პეტერბურგში კავკასიელებს სასტიკად გაუსწორდნენ 24 აგვისტო 2012, 13:37:19
AUTO PLAY
სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურ „მასკოვკსკაიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთშაბათს საღამოს, 50-მდე ახალგაზრდა McDonald’s-ის ღია ვერანდაზე მსხდომ ხალხს თავს დაესხა. ადგილობრივი მედისაშუალებები მომხდარს საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ გულშემატკივრების შურისძიებას უკავშირებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მახაჩკალაში კლუბ „ანჟისთან“ მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების თავდასხმის შესახებ განაცხადეს. რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ხელძღვანელობამ მაშინ, ვერ შესძლო თავდასხმის ფაქტის დადასტურება. ამდენად, მედიასაშუალებებმა არ გამორიცხეს, რომ გულშემატკივრებმა თავისებურად გადაწყვიტეს მოწინააღმდეგე გუნდის ფანატების დასჯა. პოლიციის ინფორმაციით, გასული საღამოს ინციდენტის შემდეგ დაღესტანის ორი მაცხოვრებელი, მძიმე ტრავმებით, საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მათივე ცნობით, დაკავებულია თავდასხმაში მონაწილე შვიდი პეტერბურგელი. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ 50-მდე ადამიანი ალტაის ქუჩის 8 ნომრიდან გამოჩნდა. „ათობით ადამიანი, რომლებსაც კაპიუშონი ჰქონდათ ჩამოფარებული, კაფის ვერანდაზე შეცვივდნენ და „ზედიზედ ყველა და ყველაფერი დაარბიეს“, - წერს „ფანტანკა.რუ.“ „მაკდონალდსის“ შეშინებულმა კლიენტებმა კაფეს შეაფარეს თავი, სადაც თავდამსხმელები აღარ შესულან. მათ, ვინც შენობაში შესვლა ვერ მოასწრო, თავდასხმელები სასტიკად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი კავკასიელი ვერანდაზე ცემის შემდეგ, ქუჩაში გაათრიეს და ჩაწიხლეს. დაზარალებულის დახმარება ორმა შემთხვევითმა გამვლელმა სცადა, თუმცა თავდამსხმელები კავკასიელი ახალგაზრდის ცემას განაგრძობდნენ და ყველას გასაგონად ყვიროდნენ, რომ „ჩამოსულები მათ ქალებს აუპატიურებენ.“ პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვენს, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ ინციდენტის შემდეგ კაფეში 3 დაშავებული იწვა, კიდევ 5 დაჭრილი კი - ალტაის ქუჩაზე. „ფანტანკა.რუ“-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან თავდასხმის შესახებ ცნობა პოლიციაში ადგილობრივი დროით 21:40 საათზე შევიდა, თუმცა სამართალდამცავები ალტაიზე საღამოს ათი საათის შემდეგ მივიდნენ. ამ დროს ჩხუბი უკვე დასრულებული იყო და თავდასხმელებმაც გაქცევა მოასწრეს. გულშემატკივრებზე შურისძიების ვერსიაზე საუბრობენ მახაჩკალელი ფანატები. მათ ადგილობრივი დაჯგუფება „ველური დივიზიის“ ფორუმზე დაწერეს, რომ „ანჟის“ 16 გულშემატკივარი „მაკდონალდსში“ საფეხბურთო მატჩზე ერთად წასასვლელად შეიკრიბა. შეკრების ადგილსა და დროზე ინფორმაცია მათ ინტერნეტში ადრევე განათავსეს, ამიტომ არავისთვის საიდუმლო არ იყო. ფორუმზე განთავსებული ინფორმაციით, როდესაც მატჩზე წასასვლელად გულშემატკივრებმა ავტობუსში ასვლა დაიწყეს, სწორედ მაშინ გამოცვივდნენ თავდამსხმელები და დაღესტნელების ცემა დაიწყეს. „ველური დივიზიის“ ცნობით, „ანჟის“ 13 გულშემატკივარი, საბოლოოდ, პოლიციის მანქანების თანხლებით მაინც წავიდა მოსკოვში საყვარელი გუნდის მატჩზე დასასწრებად.
1
|
|