კახეთი ქვით თავი გაუჩეჩქვა-სასტიკი ფემიციდის შემთხვევა საგარეჯოში დღეს, 13:56 ადგილობრივების თქმით, მოძალადე მიშა სუხიაშვილი, ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი და მან საპატიმრო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, ამნისტიით დატოვა. ყოფილმა ქმარმა ციკო სულიკაშვილი 11 ნოემბერს სახლში მიაკითხა, მეზობლების თქმით, ქალი საგარეჯოს ცენტრში, მშობლების კერძო სახლში ცხოვრობდა, ორი წლის წინ ძმაც გარდაეცვალა და სახლში მამასთან, მოხუც ბებიასთან და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მორიგი ასეთი შემთხვევა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მაშინაც მძიმედ ნაცემი იყო, მაშინ ციკო გადარჩა, მაგრამ უჩივლა და დააჭერინა ამ ძალადობისთვის. ციხეში იჯდა, შემდეგ ქალს საჩივარი უკან გამოუტანია, ამნისტიაც შეეხო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა. "იმ საღამოს ყოფილ ქმარს მიუკითხავს სახლში. სახლში მასთან სტუმრად იყო ციკოს მეგობარი გოგო და თურმე ყავას სვამდნენ ერთად. ამ დროს გაუყვანია ეზოში. სადღაც 5 წუთი არ გაგრძელებულა მათი საუბარი თუ კონფლიქტი, მალევე ძალიან დიდი ქვა აუღია და ურტყა საწყალ გოგოს თავში. უმძიმესი ამბავია, გამეორებაც მიჭირს. ბებია ტელევიზორს უყურებდა და მას არ გაუგია ხმაური, მამა უკვე იწვა საწოლში. სახლში სტუმრად მყოფი გოგო გავარდნილა ყვირილზე და ის რომ მივიდა, გოგო უკვე ძირს ეგდო და დამნაშავეც გაიქცა. ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო მათი 7 წლის ბიჭი."-ამბობს ერთ ერთი მეზობელი. სხვა მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ტრემვირებული ციკო სულიკაშვილი 21 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. თავის არეში მიღებული დაზიანებების ფონზე ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მალევე დამძიმდა, საგარეჯოდან ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. წყვილს ორი შვილი დარჩა, 18 წლის გოგონა და 7 წლის ბიჭი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 70 2-ს მოსწონს
|