ სვანეთში დიდთოვლობამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისში აღარ დავბრუნებულვარ, ფასანაურიდან პირდაპირ სვანეთში გავფრინდით.

იმდენად ტრაგიკული სურათი დამხვდა, რაღაც მომენტში მეგონა, რომ აზროვნების უნარი წამერთვა... გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი. თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო... ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ, გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ ჯანმრთელი სიწითლე. ტკივილის სიტყვებით გამოხატვა ვერც მაშინ შევძელი და ახლაც, წლების შემდეგაც მიჭირს.

სვანეთის ტრაგედია არ ყოფილა აღქმული როგორც ერთი რესპუბლიკის, ერთი კონკრეტული რეგიონის ტრაგედია, მან საკავშირო ინტერნაციონალური ხასიათი მიიღო. რიგითი ადამიანებიდან მოყოლებული, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით, ყველა დახმარებას ცდილობდა...“- იხსენებს წიგნში ჯუმბერ პატიაშვილი.

მაგრამ ძლიერი თოვლი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ უბედურებისა რაც მალე საქართველოს დაატყდებოდა თავს. ვარაუდობდნენ ზვავებს მაგრამ სიტუაცია გაცილებით დამძიმდა, როცა 29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა დაიწყო, ნალექის ზომა 150-200მმ-ს შეადგენდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ტეხურა, ყვირილა, ხანისწყალი, აბაშისწყალი.
image
სამტრედიაში, რიონი 5-6 მეტრით ადიდდა. დატბორა სოფლები: ბაში, ახალსოფელი, გომი და რაიონული ცენტრი, ხოლო ხობში ადიდებული რიონმა ჯებირები 150 მეტრზე გაარღვია. თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო წყალში იძირებოდა, ზოგან წყალი, სრულად ფარავდა სახლებს! სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელი საქართველო ჩაერთო - მოსახლეობასთან ერთად, სტიქიას ებრძოდა არმია და ავიაცია. ვერტმფრენებს პირდაპირ სახლების სახურავებიდან აჰყავდა მოსახლეობა, ხოლო ჯავშანტექნიკით კი გამძვინვარებულ მდინარეში შედიოდნენ ასე და გამოჰყავდათ სტიქიისგან დატყვევებული მოსახლეობა. სტიქია არ წყდებოდა მთიანეთში, სადაც დიდთოვლობა კვლავ ბობოქრობდა. ფაქტობრივად, საქართველოში, ორი სტიქია ერთდროულად მძვინვარებდა.
image
ზუსტად, ასეთი მძიმე სიტუაცია იყო სოფელ ჭალადიდშიც 2 თებერვალს. სოფელში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ, მათ შორის იყო "ბეტეერის" ეკიპაჟი შემდეგი შემადგენლობით: სერჟანტი დანელიანი, რიგითი მამედოვი, ვარძიაშვილი, რუსაკოვი, პავლენკო და სხვები. ჯგუფს უკვე სამშვიდობოს გამოყვანილი ჰყავდა 30-მდე ადამიანი. როცა მორიგ რეისზე მიდიოდა მის "ბეტეერს" წყალმოვარდნა დაეტაკა, რომელსაც თან მძიმე ქვებიც მოჰქონდა - მანქანა ამოტრიალდა. რაჰიბმა საკუთარი მეგობრების გადარჩენას შეუდგა, გადაარჩინა კიდეც მაგრამ თავად ვეღარ შეძლო დატბორილი "ბეტეერიდან" გამოღწევა და დაიღუპა.
image
რაჰიბ მამედოვი, (ქვემოთ ფოტოზე დედასთან ერთად) სიკვდილის შემდგომ, დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით. სოფელ ჭალადიდში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვა. მისი სახელი, არაერთ ახალშობილსაც დაარქვეს, დაიწერა ლექსებიც, ხოლო 2023 წელს სოფელში რაჰიბ მამედოვის ბიუსტიც დაიდგა. გარდაცვალებისას ის სულ რაღაც 19 წლისა იყო.
image
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად აშუქებდა "საქინფორმი", რომლის ფოტოგრაფებმაც მრავალი დაუჯერებელი კადრი აჩუქეს საქართველოს ისტორიას. უცნობია, მამედოვის გარდა, კიდევ რამდენი ადამიანი შეეწირა სტიქიას, თუმცა, სტიქიის ზონიდან სხვადასხვა გზებით ევაკუირდა 6000-მდე ადამიანი, მთლიანად განადგურდა სახნავ-სათესები. განადგურდა 876 სახლი; განმეორებითი საფრთხის გამო გადასახლდა 3, 468 ოჯახი, ხოლო კაპიტალურ გამაგრებას საჭიროებდა 4.778 სახლი. საერთო ზარალი შეადგენდა 46 მილიონ მანეთს.


0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0