რამდენად დიდია ჩვენი სამყარო? 28 ივნისი 2023, 17:28:22
AUTO PLAY
წყარო: How the Universe is Way Bigger Than You Think - by RealLifeLore მთვარეს და დედამიწას შორის დაშორება 384,400 კმ-ია საშუალოდ. ეს ნიშნავს, რომ ამ ორ ციურ ობიექტს შორის შეგვიძლია მიჯრით მოვათავსოთ 30 დედამიწა. თუ მსუბუქი მანქანით ამ დისტანციაზე გადავადგილდებით შეუჩერებლად 100 კილომეტრი საათის სიჩქარით, მის გასავლელად დაგვჭირდება 160 დღე. მთვარიდან დედამიწამდე მესიჯის მოსვლას სჭირდება 1.25 წამი. მარსი დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა საშუალოდ, მაგრამ ეს დისტანცია შეიძლება 401 მილიონ კილომეტრსაც აღწევდეს (მაქსიმუმ). ეს ნიშნავს, რომ როცა კაცობრიობა მოახერხებს და მარსზე ადამიანებს პირველად გადასვამს, ეს ხალხი დედამიწიდან იმაზე 986-ჯერ მოშორებით იქნება, ვიდრე მაშინ, როცა 1969 წელს მოახერხა და პირველი ადამიანები გადასვა მთვარეზე. მარსიდან დედამიწამდე მესიჯის მოსვლას სჭირდება საშუალოდ 20 წუთი (ასეთია სინათლის სიჩქარით გადაადგილების შედეგი). ჩვენთვის კარგად ცნობილი კიდევ ერთი კოსმოსური ობიექტის, ამჯერად ხელოვნური ობიექტის მაგალითიც მოვიყვანოთ - კოსმოსური ზონდი "Voyager 1" - ის 2023 წელს დედამიწიდან დაშორებულია 160 AU-თი (AU - Astronomical Unit). 1 AU ანუ 1 ასტრონომიული ერთეული არის მანძილი, რომლითაც დაშორებულია დედამიწა და მზე. რაც ნიშნავს, რომ ვოიაჯერ 1 დედამიწიდან 2023 წლისთვის დაშორებულია 160-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე მზე. მან ამხელა მანძილის გავლა 1977 წლიდან მოახერხა. ის წამში დაახლოებით 17 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს განუწყვეტლად კოსმოსში, მაგრამ ამხელა სიჩქარით მოძრაობის მიუხედავად, ჩვენს მზის სისტემას გაცდება მხოლოდ 30 ათასი წლის შემდეგ. როცა გავცდებით მზის სისტემის მასშტაბს, გადავალთ ჩვენს სამეზობლო ვარსკვლავთშორისი უბნის მასშტაბზე. ამ დონეზე მანძილები უკვე უმჯობესია გაიზომოს სინათლის წლებით. სინათლის წელი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ერთი დედამიწური წლის განმავლობაში. სინათლე წამში 300 ათას კილომეტრს გადის. ამგვარად, 1 სინათლის წელი არის დაახლოებით 9.461 ტრილიონი კილომეტრი. ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი მზის შემდეგ არის პროქსიმა კენტავრი (ალფა კენტავრი). და ის ჩვენგან 4.24 სინათლის წლითაა დაშორებული. ზემოთ მოყვანილი კოსმოსური ზონდის, ვოიაჯერ 1-ის მაგალითი რომ ისევ მოვიშველიოთ, მას დასჭირდება ალფა კენტავრამდე მისასვლელად 70 ათას წელიწადზე მეტი. ხოლო თუ მანქანით გადაადგილდებით ამ მანძილზე შეუჩერებლად, რომლის სიჩქარეც მუდმივად 100 კმ/სთ-ია, მაშინ ამ მანძილს დაფარავდით 6-ჯერ უფრო დიდ დროში, ვიდრე დღესდღეობით არის ჩვენი სამყაროს ასაკი (სამყაროს ასაკი 13.8 მილიარდი წელია). და როდესაც მიაღწევდით პროქსიმა კენტავრს, ეს ვარსკვლავი იქ ჩამქრალი დაგხვდებოდათ. როცა გავცდებით ჩვენი სამეზობლო ვარსკვლავთშორისი უბნის მასშტაბს, გადავალთ მთელი ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის მასშტაბზე. ის დიამეტრით 100 ათასი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და შეიცავს