საზოგადოება ვის სახელებს ატარებს თბილისის მეტროსადგურები - საინტერესო ისტორიები 2018, 10 აგვისტო, 20:48 მეტროთი ალბათ ერთხელ მაინც უმგზავრია უმეტესობას. მეტროსადგურები ძირითადად ცნობილი ადამიანების სახელებს ატარებს. ყველამ იცის(იმედია, იცის), ვინ იყო შოთა რუსთაველი, მაგრამ იმდენივემ იცის, ვინ იყო სანდრო ახმეტელი?
სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ თბილისის მეტროსადგურებს და ზოგს გაგახსენებთ, ზოგიერთის ისტორიას კი გაგაცნობთ. თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1951 წელს გაჩნდა საბჭოთა კავშირში, თუმცა მის სისრულეში მოყვანას 15 წელი დასჭირდა. თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს ამოქმედდა და ის 6 სადგურისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიწისქვეშა ტრანსპორტი მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 1979 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძე 26, 4 კმ-ია. პირველი ხაზის სადგურების სიაახმეტელის თეატრი სარაჯიშვილი გურამიშვილი ღრმაღელე დიდუბე გოცირიძე ნაძალადევი სადგურის მოედანი მარჯანიშვილი რუსთაველი თავისუფლების მოედანი ავლაბარი 300 არაგველი ისანი სამგორი ვარკეთილი მეორე ხაზის სადგურების სიასადგურის მოედანი წერეთელი ტექნიკური უნივერსიტეტი სამედიცინო უნივერსიტეტი დელისი ვაჟა-ფშაველა სახელმწიფო უნივერსიტეტი მოდით, გავეცნოთ პირველი ხაზის მეტროსადგურების ისტორიას და პიროვნებებს, რომელთა სახელებსაც ატარებენ ისინი.ახმეტელის თეატრიახმეტელის თეატრი თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ბოლო გაჩერებაა. ის გლდანის დასახლებაში მდებარეობს და ძველი სახელწოდებაც გლდანია. სადგური 1989 წლის 7 იანვარს გაიხსნა და 2007 წელს განახლდა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები, შეიცვალა შესასვლელი, დახრილი გვირაბი, მოსაცდელი ვესტიბიული და განახლდა განათება. მეტროსადგური ქართველი რეჟისორისა და თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის - სანდრო ახმეტელის სახელს ატარებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ახმეტელი დგამდა სპექტაკლებს, რომლებშიც აისახებოდა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან გათავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. სპექტაკლებში ის იყენებდა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. თავისუფალი აზრისთვის რეჟისორი იდევნებოდა ლავრენტი ბერიას მიერ. საბოლოოდ, ის დააპატიმრეს და 222 დღე აწამებდნენ. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა "ხალხის მტერსა და მავნებელს". ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც. კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად; ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. 1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით). სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. სარაჯიშვილიმეტროსადგური სარაჯიშვილი 1989 წლის 7 იანვარს გაიხსნა. სადგურის მოსაცდელი ვესტიბიული თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული და განიერი სვეტებითაა დანაწევრებული, ხოლო ჭერზე დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები. სადგური ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლის, საზოგადო მოღვაწის, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, მრეწველისა და ქველმოქმედის - დავით სარაჯიშვილის სახელს ატარებს. 1878 წელს სარაჯიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. აქ ყოფნისას დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. საფრანგეთში შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს შექმნიდა კონიაკის წარმოებისათვის. იგი პირველი იყო, ვინც მეფის რუსეთში კონიაკის დაყენება დაიწყო და გზა გაუკვალა ამ მრეწველობას. 1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. სარაჯიშვილის სახელი ასევე დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან. გურამიშვილიგურამიშვილის (ყოფილი თემქა) სადგური 1985 წლის 16 ნოემბერს გაიხსნა. სადგურის მოსაცდელი ვესტიბიულის შესასვლელის ზემოთ და მოპირდაპირე კედელზე ჰორელიეფური გამოსახულებებია. რელიეფზე ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის სიმბოლური გამოსახულებებია დატანილი, რომლებსაც ადამიანები განასახირებენ. მეტროსადგური ქართველი პოეტის - დავით გურამიშვილის სახელს ატარებს. გურამიშვილმა 1760 წელს თავი დაანება უცხოეთში სამხედრო სამსახურს, მეუღლესთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას შეუდგა. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი "დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს, ერეკლეს ძეს გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტობიოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია ჩვენამდე. