მდინარე იორდანესთან,მაცხოვრის ნათლობის სიახლოვეს, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. 19 იანვარი 2022, 16:42:14
AUTO PLAY
საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ფართობი გადაეცა. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. საქართველო წმინდა მიწაზე 300 წლის შემდეგ ბრუნდება. ირაკლი ღარიბაშვილმა, მდინარე იორდანესთან ქართული კულტურული ცხოვრების კერის დაარსება ქართველ ერს მიულოცა. "თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის წევრებს, მოსახლეობას, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობის, იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობის, პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, რომელიც შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდესობის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა, ყოველთვის არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის, განვითარების უმთავრესი წინაპირობა. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტოფორუსს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენს წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველ ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ," – განაცხადა ღარიბაშვილმა.
6
|
|