საქართველო "მაინც ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი შენს ადგილზე, ბიჭუნ"- ვის მიმართავს ნათია მეზვრიშვილი დღეს, 17:56
"გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ყაველაშვილის მიერ 613 პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით მწვავე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მალევე "ქართული ოცნების" ერთ - ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:
"ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულება. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სასჯელაღსრულების დახასიათებას, რეკომენდაციას, თუ როგორ იქცეოდნენ კონკრეტული მსჯავრდებულები, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიღწეული. ზოგადად, უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ სასჯელს პრევენციული მიზანი აქვს ორი მიმართულებით, ერთი არის კერძო და მეორე ზოგადი: ადამიანი რამდენად არის რესოციალიზებული და საზოგადოებაზე რამდენად მოქმედებს ესა თუ ის სასჯელი პრევენციული თვალსაზრისით.
საზოგადოება როდესაც ამის წინააღმდეგი არ არის, სწორ დასკვნებს აკეთებს, სწორი აღქმები აქვს და როდესაც ადამიანზე არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამან, პირიქით, წამახალისებელი იქნება, რათა გამოსწორდეს, მომდევნო პერიოდში, გათავისუფლების შემდეგ დანაშაული აღარ ჩაიდინოს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში როგორც კერძო, ისე საჯარო ზოგადი პრევენციული მიზნები არის აღსრულებული და ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილებაა მსჯავრდებულის გათავისუფლება. სოციალურ ქსელებში გამოხტნენ, როგორ მოასწრო პრეზიდენტმა 613 საქმის განხილვაო. გგონიათ, პრეზიდენტი უნდა ჩაუჯდეს ყველა საქმეს და დეტალურად განიხილოს?
რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია და იმდენი ხალხი, რომელიც იქ მუშაობს, რას აკეთებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები, რომლებიც რისკებს განიხილავენ და თავისი პოზიცია აქვთ დაფიქსირებული თითოეულ მათგანთან დაკავშირებით? მთელი სისტემა მუშაობს ამაზე. ეს სისტემა, რომლის სათავეში, ამ შემთხვევაში, არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დეტალურად ეცნობა და ყველა მსჯავრდებულთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უწევს რეკომენდაციას პრეზიდენტის წინაშე, რათა მან შეიწყალოს.
შეწყალების სპეციფიკაც ეს არის. ვიცი, რომ სია იყო გაცილებით დიდი, მაგრამ, პრევენციული რისკების გათვალისწინებით, ეს სია შემცირდა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი მიმართულებით მუშაობა, თუმცა შეიძლება, ეს ახლო პერიოდში არ იყოს, შეწყალება ყოველ მეორე, მესამე კვირაში ვერ იქნება. დიდი მადლობა მიხეილ ყაველაშვილს. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია, პრევენციული თვალსაზრისით სასჯელის სწორი აღსრულება და პატიმრების რაოდენობის შემცირება, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტს“- დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში, რომლის პოსტიც ადრესატს უყურადღებოდ ასევე არ დარჩენია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ასე უპასუხა:
"ტკენია სიმართლე მამუკა მდინარაძეს და შეშინებია.
კარგია თავს რომ იმართლებს. აქვს სამართლებელი.
იცის, რომ კი არ ვაბრალებ, პროკურატურასთან შეკრული კორუმპირებულია და ბრალდებულების გაძარცვით ერთად ხეირობენ.
ეს მეთოდიც ნაცებისგან გადმოიღო მამუკამ.
თუმცა, ჩემი კი არა, თავისუფალი ანტი-კორუფციულის უნდა ეშინოდეს.
წავიდეს ახლა და თავის სამეგობრო კლანში მიჩივლოს.
მაინც ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი შენს ადგილზე, ბიჭუნ"- დაწერა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება "ჰუმანიზმის პრინციპს".
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად”, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
|