საშუალოდ 200 მილიარდამდე ვარსკვლავს და მინიმუმ ამდენივე პლანეტას. ყველაზე ბნელ და უღრუბლო ღამეს როცა შეუიარაღებელი თვალით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ხედავთ, ეს ვარსკვლავები არის ერთ პროცენტზე ნაკლები იმის, რაც ჩვენს გალაქტიკაშია. როცა გავცდებით ჩვენი გალაქტიკის მასშტაბს, გადავალთ ჩვენი ადგილობრივი ჯგუფის (ჩვენი მეზობელი გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფის) მასშტაბზე, რომელიც 54 სხვადასხვა გალაქტიკას მოიცავს. კოსმოსის ამ რეგიონის დიამეტრი 10 მილიონი სინათლის წელია. უფრო დიდი მასშტაბით რომ შევხედოთ, დავინახავთ ქალწულის სუპერჯგუფს, რომლის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს ზემოთნახსენები ჩვენი ადგილობრივი ჯგუფის 54 გალაქტიკა. ქალწულის სუპერჯგუფში ასეთი ჯგუფი კიდევ მინიმუმ 100 ცალია. ქალწულის სუპერკლასტერის (სუპერჯგუფის) დიამეტრი 110 მილიონი სინათლის წელია. თავად ქალწულის სუპერჯგუფი არის ერთი მცირე შემადგენელი ნაწილი ბევრად უფრო დიდი ლანიაკეას ზეგროვის. ლანიაკეას ზეგროვა სულ დაახლოებით 100 ათას ცალკეულ გალაქტიკას შეიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენიცაა - ირმის ნახტომი. ლანიაკეას ზეგროვა გადაჭიმულია 520 მილიონ სინათლის წლის მანძილზე (ერთი ბოლოდან მეორემდე). მაგრამ თუ გადავალთ მთლიანად ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს მასშტაბზე, თვით გიგანტი ლანიაკეას ზეგროვა ერთი უმცირესი მტვრის ნაწილაკივით გამოჩნდება. დაკვირვებადი სამყარო მოიცავს 2 ტრილიონამდე სხვადასხვა ცალკეულ გალაქტიკას, რომლებიც ერთობლივად შეიცავენ იმაზე მეტ ვარსკვლავს, ვიდრე დედამიწის ყველა უდაბნოს ქვიშის მარცვლებია. დედამიწიდან ნებისმიერ მხარეს წასვლის შემთხვევაში დისტანცია ჩვენ მიერ დაკვირვებადი სამყაროს კიდემდე, ანუ დაკვირვებადი სამყაროს რადიუსი არის 46.5 მილიარდი სინათლის წელი. ამგვარად დიამეტრი არის 93 მილიარდი სინათლის წელი. თუმცა დაკვირვებადი სამყაროს მიღმა რაცაა, ესაა ყველაზე საინტერესო. სამყარო ჩვენი დაკვირვებადი ჰორიზონტის მიღმაც გრძელდება და თანაც ბევრად უფრო დიდია. დაკვირვებადი სამყარო მხოლოდ ერთი უმცირესი ქვიშის მარცვალივითაა მთელ სამყაროსთან შედარებით. კოსმოსური ინფლაციის თეორიის მიხედვით, რომელიც დოქტორ ალან გუთის მიერაა შემოთავაზებული, ინფლაციის პროცესი წინ უძღოდა დიდ აფეთქებას ან მინიმუმ დიდი აფეთქების შემდგომ მალევე დაიწყო. თუ ჩავთვლით, რომ დიდი ინფლაციის პროცესი დაიწყო დიდი აფეთქების შემდეგ სულ რაღაც წამის მეტრილიონედ მეტრილიონედ მეტრილიონედი ნაწილის გასვლის შემდეგ (10^-37 წამი) და სამყაროს სიდიდე იყო მისი არსებობის უმცირესი პერიოდი გამრავლებული სინათლის სიჩქარეზე, მაშინ დღეს ჩვენი მთელი სამყარო იქნება 150 სექსტილიონჯერ უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ მიერ დაკვირვებადი სამყარო - თავისი მოცულობით და საერთო სიდიდით. შედარებისთვის, თუ ჩვენს დაკვირვებად სამყაროს წარმოვიდგენთ, როგორც ნათურის ზომის ობიექტად, მაშინ მთელი სამყაროს ზომა იქნება პლუტონის ზომის (პლუტონის ფართობი 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. რუსეთის ფედერაციაზე ოდნავ დიდი).
15
|
|