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში. ღრმაღელემეტროსადგური ღრმაღელე 1985 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა. მოსაცდელ დარბაზში კედლებზე მეტროს მშენებელთა პატივსაცემად შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულებებია წარმოდგენილი. დიდუბემეტროსადგური დიდუბე 1966 წლის 16 იანვარს გაიხსნა. სადგური მეტროპოლიტენის სხვა სადგურებისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან ორი შესასვლელი აქვს და ერთი მიწის ზემოთ ამოდის. სიტყვა დიდუბე წარმოდგა სახელწოდებიდან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. გოცირიძემეტროსადგური გოცირიძე (ყოფილი ელექტროდეპო) 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. გოცირიძე, სადგურ დიდუბეს მსგავსად, მიწის ზემოთაა განლაგებული. მეტროსადგური ინჟინერ-გვირაბმშენებლის - ვიქტორ გოცირიძის სახელს ატარებს, რომელიც 1957-1987 წლებში "თბილმეტრომშენის" სამმართველოს უფროსი იყო. გოცირიძის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა. იგი იყო სსრკ VI-VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1944 წელს მიენიჭა საპატიო რკინიგზელის წოდება, 1961 წელს — საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება.1977 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 1980 წელს კი - სოციალისტური შრომის გმირი. 1988 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, 1995 წელს კი ვიქტორ გოცირიძე გარდაიცვალა. 2012 წლამდე მის სახელს თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "დელისი" ატარებდა (სხვა წყაროს მიხედვით - 1995-დან 2006 წლამდე), ხოლო 2012 წელს კი (სხვა წყაროს მიხედვით - 2011 წლიდან) მისი სახელი "ელექტროდეპოს" მიენიჭა. ნაძალადევიმეტროსადგური ნაძალადევი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მოსაცდელ დარბაზში კედელზე ა. გურგენიძის მიერ შესრულებული მოხატულობაა წარმოდგენილი. პანოზე ღამეული ქალაქი და მიწის ქვეშ მოსიარულე მატარებლებია გამოსახული. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872 წელი) შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება, ანუ ნაძალადევი დასახლება მიმდინარეობდა. სადგურის მოედანიმეტროსადგური სადგურის მოედანი (ყოფილი ვაგზლის მოედანი) 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მას შესასვლელი ორი მხრიდან აქვს. ექსკალატორიდან მოსაცდელ დარბაზში გახსნილი თაღის ზემოთ თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხმლისა და თასის ჰორელიეფური გამოსახულებაა წარმოდგენილი. მარჯანიშვილიმეტროსადგური "მარჯანიშვილი" 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მოლურჯო და თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ახლად დამონტაჟებულია სარეკლამო ბილბორდები, თანამედროვე ტიპის მონიტორები. მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული. სწორედ მის სახელს ატარებს სადგური. 1922 წელს კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით. თეატრში ის თამამად იყენებდა კინოს შესაძლებლობებს. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. 1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. კინოში ახალმა ხელოვნებამ ჩარჩოებში მოაქცია იგი და შეზღუდა მისი შესაძლებლობები, რადგან მისი მთავარი იარაღი, ხმა და მეტყველება, ვერ გამოიყენა და მიმართა გამომსახველობით ხერხებს, კერძოდ კი, ჟესტიკულაციას, რამაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. კინოში მას მონტაჟი მიაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. მარჯანიშვილმა ექვსი სხვადასხვა ჟანრის განსხვავებული ფილმი გადაიღო. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე. გარდაცვალების შემდეგ კი, 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა. მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია. რუსთაველიმეტროსადგური რუსთაველი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სადგური რუსთაველი თბილისის მეტროს სხვა დანარჩენი სადგურებისგან ყველაზე გრძელი ექსკალატორით გამოირჩევა. მოსაცდელი დარბაზი წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ვეფხვისა და მოყმის რელიეფური გამოსახულებითაა შემკული. მეტროსადგური XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, "ვეფხისტყაოსნის" ავტორის - შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა. სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. თავისუფლების მოედანიმეტროსადგური თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის მოედანი) 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო მის ვიზუალურ მხარეს. