x
მეტი
  • 01.01.2025
  • სტატია:139144
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
"გეხვეწებით ნუ მისტირით რა. მოვრჩეთ ზუზუნს" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლის დატოვებით განაწყენებული მოქალაქეების ნაწილს საგანგებო პოსტით მიმართავს და წერს:


"სანამ თვითგვემას მივეცემით იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა თვითბუნკერიზაცია არ გამოაცხადა და დავიწყებთ მოთქმას, რა გვეშველება მომავალში, გადავხედოთ რა ვქენით ბოლო 31 დღეში:


1. პროტესტი გახდა უწყვეტი, მრავალფეროვანი, გაფართოვდა და ჩაერთო უამრავი თვითორგანიზებული ჯგუფი, არცერთი დღე არ გავდა ერთმანეთს, ასობით ათასი ადამიანი ერთ ორგანიზმად იქცა, რომელიც ხან ინსტიქტით, ხან რაღაც უცნაური “კოლექტიური გონებით“, მაგრამ ჯამში, ჯერჯერობით ყოველ ჯერზე სწორად და ლამაზად მოქმედებდა. არის უსაზღვრო სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი ამ პროცესის ნაწილი გახდეს.



2. მიზანი არის გამოკვეთილი და ცალსახა: ე.წ. “სინათლის წერტილები“ განსაზღვრულია. 30 დღის მანძილზე ვინც კი მინახავს პროტესტში მონაწილე, ყველამ ზუსტად იცის რისთვის მონაწილეობს პროტესტში. ვთანხმდებით, რომ ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მიზანი საქართველოს უკეთესი მომავალი და ჩვენი უკეთესი ცხოვრებაა მდიდარ, თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ ქვეყანაში, არა რუსეთის უკანა ეზოდ, არამედ დასავლური სამყაროს ნაწილად ყოფნა, ძლიერ და სწორ პარტნიორებთან ერთად. ქვემიზანი რეჟიმის შეცვლაა, რადგან ეს რეჟიმი გამორიცხავს დასავლურ სამყაროში საქართველოს ინტეგრაციას და ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების პირობებში ჩვენ მხოლოდ ჩაკეტილი, ჩამორჩენილი, დაჩაჩანაკებული, ღარიბი, დიქტატორული სახელმწიფო შეიძლება ვიყოთ. ამ ქვემიზნის მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტია რიგგარეშე არჩევნები თავისუფალ გარემოში. არსებობს სრული თანხმობა პროტესტის მონაწილეებში, რომ უნდა მივაღწიოთ თავისუფალ ახალ არჩევნებს, როცა იქნება, როგორც იქნება, და მანამდე გავაგრძელოთ პროტესტი ნებისმიერი ფორმით.



3. ერთი თვის წინ იდგა საფრთხე, რომ დასავლეთს ადრე თუ გვიან, თუნდაც უმნიშვნელო პროცედურებში მონაწილეობით ან თუნდაც ცალყბა გამარჯობის თქმით გარკვეული ლეგიტიმაცია მიეცა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ივანიშვილს ევაჭრა დასავლეთთან და ისინიც გარკვეული მოსაზრებებით დათანხმებოდნენ სტატუსქვოს შენარჩუნებას, ანუ, აღარ გაემწვავებინათ ურთიერთობები, შემდეგ კი კობახიძე–მდინარაძეები ინტერპრეტაციების ლაბირინთებში ჩაგვკარგავდნენ და გამოაცხადებდნენ, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა. სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ როცა ჰერჩინსკიმ გაბედა და მაკა ბოჭორიშვილს ერთი უწყინარი ვიზიტით შეხვდა, ნახევარი ევროპარლამენტი დედას აგინებდა ტვიტერზე, ქოცებს რაღაც უწყინარ კონფერენციებში მიწვევაც კი გაუუქმეს ევროპაში. ამერიკელი კონგრესმენები, ძირითადად ტრამპის თანაგუნდელები დილა–შუადღე–საღამოს დედას აგინებენ ივანიშვილს პირდაპირი გაგებით, პირდაპირი ტექსტებით ამბობს ყველა ევროპაში და აშშ–ში, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და ის არის რუსეთის, ირანის და ჩინეთის მოკავშირე. ქოცებს მოუკვდათ მითი იმის შესახებ, რომ ტრამპი რამეს უშველის. ოცნება დღეს არის გაუბედურებული, გასაცოდავებული და გაფარჩაკებული საერთაშორისო არენაზე და ეს არის შეუქცევადი პროცესი.



3. ოცნების 150 წევრი დასანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის შს მინისტრი მოხვდა მაგიტსკის სიაში, ივანიშვილს დაუწესეს ფინანსური სანქციები. ჩვენ შეგვიძლია ვიტიროთ, რატომ არ წაართვეს ბერას ბინა ბრაზილიაში, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ დაუტოვეს მშვიდობიანი და უსაფრთხო გასასვლელი.



4. ქართველ ხალხს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ყოველდღე უამრავი დასავლელი პოლიტიკოსი, აღარანაირი დიპლომატიური ტონი, ან რამე ამდაგვარი, ყველა უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ივანიშვილის რეპრესიულ მანქანას და ადამიანების წამებას. დასავლური მედია და სოციალური ქსელები სავსეა ქართული თემატიკით, ულამაზესი ვიდეოებით ქართული პროტესტიდან, სიტუაციის ზუსტი აღქმა და ანალიზი უკვე ჩვეულებრივი ამბავია.


5. სალომე ზურაბიშვილი დასავლეთისთვის იქცა საპროტესტო მოძრაობის სახედ და საკომუნიკაციო პერსონად, რომელსაც ჩვენი სათქმელი ყოველღდიურად გააქვს სხვადასხვა ინსტიტუციებში თუ დასავლურ მედიებში. ეს უბრალოდ აუცილებელია. დასავლეთმა უნდა იცოდეს ვის ელაპარაკოს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ვისთან ქონდეს კოორდინაცია. ამ ეკლექტური პოლიტიკური სპექტრის პირობებში ეს იყო ერთადერთი გამოსავალი და მგონი ყველა ვხვდებით ამას. ამიტომაც, მოგვწონს თუ არა ვინმეს ზურაბიშვილი, ის არის უახლოეს მომავალში ერთადერთი ფიგურა ამ ამოცანისთვის, ჯერჯერობით კარგად ასრულებს ამ როლს და ჩვენც მას აშკარად მივეცით ამის მანდატი სხვადასხვა ფორმით, რომ გააგრძელოს იგივეს კეთება.


ეს ყველაფერი სულ ერთ თვეში მოხდა. სრული ქაოსიდან დაიბადა მწყობრი, თვითდისციპლინირებული, დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერილი საპროტესტო მოძრაობა ლაღი, თავისუფალი, ლამაზი, მოტივირებული ადამიანებით და გეხვეწებით ბუნკერს ნუ მისტირით რა. ბუნკერი ის იყო ზუსტად, რაც პარლამენტის დარბაზში ვნახეთ დღეს. მოვრჩეთ ზუზუნს. წინ დიდი გამარჯვებები გვაქვს."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე დატოვა, თუმცა კვლავ თვლის თავს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად:


"მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.



0
516
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
516