საქართველო ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ქრონოლოგია 11 იანვარი, 11:56 1798 წლის 11 იანვარს თელავში მიიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი დიდი მეფე, ერეკლე II ბაგრატიონი. აღა–მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრივობა ბოლომდე მაინც ვერ გაანადგურა.ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა, დაიწყეს მიწასთან გასწორებული თბილისის აღდგენა.1797 წელს რუსეთის ჯარმა ისევ დატოვა საქართველო. მარტო დარჩენილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ ლეკთა თავდასხმებს. თუმცა მტრების თარეშს და მუქარას ბოლო არ უჩანდა, საშიშროება იყო სპარსეთის მხრიდანაც. ამას დაემატა ისიც, რომ 1797 წლის ზაფხულზე, თბილისსა და მის შემოგარენში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა "მომსვრელმა სენმა". თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად. უკვე მოხუცებული მეფე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. მკურნალობის მიზნით, თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი – ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივის მიდამო დაისერა და სითხე გამოუშვა.ფეხების შეშუპების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო. დგებოდა დღე, როდესაც საქართველო კარგავდა უკანასკნელ დიდ მეფეს და მასთან ერთად ეპოქა უნდა დასრულებულიყო. 1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს გულის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამოდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა ეს რა უდროო დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და სთხოვა გარეთ გაეყვანათ ბუნებრივი მოთხოვნილების გამო. 11 იანვარს, გამთენიისას – ერეკლე აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და ... " განთიად შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა, გარდაიცვალა", "აღესრულა თვით მასვე საწოლსა შინა, რომელსაცა შინა იშვა სახელოვანი ესე მეფე, " წერს მისი შვილიშვილი თეიმურაზ ბატონიშვილი. იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა სადაც ის 78 წლის წინ დაბადებულა. დარეჯან დედოფლის კივილმა შესძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები. მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს. ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს და ყინულები დაულაგეს. კუბო ჯერ სამეფო სასახლის დიდ დარბაზში დადეს, ხოლო 20 დღის შემდეგ კი, სასახლის ახლოს მდებარე, ყორჩიბაშვილების ტაძარში გადაასვენეს. ყველას აინტერესებდა რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე ერეკლეს. ის ხომ ბრძოლაში თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს – მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ ჰქონდა ზედ ნაჭრილობევი არ ყოფილიყოო, ზოგი კი სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის და კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით, მეფეს არც ერთი ჭრილობა არ მიუღიაო. ლიტერატურულ წყაროებშიც არ ჩანს რომელიმე ბრძოლაში დაჭრილი ერეკლე. ქვეყანაში დიდმა გლოვამ დაისადგურა. ერეკლეს გლოვობდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართლ-კახეთში მცხოვრები ყველა ეროვნების, საზოგადოების ყველა ფენის და სარწმუნოების ადამიანი. ისინი თავიანთი პატრონისა და გულშემატკივრის დაკარგვას განიცდიდნენ. უამრავმა ადამიანმა დაიტირა მეფის ცხედარი, მაგრამ განსაკუთრებით შესძრა ჭირისუფალნი ქიზიყელი გლეხი, ქვრივი ქალის მოთქმამ. მისი ნატირალი მთელ საქართველოს გადასწვდა და კიდევ ერთხელ დაუთუთქა გული მგლოვიარეთ. სამეფო კარზე ყველაზე გამორჩეული და განსწავლული კაცის, სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ისტორიას შემორჩა როგორც ნიმუში ქვეყნისათვის თავდადებული მეფის ღვაწლის ობიექტურად შეფასებისა. შემზარავი იყო არაგველთა ტირილი. მათ საქვეყნოდ ცნობილი ლექსით მიმართეს სათაყვანებელ მეფეს და მისი დაღუპვა საქართველოსთვის რკინის კარის ჩამოხსნას შეადარეს. - ვინღა გვიპატრონებს ობოლთ და გაჭირვებულთ... - ვინ განდევნის შემოსეულ მტერს... - ვინ გაარჩევს ჩვენს ტყუილსა და მართალს... - ვინ გამოესარჩლება ღატაკთ და სნეულთ… - დავკარგეთ საქართველოს იმედი, დაიღუპა საქართველო... დასტიროდა ხალხი ერეკლეს ცხედარს.მეფის დაკრძალვის ცერემონიალის პროექტი, რომელიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას მოიცავდა, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დავით ალექსი-მესხიშვილმა შეიმუშავა. შეთანხმდნენ, რომ მეფე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ქართლში შავი ჭირის ეპიდემიის გამო, მცხეთაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში იყო. დიდხანს ელოდა სამეფო ოჯახი „მომსვრელი სენის“ ეპიდემიის მინელებას, მაგრამ ამას ბოლო არ უჩანდა, დრო კი არ ითმენდა. საბოლოოდ გადაწყდა, მეფის ცხედარი, გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მიებარებინათ მიწას. გამოსვენების დღეს თელავში უამრავი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ იყო თუ არა 20000 შეიარაღებული პირი, მიუხედავად რუსი ისტორიკოსის პ. ბუტკოვის მონათხრობისა, საეჭვოა. კახეთში ამ დროს, ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი იყო, გარდა ამისა ქართლიდან კახეთში გადაადგილება კი ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, კატეგორიულად იყო აკრძალული.პლატონ იოსელიანის ცნობით, ქართლში შავი ჭირის მძვინვარება იყო მიზეზი იმისა, რომ მეფის „დღესასწაულობით“ დაკრძალვა ვერ მოხერხდა. რაოდენობრივად შეთხელებული პროცესია თბილისისკენ დაიძრა და მესამე დღეს მოადგნენ თბილისის მიდამოებს. მეფის ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ, ცხედარი, სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს, თბილისში არ შემოვიდნენ, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო ავჭალის მიდამოებში სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მეორე მხრიდან, მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი და მცხეთაში გადაასვენეს მეფის ცხედარი. სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი შავი ჭირით დაავადებულებით იყო ავსებული. დაავადების შიშით, თელავიდან წამოსული ოჯახის წევრებიდან და ჭირისუფლებიდან ვერავინ შეჰყვა მეფის ცხედარს მცხეთაში, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად, ადგილობრივ ბერებთან ერთად, მეფე ყველა ქრისტიანული წესის დაცვით დაკრძალა და მცირე აღაპიც. 1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი „პატარა კახი“ უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. „ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის“, ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. „მეფე ერეკლე – ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი, პოლიტიკოსის, დიპლომატისა და მხედართმთავრის ნიჭით უხვად დააჯილდოვა ღმერთმა. ქვეყნის გადარჩენისათვის ერეკლემ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შესაძლებელი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს დაცემა და შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა შედეგი იყო დიდი პოლიტიკისა. საქართველო დარჩებოდა იმას, ვინც ირან-ოსმალეთ-რუსეთის ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა. ეს გამარჯვება რუსეთს ერგო წილად. 271 3-ს მოსწონს
|