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. განახლდა საკომუნკაციო სისტემაც. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში წითელი და თეთრი ფერები ჭარბობს, საქართველოს დროშისა და წითელი ვარდისგან შექმნილი კომპოზიციის შესაბამისად. თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება რუსთაველს. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, არსებობის მანძილზე მან მრავალი სახელი გამოიცვალა. ოფიციალურად, პირველად 1828 წელს მიანიჭეს სახელი. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად "პასკევიჩ–ერევანსკი", ან შემოკლებით "ერევანსკი" დაარქვეს. 1852 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლის შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს "თეატრალურს" უწოდებდნენ. 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების ამბის შეტყობისთანავე ერევნის მოედანზე შეკრებილი რევოლუციური პარტიების ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ "ზაკფედერაციისა" დაარქვეს, 1940 წელს კი ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს, ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი — "თავისუფლების მოედანი". ავლაბარიმეტროსადგური ავლაბარი 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. 2006 წელს სადგურის რეკონსტრუქცია ჩატარდა. სამუშაოების დროს განახლდა მისი ზედა ვესტიბიული, დახრილი გვირაბი და მოსაცდელი დარბაზი. აგრეთვე ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, რომლის დროსაც დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. რაც შეეხება ავლაბარის უბნის სახელს, გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაუყვანიათ ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ წასულან. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: "აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო." მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს. არის სხვა ვარაუდიც – ფიქრობენ, რომ სიტყვა "ავლაბარი" მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად "ჰავალი" ნიშნავს "მიდამოს", "ბირ" – "სასახლეს", ე.ი. "ავლაბარი" სასახლის მიდამოს ნიშნავს. ამ უბანში მდებარეობდა მეფის სასახლე. 300 არაგველიმეტროსადგური 300 არაგველი 1967 წლის მარტში გაიხსნა. სადგურის თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ მოსაცდელ დარბაზში 300 არაგველის რელიეფური გამოსახულებაა. სამასი არაგველი 1795 წლის კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლების რაზმია, რომელიც სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისგან შედგებოდა. გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ან გაიმარჯვებდნენ ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში. 2008 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ 300 არაგველი წმინდანად შერაცხა. ისანიმეტროსადგური ისანი 1971 წლის 5 მაისს გაიხსნა. სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც და ექსტერიერსაც. გალამაზებულ სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაცია გვხვდება. რაც შეეხება უბნის სახელს, XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვითკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად "ჰისნი", ანუ ისანი უწოდეს, რაც ქართულად "ციხესიმაგრეს" ნიშნავს. სამგორიმეტროსადგური სამგორი 1971 წლის მაისში გაიხსნა. სამატარებლო ხაზის კედლებს რელიეფური გამოსახულებები ამკობს. სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები. რაც შეეხება უნის სახელს: ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, - მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა ხოლმე. ერთხელ სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა სვეტზე ჩირაღდნით ავარდა, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ჩამოაგდო, მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე, ჭაბუკმა მოასწრო და ქალაქში შველი აფრინა, წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი როცა დაბრუნდა და თავისი ძმობილები უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ იქ მიდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს "სამგორი" ეწოდა. ვარკეთილიმეტროსადგური ვარკეთილი 1985 წლის ნოემბერში გაიხსნა. 2007 წელს სადგურის რეკონსტრუქცია განხორციელდა. განახლდა კომუნიკაციები, ინტერიერის დიზაინი, დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. სახელი "ვარკეთილი" მომდინარებს სახელწოდებიდან "ველიკეთილი". ასე ერქვა ამ ადგილს (უბანს) უწინ. 1347 8-ს მოსწონს
|